ბაქოში მხოლოდ კუნთების კი არა, გონების ძალაც იზრდება. ყოველ შემთხვევაში ამის იმედს  იძლევა,  სპორტული შეჯიბრებების შემდეგ წიგნის მეოთხე საერთაშორისო გამოფენა-გაყიდვა, რომელიც სექტემბრის ბოლოს მოეწყო. თუმცა მის შესახებ არც ახალი ამბების გამოშვებებში ყვებოდნენ და არც ბილბორდებიდან ყვიროდნენ, მისი ორგანიზებისათვის არც მოხალისეები დაუქირავებიათ და არც სპეციალური მაისურები გამოუშვიათ. მედიამაც კი არ მიაქცია ყურადღება ამ მოვლენას. თუმცა, პირადად ჩემთვის, ისევე როგორც ნებისმიერი მკითხველისათვის, ეს გამოფენა ნებისმიერ სპორტულ თამაშზე საინტერესო იყო.

რაც შეეხება სოციალურ ქსელ Facebook-ს, გამოფენას მხოლოდ ერთი გვერდი https://www.facebook.com/bakikitabsergi დაეთმო, რომლის დათვალიერებისას  პირველ რიგში, ყურადღების ცენტრში ექცეოდა ის, თუ რა სისწრაფით ხდებოდა განახლება, უფრო სწორად – არაფერი განახლებულა. თავად გამოფენის ოფიციალურ საიტზეც კი  https://www.bakubookfair.com  არასახარბიელოდ იყო საქმე.

გარდა ამისა, საინტერესო იქნებოდა ადგილობრივი და უცხოელი გამომცემლების ინტერვიუების, ასევე გამოკითხვების, სტუმრების შთაბეჭდილებებისა და ანალიტიკური მასალის წაკითხვა, რადგანაც იქ, სადაც წიგნია შეუძლებელია  მსჯელობა არ არსებობდეს.

მკითხველებისათვის ასევე საინტერესო იქნებოდა ცნობილი ადამიანების მონაწილეობით მოკლე ვიდეო-რგოლის ხილვა, რომელიც მოქალაქეებს გამოფენის დათვალიერების სურვილს აღუძრავდა.  მაგრამ ღონისძიება პრაქტიკულად შეუმჩნევლად ჩატარდა, ისე რომ ბაქოს ყოველდღიურ ცხოვრებას არ შეხებია.

აღსანიშნავია, რომ გამოფენის გახსნას საკმაოდ ბევრი ცნობილი სახე ესწრებოდა:  ტურიზმისა და კულტურის მინისტრი აბულფას გარაევი, პრემიერ-მინისტრის მოადგილე ელჩინ ეფენდიევი, მწერალთა კავშირის თავმჯდომარე ანარი, ცნობილი მწერალი ჩინგიზ აბდულაევი და სხვები.  შემდეგ კი, დიდი იყო იმედგაცრუება,  როდესაც გამოფენაზე მისული მხოლოდ თითო-ოროლა დამთვალიერებელს ვხედავდი. ზოგიერთი წიგნის შეძენის შემდეგ კი იმედგაცრუება კიდევ უფრო გამძაფრდა  წიგნის სუსტი შინაარსის, თარგმaნისა და სხვადასხვა პრობლემების გამო.

ხელის თამაშების სასახლეში გამართულ გამოფენა-გაყიდვაზე წარმოდგენილი იყო 120 გამომცემლობა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან (აზერბაიჯანი, რუსეთი, თურქეთი, სერბეთი, საბერძნეთი, ირანი და მაკედონია), მაგრამ დამთვალიერებლის ინტერესი წელს წინა წლებთან შედარებით  უფრო ნაკლები იყო. თუმცა, მინისტრმა აბდულფას გარაევმა გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ დამთვალიერებლების რიცხვი გაიზარდა.

ტრადიციის თანახმად, გამოფენა-გაყიდვა ახალ გამოცემებთან გაცნობის, ჯანსაღი კონკურენციის ატმოსფეროს შექმნის, ეფექტიანი მუშაობის სტიმულსა და რაც მთავარია, გამომცემლებისათვის ახალი მკითხველების შეძენის  შესაძლებლობას იძლევა. გამოფენის დასრულების შემდეგ იყვნენ კმაყოფილებიც და იყვნენ ისეთებიც, რომლებიც “საჩივრების წიგნს ეძებდნენ”.

მაგალითად, საგამომცემლო სახლის «Qanun»-ის ხელმძღვანელმა შახბაზ ხუდიევმა განაცხადა, რომ მათ  2 000 წიგნი გამოიტანეს, მაგრამ საერთო ჯამში გამოფენა მოსაწყენი იყო:

ღონისძიება, რომელსაც “წიგნის საერთაშორისო გამოფენა-გაყიდვა” ჰქვია, ერთ კვირას უნდა გრძელდებოდეს, ჩვენს შემთხვევაში კი ორ დღიანი იყო. ეს ერთ-ერთი მიზეზია იმისა, თუ რატომ ვერ მივაღწიეთ სასურველ შედეგს. მეორე მიზეზი ის არის, რომ გამოფენას უფრო აქტიური  და ფართო „პიარ-კამპანია“ სჭირდებოდა. და ბოლოს, გამოფენა სამუშაო დღეებში მოეწყო, რამაც განაპირობა ის, რომ ხალხმა მოსვლა ვერ მოახერხა.

წინა წლებთან შედარებით, წლევანდელ გამოფენას თითქმის 30%-ით ნაკლები მკითხველი დაესწრო. თუმცა ზუსტი სტატისტიკა ჯერ არ გამოქვეყნებულა, მაგრამ შეუიარაღებელი თვალითაც კი კარგად სჩანდა, რომ დამთვალიერებლები უპირატესობას ნათარგმნ  წიგნებს ანიჭებდნენ.

არც  გამომცემლობა «Hеdеf»-ის დირექტორი მუშფიგ ხანია წლევანდელი გამოფენა-გაყიდვით კმაყოფილი:

მკითხველების ასეთი პასიურობა გასაკვირი არ არის, თუმცა უფრო მაღალ მაჩვენებელს ველოდით. სულ მცირე, იმის მოლოდინი გვქონდა, რომ ევროთამაშების შემდეგ უცხოელი დამთვალიერებლების რიცხვი გაიზრდებოდა. სამწუხაროდ, ასე არ მოხდა და  მიზეზი, ჩემის აზრით, ამ ღონისძიებიადმი პრესის გულგრილობაა, რომელმაც ნორმალურად არ გააშუქა ეს მოვლენა. გასაოცარია, რომ ზოგიერთი მწერალი გამოფენაზე შემთხვევით, ე.წ. „ბოშათა ფოსტის“ წყალობით  მოვიდა.  მოსკოვში, ფრანკფურტში, ან სტამბულში წიგნის  ანალოგიური გამოფენების გაშუქებას   ადგილობრივი  ბეჭდვითი ორგანოები მთელ გვერდს უთმობენ, ბაქოს მედიამ კი ეს მოვლენა პრაქტიკულად უგულებელყო.

აღსანიშნავია, რომ  თითქმის ყველა ადგილობრივმა გამომცემლობამ თავიანთი წიგნები 20-50%-იანი ფასდაკლებით გაყიდეს. გამოფენაზე წარმოდგენილნი იყვნენ ასევე უმაღლესი სასწავლებლები და მათი ბიბლიოთეკები. მაგრამ დამთვალიერებლების გამოხმაურების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, სასწავლო დაწესებულებების სტენდებმა მკითხველების ყურადღება ვერაფრით მიიზიდა.  თუმცა იყო დადებითი გამოხმაურებაც. მაგალითად, გამოფენის ერთ-ერთმა სტუმარმა შახლ ალიგულიევამ ასეთი რამ განაცხადა:

– ჩემი აღტაცება გამოიწვია იმან, თუ როგორ ათვალიერებდნენ გამოფენას მამაშვილი. მამა ძალიან განათლებულ ადამიანს ჰგავდა, შვილი კი პატარა პროფესორივით იყო გამოწყობილი. აღსანიშნავია, რომ ეს პატარა ბავშვი თავისთვის წიგნებს  დამოუკიდებლად არჩევდა, მამა  არ ერეოდა, უბრალოდ თავის აზრს უზიარებდა. გამაოცა იმან, რომ ისინი აზერბაიჯანულენოვნები იყვნენ და წიგნებსაც აზერბაიჯანულ  ენაზე ყიდულობდნენ. თუმცა მსგავს სანახაობას    მოსახლეობის რუსულენოვან ნაწილში შევხვედრივარ. მაგრამ ყველაზე მეტად გამაოცა გამოფენაზე ადგილობრივი გამომცემლობების – რომლის შესახებაც ადრე არ მსმენია, ან სერიოზულად არ აღვიქვავდი,-  მიერ წარმოდგენილი წიგნების რაოდენობამ.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ გამომცემლობა «Qanun»-ი ერთი თვის განმავლობაში თავისი წიგნების გამოფენა-გაყიდვას აწყობს  ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც წარმოდგენილი  წიგნები აზერბაიჯანულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე 20%-იანი ფასდაკლებით გაიყიდება. ამ აქციის მიზანია – სტუდენტების დახმარება. ისინი დაზოგავენ  დროსა და სახსრებს საჭირო სახელმძღვანელოებისა და წიგნების საყიდლად.

სტატიაში გამოყენებულია ინფორმაცია საიტებიდან azadlıq.org და axar.az

ნარმინ ნიოგტე