ამ დღეებში, თბილისში, გამოსამშვიდობებელი ტურნეს ფარგლებში აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო იმყოფებოდა. ვიზიტი, როგორც საქართველოში, ისე თავად შეერთებულ შტატებში არჩევნების შემდგომი არეულობის ფონზე შედგა, როდესაც ამერიკის დემოკრატიული და პატიოსანი არჩევნებისადმი ნდობის ხარისხი ძირს დაეშვა. შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპი და მისი გუნდი ფაქტობრივად იძულებულები გახდნენ ეღიარებინათ საეჭვო მარცხი და ძალაუფლება დემოკრატებისთვის გადაეცა. ამის შესახებ, პოლიტიკური მიმომხილველი ირაკლი ჩხეიძე EADaily-ს გვერდზე წერს. სტატიას სრულად გთავაზობთ.
რა თქმა უნდა, ოკეანის გადამღმელი ვიზიტორისთვის პრიორიტეტული ქართული ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრა იყო, ხოლო ოპოზიციონერებთან შეხვედრა თავდაპირველად, არც იგეგმებოდა, თუმცა პომპეოს დღის გრაფიკში ოპოზიციის წარმომადგენლები მაინც მოხვდნენ და აშშ-ს სახ.მდივანთან შეხვედრის ადგილად „შერატონ მეტეხი პალასი“ შეირჩა. პროტოკოლის მიხედვით, შეხვედრისთვის 35 წუთი გამოიყო.
პომპეოს ვიზიტისთვის ოპოზიცია მთელი შემართებით ემზადებოდა. სრული შემოქმედებითი ინიციატივა გამოავლინეს და თბილისის ცენტრში, რუსთაველის გამზირზე “ცოცხალი ჯაჭვით” მდუმარე აქცია მოაწყვეს. თუმცა, “ჯაჭვსაც” ვერ ვუწოდებთ, რადგან Covid-19-ის ეპიდემიის გამო, ხალხი ხელიხელჩაკიდებული არ ყოფილა. აქციის მონაწილეებს ორმეტრიანი სოციალური დისტანცია უნდა დაეცვათ. ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა, რომ მისი პარტია მდუმარე აქციას აწყობს, რომელიც იმავდროულად ყველაზე ხმაურიანია, რადგანაც მასში ათასობით მოქალაქე მონაწილეობს.
“აქცია ოპერისა და ბალეტის თეატრიდან ფილარმონიამდე გადაიჭიმება. პირველ რიგში, აშშ-ს მადლობელნი ვართ ამდენი წლის განმავლობაში, საქართველოსა და ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების განვითარების მხარდაჭერისთვის. მეორე და მთავარი გზავნილი იქნება 31 ოქტომბერს ჩატარებული, მოპარული არჩევნები”, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
“ნაცონალები” უწინდებურად თავიანთ სურეალისტურ სამყაროში ცხოვრობენ. ყველამ კარგად ვიცით, რამხელაა რუსთაველის გამზირი და თუ იქ ორმეტრიანი დისტანციით ადამიანებს დააყენებ ათასი მოქალაქე როგორ გამოვა, გაუგებარია. პარადოქსი იმაში მდგომარეობს, რომ პროსპექტის აღნიშნულ მონაკვეთზე რამდენიმე ათეული ადამიანიც საკმარისია, თუმცა “ნაციონალები” ათს ათი ათასად ისე გადააქცევენ, თვალსაც არ დაახამხამებენ.
მოგეხსენებათ, “მოპარული არჩევნებით” განაწყენებული ჭკვიანი ოპოზიცია აპირებს საქართველოს პარლამენტის მუშაობას ბოიკოტი გამოუცხადოს. იმავდროულად, როგორც ჩანს, ოპოზიცია თამაშში გაერთო და გადაწყვიტა, დამოუკიდებელი თამაშის წარმართვა ისე, რომ ბატონების მიერ მათთვის მომზადებულ პარტიტურაში არ ჩაეხედა. ასეთი დაუგეგმავი იმპროვიზაცია კი, ბატონების აშკარა გაღიზიანებას იწვევს.
აშშ-ს სახ.დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე ქართულ ოპოზიციას კიდევ ერთხელ, მკაცრად სთხოვეს უარი თქვან ცარიელ სადემონსტრაციო ქმედებებზე. ბატონებს ეს უკვე ყელში ამოუვიდათ და, ცხადია, მობეზრდათ.
“იმის ყურება, თუ როგორ ითხოვენ ისევ ბოიკოტს, ნანახი ფილმის ყურებას ჰგავს. ოპოზიციას მოვუწოდებთ, შევიდნენ პარლამენტში, შეიტანონ ცვლილებები საარჩევნო სისტემაში, რომელიც უკეთეს მომავალ არჩევნებს უზრუნველყოფს,რადგანაც ჩვენც და ისინიც იგივე დარღვევების განმეორების მომსწრეები არ გავხდეთ”, – განაცხადეს აშშ-ს სახ.დეპარტამენტში.
უნიჭო და ისტერიული მსახიობების შესრულებით, თუ ეს ძველი და მობეზრებული სცენარი თავისივე შემქმნელებსა და რეჟისორებს მობეზრდათ, საქართველოს მოსახლეობამ რაღა უნდა იგრძნოს, რომელიც ამ უნიჭო ფილმისთვის საკუთარი ჯანმრთელობით, კეთილდღეობითა და ზოგჯერ სიცოცხლითაც იხდის?!
რა თქმა უნდა, ოკეანის გადამღმელი და სხვა დირიჟორების პოზიცია აბსოლუტურად უანგაროა:
«ეს ის არის, რასაც შეერთებული შტატების და ევროკავშირის ელჩები მხარს უჭერენ – მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნება, არა იმისთვის, რომ გადაწყვეტილება იპოვონ ჩვენთვის, არამედ თავიანთთვის. ისწავლონ ერთად მუშაობა, რადგანაც პარლამენტში ერთად მოუწევთ მუშაობა, პარლამენტის დღის წესრიგის და პროგრამის შედგენა, რომელიც ცენტრალური საარჩევნო სისტემის სერიოზულ რეფორმას და მნიშვნელოვან საარჩევნო ცვლილებებს მოიცავს. შემდეგ, ახალი არჩევნების ჩატარების შემთხვევაში, შედარებით უფრო სანდო შედეგები გექნებათ, რომელსაც ყველა ენდობა და მსგავსი კითხვები აღარ გაჩნდება».
ქართული ოპოზიცია, რა თქმა უნდა, წახალისდა იმით, რომ ამერიკელმა ბატონმა მმართველ „ქართულ ოცნებას“ წამოარტყა და საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანა აიძულა. ანუ მათი „აბურდული ძაფის“ გახსნას სხვას ურჩევენ. ამასთანავე, „ნაციონალებს“ ყურადღებიდან გამორჩათ ის ვითარება, რომ სცენარიდან გადახვევის შემთხვევაში ხელწამორტყმულები თავად იქნებიან.
მაიკ პომპეომ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ადამიანის უფლებების, სასამართლო სისტემის და მართლმსაჯულების პრობლემები განიხილა. მათი მისამართით, ვინც პომპეოს ვიზიტისადმი უნდობლობა გამოხატა (ამბობენ, მისი სახ.მდივნის თანამდებობაზე ყოფნის ბოლო დღეებში გავლენა აღარ აქვს), პარტია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ გაბრაზებული საყვედურით განაცხადა:
“ჩემი 45-წლიანი გამოცდილებით გეუბნებით, ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ გასული ადმინისტრაციის სახელმწიფო მდივნის ვიზიტი არაფერს ნიშნავს, ისინი, როგორც წესი, რუსეთის გავლენის აგენტები არიან, ეს ბევრს ნიშნავს, რადგან აშშ-ს პოლიტიკა საქართველოს მიმართ ორპარტიული ხასიათისაა”, – განაცხადა მან.
ცოტა სასაცილოა ყოფილი საბჭოთა და რუსი დიპლომატის ვაშაძისგან “რუსული გავლენის ჯაშუშების” შესახებ განცხადებების მოსმენა. უბრალოდ მინდა ვკითხო, თვითონ ხომ არ არის ის “გაგზავნილი კაზაკი”? რატომ გაილაშქრა “რუსეთის ჯაშუშების” წინააღმდეგ, როდესაც ყველამ იცის, რომ დონალდ ტრამპი და ამავე დროს მაიკ პომპეო თანამდებობებზე სწორედ მოსკოვმა “დანიშნა”? გამორიცხული არც ის არის, რომ ამერიკულმა პრესამ მალე გაარკვიოს, თითქოს ჯო ბაიდენის გამარჯვება ამერიკის არჩევნებში “კრემლის მორიგი ჩარევით” იყო მოტივირებული.
გრიგოლ ვაშაძის თქმით, ოპოზიციამ აშშ-ს სახ.დეპარტამენტის ოფიციალურ წარმომადგენელს, ფილიპ რიკერს საქართველოში ჩატარებული არჩევნების ფალსიფიკაციის ფაქტები გააცნო. „ნაციონალების“ ფორმალური ლიდერი მოითხოვს, რომ ამერიკელებმა ქვეყანაში კომპრომისი უზრუნველყონ, თუმცა მათ ამის გაკეთება საკუთარ სამშობლოშიც კი არ გამოსდით. ამასთანავე, თავად „ნაციონალებს“ კომპრომისი ესმით, როგორც მოწინააღმდეგის უსიტყვო კაპიტულაცია. ვაშაძის აზრით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ უკან საქართველოს უამრავი მოქალაქე დგას, რომლებიც სამართლიანობის აღდგენას მოითხოვენ.
აქ, ყოფილი კომუნისტი და საბჭოთა დიპლომატი, ოპოზიციური “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ამჟამინდელი ფორმალური ლიდერი (ნაციონალური მოძრაობის ფაქტობრივი ლიდერი მიხეილ სააკაშვილია) აბსოლუტურად მართალია. 2012 წლიდან, როდესაც ნაციონალური მოძრაობის სისხლიანი დიქტატურა არჩევნების შედეგად დაამხეს, საქართველოს მოქალაქეების დიდი ნაწილი გააფთრებით, თუმცა სამწუხაროდ, წარუმატებლად სამართლიანობის აღდგენას – “ნაციონალების” მრავალი და მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის დასჯას ცდილობს.
დასასრულს, მინდა დავძინო, რომ საზღვარგარეთელი “რევიზორი” (უფლებამოსილების გარეშე), როგორც მოვიდა, ისე წავიდა. საქართველოს პრობლემები კი, სამწუხაროდ, იგივე დარჩა და მათ გადასაჭრელად მისაღები მექანიზმები ჯერ ჰორიზონტზეც არ ჩანს.