სანამ მსოფლიო კორონავირუსის პანდემიას ებრძვის, საქართველოში ზედიზედ 2 არჩევნები ჩატარდა. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო ოპოზიციამ, ვადამდელი არჩევნების დანიშვნის სურვილით, 2021 წლის 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნები რეფერენდუმად გამოაცხადა და ამით არჩევნების შინაარსი შეცვალა. მოსახლეობა, რომელსაც ამ არჩევნებით საკუთარი ქალაქისა და სოფლის სამეურნეო საკითხები უნდა გადაეწყვიტა, კვლავ ქვეყანაში ფესვგადგმული ორპოლუსიანობის მსხვერპლად იქცა. სახელისუფლებო პარტია კი, მცირე ბიზნესს მიადგა და რეკეტის აპრობირებულ პრაქტიკას იყენებს. ამ და სხვა საკითხებზე Dalma News- ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, ნიკა შენგელია ესაუბრა. 

რამდენად სწორად იყო გაგებული 2 ოქტომბრის არჩევნების შინაარსი ამომრჩევლის მიერ და რამდენად სწორად იყო ის წარმართული პოლიტიკური სუბიექტების მიერ?

– ფაქტობრივად „ქართულმა ოცნებამ“ მოახერხა და ქვეყანა იმგვარად მართა, რომ ოპოზიციური სპექტრი მოძლიერდა. არჩევნებმა გვიჩვენა, რომ ხალხი უკმაყოფილოა „ოცნების“ მმართველობით. ბოლო 8 თვის განმავლობაში, ქვეყნის ეკონომიკა და ფულად-საკრედიტო პოლიტიკა სწორად რომ ყოფილიყო წარმართული, პანდემია იმდენად ვერ დაგვაზარალებდა, იგივე ფასების მხრივ. წინა ხელისუფლებას მთელი აქცენტი ტურისტულ სექტორზე ჰქონდა აღებული და „ქართულმა ოცნებამაც“ იგივე კურსი განაგრძო. ნაკლები ყურადღება მიაქციეს რეალური სექტორის განვითარებას, წარმოებას, სამუშაო ადგილების შექმნას. აქედან გამომდინარე მივიღეთ ცუდი შედეგი.

ნიკა შენგელია

– რა არის უკმაყოფილების ძირითადი საფუძველი?

– 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მოხდა ასეთი ფაქტები, რის შესახებაც ბევრი მცირე მეწარმე მწერს. კერძოდ, თუ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ბიზნესის რეკეტისთვის აქტიურად იყენებდა 210-ე მუხლს, ამათ 226-ე მუხლი აამუშავეს, რაც “მაგიერი პირის” არსებობას გულისხმობს. ანუ თუ ადამიანს ბიუჯეტის მიმართ აქვს დავალიანება, ფულის ამოსაღებად პირდაპირ გადადიან ქონების დაყადაღებაზე. სამწუხაროა ის, რომ ეს ბიზნესმენები გაჩუმებულები არიან, თუმცა პირად საუბრებში ამბობენ, რომ ამ მთავრობას მხარს აღარ დაუჭერენ.

ამას ემატება ისიც, რომ პანდემიის დროს ბევრმა დაკარგა სამსახური. ამ ადამიანებს ხელისუფლება 6 თვის განმავლობაში დაეხმარა. ზოგმა იპოვა სამსახური, მაგრამ ვინც ვერ იპოვა, მინიმალური დახმარება – 200 ლარიც შეუჩერდა. ხელისუფლებას შეეძლო ეს დახმარება კიდევ 6 თვით გაეგრძელებინა და გვერდით დადგომოდა იმ ოჯახებს, საიდანაც ოჯახის ერთი წევრი იყო დასაქმებული და იმანაც დაკარგა სამსახური. რა თქმა უნდა, ამან ჯამურად მმართველი პარტიის მიმართ ხალხის გაბრაზება გამოიწვია. ადამიანები ხედავენ, რომ მერიასა და მის მსგავს თავკომბალა სახელმწიფო ორგანიზაციებში დასაქმებულებს ხელფასები ეძლევათ, ისინი კი, უმუშევრები არიან. ქვეყანაში გამეფებულია ნეპოტიზმი. დამლაგებლადაც კი ვერსად იმუშავებ, თუ ვინმე არ გყავს “ქართულ ოცნებაში”.

– თქვენის აზრით, როგორ გადანაწილდა ასეთი ამომრჩევლის ხმები?

– ბევრი ვიცი, რომლებიც “ნაციონალურ მოძრაობაზე“ არიან გაბრაზებულები და ხმა “ოცნებას“, ან გახარიას პარტიას მისცეს. ხოლო ის, ვინც “ოცნებაზე” იყო გაბრაზებული, ნაწილი საერთოდ არ მივიდა არჩევნებზე, ვინც მივიდა, ოპოზიციას დაუჭირეს მხარი იმ იმედით, რომ ქვეყანაში, რამე შეიცვალოს. ამას ემატება ნიკა მელიას („ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე) განცხადება, რომ ის თუ გახდება მერი, თანამშრომლებს არ დანიშნავს პარტიული პრინციპით, არამედ პროფესიონალიზმის მიხედვით. ამანაც უკვე გაუჩინა იმედი ამომრჩეველს მეორე ტურისთვის. საზოგადოება ითხოვს კოალიციურ მმართველობას. მიუხედავად იმისა, რომ “ქართულ ოცნებას” მაღალი ადმინისტრაციული რესურსი აქვს, მაინც გამოჩნდა განაწყენებული ხალხი – უმუშევრები, საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები და ისინი, ვისაც ოპოზიციური პარტიის ლიდერის განცხადებებით იმედი ჩაესახა. თვითმმართველობებში კოალიციური მთავრობა ძალიან დიდი პლუსი იქნებოდა.

კალაძე, გახარია და მელოა

– დავუბრუნდეთ წინა შეკითხვას, სადაც “ქართული ოცნების“ მიერ მცირე ბიზნესის შევიწროვებაზე საუბრობთ. რას გულისხმობს 226-ე მუხლი და რატომ დასჭირდა ხელისუფლებას მისი გამოყენება?

ჩვენს ქვეყანაში, რაც საწარმოებია დაფიქსირებული, უმეტესობა არის შპს. ანუ გარანტირებულია, რომ თუ შპს-ს ვალი დაედებოდა, დაზარალდება საწესდებო კაპიტალით, ანუ, რა ქონებაც ჰქონდა ის დაყადაღდებოდა. “ქართული ოცნების” პირობებში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა შპს-ს დამფუძნებლების პირადი ქონების დაყადაღება დაიწყო, კერძოდ, მათ სახელზე, თუ, რამე ქონებაა: ბინა, მანქანა, მიწა და ა.შ. აიძულოს ბიზნესმენები გაყიდოს პირადი ქონება და დაფაროს ეს დავალიანება. ეს პრეროგატივა, მხოლოდ სახელმწიფოს ეკუთნის.

– როდის დაიწყო ეს ყველაფერი?

– ბოლო 1,5 წელია. თუ ვინმე დაინტერესდება, შეიძლება სტატისტიკის ამოღება, თუ რამდენი კომპანია არის დაყადაღებული ამ მუხლის მიხედვით. “ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში ყოფნისას იყენებდა 210-ე მუხლს, – მაშინ ბევრი ბიზნესმენი ჩასვეს ციხეში და გააყიდინეს ქონება, მაგრამ ახლა სამწუხაროდ „ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო იგივე. როდესაც შემოსავლების სამინისტრო მიმართავს სასამართლოს, ყველა შემთხვევაში მას გამოაქვს ქონების დაყადაღების გადაწყვეტილება. შემდეგ, უნდა ამტკიცო, რამდენად სამართლიანია ბრალდება, გადამალული გქონდა თუ არა ქონება. თუ დავუშვათ კომპანია იყო მდიდარი და შემდეგ გაყიდა ქონება და დაედო ბიუჯეტის ვალი, ამ შემთხვევაში იყენებენ ამ მუხლს. როგორც ჩანს, უკვე ყველას ამ მუხლით მიუდგნენ.

 – პანდემია და ჩაკეტვები, ხომ გასათვალისწინებელია? მცირე ბიზნესი დაზარალდა ამის გამო. როდესაც ხელისუფლება ასეთ დროს იწყებს ბიზნესის რეკეტს, მისაღებია?

– მოგეხსენებათ, რომ ბიუჯეტში დეფიციტია. 2022 წელს მთავრობას სესხის აღება მოუწევს. უკვე დაადასტურეს, რომ 4 მლრდ ლარამდე აპირებენ სესხის აღებას, რათა შეავსონ ბიუჯეტი. გვაქვს პარადოქსი, რომ ეკონომიკა იზრდება, რასაც ვერ ვეთანხმებით. ციფრებშია ძაღლის თავი დამარხული. ყველა შემთხვევაში მოსახლეობა ძალიან გაჭირვებულია, ფასები იზრდება და სამწუხაროდ გაგრძელდება ზრდა. ამ წელიწადში სავარაუდოდ, ინფლაციის 3%-იან ნიშნულსაც ვიხილავთ. თუმცა, შემდგომ შეიძლება დაიწყოს ინფლაციის შემცირება, მაგრამ ფასები არ დაიწევს.

– ძაღლი თავი მაინც, იმაში ხომ არ არის დამარხული, რომ ჯერ კიდევ ემიგრანტების მიერ გამოგზავნილი ფულით ხდება საქართველოს ეკონომიკის გადარჩენა?

– სტატისტიკის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 8 თვის განმავლობაში 5 მლრდ ლარამდეა შემოსული. ეს არის სწორედ ის ფული, რაც მოთხოვნას აძლიერებს. როდესაც ფული შემოდის და დოვლათი ადგილზე არ იქმნება, ამ დროს, ეროვნული ბანკი მიმართავს იმ პოლიტიკას, რომ საპროცენტო განაკვეთი მაქსიმუმზე უნდა ასწიოს, ეს ბერკეტი არ გამოდგება. ამით ჩვენ, ვერც ფასებს და ვერც ინფლაციას ვერაფერს ვუშველით. მთავრობას თავიანთი ექსპერტები ჰყავს, რომლებიც ამ გადაწყვეტილებებს „უპრავებენ“ და ასე მართავენ ქვეყანას. 27 ოქტომბერს კვლავ ასწევენ საპროცენტო განაკვეთს, როგორც ლარი ეჭირათ კბილებით არჩევნებამდე. ლარმა უკვე დაიწყო მოძრაობა. ჩვენ ვთქვით, რომ 10 ოქტომბრიდან ველოდებოდით ლარის ნელ-ნელა დევალვაციას. ახლა შეეცდებიან, შოკური თერაპიით შეაჩერონ ლარის გაუფასურება.

– პანდემიის დასაწყისში ექსპრემიერი გახარია მოსახლეობას ჰპირდებოდა, რომ პირველადი მოხმარების პროდუქტები არ გაძვირდებოდა. პანდემია გრძელდება და პროდუქტები კატასტროფულად ძვირდება. ამ არჩევნების დროს, ძირითადი საკითხები დარჩა თუ არა ყურადღების მიღმა?

– თუ დააკვირდებით, ქალაქში ინფრასტრუქტურული სამუშაოები შეჩერებულია, იმიტომ, რომ არჩევნებისთვის ფული სჭირდებათ. მთელი ბიუჯეტი აქეთკენ არის გადართული. თვითონ სახელმწიფომ მისცა ბიძგი ინფლაციას. იმიტომ, რომ გაძვირდა კომუნალური გადასახადები. მშპ-ს ზრდა იქნება, რა თქმა უნდა, 5 მილიარდია შემოსული ემიგრანტებიდან, მარტო 8 თვეში. ეს ფული წავიდა მოთხოვნაზე. შესაბამისად გაიზარდა იმპორტი. ხოლო ჩვენგან გადის მადნეული, ჯართი და არა გადამუშავებული პროდუქცია, რაც ძალიან დიდი შეცდომაა. ხელი არ ეწყობა სამრეწველო სექტორის განვითარებას. პროექტი „აწარმოე საქართველოში“ ყველასთვის ხელმისაწვდომი არ არის. იქაც ნეპოტიზმია. ასევე ვისმენთ, რომ სახელმწიფოს დაქვემდებარებაში არსებულ საწარმოებში მილიარდ ლარამდეა ზარალი. მთავრობის ეკონომიკური გუნდი მთლიანად შესაცვლელია.

– ეს არჩევნები იყო, თუ არა მნიშვნელოვანი სოფლის მეურნეობაში ცვლილებებისთვის. ამომრჩეველმა დაკარგა, თუ არა ეს შანსი არჩევნების რეფერენდუმად გამოცხადებით?

– სოფლის მეურნეობა, როგორ განვითარდება, როცა ელემენტარულად, მელიორაცია ვერ მოაწესრიგეს. ნეპოტიზმით შერჩეულმა კომპანიებმა, ვისაც ეს უნდა გაეკეთებინა, აიღო სახელმწიფო თანხა და ფული შეიჭამა. 2012 წელს, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში როცა მოვიდა, გახარებული ვიყავი და მხარს ვუჭერდი. რადგან მიმაჩნდა, რომ სოფლის მეურნეობაში რევოლუციური ძვრები დაიწყო. მაგრამ ეს ყველაფერი 2-3 წლის შემდეგ გაჩერდა. იმი ნაცვლად, რომ მოსახლეობას დახმარებოდნენ და ემართათ ეს სექტორი ნორმალურად, დაიწყეს მისი განადგურება. თუ რამე ნორმალური ტექნიკა იყო, კახეთის რეგიონში გადაზიდეს. ვინც 4 წლის წინ ბაღები გააშენა, ისინი უკვე მსხმოიარეა, თუმცა ეს ზღვაში წვეთია. ოქტომბრის ბოლოდან შემოვა იმპორტირებული ხილი და პროდუქტი. პანდემია აქ არაფერ შუაშია და მას ვერ დავაბრალებთ იმას, რომ ეკონომიკურმა გუნდმა უნიათოდ მართა პროცესი.

– კახეთი ახსენეთ, 3 წელია იქ ვარ და ვაკვირდები პროცესებს. რიგით გლეხს განვითარება არ დაეტყო, აქ ერთეულების მეურნეობები ვითარდება და იზრდება…

– სწორედ ეგ არის ნეპოტიზმის შედეგი. მაგრამ მაინც, ხომ ვითარდება? მაგრამ ის ხილი გადის ექსპორტზე და თანხა შედის ერთეულების ჯიბეში. ინკლუზიური ეფექტი არ აქვს. პანდემიის დროს მოიმატა გზავნილებმა, ეს ფული იხარჯება პროდუქტებზე. 2022 წელი იქნება მაღალი ფასების პერიოდი, როგორც აქ, ისე უცხოეთში და არ ველოდები გადარიცხვების მატებას. იქაც გაძვირდა ცხოვრება. 2022 წელი არ იქნება ადვილი წელი. მაღალი ფასები შენარჩუნდება. 2012 წლის მაჩვენებელს თუ ავიღებთ, მალე 200%-ით გაძვირდება ყველაფერი. არჩევნების მეორე ტურზე გამოიტანენ კიდევ ფულს. რიგდება ფული მოსახლეობაზე, ეს მანკიერი წესი დამკვიდრდა. თუმცა ეს ფული ისევ წავა მოხმარებაზე და გაყიდვები გაიზრდება. მეორე ტურის შემდეგ ლარი გაძვირდება და წლის ბოლოს ლარმა აშშ დოლართან მიმართებით შესაძლოა კურსი 3.45-ი დატესტოს.

ესაუბრა შორენა პაპაშვილი