საქართველოს მთავრობა, ქალაქ ბათუმისთვის, ბელორუსული წარმოების 8 ელექტროავტობუსს, თბილისის მეტროპოლიტენისთვის კი, ვაგონებს შეიძენს. ავტობუსების ტენდერში ბელარუსულმა ჰოლდინგმა “Belkommunmash”-მა გაიმარჯვა. ბელორუსსა და საქართველოს შორის, საქონლის მიწოდების თვალსაზრისით, წარმატებული გამოცდილება ჩამოყალიბდა. 2016 – 2017 წლებში, სს “საქართველოს რკინიგზისთვის” გერმანული წარმოების – “შტადლერის” სარკინიგზო ვაგონები ბელორუსში ააწყვეს. ორი ქვეყნის მთავრობებში ვარაუდობენ, რომ ახლო მომავალში, ბელორუსსა და საქართველოს შორის ტვირთბრუნვა 2018-ის 200 მილიონ აშშ დოლარის მიტი იქნება. ერთ-ერთი პერსპექტიული მიმართულება კი, ბელორუსული სამგზავრო ტექნიკის მიწოდების მოცულობების გაზრდა განიხილება. ასევე, იგეგმება საწარმოო და სასოფლო-სამეურნეო თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარება და გააქტიურება. ამ თვალსაზრისით პირველი ნაბიჯები უკვე გადაიდგა. კერძოდ, შარშან, მარტში, თბილისში, ლიფტების ამწყობი საწარმო გაიხსნა “მაგილიოვსკისა” და “ლიფტმაშის” სავაჭრო ნიშნით, 2019 წლის მარტში კი, ბათუმში, “ბელარუსის” სავაჭრო ნიშნით დაბალგაბარიტიანი ტრაქტორების ამწყობმა საწარმომ დაიწყო ფუნქციონირება.

საქართველოში დაწყებულია ბელორუსიული მედიკამენტების დაფასოების წარმოება “მინსკ კრისტალის” საწარმოს ბაზაზე. “სარაჯიშვილის” სავაჭრო ნიშნით, ბელორუსში, ქართული კონიაკის, ხოლო საქართველოში – ბელორუსული სპირტიანი სასმელების ბოთლებში ჩამოსხმა ხორციელდება. ბელორუსში, ქართული ჩაის დაფასოების საორგანიზაციო საკითხებზე შეთანხმება შედგა. სულ ახლახანს, აგვისტოს ბოლოს, ბელორუსში, პირველი ქართული სავაჭრო სახლი გაიხსნა, რომლის მიზანია ქართული ტრადიციების, ისტორიისა და კულტურის წარმოჩენა. სავაჭრო სახლში წარმოდგენილი იქნება სურსათის წარმოების ფართო სპექტრი.

ბელარუსის პრემიერ-მინისტრი სერგეი რუმას

“ვიმედოვნებთ, რომ ეს, მხოლოდ დასაწყისია და ქართული საფირმო მაღაზიები მომავალშიც გამოჩნდება ბელარუსის რესპუბლიკაში. ჩვენი ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ სასოფლო-სამეურნეო სფეროში მსხვილფეხა საქონლის მოშენების ნაწილში. 2018 წელს, საქართველოში, არსებულ ფერმებს ხორბლის ამღები კომბაინების პარტიიდან პირველი 30 ერთეული გაეგზავნათ “გომსელმაშის” სავაჭრო ნიშნით”, – აცხადებს ბელარუსის პრემიერ-მინისტრი სერგეი რუმასი.

23 აგვისტოს, ბელორუსს, საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით, მთავრობის წარმომადგენლობითი დელეგაცია ეწვია. მის შემადგენლობაში შედიოდნენ: საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე და პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე.

საქართველოს მთავრობის მეთაურს მინსკის საერთაშორისო აეროპორტში, ბელარუსის ვიცე-პრემიერი ვლადიმირ დვორნიკი დახვდა. პრემიერმა მთავრობის წევრებთან ერთად, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. მამუკა ბახტაძემ მინსკში, 1941-1945 წლებში, ფაშიზმის წინააღმდეგ მებრძოლ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

მამუკა ბახტაძე ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ მიიღო. შეხვედრაზე ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებზე, ორმხრივი თანამშრომლობის პოზიტიურ დინამიკაზე. აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის მაღალი დონის ვიზიტების ინტენსიურობა მჭიდრო ორმხრივი თანამშრომლობის გამოხატულებაა. განსაკუთრებული აქცენტები გაკეთდა ქვეყნებს შორის შემდგომი ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავებაზე. აღინიშნა, რომ საქართველოსა და ბელორუსს შორის სავაჭრო ბრუნვა ყოველწლიურად იზრდება და მიმდინარე წლის დინამიკაც მიანიშნებს, რომ წლევანდელი წელი სავაჭრო ურთიერთობებში განსაკუთრებით პოზიტიური იქნება. ხაზი გაესვა ბელარუსის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას.

მხარეებმა, ასევე, საქართველოსა და ბელორუსს შორის სექტორული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, მათ შორის ეკონომიკისა და ტურიზმის, ტრანსპორტის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, სოფლის მეურნეობისა და კულტურის სფეროში.

მინსკში ყოფნისას მამუკა ბახტაძე ბელარუსის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე ვლადიმერ ანდრეიჩენკოსაც შეხვდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის საპარლამენტო თანამშრომლობაზე და საკანონმდებლო ორგანოებს შორის ურთიერთობების შემდგომ განვითარებაზე ისაუბრეს. ამ მიმართულებით ხაზი გაესვა მეგობართა ჯგუფის ფორმატში მუშაობის მნიშვნელობას.

როგორც ვლადიმერ ანდრეიჩენკომ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, ორი ქვეყნის პარლამენტის წევრების მუშაობა საქართველოსა და ბელარუსის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის ფორმატში. ყურადღება გამახვილდა ტურიზმის მზარდ დინამიკაზე. აღინიშნა, რომ 2010 წლის შემდეგ, საქართველოში, ბელარუსი ტურისტების რაოდენობა 15-ჯერ არის გაზრდილი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი პირისპირ შეხვდა თავის ბელარუსიელ კოლეგა სერგეი რუმასს, რომელიც მოგვიანებით ორი ქვეყნის მთავრობის წევრების მონაწილეობით, გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა. დახვედრის ოფიციალური ცერემონია ბელარუსის რესპუბლიკის მთავრობის სახლში გაიმართა. შესრულდა ორი ქვეყნის ჰიმნი.

“ბელარუსი არის ძალიან კარგი მაგალითი საქართველოსთვის თუ, როგორ შეიძლება ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, განსაკუთრებით საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, რომ მიზნები, რომლებსაც ერთობლივი ძალებით უნდა მივაღწიოთ, ხარისხობრივად სრულიად ახალ დონეზე აიყვანს ჩვენს ეკონომიკურ კავშირებს”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ რუმასთან შეხვედრის შემდეგ, მედიასთან საუბრისას.

მისი თქმით, სასიხარულოა ის ფაქტი, რომ საქართველოში ბელორუსიდან ტურისტებისა და პირდაპირი რეისების რაოდენობა იზრდება.

მამუკა ბახტაძემ გულთბილი მასპინძლობისთვის თავის კოლეგას მადლობა გადაუხადა. მისი აზრით, ეს ვიზიტი თავის ძალიან მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაში. საქართველოს და ბელორუსს აქვს ნაყოფიერი ურთიერთობა ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე, მათ შორის აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში.

საქართველოს სანდო პარტნიორი უწოდა ბელარუსის პრემიერ-მინისტრმა სერგეი რუმასმა და განაცხადა, რომ ქართულ – ბელორუსული ურთიერთობებისთვის დამახასიათებელია გახსნილობა, ნდობის მაღალი ხარისხი და ურთიერთგაგება.

“ბოლო პერიოდში ჩვენი თანამშრომლობა მნიშვნელოვნად გააქტიურდა, რადგან სამთავრობო და სახელმწიფო უწყებებს შორის, საწარმოებსა და ბიზნესსუბიექტებს შორის კონტაქტები გააქტიურდა. ამ ორმხრივ ურთიერთობებში მნიშვნელოვან როლს თამაშობს მთავრობათაშორისი კომისია, დარგთაშორისი სამრეწველო ჯგუფები და ბელორუსულ – ქართული ბიზნესსაბჭო. ფაქტობრივად, ყოველ თვე ხორციელდება დელეგაციების გაცვლითი ვიზიტები, რომელთა ფარგლებშიც განიხილება სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის საკითხები”, – განაცხადა ბელარუსის პრემიერ-მინისტრმა.

საქართველო – ბელორუსის თანამშრომლობას დადებითად აფასებს დსთ-ში საქართველოს ყოფილი წარმომადგენელი ზურაბ ხონელიძე და აცხადებს, რომ საქართველომ, პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებთან ორმხრივი ურთიერთობის ფორმატში, კიდევ უფრო აქტიურად უნდა გამოიყენოს ძველი კავშირები და არ დაკარგოს სავაჭრო-ეკონომიკური კონტაქტები, რაც ამ ქვეყნებთან ჰქონდა. ეს პირველ რიგში არის 300 მლნ-იანი ბაზარი. მისი მოსაზრებით, მესამე ქვეყნებისთვის საქართველოს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის ევროკავშირთან მისი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირი და ვიზალიბერალიზაცია. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ბელარუსის უზარმაზარი რესურსი და გამოცდილება. ეს არის ქვეყანა, რომელიც შედგა – სოფლის მეურნეობის, მძიმე, გადამამუშავებელი და მსუბუქი მრეწველობის, ასევე, კვების მრეწველობის განვითარების თვალსაზრისით. ზურაბ ხონელიძე ერთობლივი საწარმოების შექმნის მომხრეა და ამბობს, რომ ამ თანამშრომლობას თავის დროზე საფუძველი მისი დამსახურებით ჩაეყარა.

“ერთობლივი საწარმოების შექმნას, თავის დროზე ჩავუყარე საფუძველი. ბათუმშიც და თბილისშიც, ტრაქტორების საწარმოები შეიქმნა. მაღალი ხარისხისაა ბელორუსული წარმოების კვების პროდუქტებიც, რასაც მომხმარებელი ხედავს. ამ ქვეყანას დიდი სამრეწველო და ინტელექტუალური პოტენციალი აქვს. ჩვენ კვლევითი საქმიანობა და ინსტიტუტები მოვსპეთ. იქ კი, მეცნიერების განვითარებისთვის უზარმაზარი თანხები იხარჯება”, – განაცხადა Dalma News-სთან საუბრისას ზურაბ ხონელიძემ.

მისივე თქმით, ბელორუსმა ეკონომიკური განვითარება და ევროპასთან თანამშრომლობა, რუსეთთან ურთიერთობების გართულების გარეშე მოახერხა, რაც ასევე, გასაზიარებელი გამოცდილებაა. ბელორუსული პროდუქცია აბსოლუტურად ბელორუსული არ არის. ისინი მსოფლიო გამოცდილებას იღებენ იმით, რომ ევროპულ კომპანიებთან ერთობლივი საწარმოები აქვთ შექმნილი. შედეგად, ბელარუსიულმა წარმოებამ მოდერნიზება განიცადა, ამას დაემატა კარგი საბჭოთა გამოცდილება. ეს მაშინ, როცა საქართველომ, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, მთელი ტექნიკა-დანადგარები ჯართის ფასში გაყიდა და გარკვეულმა პოლიტიკურმა ძალებმა ქვეყნის ინტერესები პირად ინტერესებს ანაცვალეს.

“ბელარუსი რუსეთთან დაპირისპირების რეჟიმში არ იმყოფება, მაგრამ, ამის გამო ის დამოუკიდებელი ქვეყანა არ არის? არ აქვს დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკა? ქვეყანაში არ არის უმუშევრობის პრობლემა, დემოკრატია გგონიათ შეზღუდულია? ადამიანის უფლებების დარღვევის პრობლემა ყველგან არის, მაგრამ ბელორუსიაში მიდის გაჯანსაღების პროცესი. მართალია, 1995 წლიდან მოყოლებული ერთი პრეზიდენტი ჰყავთ, მაგრამ იქ სულ სხვა პრობლემებია. შეიძლება ითქვას, რომ ეს ქვეყანა შედგა და რუსეთთან ურთიერთობებსაც მშვენივრად იყენებს თავის სასიკეთოდ”, – აცხადებს ხონელიძე.

რაც შეეხება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის პოლიტიკურ ნაწილს, როგორც Dalma News -ს ყოფილმა ელჩმა განუცხადა, საქართველო ბელორუსისთვის ყოველთვის იყოს მაგალითის მიმცემი, მაგრამ XX საუკუნის 90-იანი წლებიდან მოყოლებული, საქართველომ ბევრი შეცდომა დაუშვა, მათ შორის სამოქალაქო დაპირისპირებების სახით, რაც არც ერთ პოსტსაბჭოთა რესპუბლიკაში არ მომხდარა.

ზურაბ ხონელიძის მოსაზრებით, საქართველომ კიდევ უფრო უნდა გაააქტიუროს ურთიერთობები ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებთან, მათ შორის, შუა აზიის ქვეყნებთან. სამეზობლო ურთიერთობის ტრადიცია არსებობს აზერბაიჯანთან და სომხეთთან, რაც ასევე გასააქტიურებელია. მაგრამ, მეორე მხრივ, საქართველომ არ უნდა შექმნას ისეთი პოლიტიკური ვითარება, რომ მასთან ურთიერთობამ ამ ქვეყნებს რუსეთთან გაურთულოს მდგომარეობა და ისინი არჩევანის წინაშე აღმოჩნდნენ.

“ჩვენ, პოსტსაბჭოთა სივრცეში, ჩვენი ქვეყნის როლი ამოვაგდეთ და ჩვენი ადგილი სხვებმა დაიკავეს. იგივე ქართული ღვინო, ქართული ჩაი, რომლის უკან უამრავი ოჯახია, რამდენი სტუდენტის სწავლის თანხებია იქ აკუმულირებული? ბელარუსი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი ქვეყანაა. საქართველოს ამ ფაქტორის გამოყენებაც თავის სასიკეთოდ შეუძლია. ამ კავშირში რუსეთმა ქვეყნები შერჩევით შეიყვანა. არ არის აუცილებელი საქართველოც იყოს ამ კავშირის წევრი. მას შეუძლია ამ ორგანიზაციის სიკეთეები სხვაგვარად გამოიყენოს”, – აცხადებს ზურაბ ხონელიძე.

იგი საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები ყველა ქვეყანასთან განავითაროს და არ ჰქონდეს იმის შიში, ამას როგორ მონათლავენ შიდა პოლიტიკური ძალები. საქართველო დღეს ორპოლუსიან ქვეყნად იქცა – პრორუსული, ან ანტირუსული. ამ პოლუსებს შორის კი, ქართული საქმის ადგილი აღარ მოსჩანს. საინტერესოა, ამ დროს, ვინ აკეთებს ქართულ საქმეს? სათანადოდ არის ათვისებული საქართველოს გეოპოლიტიკური რესურსი, იქნებ ის საერთოდ დანახულიც არ არის.

შორენა პაპაშვილი