ოჯახში გვარის გამგრძელებლის ყოლის სურვილის გამო საქართველოში, 1990-2015 წლებში, 31 446 გოგონა ვერ დაიბადა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2016 წელს 29,6 ათასი აბორტი გაკეთდა, აქედან 19 არასრულწლოვანი, 15 წლამდე ასაკის გოგონები იყვნენ.
საქართველოში სელექციურ აბორტებს ძირთადად შემდეგი მიზეზები განაპირობებს: 1. ვაჟისთვის უპირატესობის მინიჭება, ანუ აბორტი მიიჩნევა შობადობის კონტროლის ძირითად მეთოდად. სტატისტიკას თუ დავეყრდნობით ბიჭი – შვილი უფრო “ფასეულია” ქართველი მშობლისთვის. 2. XX საუკუნის 90-იანი წლებიდან მოყოლებული ქვეყანაში არებული მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორების გათვალისწინებით იკლო შობადობამ, შესაბამისად მშობლები არჩევანს მამრობით სქესზე აკეთებენ. 3. რეპროდუქციული ტექნოლოგიები, რაც იძლევა ორსულობის ადრეულ სტადიაში ნაყოფის სქესის დადგენის საშუალებას და სწორედ ამის შემდეგ ხორციელდება შერჩევითი აბორტები, არასასურველი სქესის ნაყოფის მოსაშორებლად.
ექსპერტები მიიჩნევენ, რომ სელექციური აბორტების მიზეზი ქართულ კულტურაში უნდა ვეძებოთ. ქართულ საზოგადოებაში ფარული უპირატესობა ყოველთვის ბიჭს ენიჭებოდა, რადგან ის გვარის გამგრძელებელი და ოჯახის მემკვიდრეა. ერთი შვილის ყოლის შემთხვევაში, ქართულ ოჯახებში უპირატესობას ბიჭს ანიჭებენ.
აბორტის ყველაზე დიდი მოწინააღმდეგე რელიგიაა. ამ მოტივით ბევრი ქალი ამბობს უარს აბორტზე. ქრისტიანულმა ეკლესიამ ჩვილთა კვლა კაცის კვლის დანაშაულს გაუტოლა. მათი აზრით, ცოცხალი ორგანიზმი ჩასახვის მომენტიდანვე წარმოიშობა და ის გენეტიკური კოდისა და ადამიანის მთელი პიროვნული პოტენციალის მატარებელია.
ექიმი გინეკოლოგი ვალია ფუნტიკოვა აბორტების პრობლემას მრავალია წელია ებრძვის და თითოეულ პაციენტს დაუზარებლად არწმუნებს არჩევანი შვილის სასარგებლოდ გააკეთონ.
მისი აზრით, აბორტზე პირველ რიგში პასუხისმგებელია ოჯახი, მერე ექიმი და სახელმწიფო, რომელიც არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქალმა აბორტის გაკეთებას შვილის გაჩენა ამჯობინოს.
“არავის აინტერესებს ქალები რატომ ხდებიან იძულებულები გაიკეთონ აბორტი, მარტო სტატისტიკას წერენ”, – აცხადებს ვალია ფუნტიკოვა.
მისივე თქმით, ძალიან ხშირია შემთხვევები, როდესაც აბორტის გაკეთებას ქალს ოჯახი და ქმარი აიძულებს. ასეთ დროს მშობლის გულგრილობის მსხვერპლი არა მარტო გოგონები, არამედ ბიჭებიც ხდებიან.
“მარტო გოგონების გამო არ იკეთებენ ქალები აბორტებს, ეს არის ოჯახის გადაწყვეტილება. მაგალითად ორი ბიჭი თუ ჰყავს ოჯახს, აღარ უნდა მესამე ბიჭი და აიძულებენ დედას გაიკეთოს აბორტი. ან პირიქით, თუ ორი გოგო ჰყავთ, არ აჩენენ. 1978 წლიდან ვმუშაობ ექიმად, ყველა ძალისხმევას ვიყენებ იმისთვის, რომ ქალებმა არ გაიკეთონ აბორტი. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ვიბრძვი ჯერ არ დაბადებული სიცოცხლეების გადასარჩენად. ძალიან ბევრი მყავს ისეთი პაციენტი, ჩემი სიჯიუტის წყალობით ოჯახში მესამე და მეოთხე შვილები რომ ჰყავთ დღეს. ოჯახში სამი ბავშვი აუცილებლად უნდა იზრდებოდეს, დანარჩენი უკვე ღმერთის ნებაა”, – განაცხადა Dalma News-სთან საუბრისას ვალია ფუნტიკოვამ.
მისივე ინფორმაციით, საქართველოში ბევრ მარტოხელა დედას ეხმარება ეკლესია. დედათა მონასტერში 2-3-წლით იფარებენ ქალებს, რომლებსაც არასასურველი ორსულობის გამო სურთ ნაყოფის მოცილება. მათზე ზრუნავენ, ეხმარებიან ფსიქოლოგიურად, ცდილობენ უშოვონ სამსახური და სხვა.
ექიმის განმარტებით ხშირი აბორტები ქალის ორგანიზმს გამოუსწორებელ ზიანს აყენებს. პირველ რიგში მაღალია უშვილობის რისკი; იწვევს ნაადრევ სიბერეს; აბორტების 30% ანთებითი პროცესების გამომწვევი მიზეზია.
ჩანასახის საშვილოსნოს კედლიდან ძალისმიერი მოცილება იწვევს სისხლდენას. მისი საკუთარი ძალით შეჩერება დაუშვებელია, რადგან ამას შესაძლოა შეეწიროს ქალის სიცოცხლეც. ემბრიონის მოცილების შემდეგ საშვილოსნოში რჩება ზედაპირული ჭრილობები და იქმნება მიკრობთა დასახლებისთვის ხელსაყრელი პირობები, ამიტომ აბორტის ყველაზე ხშირი გართულებებია ინფექცია და საშვილოსნოს ანთება (ენდომეტრიტი). ანთება ჯერ მწვავეა, შემდეგ კი ქრონიკულდება. აბორტის შემდგომი გართულების ერთ-ერთი სახეა საშვილოსნოს ყელის შიგნითა პირის სპაზმი.
აბორტი ასევე იწვევს ნერვულ და ჰორმონალურ დარღვევას. სპეციალისტების განმარტებით, ორსულობის პირველსავე დღეს იწყება მთელი ორგანიზმის, პირველ რიგში ნერვული სისტემების გადაწყობა. ზოგი ჰორმონის გამომუშავება იმატებს, ზოგის კი იკლებს. აბორტის შედეგად ეს პროცესები მკვეთრად წყდება. ჰორმონული ცვლილებები განაპირობებს შინაგანი სეკრეციის ყველა ორგანოს, მათ შორის – საკვერცხეების, დისფუნქციას, რაც მენსტრუალური ციკლის დარღვევით იჩენს თავს. აბორტის შედეგად ზიანი ადგება: ფარისებრ ჯირკვალს, რამაც შეიძლება პაციენტი მისი დაავადების აღმოცენებამდე ან გამწვავებამდე მიიყვანოს.
Dalma News-ი ერთ-ერთ პაციენტს გაესაუბრა.
ნინო დღეს სამი შვილის დედაა. ამბობს, რომ მისი ორი, ტყუპი შვილი ექიმის დამსახურებით მოევლინენ ქვეყანას. პირველი შვილი 6 თვის ჰყავდა, როდესაც აბორტის გასაკეთებლად მივიდა. საოპერაციოში შეყვანამდე ექიმმა ექოსკოპიური გამოკვლევის ჩატარება მოსთხოვა. ექოსკოპიამ ტყუპი ნაყოფი აჩვენა.
“იმ მომენტში ზუსტად ვიცოდი, რომ 3, ერთმანეთზე მიყოლებული ჩვილის გაზრდა გამიჭირდებოდა, მით უმეტეს, მომხმარე არავინ მყავდა. სანამ პირველი ბავშვი შემეძინებოდა, 3 შეწყვეტილი ორსულობა მქონდა და ძალიან განვიცდიდი ჩემს მდგომარეობას. ამას ემატებოდა ქმრის მშობლების მხრიდან ფსიქოლოგიური ზემოქმედება, რომ მე უშვილო ვიყავი და რომ შეუძლებელი იქნებოდა სამი აბორტის შემდეგ კიდევ გამეჩინა ბავშვი. ვალიასთან სამკურნალოდ რომ მივედი, უკვე მეოთხე ორსულობა მქონდა და მეშინოდა, ეს ნაყოფიც არ დამეკარგა. ექიმს როცა ვესაუბრებოდი, ცრემლებს ვერ ვიკავებდი. მან ჩემი პრობლემა გულთან მიიტანა და მისი წყალობით დღეს სამი შვილის დედა ვარ”, – იხსენებს ნინო.
“საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება-XXI”-ის ინფორმაციით, ბოლო ექვსი წლის განმავლობაში საქართველოში დაახლოებით 32 ათასი სელექციური აბორტი გაკეთდა. 80-დან 90-იან წლებამდე 454 ათასი გოგონა დაიბადა, ხოლო ათი წლის შემდგომ 236 ათასი. დემოგრაფები და სასულიერო პირები გამოსავალს კანონის გამკაცრებაში ხედავენ.
საქართველოს კანონმდებლობით აბორტი ლეგალურია. “ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, 12 კვირამდე ორსულობის შეწყვეტა შესაძლებელია ორსულის სურვილის მიხედვით, ხოლო 12 კვირის შემდეგ ორსულობა შეიძლება შეწყდეს სპეციალური სოციალური და სამედიცინო ჩვენებების შემთხვევაში. სამედიცინო ჩვენებით აბორტის გაკეთება ნებადართულია ორსულობის 22-ე კვირამდე. აბორტის გაკეთება შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ სათანადო უფლების მქონე სამედიცინო დაწესებულებაში, სერტიფიცირებული ექიმის მიერ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით უკანონო აბორტი აკრძალულია და ითვალისწინებს სისხლის სამართლებრივ სანქციებს.
პოლიტიკის მეცნიერების დოქტორ ეკა დარბაიძის განმარტებით, საქართველოს სამართლებრივ სივრცეში არ არსებობს სამართლებრივი რეგულირება ნაყოფის სქესის გასარკვევად ჩასატარებელი ექოსკოპიის შესახებ. ჯანმრთელობის დაცვის კანონის 140-ე მუხლის მიხედვით, ორსულობის 12 კვირამდე აბორტის გაკეთება მხოლოდ და მხოლოდ ორსულის სურვილზეა დამოკიდებული. ამასთან ერთად თავისუფალია სქესის გარკვევა ორსული ქალისათვის ორსულობის ნებისმიერ ეტაპზე, რაც აძლევს მას საშუალებას გაიგოს ნაყოფის სქესი და ამავდროულად არ იყოს ამოწურული განსაზღვრული 12 კვირიანი ვადა. შედეგად ვიღებთ იმას, რომ კანონი ვერ იცავს 12 კვირამდე ნაყოფს გენდერული დისკრიმინაციისაგან.
მისივე თქმით, წარსულში მშობლებს ჰქონდათ საშუალება მიეღწიათ გენდერული მიზნისათვის და ვაჟის ყოლის სურვილი მეტი შვილის გაჩენის საშუალებით აღმოეფხვრათ, რასაც ძალიან ხშირად მიმართავდნენ კიდეც, თუმცა მაინც გვხდებოდა ისეთი ოჯახებიც, რომელთაც არ ჰყავდათ ვაჟი ოთხი და ხუთი შვილის შემდეგაც კი. მოგვიანებით სიტუაცია შეიცვალა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებამ, კერძოდ, კონტრაცეფციებმა და აბორტმა, ხელი შეუწყო სასურველი გენდერული შემადგენლობის მიღწევას.
ვითარების აბორტების აკრძალვის გზით მოგვარების წინააღმდეგნი არიან ამ სფეროს სპეციალისტები, რადგან მიაჩნიათ, რომ აბორტის აკრძალვას შედეგად მოჰყვება ე.წ. კრიმინალური აბორტები, რასაც მოჰყვება დედათა სიკვდილიანობა. სახელმწიფოებში, სადაც აბორტი აკრძალულია, ყოველწლიურად ათასობით ქალი იღუპება არალეგალური აბორტის გამო. გამოსავალი არა აკრძალვაში, არამედ ცნობიერების ამაღლებასა და სახელმწიფოს მხრიდან სათანადო ხელშეწყობაში მდგომარეობს. ოჯახებში რამდენიმე შვილის ყოლა სახელმწიფოს მხრიდან უნდა იყოს წახალისებული და ასეთი ოჯახის შვილები გარკვეული პრივილეგიით სარგებლობდნენ. თუმცა, ვერც ეს მოაგვარებს სელექციური აბორტების პრობლემას. ოჯახებში, სადაც ხან ბიჭები ეზედმეტებათ და ხანაც გოგონები, სადაც სქესს აჩენენ და არა ბავშვს, გაცილებით სიღრმისეული პრობლემა არსებობს.
ექიმი ვალია ფუნტიკოვა მიიჩნევს, რომ თუ რამეა ასაკრძალი, პირველ რიგში ნაყოფის სქესის გარკვეულ ვადამდე გამჟღავნება. “არც ერთ ნორმალურ ქვეყანაში არ ეუბნებიან მშობლებს ბავშვის სქესს 16-20 კვირამდე. ასეთ მშობლებს ყოველთვის ვუსვამ კითხვას, – სქესს აჩენენ თუ ბავშვს?!”, – აცხადებს იგი.
მეორე, არანაკლებ მწვავე პრობლემაა მედიკამენტოზური აბორტები და ადრეულ ასაკში დაორსულება. თუმცა, ეს საუბრის სხვა თემაა, რასაც Dalma News-ი მომავალში დაუბრუნდება. მანამდე კი, სანდო წყაროზე დაყრდნობით გეტყვით, რომ ძალიან ხშირად, არასრულწლოვანი გოგონები ორსულობის შესაწყვეტად სვამენ ფარმაცევტის რჩევით აფთიაქებში შეძენილ პრეპარატებს, რის შემდეგაც ძლიერი სისხლდებით იძულებულნი ხდებიან ექიმს მიმართონ. ამდენად, ეს სფეროც გასაკონტროლებელია.
შ. ქარჩავა