ირანის ელჩი აზერბაიჯანში მოხსენ პაკაინი აცხადებს, რომ საერთაშორისო სატრანსპორტო პროექტს “ჩრდილოეთი-სამხრეთის” ფარგლებში თეირანმა კაზვინი-რეშტისა და ასტარა (ირანი) – ასტარას (აზერბაიჯანი) სარკინიგზო მონაკვეთების მშენებლობა დაიწყო. ასტარა (ირანი) – ასტარას (აზერბაიჯანი) რკინიგზის მშენებლობა წელს, ხოლო კაზვინი-რეშტის – 2017 წელს დასრულდება. იმავდროულად დაიწყება რეშტი-ასტარას რკინიგზის მშენებლობაც.
მდინარე ასტარაჩაიზე ასტარა (ირანი) – ასტარას (აზერბაიჯანი) სარკინიგზო ხიდის სამშენებლო პროექტი და რუკა უკვე მზად არის. აღნიშნული დოკუმენტები მალე აზერბაიჯანის მთავრობას გადაეცემა. კაზვინი-რეშტი-ასტარას რკინიგზა “ჩრდილოეთი-სამხრეთის” სატრანსპორტო კორიდორის ნაწილია. მშენებლობაში ჩადებული ინვესტიცია 400 მილიონ აშშ. დოლარს შეადგენს.
რკინიგზა “ჩრდილოეთი-სამხრეთი” ჩრდილოეთ ევროპასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიას ერთამენთთან აკავშირებს. იგი ირანის, აზერბაიჯანისა და რუსეთის რკინიგზების შემაერთებელი რგოლი იქნება.
წინასწარი შეფასებებით, რკინიგზაზე შესაძლებელი იქნება 1,4 მილიონი მგზავრისა და ხუთიდან შვიდ მილიონ ტონამდე ტვირთის გადაზიდვა წელიწადში. რკინიგზის მთელს სიგრძეზე 22 გვირაბი და 15 ხიდი აიგება.
აზერბაიჯანის სარკინიგზო უღელტეხილის მშენებლობა სამხრეთში დაემთხვა ასევე ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ფარგლებში დასავლეთის მიმართულებით დაჩქარებულ სამუშაოებს.
თბილისში 12 თებერვალს აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის რკინიგზების ხელმძღვანელებს შორის მორიგი შეხვედრა შედგება. შეხვედრის ძირითადი თემა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობა, ამ პროექტის სტატუსი, ამ ეტაპზე არსებული პრობლემები და მათი დაძლევის გზები იქნება. მხარეები მიიღებენ გადაწყვეტილებებს გზების მშენებლობის სწრაფად დასრულებასთან დაკავშირებით.
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობის პროცესს თავის ტერიტორიაზე ანკარაც აჩქარებს, ამასთან დაკავშირებით თურქეთის ყარსის პროვინციაში დაჩქარებული სამუშაოები მიმდინარეობს. თურქეთის მონაკვეთის რკინიგზა გადაჭიმულია 79 კილომეტრზე, აქედან 58 კილომეტრი ყარსის პროვინციაში გადის.
ინფრასტრუქტურული პროექტები უშუალოდ აზერბაიჯანის ფინანსური მონაწილეობით ხორციელდება. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის საქართველოს მონაკვეთის მშენებლობისთვის ბაქომ 775 მილიონი აშშ.დოლარის კრედიტი გამოყო. აღნიშნულ პროექტს აზერბაიჯანის პრეზიდენტის ბრძანებით ნავთობის სახელმწიფო ფონდი აფინანსებს. დერეფნის გამშვები საბოლოო შესაძლებლობა წელიწადში 17 მილიონ ტონა ტვირთს შეადგენს. დასაწყის ეტაპზე კი ეს მაჩვენებელი ერთი მილიონი მგზავრისა და 6,5 მილიონი ტონა ტვირთის დონეზეა.
აზერბაიჯანი ცდილობს ტრანსკასპიური სატრანსპორტო კორიდორის ფარგლებში, ყაზახეთისა და თურქმენეთისთვის გახდეს სატრანზიტო ქვეყანა, სამხრეთით -ირანი-სპარსეთის ყურის, ხოლო დასავლეთით – საქართველო-შავი ზღვა-თურქეთის მიმართულებით.
თურქეთის, ყაზახეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს უმსხვილესმა სატრანსპორტო-ლოგისტიკურმა ოპერატორებმა ჩინეთიდან ევროპაში სატრანზიტო ტვირთებისთვის კონსორციუმი დააწესეს. ეს შესაძლებელს გახდის ბაქოს ექსპორტ-იმპორტის ოპერაციების გაზრდას ცენტრალურ აზიაში და პირიქით, ასევე ჩაიტვირთოს აზერბაიჯანის სატრანსპორტო არტერია და შეიქმნას შესაბამისი ინფრასტრუქტურა კასპიის ზღვა-შავი ზღვის დერეფნისთვის.
ტრანს-კასპიური სატრანსპორტო კორიდორის (“აღმოსავლეთი-დასავლეთი”) რეალიზებისთვის აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ბაქოსთან ახლოს, ალიათის სოფელში ახალი პორტი აამოქმედა. ახალი საერთაშორისო პორტის მშენებლობა 2010 წლის ნოემბერში დაიწყო. პორტს შეუძლია წელიწადში 11,6 მილიონამდე ტონა ტვირთის მიღება. ძლიერი საპორტო ინფრასტრუქტურის შექმნა მნიშვნელოვანია ტვირთის ტრანსპორტირების უზრუნველსაყოფად ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით, რომელიც პორტს შეუერთდება. თურქეთიდან ყაზახეთსა და თურქმენეთში სატვირთო ავტომობილების კასპიის ზღვაზე გადატანის დასაჩქარებლად, დახურულმა სააქციო საზოგადოებამ “აზერბაიჯანის კასპიის საზღვაო მიმოსვლა” ცოტა ხნის წინათ აამოქმედა ბორანი “პროფესორი გიული”. ამ დროისათვის კასპიის ზღვაზე ვაგონებისა და საბურავიანი ტექნიკის გადაზიდვა Ro-Ro-ს ტიპის 11 ბორანითა და ორი გემით ხორციელდება. კერძოდ, Ro-Ro-ს 6 ბორანი და ერთი გემი ბაქო-აკტაის მარშრუტზე მუშაობს, კიდევ 5 ბორანი და ერთი გემი -ბაქო-თურქმენბაშის ხაზზეა.
ამგვარად, აზერბაიჯანი ნავთობის გაიაფების ფონზე თავისი ეკონომიკის დივერსიფიცირებას, მისი ტრანზიტული მხარის განვითარებასა და ქვეყნის სატრანსპორტო-ლოგისტიკურ კვანძად გადაქცევას ცდილობს, როგორც ცენტრალური აზიისაა და ჩინეთის, ისე მეზობელი ქვეყნების – რუსეთის ფედერაციის, ირანისა და საქართველოსთვის. რაც შეეხება თურქეთს, ბაქო-თბილისი-ყარსისა და აზერბაიჯანის ტერიტორიის მეშვეობით კასპიისა და თურქული სამყაროსკენ გადის, აზერბაიჯანი ანკარასთვის ევზარიისკენ გასასვლელი “ფანჯარაა”.
აზერბაიჯანის “ლოგისტიკური დიპლომატია” წმინდა პრაგმატული, ეკონომიკური დივიდენდების გარდა გეოპოლიტიკურ პლიუსებსაც იძლევა. ქვეყნის სატრანზიტო სტატუსი რესპუბლიკას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, როგორც ევროკავშირისა და აშშ-სთვის, ისე რეგიონული სახელმწიფოების – თურქეთისა და ირანისთვის, და რაღა თქმა უნდა, ოცდამეერთე საუკუნის ახალი გეოპოლიტიკური პოლუსის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკისთვის, რომელიც აბრეშუმის გზით თავის სტრატეგიას ახორციელებს.
ანარ იბრაჰიმოვი