ვცხოვრობდი სუმგაითში, ბაქოსთან ახლოს და არდადეგებზე დედაქალაქში, ზღვის სანაპიროს ბულვარში სეირნობამ ძალიან დამაახლოვა იმ ადგილებთან. ნაპირზე გადმოსული ზღვის ტალღები, კასპიის ზრვის თავზე მოტრიალე თოლიები, ჭიანჭველებივით ყველა მიმართულებით მოძრავი ადამიანები -ეს ყველაფერი საოცარ სიზმარს ჰგავდა, რომელიც არასოდეს გბეზრდება.
1991 წელს, დეიდა, რომელთანაც სტუმრად ჩავდიოდით ბაქოში, ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე ცხოვრობდა. ყოველ საღამოს ავდიოდი სახურავზე და კასპიის ზრვას გავსცქეროდი. საბედნიეროდ, მაღალი შენობები მაშინ ჯერ კიდევ არ იყო და ხედს არაფერი მიფარავდა. მაშინ, ბაქოში ყველაფერი შედარებით ღია და ცხადი იყო, თავად ბაქო კი უფრო ძველ და გულწრფელ ქალაქს ჰგავდა.
სახურავზე ყოფნისას ხშირად ვფიქრობდი: რომ არა ბულვარი, ბაქო ატლანტიდას მსგავს მითოლოგიურ ქალაქად გადაიქცეოდა. ბულვარი, ჩემის აზრით, ოქროს ხიდი იყო ბაქოსა და კასპიის ზღვას შორის. მას ძველად ბაქოს “ალმასის სამკაულს” ეძახდნენ.
მინდა ორიოდე სიტყვა დავწერო ამ ბულვარის შესახებ, რომელიც ქალაქის სიამაყე, ადგილობრივი მოსახლეობის საყვარელი ადგილი და ზღვისპირა ეროვნული პარკია. ეს ის ბულვარია, რომელმაც ცვლილებების სამ ტალღას გაუძლო.
ციხესიმაგრის კედლისაგან აგებული ბულვარი
დიდი ხნით ადრე, სანამ ბაქო ნავთობის დედაქალაქი გახდებოდა, მოქალაქეები ტრადიციულად დიდი ხნით სეირნობდნენ სანაპიროზე. ამით ისარგებლეს მაშინდელმა მეწარმეებმა და თანდათან დაიწყეს სანაპიროს ათვისება და თავიანთი პატარა ბიზნესი წამოიწყეს. ამან თავის მხრივ, მხოლოდ კასპიის ზღვის სანაპიროზე მრეწველობა განავითარა.
ბაქოს ბულვარის ისტორია იწყება 1860 წლიდან. იმ დროს ჯერ კიდევ არსებობდა შუა საუკუნეების კედელი, რომელიც ძველ ქალაქს ზღვისგან გამოყოფდა. 1865 წელს გენერალ-ლეიტენანტმა მ.პ.კოლიუბაკინმა ამ კედლის აღების უფლება მიიღო, იმიტომ, რომ იგი აკავებდა ზღვიდან წამოსული ჰაერის ნაკადს და დიდი ხნის წინათ დაკარგა დამცავი ფუნქცია.
კედელი დაანგრიეს, ქვები გაყიდეს, ხოლო მოგებული ფული – 44 ათასი რუბლი- ჩადეს პორტის მშენებლობასა და ტერიტორიის მოწყობაში. ქვების ნაწილი კი არქიტექტორმა გაჯიბაბაბეკოვმა, სანაპიროს გასწვრივ ტროტუარის გასაფორმებლად გამოიყენა.
მაშინდელი ბულვარი ძალიან ცოტათი მოგვაგონებს ამჟამინდელი ბაქოს ზღვის ფასადს, სანაპირო სავსე იყო ნავის კერძო კომპანიების კანტორებითა და სასაწყობო შენობებით.
კასპიის ზღვის სანაპიროზე პარკის მოწყობას ქალაქის ხელისუფლება 1909 წელს შეუდგა. სწორედ ეს თარიღი მიიჩნევა ბაქოს ბულვარის ბიოგრაფიის დასაწყისად. მისი მოწყობა იტვირთა ნიჭიერმა ინჟინერმა მ.გ. გაჯინსკიმ, არქიტექტორ ადოლფ ეიხლერთან ერთად.
გარდა ამისა, პარკის მშენებლობა დიდი კაპიტალის ინტერესებს ეწინააღმგედებოდა: ქალაქის ხელისუფლებას მოუხდა უარი ეთქვათ სანაპირო კომერციულ “ფორპოსტებზე”.
ბულვარის სიმბოლოები
ბულვარზე პირველ მნიშვნელოვან ობიექტად მიიჩნევა საპარაშუტო ანძა. ის 1936 წელს ააგეს. მისი სიმაღლეა 75 მეტრი, ის ყველაზე მაღალი ანძა იყო საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე. იმ ხანებში მისი გამოყენება შეეძლო ექსტრიმის ყველა მოყვარულს, აქვე იმართებოდა საპარაშუტე სწავლებები ახალბედებისთვის. სამწუხაროდ ბულვარზე თითქმის ყოველთვის უბერავდა ნიავი და ეს ხელს უშლიდა პარაშუტისტებს, უცვლიდა მათ კურსს და პარაშუტისტები იხლართებოდნენ ანძის მეტალის კონსტრუქციაში.
დღეისათვის ანძა დიდი ხანია უკვე აღარ გამოიყენება დანიშნულებისამებრ, მაგრამ ჯერ კიდევ თავის ადგილას დგას და თავის მნიშვნელობას ინარჩუნებს. ბულვარის ეს სიმბოლო ამჟამად რამდენიმე ახალ ფუნქციას იძენს – აჩვენებს ტემპერატურას და ჰაერის ტენიანობას, ქარის სიჩქარესა და დროს, გარკვეულწილად ბაქოელებისთვის მაიაკის ფუნქციას ასრულებს.
კასპიის “მარგალიტი”
ბაქოს ბულვარის კიდევ ერთი სიმბოლო, რის შესახებაც ღირს ვისაუბროთ არის ზაფხულის კაფე “მარგალიტი”. მეტაფორას თუ განვავითარებთ, ეს მარგალიტი არის ბაქოს იმ “ალმასის სამკაულში”.
ერთხელ ბაქოს მერი ალიშ ლემბერანსკი სკანდინავიაში გაემგზავრა, სადაც ნახა და ძალიან მოეწონა კაფე და გადაწყვიტა, მივლინებიდან დაბრუნების შემდეგ, რაღაც მსგავსი კასპიის სანაპიროზეც გაეკეთებინა.
კაფე “მარგალიტმა” ბაქოს მაშინდელ არქიტექტურაში ახალი სუნთქვა შეიტანა. მისი დაპროექტება დაევალა ვადიმ შულგინს, რომელმაც განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო შენობის ორიგინალურობას. კაფეს მშენებლობა დასრულდა 1961 წელს, რომელიც ბულვარის სიმბოლოდ იქცა, მალევე აზერბაიჯანში თანამედროვე ქალაქმშენებლობის სიმბოლოდ. შულგინი შენობის იდეას თავის მექსიკელ კოლეგა ფელიქს კანდალისს ესესხა, დააკოპირა მის მიერ 1958 წელს აშენებული რესტორანი “Los Manantiale”-ი, რომელიც თავისი ზომებით სამჯერ აღემატება “მარგალიტს”.
კაფე ყველა მხრიდან გახსნილია, რის გამოც საჭირო არ არის ვენტილაციის განსაკუთარებული სისტემა – შენობა ნიავდება ყველა მხრიდან. 2008 წელს “მარგალიტს” რეკონსტრუქცია ჩაუტარდა.
თანამედროვე ბულვარი ბევრად აღემატება თავის პირვანდელ ვერსიას, რომელიც ჩვენს ბავშვობაში იყო. მაგრამ უცვლელი რჩება ჩვენი მოგონებები და გონებით კვლავ განვაგრძობთ გაძარცვულ, ძველ, ჩვენი ბავშვობის ბულვარში სეირნობას.
ნარმინ ნიოგტე