აზერბაიჯანის ერონული სამოსი – აზერბაიჯანელი ხალხის თვითმყოფადობის გამოხატულებაა. ჩვენამდე ძალიან ბევრმა უძველესმა სამოსმა მოაღწია, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნის მუზეუმებში ინახება, მაგრამ არსებობს ისეთებიც, რომლებსაც თანამედროვე აზერბაიჯანელი დიზაინერები, ქალისა და მამაკაცის უძველესი სამოსის პროტოტიპის საფუძველზე ქმნიან.

წლევანდელი ზაფხულის ბოლო დღეებში, აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემიის ეროვნულ მუზეუმში გაიხსნა გამოფენა სახელწოდებით “აზერბაიჯანული ეროვნული ტანსაცმელი – როგორია ის”. ღონისძიების ორგანიზატორია აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეროვნული საგანმანათლებლო ტექნოლოგიების ცენტრი და მუზეუმი. გამოფენაზე 30-ზე მეტი სამოსი იყო წარდგენილი. ისინი საინტერესოა იმითაც, რომ სამოსის უძველესი ნიმუშების ასლი კი არ არის, არამედ ეთნოგრაფისა და დიზაინერის, საბირა დუნიამალიევას მიერ, აზერბაიჯანის, საქართველოს და ირანის მუზეუმების არქივებში ჩატარებული კვლევების შედეგად შექმნილი კოსტიუმებია.

როგორც Dalma News-ს საბირა დუნიამალიევამ განუცხადა, კოლექციის შექმნამდე, XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისის აზერბაიჯანული სამოსის შესაბამისი სტანდარტები შეისწავლა.

“ადამიანებს ყოველთვის აინტერესებთ თავიანთი წინაპრების ჩაცმულობა და ცხოვრების სტილი. სამწუხაროდ, ეროვნული სამოსის შექმნის საკითხში შეცდომებს ხშირად უშვებენ. ეს ძირითადად იმის ბრალია, რომ შესწავლის და პროპაგანდის პროცესი ახალი დაწყებულია. ჩემი მთავარი მიზანი, აზერბაიჯანულ-თურქმანულ-მუსულმანური კულტურის შენარჩუნება და მისი მომავალი თაობისთვის გადაცემაა”, – ამბობს დუნიამალიევა.

ექსპერტის თქმით, უცხოელი ეთნოგრაფების და მოგზაურების წყალობით არქივებში აზერბაიჯანული უძველესი კოსტიუმების ბევრი მასალაა შემონახული. სხვადასხვა არქივებში გაბნეული მასალა უნდა შეგროვდეს, დამუშავდეს და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდეს მის პროპაგანდა.

DSCN6913_1306x980 (1)ზემოთ აღნიშნული გამოფენა განსხვავებულია იმით, რომ მასზე წარმოდგენილია არა მხოლოდ აზერბაიჯანის, არამედ მისი მეზობელი ქვეყნების ტერიტორიებზე მცხოვრები აზერბაიჯანელების სამოსი. დუნიამალიევა შეეცადა ეჩვენებინა სხვადასხვა სოციალური ფენის, – ვაჭრის, მეომრის, თავად-აზნაურებისა და სასულიერო პირების კოსტიუმები.

ქალის სამოსი

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო როგორც მამაკაცის, ისე ქალის სამოსი. დიზაინერის თქმით, აზერბაიჯანში, ისევე, როგორც სხვა ქვეყანაში, ეროვნული კოსტიუმი სოციალურ სტატუსს, მატერიალურ შესაძლებლობებს და მათ შორის პოლიტიკურ მომენტებსაც ასახავდა. ქვეყნის სხვადასხვა რეგიონისთვის სხვადასხვა სტილის კოსტიუმები იყო დამახასიათებელი.

“ტანისამოსს ნათელი და ფერადი ქსოვილისგან კერავდნენ და მათ ღილებით აფორმებდნენ. ქსოვილის ხარისხი ოჯახის მატერიალურ შესაძლებლობებს შეესაბამებოდა. ახალგაზრდა და ასაკოვანი ქალბატონები სხვადასხვა ფერის სამოსს ატარებდნენ – ახალგაზრდები უფრო ნათელ და მკაფიო ფერებს ანიჭებდნენ უპირატესობას, ასაკოვანი ქალბატონები კი, მოკრძალებულ ფერებს ირჩევდნენ”, – ამბობს დიზაინერი.

ქალის კოსტიუმი შედგებოდა შარვლისგან, შეზბორილი და სამფენიანი ქვედატანისა და გრძელსახელოებიანი ზედატანისგან – “არხალიგი”, ან “კიულაჯა”, რომელიც მკერდზე ღრმად და ოვალურად იყო ამოჭრილი. ზედა მოსაცმელი მხრებზე და წელზე მჭიდროდ უნდა ყოფილიყო მომჯდარი, ხოლო გარეთა ფენის ქვედატანი ისე გრძელი უნდა ყოფილიყო, რომ ფეხი მთლიანად დაეფარა. სამოსის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტი თავსაბურავი იყო, რომელსაც უცხო მამაკაცების თანდასწრებით არ იხსნიდნენ.

როგორც ზემოთ აღინიშნა, ქვეყნის სხვადასხვა ტერიტორიაზე ქალები სხვადასხვაგვარად იცვამდნენ. მაგალითად, გაზახსა და ლენკორანში გრძელი, გვერდებზე ჩახსნილი ზედატანები ეცვათ. ყარაბაღელ და გიანჯელ ქალბატონებს წელზე ვიწროდ შემოჭერილი ზედა მოსაცმელები ემოსათ, რომლებიც ყელთან ერთი ღილით იკვრებოდა, ხოლო ფართე სახელოები ვიწრო მაჯეტებით სრულდებოდა.

DSCN6886_1306x980ნახიჩევანში მცხოვრები ქალბატონები უმეტეს შემთხვევაში გრძელ კიულენჯეს ატარებდნენ , რომელსაც გოფრირებული დაბოლოება ჰქონდა. რაც შეეხებათ ერევანსა და ტაბრისში მცხოვრებ აზერბაიჯანელ ქალბატონებს, მათი ჩაცმულობა, მხოლოდ ქვედატანის სიგრძით განსხვავდებოდა – მათი ქვედაბოლოები მუხლსქვემო სიგრძის იყო.

დუნიამალიევას თქმით, მხოლოდ პატარძლის სამოსი არ განსხვავდებოდა ერთმანეთისგან. საქორწილო კაბები წითელი მატერიისგან იკერებოდა, რადგანაც აზერბაიჯანელებს სჯეროდათ, რომ ეს ფერი კეთილდღეობის და ბედნიერების სიმბოლოა.

მამაკაცის სამოსი

​მამაკაცის კოსტიუმები თითქმის არაფრით განსხვავდებოდა ერთმანეთისგან. ერთადერთი განსხვავება ქსოვილის ხარისხში იყო, რაც მისი მფლობელის მატერიალურ შესაძლებლობებს შეესაბამებოდა. მამაკაცის სამოსი შედგებოდა პერანგის, შარვლისა და ბეშმეტისგან, რომელიც წელის გარშემო იკვრებოდა. ჩერკესკს – ზედატანს, რომელსაც პერანგზე იცვამდნენ, განსაკუთრებული ყურადღება ენიჭებოდა. ფეხზე ტყავის ფეხსაცმელი ეცვათ, ხოლო თავზე ფაფახი ეხურათ, რომლის დასამზადებლად კარაკულის, ან ბატკნის ბეწვს იყენებდნენ. ზედატანის გულმკერდზე დატანებული იყო სპეციალური ჯიბეები წვრილი ფორმის საყვირების, ან ტყვიებისთვის.

“ასეთ ჯიბეებს ძველად, სერიოზული დანიშნულება ჰქონდა, ახლა კი მათ დეკორატიული სახით იყენებენ. ასევე კოსტიუმების აუცილებელი ატრიბუტი იყო ქამარი, რომელზეც ცივი იარაღი მაგრდებოდა”, – ამბობს მოდელიორი.

მისივე თქმით, ნეფის საქორწილო სამოსი ჩვეულებრივისგან მხოლოდ ფერით განსხვავდებოდა და ის აუცილებლად თეთრი უნდა ყოფილიყო.

საუბრის დასასრულს დუნიამალიევამ განაცხადა, რომ აზერბაიჯანული ეროვნული სამოსის შესწავლას კვლავაც განაგრძობს და შეეცდება ყველა ის მუზეუმი მოინახულოს, სადაც ისინი ინახება.

მოამზადა კიამალია ალიევამ