აზერბაიჯანი, თურქმენეთი და თურქეთი ტრანს-კასპიური გაზსადენის მშენებლობის პერსპექტივების განხილვას აპირებენ. მოლაპარაკებები მაღალ დონეზე, შემოდგომით, თურქმენეთში იგეგმება.
“მოსალოდნელი სამმხრივი შეხვედრისთვის მზადების საკითხზე თურქმენეთის პრეზიდენტმა, როგორც სამ სახელმწიფოსა და ერს შორის მეგობრობის შემდგომი განმტკიცებისა და ურთიერთმომგებიანი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა”, – მოყავს Trend-ს გაზეთ “ნეიტრალური თურქმენეთი”-ს ციტატა.
ბაქო, აშხაბადი და ანკარა პერიოდულად განიხილავენ ევროპაში თურქმენული გაზის მიწოდების შესაძლებლობას. ძირითადად, საუბარი შეეხება ტრანს-კასპიური გაზსადენის პროექტის განხორციელებას, რომელიც აზერბაიჯანის სანაპიროზე აიგება, იქიდან თურქმენული გაზი უკვე შესაძლოა თურქეთს, ბულგარეთსა და ევროპის კონტინენტის სხვა ქვეყნებს მიეწოდოს.
ტრანს-კასპიური პროექტი შესაძლოა, რამდენიმე მასშტაბური პროექტის, მათ შორის AGRI-სა და TANAP-ის, ნაწილი გახდეს. ამ პროექტების აქტიური მონაწილეები აზერბაიჯანი და თურქეთი არიან.
ოფიციალურ აშხაბადში მიაჩნიათ, რომ კასპიის ფსკერზე, რომლის სამართლებრივი სტატუსი ჯერ კიდევ არ არის გარკვეული, მილსადენის ასაგებად საკმარისია იმ ქვეყნების ( თურქმენეთისა და აზერბაიჯანის) თანხმობა, რომელთა ტერიტორიასაც პროექტი მოიცავს.
თავის მხრივ, აზერბაიჯანი მზადყოფნას გამოთქვამს პროექტის განხორციელების მიზნით თავისი ტერიტორია, სატრანზიტო შესაძლებლობები და ინფრასტრუქტურა გამოყოს, – ამის შესახებ აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის (SOCAR) წარმომადგენლებმა განაცხადეს.
British Petroleum (BP)-ის ანგარიშის თანახმად, თურქმენეთი, ბუნებრივი აირის მარაგით ირანის, რუსეთისა და კატარის შემდეგ მსოფლიოში მეოთხე ადგილზეა. თურქმენეთის უდიდესი რესურსი თავმოყრილია ქვეყნის აღმოსავლეთით მარიის ოლქში – გალკინიშისა და იაშლარის საბადოებზე. მათი საერთო მარაგი ადგილობრივმა გეოლოგებმა და პრიტანულმა კომპანია GCA-მ დაახლოებით 26,2 ტრილიონ კუბამეტრად შეაფასეს.