თბილისში გეი-აღლუმის (“თბილისი პრაიდი”) გამართვის მცდელობა, რომელიც მოსახლეობის ნაწილსა და ჟურნალისტებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, საქართველოს უახლეს ისტორიაში კიდევ ერთ მძიმე თარიღად ჩაიწერა. 2021 წლის 5-6 ივლისის მოვლენების გამო, 28-მდე პირია დაპატიმრებული. მათგან სამი, რამდენიმე დღის წინ, გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

“თბილისი პრაიდის” კონტრაქცია იმით დასრულდა, რომ აქციის მონაწილეებმა საქართველოს პარლამენტის შენობის წინ ევროსაბჭოს დროშა ჩამოხსნეს და ჯვარი აღმართეს.

მომხდარს საქართველოში აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანისა და სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას მწვავე რეაქცია მოჰყვა. აშშ-ს ელჩმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და ძალოვანი უწყებები უმოქმედობაში დაადანაშაულა და დამნაშავეების დასჯა მოითხოვა.

კელი დეგნანი

“ველოდებოდი, რომ პრემიერ-მინისტრი მთავარ როლს შეასრულებდა ვითარების დაწყნარებაში, სამწუხაროდ ამ დღეებში ვერ ვნახეთ უფრო ძლიერი ლიდერობა“, – განაცხადა მაშინ კელი დეგნანმა.

მისივე თქმით, აშშ-მ რთული სამუშაო ჩაატარა იმისთვის, რომ გაეუმჯობესებინა საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურების თანამშრომელთა უნარები აქციების მართვაში. დეგნანი იმედგაცრუებული დარჩა იმით, რომ ქართველმა სამართალდამცველებმა ტრენინგებით მიღებული ცოდნა და ამერიკული აღჭურვილობა არ გამოიყენეს მაშინ, როდესაც ცხადი გახდა, რომ საქმე ძალადობისკენ მიდიოდა.

“დარწმუნებული ვარ, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას არ სურს ძალადობა, განსაკუთრებით კი მშვიდობიანი მოქალაქეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ. ამიტომ ვფიქრობ, ეს იყო იმედგაცრუების დღე საქართველოში“, – ასე შეაფასა აშშ-ს ელჩმა 5 ივლისის მოვლენები.

ნინო ლომჯარია

სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ კი, ლგბტ-თემის წევრების მიმართ ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობაში ზურა მახარაძე (“კონსერვატიული მოძრაობის” ლიდერი), ხოლო ძალადობრივ მოწოდებებში სასულიერო პირი, მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენელი, სპირიდონ ცქიფურიშვილი დაადანაშაულა.

5-6 ივლისის მოვლენების გამო დაკავებული პირების გათავისუფლების მოთხოვნით 24 დეკემბერს, თბილისში, ტელეკომპანია „ალტ-ინფოს“ ჯგუფისა და პარტია „კონსერვატიული მოძრაობის“ ორგანიზებით ხალხმრავალი საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები დაკავებულებს აშშ-ს ელჩის „სინდისის პატიმრებს” უწოდებენ. მოქალაქეები და პარტიის ლიდერები მარჯანიშვილის მოედანზე შეიკრიბნენ და მშვიდობიანი მსვლელობით სახალხო დამცველის ოფისისკენ გაემართნენ. თან ჰქონდათ პლაკატები ლომჯარიას გამოსახულებით და წარწერით, – “ლგბტ ფაშისტი“. ხალხმრავლობის გამო მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა გადაიკეტა. ვითარებას პოლიცია აკონტროლებდა.

აქციას “კონსევრატიული მოძრაობის” ლიდერი, ზურაბ მახარაძე ხელმძღვანელობდა. ლიდერების აზრით, 5 ივლისი იყო გამარჯვების დღე და რომ არა ის, საქართველოში სახელმწიფო მმართველი სისტემის მიმართ დიდი ნიჰილიზმი დაისადგურებდა.

“ალტ-ინფოს“ ორგანიზებით, 5-6 ივლისის მოვლენების გამო დაკავებულთა ოჯახების დასახმარებლად 155 000 ლარი შეგროვდა და უკვე გადანაწილდა. აქციაში საქართველოს ათასობით მოქალაქე, მათ შორის ემიგრანტები მონაწილეობენ. დაკავებულთა ოჯახების დახმარების აქცია კვლავაც გრძელდება.

პარტია “კონსერვატიული მოძრაობის” თავმჯდომარე, ზურაბ მახარაძე 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით ამბობს, რომ მან გაუკეთა ორგანიზება ლგბტ-პროპაგანდის კონტრაქციას და მსგავსი მდგომარეობა ხვალაც რომ შეიქმნას და “ვიღაცამ ლგბტ-აღლუმის გამართვა მოინდომოს თბილისის ცენტრში, ან ქვეყნის რომელიმე რეგიონში კვლავ იმავე გააკეთებს.

ზურაბ მახარაძე

“თუ ვინმეს უნდა, რომ სიმშვიდე იყოს ამ ქვეყანაში, უნდა მივიღოთ კანონი, რომელიც დაარეგულირებს ასეთ საკითხებს. არავის ეხალისება ქუჩა-ქუჩა სირბილი. ქუჩაში აღლუმები არც ჰომო და არც ჰეტეროსექსუალებმა არ უნდა ატარონ. ეს არის ქუჩაში ქცევის წესი, რომელიც ქართულ კულტურაშია. ქართველები ძალიან მომთმენი ხალხი ვარ, მაგრამ არსებობს ზღვარი“, – აცხადებს ზურაბ მახარაძე.

იურისტი, უფლებადამცველი, პარლამენტის ყოფილი წევრი, დიმიტრი ლორთქიფანიძე გენერალურ პროკურორს მიმართავს თხოვნით, საჯარო ინტერესიდან და საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით, 5-6 ივლისს დაკავებული ახალგაზრდები, სასამართლოს წინაშე სათანადო შუამდგომლობის წარდგენით გირაოს საფუძველზე გაათავისუფლონ.

დიმიტრი ლორთქიფანიძე

როგორც Dalma News-სთან საუბრისას დიმიტრი ლორთქიფანიძემ აღნიშნა, 5 ივლისი იყო ერთგვარი პროტესტი, იმ დაანონსებული აქციის წინააღმდეგ, რომელსაც მხარს უჭერს აშშ-ს ელჩი საქართველოში კელი დეგნანი და, რომელიც ღიად აცხადებდა, რომ უმცირესობების უფლებების დაცვის თვალსაზრისით საელჩო დააკვირდებოდა ლგბტ-აქტივისტების აქციის მსვლელობას. შსს-სა და პრემიერისგან კი, უსაფრთხოების ზომების მიღებას მოითხოვდა.

დიმიტრი ლორთქიფანიძის შეფასებით, ამ ფონზე გაბედული იყო პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და თბილისის მერის, კახა კალაძის მხრიდან ელჩისადმი შეგებებული პასუხი, რომ მსგავსი ტიპის აღლუმი და პერფომანსი მიუღებელია.

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, 5-6 ივლისის მოვლენები ანტისახელმწიფოებრივი და ანტიეკლესიური ძალების მიერ დაგეგმილი მორიგი წარუმატებელი შეთქმულება იყო სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომელიც ვერ შედგა და ქვეყანაში ვერასდროს შედგება. დიმიტრი ლორთქიფანიძე მოუწოდებს იმ მედიასაშუალებებს, რომლებიც 5-6 ივლისის მოვლენების დროს დაზარალებულებად მიიჩნევენ თავს, გამოაქვეყნონ ის მაპროვოცირებელი კადრები, რასაც ჟურნალისტისა და კამერიანი ადამიანების მხრიდან ჰქონდა ადგილი.

დიმიტრი ლორთქიფანიძე არ იზიარებს მოსაზრებას, რომ ლგბტ-პრაიდის მიმართ პრემიერის განცხადებებმა კონტრაქციის მონაწილეებისთვის წამახალისებელი ეფექტი იქონია. მისი აზრით, ღარიბაშვილმა თქვა ის, რასაც ამ ქვეყნის მკვიდრი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა იზიარებს.

“სანამ ამ ფორმაციის საზოგადოება გვაქვს, რომლის მენტალობა არ მისცემს არავის საშუალება სახიფათო სოციალური ექსპერიმენტები განახორციელოს მსგავსი ტიპის აქტების ჩატარების გზით, მანამდე პრემიერის განცხადება იქნება მიჩნეული, როგორც ერთი მცირეთაგანის ამ საზოგადოებიდან. ამ შემთხვევაში პრემიერის განცხადება კი არ უნდა განვიხილოთ, როგორც მაპროვოცირებელი, არამედ პრემიერი უნდა განვიხილოთ, როგორც ერთი შემადგენელი ნაწილი იმ საზოგადოებისა, რომელიც არ დაუშვებს ამას”, – განუცხადა ლორთქიფანიძემ.

პარლამენტის ყოფილი წევრი ყურადღებას ამახვილებს 6 ივლისის მოვლენებს და პარლამენტის მოქმედი წევრის, ზურაბ “გირჩი” ჯაფარიძის ბრალეულობაზე საუბრობს. 5 ივლისის ჩაშლილი “თბილისი პრაიდის” მონაწილეები 6 ივლისს პარლამენტის შენობის წინ, რუსთაველის გამზირზე კვლავ შეიკრიბნენ და ევროკავშირისა და ლგბტ დროშების ფონზე საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შეასრულეს.

როგორც Dalma News-თან საუბრისას დიმიტრი ლორთქიფანიძემ აღნიშნა, საქართველოს პარლამენტის წევრმა, ზურაბ “გირჩი” ჯაფარიძემ, რომელიც ამ აქციაზე იმყოფებოდა, შეურაცხყოფა მიაყენა საზოგადოებას, რასაც მოჰყვა დაპირისპირება.

ამასთან დაკავშირებით, დიმიტრი ლორთქიფანიძემ 10 ივლისს, საქართველოს პარლამენტში შეიტანა პეტიცია, რათა პარლამენტის ეთიკის საბჭოს განეხილა ზურაბ ჯაფარიძის მოქმედება და მიეღო კანონის შესაბამისი გადაწყვეტილება. 3 ნოემბერს მიიღო პასუხი (კვლავ მისი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე), რომ ეთიკის საბჭო ჯერ არ არსებობს, იმიტომ, რომ უმრავლესობიდან და უმცირესობიდან ერთდროულად ინიშნება თავმჯდომარე და სანამ, საბჭოს 2 თავმჯდომარე არ ეყოლება, საკითხს ვერ განიხილავენ.

“დღემდე არ არის შესწავლილი პარლამენტის წევრის მიერ გადაცდომა, მაშინ, როდესაც აღნიშნული დასკვნა სასამართლოში წარსადგენად გამოგვადგებოდა, იმისთვის, რომ სასამართლოს ჰქონოდა ნათელი წარმოდგენა, რა მაპროვოცირებელი გარემოებებიდან მოხდა ესა თუ ის გადაცდომა, ამა თუ იმ მოქალაქის მხრიდან“, – აცხადებს ლორთქიფანიძე.

მეორე მხრივ, პარლამენტის წევრს, რომელიც ცდება ეთიკის ნორმებს და ხდება ფიზიკური დაპირისპირების მაპროვოცირებელი, იცავს იმუნიტეტი.

“6 ივლისს დაკავებული ბიჭების წინააღდეგ მთავარ მაპროვოცირებელ მიზეზად მიმაჩნია ჯაფარიძე, ამიტომ, ვთხოვეთ პროკურატურას, ვინაიდან პარლამენტი არ განიხილავს ამ საკითხს, მიიღოს სწორი გადაწყვეტილება და საქმის არსებით განხილვამდე პატიმრობა შეცვალოს გირაოთი. ამას სრულიად კანონიერად ვითხოვ, როგორც იურისტი, როგორც პარლამენტის ყოფილი წევრი და უფლებადამცველი”, – აცხადებს ლორთქიფანიძე.

უფლებადამცველი იმედოვნებს, რომ საზოგადოებრივი პროტესტი შედეგს გამოიღებს და 5-6 ივლისის მოვლენების გამო, დაკავებულებს პატიმრობიდან დაიხსნიან.

“საზოგადოებამ, რომელმაც 200 ათას ლარზე მეტი შეაგროვა იმისთვის, რომ ეს ბიჭები დაიხსნან პატიმრობიდან და მათ ოჯახებს არ მოაკლონ ზრუნვა, ეს საზოგადოების მხრიდან ამ საქმის სამართლებრივი შეფასებაც არის და საერთო განწყობაც. ხალხმა თანხა შეუგროვა არა კრიმინალებს და დამნაშავეებს, არამედ საკუთარი ზნეობის, ღირსების, ოჯახის სიწმინდის დამცველებს, რომლებიც წამოეგნენ პროვოკაციას. არანაირი ძალადობა მისასალმებელი არ არის, მაგრამ ფსიქოლოგიური ძალადობა ადამიანის თავისუფალ ნებაზე არანაკლები ძალადობაა, რასაც უცხო ქვეყნის ელჩები უჭერენ მხარს და პატივს არ სცემენ იმ ქვეყნის ზნეობრივ ღირებულებებს”, – აცხადებს დიმიტრი ლორთქიფანიძე.

ამავე დროს, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა საქართველოს ხელისუფლებას 5 ივლისის საქმეების ეფექტიანი გამოძიებისკენ მოუწოდა. კომიტეტის წევრების მოთხოვნაა, ქართულმა მხარემ უზრუნველყოს ყველა საჭირო ზომა ლგბტ თემისა და აქტივისტების მშვიდობიანი შეკრების უფლების შეუფერხებლად განხორციელების უზრუნველსაყოფად, მათ შორის, უსაფრთხოების ადეკვატური დაცვის უზრუნველყოფის გზით და შედეგების შესახებ კომიტეტს მიაწოდოს ინფორმაცია.

გიორგი ქართველი