დავლიო, თუ არა?! – სწორედ ამაზე ფიქრობს ადამიანი,რომელსაც ჯანმრთელობის შენარჩუნება კი სურს, მაგრამ არ სურს ჩამორჩეს მსმელი ადამიანების კამპანიას. ჩემის აზრით, თუმცა არ ვარ დარწმუნებული, საქართველოს მოსახლეობის ზრდასრული და ჯანსაღი მოქალაქეების 90% იტყვის, რომ ზომიერად დალევა საჭიროა. ეს ადამიანები ამის დასამტკიცებლად იმასაც გეტყვიან, რომ ალკოჰოლის, კერძოდ ღვინის დალევა ჯანმრთელობისათვის სასარგებლოა. გარდა ამისა, ეთანოლი ყველა სპირტიან სასმელში გვხვდება და ის ადამიანის ორგანიზმზე უარყოფითად მოქმედებს. უფრო მეტიც, ეთანოლის (ფიზიოლოგიური ეთანოლი) გარკვეული პროცენტი ჩვენს ორგანიზმში თავიდანვე არსებობს, მაგრამ მის ფუნქციას ტვინი მკაცრად აკონტროლებს, რადგანაც მასში ამ ნივთიერების კონცენტრაციაა და მისი შემადგენლობა სისხლში ისედაც ჭარბობს. გარედან სისხლში ალკოჰოლის მოხვედრისას ეთანოლი ამინომჟავასთან შედის რეაქციაში და ბახუსის შეგრძნება იწყება. ამ პროცესის შედეგად ნეირონები იღუპება.
ეს ყველაფერი ქიმიაა და თუ ამის შესახებ ისაუბრებთ, მაინც ვერ გადააფიქრებინებთ ალკოჰოლის მიღებას ადამიანებს, რომლებიც დიდ, თუ პატარა სუფრას უსხედან და რამოდენიმე ლიტრი ღვინის დალევას გეგმავენ. ეს უკვე ტრადიციაა. თითოეულ ერს თავისი ტრადიცია აქვს, მაგრამ ყველას არ შეუძლია დროულად შეწყვიტოს ტრადიცია, თუ შეიტყვეს, რომ ის მთელ კაცობრიობას ღუპავს. ასეთია მკაცრი რეალობა.
ახლა შევეცდებით სტატისტიკით დაშინებას. საქართველოში ერთ მოქალაქეზე (15 წლის ასაკის ზევით) წელიწადში 7,7 ლიტრი ალკოჰოლური სასმელი მოდის. ეს ცხადია, ძალიან ცოტაა სმაში ლიდერობის (17,7 ლიტრით) მქონე ბელორუსთან შედარებით. ამ მხრივ რუსეთი მეოთხე ადგილზეა 15,1 ლიტრი ალკოჰოლური სასმელის მოხმარებით, ხოლო მეათე ადგილზეა სლოვაკეთი – 13 ლიტრით. ჩვენ მსოფლიო რეიტინგის 66-ე ადგილზე აღმოვჩნდით. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ პატარა ქვეყანაში ვცხოვრობთ, საქმე არც ისე კარგადაა. შედარებისათვის, აშშ-ში (48-ე ადგილზე) თითო სულ მოსახლეზე 9,2 ლიტრი ალკოჰოლური სასმელი მოდის. ალკოჰოლური სასმელების სხვადასხვა კატეგორიაში (ღვინო, სპორტი, ლუდი), რომელიც რეიტინგში მოცემულია პროცენტებით და არა ლიტრობით, ჩვენი ქვეყანა მე-9-ე ადგილზეა ღვინის მოხმარებაში, 79-ე ადგილზე – სპირტის, ხოლო 157-ე ადგილზეა – ლუდის მოხმარების მხრივ. თუ ვიღაც ფიქრობს, რომ სავალალო ამაში არაფერია, მისთვის მოგვყავს ალკოჰოლური სასმელების შედეგად სიკვდილიანობის ფაქტების მსოფლიო სტატისტიკა: ყოველწლიურად სიკვდილის გამომწვევი მიზეზების 4%-ს სწორედ ალკოჰოლის არაზომიერად მოხმარება შეადგენს. ეს კი დაახლოებით 3 მილიონი ადამიანია.
არ უარვყოფ, რომ ჩვენი ქვეყნის (თუნდაც მსოფლიოს) მსმელი მოქალაქე დასთანხმდებოდა იმას, რომ ყოველივე ზემოთ თქმული ძნელადდასაძლევი ადამიანური ზღვარის საკმაოდ სამწუხარო სურათს წარმოადგენს. მაგრამ უკეთესობის მისაღწევად რის გაკეთება შეგვიძლია? მოდით რეალურად ვიმსჯელოთ იმის შესახებ, თუ როდის დადგება დრო, როცა ერის ჯანმრთელობა დამოკიდებული იქნება არა ეკონომიკურ ზრდაზე, ტრადიციების დაცვაზე, ან დალევისა და დარდის გაქარვების ბანალურ, არამედ ჯანსაღად და ლამაზად დიდხანს ცხოვრების სურვილზე.
ამ თვალსაზრისით, ჩემთვის გაუგებარია რელიგიის პოზიცია იმ ქვეყნებში, სადაც ის მიჩნეულია სულიერი და მორალური, ან ერის ფიზიკური ჯანმრთელობის სტაბილურობის მნიშვნელოვან ფაქტორად. რელიგიისა და სახელმწიფო ორგანოების გარდა ვის შეუძლია ასეთი პრობლემების მოგვარება?! ბიბლია და ბევრი სხვა წმინდა წერილი არ უარყოფს ღვინისა და ლუდის მოხმარებას და იქიდან გამომდინარე, რომ თავად იესომ წყალი ღვინოდ აქცია და ზოგჯერ სვამდა კიდეც მას, დღეს ბევრი მორწმუნე ფიქრობს, რომ სულაც არ არის ცოდვა ღვინის შესმა საკუთარი და ახლობლების ჯანმრთელობისათვის. თუმცა, რელიგია არ იწონებს მის ბოროტად გამოყენებასა და ალკოჰოლზე დამოკიდებულებას. ერთი სიტყვით, უძველესი თქმულებებიდან დაწყებული ეკლესიური წეს-ჩვეულებებით დამთავრებული, რელიგიაში ხშირად ფიგურირებს ალკოჰოლური სასმელები.
ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ, საქართველო თითქმის ერთადერთი ქვეყანა იყო, სადაც მიუღებელი იყო ლუდით ლამაზი სადღეგრძელოების თქმა, ან ამ სასმელით სავსე ჭიქის მიჭახუნება. ეს ცუდის ნიშანი იყო და ზოგ შემთხვევაში შეურაცხყოფადაც კი აღიქვამდენენ. მას შემდეგ რაც, საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ ლუდი და ლუდით სადღეგრძელოების თქმა აკურთხა, ძველი ჩვევა თითქმის ყველამ დასძლია, რათა ერთმანეთის სადღეგრძელო კიდევ ერთი განსხვავებული სასმისით შეესვათ. ვფიქრობ, ზედმეტია იმაზე საუბარი, შედეგად რამდენად გაიზრდებოდა ქვეყანაში ლუდის მოხმარების მაჩვენებელი.
საქართველოში ალკოჰოლური სასმელების გადაჭარბებით მოხმარების წინაღმდეგ ბრძოლაში სახელმწიფოს ჩარევა რეალობისაგან შორს არის. ღვინის წარმოება ძალზედ მომგებიანი საქმეა და ქვეყნისათვის ასეთ მძიმე დროებაში მასზე უარის თქმაც ძნელია. ამიტომ, ვიმედოვნებთ, ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე მიმართავს გონიერებას და სპირტიანი სასმელის ზომიერად მოხმარების ზღვარს არ წაშლის თუნდაც იმიტომ, რომ ამით კარგი მაგალითი მისცეს მომავალ თაობას.
და ბოლოს, გავიხსენებ ერთ ეპიზოდს ჩემი სტუდენტობიდან. ერთხელ აღმოვჩნდი სუფრასთან, სადაც ყველა ახალგაზრდა ადამიანი სვამდა. ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სპირტიანი სასმელის მიღება არ შემეძლო. დაიწყეს დაძალება, შერცხვენა და იმის თქმა, რომ მამაკაცი უნდა ვიყო და ყველაფრის მიუხედავად დალევა და გართობა შემეძლოს, რადგანაც ერთხელ ვცხოვრობ! მართლაც, – გავიფიქრე. ერთხელ ვცხოვრობთ და ასე უპატივცემულოდ ვექცევით სიცოცხლეს. იმ საღამოს არ დამილევია. სამაგიეროდ თეთრი ყვავივით ვგრძნობ თავს იმ სუფრასთან, სადაც უახლოესი რამოდენიმე საათის განმავლობაში “ყველაფერი კარგადაა”.
კ.ა. Dalma news-ისთვის