საქართველოში პერიოდულად აქტიურდება კონსტიტუციური მონარქიის დამყარებაზე საუბარი. მას შემდეგ, რაც ამ საკითხზე, საქართველოს პატრიარქის დადებითი პოზიცია გახდა ცნობილი, გარკვეულმა პოლიტიკურმა ძალებმა ბაგრატიონების მემკვიდრეებს შორის დასაყრდენის ძიება დაიწყეს. სამიზნე ესპანეთში მცხოვრები, 1976 წელს დაბადებული, მუხრანბატონების შტოს წარმომადგენელი დავით ბაგრატიონი გახდა. გარემოცვამ დავით ბაგრატიონი საქართველოში ჩამოსვლასა და პოლიტიკური ქორწინების აუცილებლობაში დაარწმუნა. იდეის თანახმად, ეს საუკუნის ქორწინება უნდა ყოფილიყო, დავით ბაგრატიონი სოხუმელ შერვაშიძეებთან (შუა საუკუნეებში აფხაზეთის ერისთავები) უნდა დამოყვრებულიყო და მათ მემკვიდრეზე ექორწინა. ამ საკითხზე აფხაზურ მხარესთან მოლაპარაკებაც სცადეს, მაგრამ უშედეგოდ, იქიდან უარი მიიღეს.
სამეფო ქორწინების B გეგმაც არსებობდა. ესპანეთში დაბარებულ დავით ბაგრატიონს ბაგრატიონების ადგილობრივი შტოს ერთ-ერთ წარმომადგენელზე უნდა ექორწინა, რომლის ვინაობის გამხელისგან წყარო თავს იკავებს. ამბობს, რომ ის ქალბატონი მას შემდეგ გათხოვდა და ოჯახი ჰყავს. საქმე ლამის ბოლომდე იყო მისული, მაგრამ საბოლოოდ ეს ქორწინებაც ჩაიშალა და დავით ბაგრატიონმა ანა ბაგრატიონ-გრუზინსკიზე იქორწინა. მათ მემკვიდრეც შეეძინათ, მაგრამ წყვილი მალევე დაშორდა ერთმანეთს. ისინი ყურებამდე შეყვარებული, არც ჯვრისწერისას ჩანდნენ. ბოლო ხანებში კი საზოგადოებისთვის მათი პირადი ცხოვრების სკანდალური დეტალები გახდა ცნობილი. ანა ბაგრატიონმა ყოფილი მეუღლე ფიზიკურ ძალადობაში დაადანაშაულა.
როგორც Dalma News-მა შეიტყო, დავითის ანასთან ქორწინება, არც A და, არც B გეგმად არ განიხილებოდა. როგორც ჩანს გრუზინსკებმა საქართველოში მონარქიის აღდგენის შესაძლებლობა რეალისტურად აღიქვეს და გემი თავიანთ მხარეს შეაბრუნეს. მათ ნიშნობამდე მისული ქორწინება ჩაშალეს. გავლენიანმა ჯგუფებმა დავით ბაგრატიონს დაუსვეს საკითხი, რომ მათი პოლიტიკური მხარდაჭერის მოსაპოვებლად ცოლად ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი უნდა შეერთო. ეს ქორწინება დავითისთვის პირველი, ხოლო ანასთვის მეორე იყო. დავითი დაარწმუნეს, რომ საქართველოში ყველაფერი იქეთკენ მიდიოდა, რომ მალე სამეფო ტახტი აღდგებოდა.
“თუ ვინ იყო დავითისა და ანას ქორწინების ინიციატორი, საზოგადოებისთვის იმის მიხედვით გახდება ცნობილი, ბაგრატიონების თანაცხოვრების კიდევ რა სკანდალური დეტალები გამომზეურდება”, – აცხადებს დავით ბაგრატიონის ადვოკატი.
სკანდალი იმით დაიწყო, რომ ანა ბაგრატიონ-გრუზინსკიმ დავით ბაგრატიონ-მუხრანელს სამეფო ოჯახის სახელის უნებართვო გამოყენება აუკრძალა. მისი თქმით, დავით ბაგრატიონს არ აქვს უფლება, საქართველოს სამეფო სახლის სახელით ისაუბროს, გამართოს შეხვედრები, საერთაშორისო საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს, თავის ვებგვერდზე განათავსოს ინფორმაცია, რომ წარმოადგენს ისეთი მეფეების შთამომავალს, როგორიც არის ერაკლე მეორე, ალექსანდრე მეექვსე, რომელსაც საქართველოს ისტორიაში არავინ იცნობს. ერაკლე მეორე, სავარაუდოდ ასოცირდება ერეკლე მეორესთან, რომელთანაც მუხრანელი ბაგრატიონების შტოს არანაირი შეხება არ აქვს.
როგორც Dalma News-ს ისტორიკოსმა ქეთევან პავლიაშვილმა განუმარტა, დღეისათვის არსებობს მემკვიდრეობითი დინასტიის ორი შტო, რასაც რუსეთში გრუზინსკები და მუხრანელები უწოდეს. ბაგრატიონ-გრუზინსკების შტო ერეკლე II-ის მემკვიდრე, საქართველოს ბოლო მეფე, გიორგი XII-ს საგვარეულო ხაზით გადადის. ბაგრატიონ-მუხრანელები კი უკანასკნელი ქართველი მეფეების მემკვიდრეები არ არიან, შედარებით უფრო ადრეულ ბაგრატიონთა დინასტიას მიეკუთვნებიან. ისინი ალექსანდრე პირველის (გარდაიცვალა 1446 წელს) მემკვიდრეები არიან. საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ბაგრატიონ-მუხრანელები ძირითადად ესპანეთის ემიგრანტები გახდნენ.
“ბაგრატიონ-მუხრანელების შტო 17-ე საუკუნის მიწურულიდან იხსენიებიან “ქართლის ცხოვრებაში”; გრუზინსკები კი მათ მეფის რუსეთში უწოდეს. გრუზინსკები სამეფო ტახტის ბაგრატიონთა პირდაპირი შთამომავლები იყვნენ. მუხრან-ბატონები, ანუ ბაგრატიონ-მუხრანელები ბაგრატიონთა ერთი შტო იყო. ისინი სხვადასხვა არიან და მათ შორის განსხვავების შეტანის მიზნით, მეფის რუსეთმა ტახტის პირდაპირი მემკვიდრეები “გრუზინსკებად” მონათლა, ანუ სრულიად საქართველოს მეპატრონე მეფეები და არა მუხრანის მხარის მეპატრონენი”, – აცხადებს ისტორიკოსი.
როგორც ბაგრატიონ-გრუზინსკების ადვოკატი, ლევან გორელაშვილი აცხადებს, დავით ბაგრატიონს უცხოელები შეცდომაში შეჰყავს, რადგან ალექსანდრე მეექვსედ, XIX საუკუნის ცნობილი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის, აკაკი წერეთლის სურათს ასაღებს; ბაგრატიონ-მუხრანელის ოჯახი ისტორიას აყალბებს.
ბაგრატიონ – გრუზინსკების ბრალდებას, ბაგრატიონ – მუხრანელების პასუხი მოჰყვა. მათ მოსარჩელე მხარეს თვითმარქვია უწოდეს და ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკის დნმ-ის ტესტის ჩატარება მოსთხოვეს. მათი აზრით, გრუზინსკების მიზანია, რაიმე ფორმით, საქართველოს სახელმწიფოსგან მიიღონ აღიარება, რომ ისინი საქართველოს სამეფოსთან კავშირში არიან. ადვოკატი ლევან ჩხაიძე აცხადებს, რომ ისინი სიხარულიძეები არიან და ბაგრატიონობას იბრალებენ, რაც საქართველოს საპატრიარქოს მიერ ჩატარებული, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ოჯახის დნმ-ის კვლევით დასრურდებაო.
დავით ბაგრატიონის ადვოკატის სიტყვებს ადასტურებს იმერეთის ბაგრატიონების მკვლევარი მანანა ხომერიკი და ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკის, მამამისის დაბადების მოწმობის დამალვაში ამხელს. თუმცა, ისტორიკოსი იქვე განმარტავს, რომ მას არ გამოუკვლევია ქართლ-კახეთის ბაგრატიონების შტო.
“მეც მსმენია, თითქოს სიხარულიძეები არიან, მაგრამ ამას ვერ დავადასტურებ. პეტრე ალექსანდრეს ძე ბაგრატიონ-გრუზინსკიმ თავის შვილად სცნო პირველი შვილი – კონსტანტინე. 1939 წელს, კონსტანტინე გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა. მეორე ბავშვი 1920 წელს დაიბადა. ის პეტრე ალექსანდრეს ძემ არ ცნო. 1922 წლის 4 თებერვალს, მოხუცი თავადი გარდაიცვალა. 4 თვის შემდეგ, გარდაცვლილს ორი წლის ბავშვი, პატარა პეტრე მიაწერეს შვილად. მიცვალებული კი ცოცხლად გამოაცხადეს და ასაკიც მიუთითეს, მამა – 68 წლის, დედა -30 წლის. მოწმეებისთვის განკუთვნილი გრაფა ცარიელია. როდესაც მამა ცოცხალი არ არის, მაშინ ბავშვის დარეგისტრირება უკვე სასამართლოს ექვემდებარება. ასე, რომ დაბადების მოწმობა, კიდევ კარგად შესასწავლია. საქმე ეხება პიროვნებას, რომელიც 200-წლიანი წყვეტის შემდეგ, ტახტის მემკვიდრის სტატუსზე აცხადებს პრეტენზიას”, – აცხადებს მკვლევარი მანანა ხომერიკი.
გვარების ომს სკანდალური ინფორმაცია პირადი ცხოვრებიდანაც შეემატა. ანა ბაგრატიონ-გრუზინსკიმ ყოფილი მეუღლე მასზე ფიზიკურ ძალადობაში დაადანაშაულა. მისი მონათხრობის მიხედვით, ქმარმა არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით სცემა. სახესა და სხეულზე დაზიანებები ეტყობოდა, რის გამოც, ორი დღის განმავლობაში საგურამოდან თბილისში არ გაუშვა.
დავით ბაგრატიონის ადვოკატი, ლევან ჩხეიძე აცხადებს, რომ ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის მიერ, ყოფილი მეუღლის მის მიმართ ძალადობაში დადანაშაულება, ვერ გახდება იმის საფუძველი, რომ დავით ბაგრატიონის მიმართ სისხლის სამართლის დევნა დაიწყოს. ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ბრალდების ხანდაზმულობის ვადა ამოწურულია, რაც მოწინააღმდეგე მხარემაც კარგად იცის და მათი მიზანი, მხოლოდ შავი პიარია. ადვოკატის თქმით, ანა ბაგრატიონ – გრუზინსკი მშობლების სახლში 2013 წელს დაბრუნდა. მანამდე წყვილი ესპანეთში, ცალ-ცალკე ცხოვრობდა. 2014 წელს ანა კვლავ აღმოჩნდა დავით ბაგრატიონის სახლში, როცა მათი ქორწინება 2 წლის შეწყვეტილი იყო.
“დავუშვათ მართლა მიაყენა მას მეუღლემ ფიზიკური შეურაცხყოფა და ამ ინციდენტს ჰყავს 2 მოწმე. დანაშაულის დაფარვა 5 წლის განმავლობაში, არის თუ არა კრიმინალი და რატომ გახდა აღნიშნული აქტუალური დღეს, მაშინ, როცა ანას გაახსენდა, რომ ტიტული აქვს თავის ყოფილ მეუღლესთან გასაყოფი და მის მეუღლეს მისთვის 90 000 ლარის გადახდა მართებს. ასეთ დროს, წარმოადგინა საექსპერტო დასკვნა, აქამდე რას ელოდებოდა”, – აცხადებს დავით ბარგატიონის ინტერესების დამცველი ლევან ჩხაიძე.
მისივე ინფორმაციით, დავით ბაგრატიონი ყოფილი მეუღლის ცემის შესახებ ინფორმაციას უარყოფს. ადვოკატის თქმით, საექსპერტო დასკვნაში წერია, რომ ანა ბაგრატიონ-გრუზინსკისთვის ჯანმრთელობის დაზიანება არ აღენიშნებოდა, ხოლო ცემა, 2014 წელს მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსით ერთი წლით პატიმრობას ითვალისწინებს.
ისტორიკოსი ქეთევან პავლიაშვილი საქართველოში მონარქიის აღდგენის კატეგორიული წინააღმდეგია და აცხადებს, რომ ქართული საზოგადოება ამისთვის არც დღეს არის მზად და არც ახლო მომავალში იქნება.
“ჩვენ კიდევ ეს მიზეზ-საბაბი გვინდა ერთმანეთთან დაპირისპირებისთვის, რომ ერთმანეთს ვეძახოთ ვინ ცისფერსისხლიანია და ვინ გლეხი? მთელი დასავლეთ საქართველო, რომ ჰკითხოთ, თავადი და ტახტის აზნაურია. გამოდის, რომ ქართლელები და კახელები სულ გლეხები ვყოფილვართ. პატრიარქს ის კი არ უთქვამს 5 -10 წელიწადში უნდა აღდგეს სამეფო ტახტიო. მან თქვა, საზოგადოება რომ განვითარდება და სახელმწიფო ჩამოყალიბდება, მაშინ შესაძლოა დაიწყოს ამაზე ფიქრი. ამათ კი გადაწყვიტეს, რომ ეს ხვალვე უნდა მოხდეს. ეს უდიდესი სისულელე, იაფფასიანი წარმოდგენა და ძალიან სერიოზული მარაზმია. აღარ იციან ამ ხალხმა რა მოიგონონ იმისთვის, რომ საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცნენ”, – აცხადებს ქეთევან პავლიაშვილი.
როგორ დამთავრდება ქართველი მონარქების შთამომავლების კონფლიქტი დრო გვიჩვენებს. მათ საქმეზე სასამართლო იმსჯელებს. ყოფილ მეუღლეებს შორის ამ დრომდე, ნორმალური ურთიერთობა არსებობდა. მათ საერთო შვილი ჰყავთ და სამოქალაქო შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რომ კვირაში 4 დღეს ბავშვი დედასთან გაატარებს, დანარჩენ 3 დღეს და არდადეგებს – მამასთან. დაარეგულირეს ალიმენტის საკითხი და უარი თქვეს ერთმანეთის მიმართ ყოველგვარ ქონებრივ მოთხოვნაზე. წყვილს ტელეფონით ხშირი კომუნიკაცია აქვთ, ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე.
შ. ქარჩავა