20 სექტემბერს სომხეთის პარლამენტმა მთავრობის წევრების არჩევა დაიწყო. იმის გათვალისწინებით, რომ თავდაცვის და საგარეო საქმეთა მინისტრები, სამართალდამცავი ორგანოების და სპეც.სამსახურების ხელმძღვანელების დანიშვნის პრეროგატივა პრეზიდენტს ეკუთვნის, განსაკუთრებული ყურადღება ეკონომიკური ბლოკისკენ იყო მიმართული.
ტექნოკრატები ოლიგარქების ნაცვლად
რაკი პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა და სომხეთის მმართველი რესპუბლიკური პარტიის წამყვანმა წევრებმა განაცხადეს, რომ ახალი პრემიერ-მინისტრი უფლებამოსილია მთავრობის შემადგენლობის ფორმირება განახორციელოს, საინტერესოა შეეხებათ თუ არა ცვლილებები სახელისუფლებო სისტემების გავლენიან მოღვაწეებს. მიუხედავად იმისა, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მინისტრების დანიშვნა 21 სექტემბრის (დამოუკიდებლობის დღის) შემდეგ უნდა მომხდარიყო, სამშაბათს რამდენიმე მინისტრის დანიშვნის შესახებ პრეზიდენტის განკარგულება გამოქვეყნდა.
ფაქტობრივად, კარენ კარაპეტიანმა მთავრობის მთელი ეკონომიკური ბლოკი შეცვალა ეკონომიკური სამინისტროს გარდა, რომელსაც კოალიციური მემორანდუმის თანახმად სომხეთის რევოლუციური ფედერაცია “დაშნაკცუტუნის” წარმომადგენელი არცვიკ მინასიანი ხელმძღვანელობს. ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე გაგიკ ხაჩატრიანი – ვარდან არამიანმა ჩაანაცვლა, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის მინისტრი გაგიკ ბეგლარიანი – ვაან მარტიროსიანმა, სოფლის მეურნეობის მინისტრი სერგო კარაპეტიანი – იგნატი არაკელიანმა, ხოლო, ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ლევონ იოლიანი – აშოტ მანუკიანმა.
ახალ მთავრობაში თანამდებობები შეინარჩუნეს ვიცე-პრემიერმა, საერთაშორისო ეკონომიკური ინტეგრაციისა და რეფორმების მინისტრმა ვაჩე გაბრიელიანმა და მთავრობის აპარატის ხელმძღვანელმა-მინისტრმა დავით არუთიუნიანმა…
აღსანიშნავია, რომ გაგიკ ხაჩატრიან, გაგიკ ბეგლარიანსა და სერგო კარაპეტანს ძალიან დიდ ქონება აქვთ. ჭორების და მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ხაჩატრიანი ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანია სომხეთში. საზოგადოებისთვის დღემდე საიდუმლოებით არის მოცული, მინისტრის და მისი მეუღლის, რომლების შემოსავალიც თავიანთი საგადასახადო დეკლარაციის თანახმად, მხოლოდ ხელფასი იყო, ანგარიშებზე მილიონი დოლარის არსებობა. შეკითხვებს წარმოშობს ასევე მათი შვილების ბიზნესების ფენომენალური წარმატებები.
გაგიკ ბეგლარიანი ერევნის ერთ-ერთი ცენტრალური რაიონის არაოფიციალური ბატონი იყო. მისი სახელი რეგულარულად ფიგურირებდა ადგილობრივ მედიაში გამოქვეყნებულ სკანდალურ ამბებში, რომლებიც მისი მცველების მიერ ადამიანების ცემის ფაქტებს უკავშირდებოდა.
რაც შეეხება სერგო კარაპეტიანს, მინისტრობა მან “ორინაც ერკორისგან” კოალიციური კვოტით მიიღო. კარაპეტიანმა პარტია მაშინ დატოვა, როდესაც ის კოალიციიდან ოპოზიციაში გადავიდა. მინისტრის კრიტიკოსები აცხადებდნენ, რომ იგი ყველაზე მეტად მის საკუთრებაში არსებულ კომპანია “არტაშატის საკონსერვო ქარხანაზე” (სავაჭრო მარკა ARTFOOD) ფიქრობს და არა რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის განვითარებაზე.
ეკონომიკური ბლოკის ძველი მინისტრებისგან განსხვავებით, ახლებს ტექნოკრატების იმიჯი აქვთ. თითქმის ყველა, სომხეთის ფინანსთა მინისტრის გარდა, უპარტიონი არიან და მათ დაქვემდებარებაში არსებულ სფეროებში მუშაობის გამოცდილება აქვთ.
მოხდება თუ არა რეალური ცვლილებები?
მთავრობაში მომუშავე პირების შეცვლის გარდა, ახალი პრემიერისგან რეალური, პირველ რიგში ეკონომიკის სფეროში ცვლილებებს ელიან. ახალი მთავრობის მიმართ საკუთარი მოლოდინების შესახებ არაერთხელ ისაუბრა ქვეყნის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა.
“მათ წინაშე არსებული ამოცანებია: სომხეთის ეკონომიკისთვის ახალი იმპულსის შეძენა, ეკონომიკური ზრდის მოცულობის მატება, მომსახურების და საქონლის ექსპორტის შემდგომი ზრდა”, – განაცხადა მან ბიშკეკში, დსთ-ს ქვეყნების შეხვედრაზე თავის კოლეგებთან საუბრისას.
სომხეთის რესპუბლიკური პარტიის საბჭოს სხდომაზე კი, კარაპეტიანის კანდიდატურის დამტკიცების დროს, სარგსიანმა განაცხადა, რომ ქვეყანას პოლიტიკური და ეკონომიკური ცვლილებები ელის, ხოლო ახალი პრემიერი შესაძლოა ამ ცვლილებების სიმბოლოდ იქცეს.
თავად კარაპეტიანმა პარლამენტში თავისი პირველი სამუშაო სამთავრობო საათის დროს რესპუბლიკაში არსებული ეკონომიკური ვითარება შეაფასა, როგორც “საგანგაშოდ მძიმე”. მისივე თქმით, სწორედ სომხური ეკონომიკის სავალალო მდგომარეობამ აიძულა იგი სომხეთში დაბრუნებულიყო და მთავრობას სათავეში ჩასდგომოდა.
როგორც კარაპეტიანმა განაცხადა, მისი პროგრამა მიმართული იქნება ეკონომიკის განვითარებისკენ და შედგება ორი ეტაპისგან: პირველი ეტაპი მოიაზრებს შესაძლო სწრაფ ცვლილებებს, რომელიც მიმართული იქნება პროგრამის მიმართ ნდობის გაღრმავებისკენ, ხოლო მეორე – ქვეყნის განვითარების გრძელვადიანი ხედვისკენ.
თუმცა რეალური ცვლილებებისთვის საჭიროა მკვეთრი ნაბიჯების გადადგმა, სომხეთის ამჟამინდელი პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემების შესაცვლელად. ეს კი იმ ადამიანების ეკონომიკური ინტერესებისთვის დარტყმის მიყენებას გულისხმობს, რომლებიც მოქმედ ხელისუფლებასთან მჭიდრო კავშირში არიან. ეს ის ადამიანები არიან, რომელთა წყალობითაც ხელისუფლება არჩევნებში იმარჯვებს. ამიტომაც, საეჭვოა, ხელისუფლებამ თავისი ინტერესების საპირისპიროდ იმოქმედოს, მით უფრო, რომ 2017 წლის საპარლამენტო არჩევნები ახლოვდება.
კარაპეტიანს რეფორმებისთვის ძალიან ცოტა დრო აქვს. 2017 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ეროვნული კრებაც ხელახლა უნდა შეიკრიბოს, მთავრობა მექანიკურად დაიშლება და ახალი მოწვევის პარლამენტი თავის მთავრობას აირჩევს. კარაპეტიანი, სავარაუდოდ, პრემიერი აღარ იქნება, მით უფრო, რომ 2018 წელს მოქმედი პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადა იწურება და ქვეყანა მმართველობის საპარლამენტო სისტემაზე გადავა.
მანამდე კი, კარაპეტიანმა პირველი ნაბიჯები გადადგა თავისი მთავრობისადმი საზოგადოების ნდობის ასამაღლებლად: თანამდებობიდან გადააყენა არაპოპულარული და სკანდალურად ცნობილი მინისტრები, განაცხადა, რომ უნდა გაიაფდეს ბუნებრივი აირი და ელექტრო ენერგია, დემონსტრაციულად მკაცრი და მომთხოვნი ტონით წარმართა მთავრობის პირველი სხდომა. საინტერესოა, მოჰყვება ღუ არა ამ ყველაფერს რეალური ცვლილებები, თუ საქმე პიარაქციით შემოიფარგლება.
აღსანიშნავია, რომ თავის დროზე ტიგრან სარქისიანის მთავრობა თავისი უპარტიო მინისტრებით “ტექნოკრატების მთავრობად” შერაცხეს. შედეგად, სარქისიანი ერთ-ერთ არაპოპულარულ სომეხ პრემიერად იქცა, რომელსაც ხშირად აკრიტიკებენ და ვისი მმართველობის პერიოდშიც, სომხეთის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა.
აიკ ხალათიანი