2016 წლის ზაფხულში კინორეჟისორი ევგენი გრიგორიევი, დოკუმენტური კინოს რუსეთის გილდიის სამმართველოს წევრი, სომხეთში გამართულ საერთაშორისო კინოფესტივალზე “ოქროს გარგარი” საუკეთესო დოკუმენტური ფილმის წარდგენისთვის დაჯილდოვდა.

ფილმი “მარცხენა სანაპიროს საპირისპიროდ” კროს – მედიაპროექტ “ქალაქის კოდის” ნაწილია, რომელშიც ნებისმიერი ასაკის და პროფესიის ჩვეულებრივი ადამიანები მონაწილეობენ, ხოლო ფილმს პროფესიონალების დახმარებით იღებენ. პროექტის მონაწილეების მიზანია, ტერიტორიის, ქალაქის განსაკუთრებული კოდის გამოვლენა. ამ უჩვეულო პროექტის ნიუანსების შესახებ Dalma News-ი ფილმის რეჟისორი ევგენი გრიგორიევი და პროდიუსერი და პროექტ “ქალაქის კოდის” კურატორი ანა სელიანინას ესაუბრა.

apricot– რა არის პროექტი “ქალაქის კოდი”?

ანა სელიანინა: ეს სოციოკულტურული, კროს-მედიაპროექტია. ეს არის კინოპროექტი, რომლის ფარგლებშიც, რომელიმე ქალაქის მცხოვრებლები მის შესახებ მოკლე ისტორიებს, ნოველებს წარმოგვიდგენენ და მსოფლიოს ამგვარად აცნობენ.

პროექტი ასე მუშაობს: ვკრებთ იმ ახალგაზრდების ჯგუფს, რომლებსაც ფილმების გადაღება სურთ და 2-3 კვირიან საგანმანათლებლო კურსს ვუტარებთ. ამ ახალგაზრდებს კინოს, დრამატურგიის, რეჟისურის, ოპერატორობის, გადაღების პროცესის ორგანიზების საფუძვლებს ვასწავლით. ცხადია, ასეთ მოკლე დროში შეუძლებელია ფილმის გადაღება ვინმემ ისწავლოს, მაგრამ ჩვენი ამოცანა მათი ამ სამუშაოსადმი შთაგონებაა.

ევგენი გრიგორიევი: ჩვენ ვეხმარებით თვალებში ჩახედონ შემოქმედების ურჩხულს, რათა მხოლოდ და მხოლოდ იმაზე იფიქრონ, რომ შექმნან რაღაც ახალი, რადგანაც მათი ოცნება ასრულდა.

– ანუ, ეს სოციალური ჟურნალისტიკის ერთგვარი გამოვლენაა?

ევგენი: არა, ჟურნალისტიკა საერთოდ არაფერ შუაშია.

ანა: მე ასე არ ვიტყოდი. მაინც კინოლაბორატორიაა და ჩვენ კინოს ენებთან ვმუშაობთ. ინფორმაციული დღის წესრიგი საერთოდ არ გვაინტერესებს.

​ევგენი: სწორედ ამაშია მისი განსხვავებაც. იგი გამოსულია მედიის მიერ თავსმოხვეული დღის წესრიგიდან. ადამიანში ის აისახება, რისი თქმაც სურს ერთი მხრივ, მეორე მხრივ – კულტურაში, კულტურის და დროის კვეთაზე, რომელშიც არსებობს და ამით ყოველდღიურობის წრიდან გამოსვლას ცდილობს. ჩემის აზრით, პუბლიცისტიკა, რაოდენ კარგადაც არ უნდა იყოს შესრულებული (თავად ჟურნალისტიც გახლავართ), მხატვრულ ნაწარმოებს მაინც ვერ შეედრება. ჩვენ ისინი სხვა მიმართულებით, ცნობიერების სფეროსკენ მიგვყავს.

– ერთ-ერთ ინტერვიუში ბრძანეთ, რომ ეს პროექტი მოუწოდებს ადამიანებს დარჩნენ თავიანთ ქალაქებში და იქ სცადონ ცვლილებების განხორციელება.

ევგენი: ეს ჩემი პირადი ისტორიაა, რადგანაც მე სწორედ იმ კაცობრიობის წარმომადგენელი ვარ, რომელიც პატარა სოფლიდან პატარა ქალაქში გადადის, პატარა ქალაქიდან – დიდ ქალაქში და დიდი ქალაქიდან – მეგაპოლისში. ყოველთვის ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ იქ უკეთესობაა დასაც მე არ ვარ, ამიტომ სწორედ იქით ვისწრაფოდი. ნაწილობრივ, ეს გამართლდა, მაგრამ მეორე მხრივ, ვხვდები, რომ ხშირად ის უფრო ვიცით, სადაც მივდივარ და ვერ ვხვდებით, საიდან მივდივართ, რისგან გავრბივართ. როდესაც ადამიანი ამის გაცნობიერებას იწყებს, მას უკვე ეცვლება მოგზაურობის ტრაექტორია. შესაძლოა, არ მოგწონდეს ადგილი, სადაც ცხოვრობ და არც იქ წახვალ, სადა იგივე კოდია, მაგრამ განსხვავებული მასშტაბი. არსი იგივეა, ეს არ ცვლის შენი შინაგანი ცხოვრების ხარისხს. სინამდვილეში, ჩვენ შინაგანი სამყაროს ჩემპიონებს ვზრდით. “ქალაქის კოდი” – ეს არ არის იდეოლოგია, ეს არის ტექნოლოგია, იდეოლოგიურად იქ მხოლოდ ჰუმანისტური იდეაა – “მთავარია ადამიანი და ადგილი, სადაც ის ცხოვრობს”.

“ადგილი კი არ ალამაზებს ადამიანს, არამედ ადამიანი – ადგილს”. ამიტომაც გამოდის კინო, რადგანაც ჩვენ ლამაზ ადამიანებს ვხედავთ. შესაძლოა, ისინი იდეალურები არ არიან, მაგრამ ისინი ისე ლამაზები არიან, რომ ადგილსაც ალამაზებენ. მაგალითად, როსტოვი ჩვენი გმირების გარეშე გაღარიბდება და მათ გარეშე უკვე ნამდვილი როსტოვი აღარ იქნება.

სწორედ ამაშია აზრი. ჩვენ იმ კულტურის მატარებლები ვართ, რომელიც ადამიანში არსებობს, ისევე როგორც ხელოვნება არ არსებობს მაყურებლის გარეშე. ჩემთვის მაყურებელს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩემი ცნობიერებისთვის მნიშვნელოვანია, რომ, რაღაც ძალიან მნიშვნელოვანს ვაკეთებდე. შემიძლია მთელი დრო სარეკლამო რგოლების გადაღებას დავუთმო და ბევრად უფრო მდიდარი და წარმატებული ვიყო, მაგრამ ვიცი, რომ იმ ქვეყნად, ჩეხურ სერვიზს ვერ წაიღებ. სიკვდილის სარეცელზე კი სწორედ იმ გამოცდილებასა და კულტურის აღქმის იმ შესანიშნავ შესაძლებლობაზე ვიფიქრებ, რომელიც დღეს, როგორც ავტორს გამაჩნია. მე და ანამ როსტოვის შესახებ დღეს უფრო ბევრი რამ ვიცით და უამრავ როსტოველზე უკეთ ვგრძნობთ მას. ეს არის ჩემი მოტივი.

ანა: ჩვენთვის სტიმულის მომცემი იქნება ის, თუ ნებისმიერი ქალაქის მკვიდრი, სადაც ჩვენს პროექტს განვახორციელებთ, უკეთ გაეცნობა და ჩასწვდება თავისი ქალაქის გულის ცემას. მუშაობის დაწყებამდე თითოეულ ქალაქში ორი სახის კვლევას ვატარებთ. შედეგად ვიღებთ სტერეოტიპების ჯგუფს, რომელიც შორიდანაც კარგად ჩანს. მაგალითად, დონის როსტოვი. ჩვენ, სხვა ქალაქების მცხოვრებლებმა ვიცით, რომ ეს არის კიბოების, კაზაკების, რეპის, ბანდიტების ქალაქი, მაგრამ თითქმის არავინ იცის როსტოვი მდინარე დონის, რომელ ნაპირს ესაზღვრება. საკმარისია ქალაქში ჩახვიდე, ადგილობრივებს ესაუბრო და მიხვდები, რომ მათთვის ყველაზე ძვირფასია არა კაზაკები და რეპი, არამედ პარამონოვის საწყობები, რომლის ხან განადგურებას და ხან დამალვას ცდილობს ხელისუფლება. ადგილობრივი მოსახლეობისთვის კი ის არის ადგილი, სადაც შეუძლიათ ბანაობა. ის არის ნამდვილი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილი, რომლის გარშემო ცხოვრება მოქალაქეებს ყველაზე მეტად აღელვებთ.

– კოდები, რომლის შესახებაც თქვენ საუბრობთ, ისინიც ხომ იცვლებიან?

ევგენი: კი, მაგრამ არავინ დაფიქრებულა, რომ ყველა წარმავალია. კოდები მუდმივად იცვლებიან, ისინი ინდივიდუალურია. საინტერესო სწორედ ის არის, რომ “ქალაქის კოდის” გადაღება ყოველწლიურად შეიძლება. ეს არის საკუთარი ცხოვრების აღქმის შესანიშნავი პრაქტიკა.

ანა: რაც მთავარია, ეს ცვლილებები ურთიერთკავშირშია. დავუბრუნდეთ ისევ როსტოვს. იქ არსებობს გაგება – ლევბერდონ, ანუ მდინარე დონის მარცხენა სანაპირო. ეს არის 15 კილომეტრიანი ზოლი, სადაც მთელი რიგი რესტორნები და სასადილოებია, სადაც მთელი ქალაქი დასასვენებლად მიდის. როსტოვი მდინარე დონის მარჯვენა სანაპიროზე მდებარეობს, აღნიშნულ ტერიტორიას კი თავისუფალს უწოდებენ. ამჟამად იგი სახეს იცვლის: მსოფლიო ჩემპიონატისთვის სტადიონი შენდება, იგება საფარი და სატრანსპორტო კვანძები. ამგვარად, ქალაქი მარცხენა სანაპიროზეც გადადის და ლევბერდონის გაგება, როგორც ქალაქის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კოდი ქრება. ახალ თაობას ეს კოდი სულაც არ აღელვებს და ამის შესახებ საუბარიც არ ისურვეს.

ევგენი: სწორედ ეს არის თაობებს შორის დიალოგი, რასაც ჩვენ გადაჩვეულები ვართ. ვიცი, ვინც ნახავს ჩემს ფილმს, იტყვის, რომ ეს მისი ქალაქი არ არის, მაგრამ სწორედ იმ დროს, როდესაც მე არ დამეთანხმებიან, თავს დააღწევენ სოციალური ქსელების და მასმედიის მიერ შექმნილ სტერეოტიპებს და ყოველდღიურობას, გონებაში საკუთარ ქალაქს წარმოიდგენენ და თავს როსტოვის მოქალაქეებად იგრძნობენ, შემდეგ მე და ამ ახალგაზრდებს მოგვედავებიან. სწორედ ეს დიალოგია ძალზედ მნიშვნელოვანი. ეს ის ერთ-ერთი მომენტია, როდესაც კინო საზოგადოებრივ აზრს აყალიბებს.

ანა: ანუ, ჩვენ ვიკვლევთ ქალაქს, გამოვკვეთავთ თემებს, ლაბორატორიის მონაწილეები კი ამ თემაზე ფილმს იღებენ. შემდეგ მას მოქალაქეები უყურებენ და ჩნდება ახალი სასაუბრო თემა. ქალაქი თავის მოქალაქეებს უბრუნდება და ახალი მოქალაქეებიც მის ცხოვრებაში ერთვებიან.

 

– როგორც მივხვდი, ეს არის მცდელობა იმის ჩვენებისა, რომ სახლი, მხოლოდ მის კედლებში არ მთავრდება?

ანა: დიახ, თანამედროვე ქალაქი – ჩემი ბინა კი არ არის, ეს არის შესაძლებლობები.

ევგენი: ეს ხელის ჩაჭიდებაა. სოციალური ქსელების მარწუხებში ძალიან დავსუსტდით ურთიერთქმედებებში, ვკარგავთ ტაქტიანობის შეგრძნებას, ქალაქი კი ტაქტიანია.

ანა: აღსანიშნავია, რომ თითოეულ ქალაქში ხალხი სტანდარტულად დახაზული მარშრუტით დადის. გავოცდით, როდესაც პერვოურალსკიში, ასეთ პატარა ქალაქში, სადაც 150 ათასი მცხოვრებია, ადამიანებმა არ იცოდნენ მათ მეზობლად რა ხდებოდა. მახსოვს, კინო ჩვენების დროს მაყურებლები მადლობას გვიხდიდნენ და ამბობდნენ,რომ მათ ქალაქი ახლებურად დაინახეს. მაყურებლების ერთი ნაწილი კი პირიქით, აღშფოთდა და ისიც კი თქვეს, რომ საერთოდ ვერ მიხვდნენ რაზე იყო ფილმი.

ევგენი: წარმოგიდგენიათ, რა მოხდება ქალაქ ერევნის კოდი რომ გადავიღოთ? რას ნიშნავს ადამიანის შესახებ ფილმის გადაღება? – ეს იმის ჩვენებაა, რომ იგი გაინტერესებს. წარმოიდგინეთ, ყოველდღე გამოდის 12 ადამიანი ქუჩაში და ამბობენ: “გამარჯობათ, მე თქვენ მაინტერესებთ”.

– რამდენ ხანს გრძელდება თითოეული ნოველა?

ანა: სამიდან რვა წუთამდე. პერვოურალელმა სტალკერებმა სახანძრო ნაწილის შესახებ გადაიღეს ეპიზოდი, რომელსაც “ნახევარი სამუშაო დღე” ჰქვია. 6 თვის შემდეგ, როდესაც მეხანძრეების დღე აღინიშნებოდა, ჩვენმა სტალკერებმა სახანძრო ნაწილებში დარეკეს და ფილმის ჩვენება შესთავაზეს. აღნიშნული ნოველა 6 წუთიანია. ფილმის დასრულების შემდეგ ჩვენს სტალკერებს თითქმის ყველა სახანძრო ნაწილიდან დაურეკეს და მადლიერება გამოხატეს.

– ამ ფილმების ტურიზმის ინდუსტრიის განვითარების მიზნით გამოყენება თუ შეიძლება?

ანა: ეს რთული საკითხია. პროექტზე მუშაობის სამი წლის განმავლობაში, მომეჩვენა, რომ ტურისტული თვალსაზრისით იგი საინტერესო უნდა ყოფილიყო. მაგრამ ურთიერთგამომრიცხავი რაღაც მოხდა. როდესაც როსტოვის შესახებ ფილმი არაროსტოველებს ვაჩვენეთ, ბევრს გაუჩნდა ქალაქის საკუთარი თვალით ნახვის სურვილი. მაგრამ, როდესაც იგივე ფილმი როსტოველებმა ნახეს, განაცხადეს, რომ ქალაქს სულ სხვა ღირსშესანიშნაობები აქვსო. თითოეულ ქალაქში არსებობს ტურისტული სააგენტო, რომელსაც დანგრეული ეზოების ნაცვლად ცენტრალური მოედნების და შადრევნების ჩვენება ურჩევნია. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ დღეს ძალიან ბევრი ადამიანი სწორედ ეზოების დასათვალიერებლად მიდის.

– როგორ შეიძლება პროექტში მოხვედრა?

ანა: თავდაპირველად კეთდება განაცხადი, შემდეგ უნდა მოიძებნოს დაფინანსება. ჩვენ რაღაც ფედერალურ რესურსებს ვამზადებთ. თუ საუბარია რუსეთზე, ვიღაც ტექნიკას უზრუნველყოფს, გვეხმარებიან მინიმალურ ფასად გადაღებაში, ლაბორატორიისთვის შენობას გამოგვიყოფენ…

კინოლაბორატორიაში სტალკერად მუშაობა ნებისმიერს შეუძლია. ეს ღია კონკურსია. საჭიროა განცხადების შევსება და ვიდეოს გამოგზავნა, რომელიც შეიძლება მობილურითაც იყოს გადაღებული. შემდეგ შევარჩევთ 20 ადამიანს. წინა ორი ლაბორატორიის შედეგების მიხედვით, ფინალამდე ნახევარზე ნაკლები მივიდა. შემდეგ ვატარებთ კინოლაბორატორიის ორ-სამ სესიას, სადაც განვიხილავთ მათ მიერ მოტანილ თემებს. თემების ნაწილს კვლევებიდან ვიღებთ. ამის შემდეგ უკვე თავად იღებენ საკუთარ ისტორიას, რომელსაც ყველა ერთად განვიხილავთ და ვამონტაჟებთ.

ნებისმიერ ქალაქში ჩავდივართ, საიდანაც გვეხმიანებიან. ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა ქალაქის მასშტაბი, არამედ იქ მცხოვრები ადამიანი, რომელიც რაღაცით ამაყობს და სურს რაღაც გვიამბოს. პერვოურალსკი, როსტოვი, კრასნოიარსკი, შესაძლოა ირკუტსკიც – ბევრს სურს ჩვენს პროექტში მონაწილეობა.

– რა ღირს პროექტი?

ანა: კრიზისამდე ერთი ქალაქი 5-7 მილიონი რუბლი დაჯდა. ეს არის მოდული, რომელიც თავის თავში გულისხმობს კვლევებს, ლაბორატორიას და არჩევით ან ფილმს, ან კინობარათს (ინტერნეტსაიტი, სადაც 50-ვე ისტორიაა მიმაგრებული).

– სტალკერების სამუშაო ანაზღაურებადია?

 

ანა: არა. ისინი თავიდანვე აწერენ ხელს ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც ლაბორატორიის ფარგლებში გადაღებული მთელი მასალა პროექტ “ქალაქის კოდს” ეკუთვნის. ამის სანაცვლოდ ჩვენ ხომ მათთვის უფასო საგანმანათლებლო პროგრამას ვაწყობთ. თუმცა ჩვენ საავტორო უფლებებს ყოველთვის ვიცავთ.

– რა შეცვალა ამ პროექტმა თქვენთვის?

ევგენი: უცებ მივხვდი, რომ ვეღარ გადავიღებ იმ ქალაქის შესახებ, რომელთანაც შეხება მქონდა. მე უკვე გამოვთქვი ჩემი აზრი ქალაქის კოდის შესახებ, შემდეგი უკვე სხვა რეჟისორი უნდა იყოს. შესაძლოა, მას 5 წლის შემდეგ დავუბრუნდე, მაგრამ ახლა ნამდვილად არა. დავინახე, რომ დოკუმენტური კინო ხელოვნების შესანიშნავი სახეობაა, რომელიც ავტორსაც კი კურნავს. ქალაქი კი უხილავ მნიშვნელობას გამოავლენს და რაღაც წარმოუდგენელს ცხადყოფს.

ანა: ამ პროექტმა ერთმნიშვნელოვნად დამანახა, რომ კინო გუნდური სამუშაოა და მე, როგორც პროექტის პროდიუსერმა, ზუსტად შემიძლია ვთქვა, რომ შეუძლებელია იმ ქალაქის შესახებ პროექტის შექმნა, რომელშიც არ ცხოვრობ, თუ არ ხარ პროექტზე და გუნდის ქალაქზე შეყვარებული.

ესაუბრა არმინე აგარონიანი