გაზაფხულის პირველი თვე, თბილისის კლიმატისთვის უჩვეულოდ თბილი, ხოლო თბილისური ყოფიერებისთვის მეტად ცხელი გამოდგა. დედაუნივერსიტეტში დაწყებული ვნებათაღელვის გამო, ლამის ყურადღების მიღმა დარჩა ეროვნული ვალუტა ლარის, აშშ დოლართან მიმართებაში სწრაფი ტემპებით გამყარების პროცესის დაწყება. დედაქალაქის რიგითი მოქალაქეებისა და ხელისუფლების ლიდერთა ყურადღება, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისკენ მიეპყრო, სადაც მოვლენები ყოველდღიურად, ელვის სისწრაფით იცვლებოდა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა, 9 მარტს საპროტესტო აქციები დაიწყეს. მათი ნაწილი უნივესიტეტში კანცლერის არჩევნებს აპროტესტებდა და გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურის არჩევნებიდან მოხსნას მოთხოვდნენ. წინა დღით თსუ-ში სენატის სხდომაც ჩაიშალა იმ მიზეზით, რომ სტუდენტების ერთი ჯგუფი სხდომაზე დასწრებას ძალისმიერი გზით შეეცადა. სტუდენტები კანცლერობის ერთ-ერთი კანდიდატის გიორგი გაფრინდაშვილის პიროვნებით დაინტერესდნენ, რადგან მის შესახებ თითქმის არაფერი იცოდნენ. ზოგი იმასაც ამბობდა, რომ გაფრინდაშვილი სტუდენტთა წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებში მონაწილეობდა, ამის დამამტკიცებელი ვიდეომასალა კი ინტერნეტში არსებობსო.

სტუდენტების პროტესტი უნივერსიტეტის დაცვის სამსახურთან ფიზიკურ დაპირპისრებაში გადაიზარდა, რის შემდეგაც, ვითარების განსამუხტავად საპატრულო პოლიციის გამოძახება გახდა საჭირო. მაგრამ უნივერსიტეტის რექტორმა ლადო პაპავამ, პოლიციას უნივერსიტეტის საშინაო საქმეებში ჩარევის უფლება არ მისცა და პატრულის თანამშრომლებმა შენობა მალევე დატოვეს. ამის შემდეგ რექტორმა აქციის შეწყვეტა სტუდენტებსაც სთხოვა და საკოორდინაციო შეხვერდის გამართვა შესთავაზა, სადაც კანცლერობის კანდიდატურებს განიხილავდნენ.

ლადო პაპავას შეთავაზების მიუხედავად, ახალგაზრების ნაწილმა ეს დროის გაყვანის მცდელობად მიიჩნია და მთელი ღამე უნივერსიტეტის შენობაში გაატარეს, მეორე დღეს კი საპროტესტო აქცია განახლდა და სტუდენტებმა რამდენიმე მოთხოვნა წამოაყენეს. კანცლერობის ერთ-ერთი კანდიდატის არჩევნებიდან მოხსნის გარდა, ისინი ე.წ. ოდეერის (ОДР – Офицер действующего резерва), ანუ უნივესტიტეტში დაზვერვის ინსტიტუტის არსებობაზეც ალაპარაკდნენ და ამასთან დაკავშირებით გამოძიების ჩატარება მოითხოვეს.

პროტესტანტებს არც სტუდენტური თვითმმართველობის პრივილეგიები მოსწონთ და ცდილობენ უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანას მიაღწიონ, რათა სტუდენტური თვითმმართველობის სტრუქტურისა და მისი ფუნქციონირების რეორგანიზების საკითხი ჩაიწეროს.

ვითარება იქამდე დაიძაბა, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა თავად თსუ-ს რექტორის ლადო პაპავას თანამდებობაზე დარჩენისაც. სტუდენტები ორ ბანაკად გაიყვნენ. ნაწილი რექტორის გადადგომას მოიხთოვდა, ნაწილი კი პირიქით, ლადო პაპავას უნივერსიტეტის პირველი კორპუსის კარებთან დარაჯობდნენ მხარდაჭერის გამოსახატად და იმისთვის, რომ ეთხოვათ რექტორის თანამდებობა არ დაეტოვებინა.

აქციის მონაწილე სტუდენტებთან შესახვედრად საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მისი ადმინიტრაციის წარმომადგენლები გაგზავნა. კახაბერ კოჟორიძე და სოფიო შამანიდი, უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენებს ადგილზე გაეცნენ და სტუდენტების პრობლემები მოისმინეს. პროტესტანტების პოზიციის მოსმენის შემდეგ, პრეზიდენტის “წარგზავნილები” რექტორსაც ესაუბრნენ. დახურულ კარს მიღმა გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ კახაბერ კოჟორიძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტი და მთლიანად პრეზიდენტის ადმინისტრაცია მხარს უჭრეს უნივერსიტეტში ე.წ. “ოდეერის ინსტიტუტის” გაუქმებას.

კოჟორიძის თქმით, მსგავსი ინსტიტუტი ამჟამად პრეზიდენტის ადმინისტრაციაშიც აღარ არსებობს, რადგან გიორგი მარგველაშვილმა ის მაშინვე გააუქმა, როგორც კი ქვეყნის პრეზიდენტი გახდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა დასძინეს, რომ არ ჩაერევიან უნივერსიტეტის შიდა საქმეებში და კონკრეტულად ვინ უნდა იყოს კანცლერის თანამდებობაზე წარდგენილი, თავად უნივერსიტეტმა უნდა გადაწყვიტოს.

უნივერსიტეტში შექმნილ ვითარებას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანიც გამოეხმურა და იმედი გამოთქვა, რომ სტუდენტები და რექტორი, თავად მოაგვარებენ მათ შორის წარმოქმნილ გაუგებრობას და ამ ურთიერთობებში ხელისუფლების წარმომადგენელთა ჩარევა საჭირო არ გახდება. წულუკიანს მიაჩნია, რომ სტუდენტური პროტესტი, ხშირ შემთხვევაში მათი მოსმენის სურვილითაა განპირობებული.

“ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ იმაში, რომ სტუდენტმა თავისი აზრი ხმამაღლა გამოხატოს. მთავარია, რომ ეს აზრი მოისმინა რექტორმა”, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

სტუდენტების რამდენიმედღიანი პროტესტის შემდეგ, გიორგი გაფრინდაშვილმა საკუთარი კანდიდატურა მოხსნა, მაგრამ ეს პროტესტანტებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.

სტუდენტების ერთმა ჯგუფმა მოძრაობა “აუდიტორია 115” შექმნეს და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და განათლების სამინისტროს, მათი მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილებისთვის ერთთვიანი ვადა მისცეს. ისინი ყველა შესაბამის უწყებას მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ დაიწყონ საგანმანათლებლო სივრცეში ე.წ. ოდეერის თემის გამოძიება.

საპროტესტო აქციის ერთ-ერთი მონაწილის, სტუდენტ სანდრო ტაბატაძის შეფასებით, სტუდენტური თვითმმარველობა, ნეოკომკავშირული ორგანიზაციის ერთგვარი ტიპია, რომლის წევრებიც არასდროს საუბრობენ საბიუჯეტო დაფინანსებაზე, სტიპენდიის გაცემის წესებზე, სოციალურად დაუცველ სტუდენტებზე, სამაგიეროდ, დადიან ბაკურიანში და საბიუჯეტო თანხებს არამიზნობრივად ხარჯავენ.

“24 600 ლარი სამდღიან ტრენინგზე დახარჯეს, რომელიც ემსახურებოდა, მხოლოდ თვითმმართველობის წევრების გადამზადებას. ეს მაშინ, როდესაც ხშირ შემთხვევაში სტუდენტებს არ გვაქვს საშუალება, რომ გადავიღოთ ქსეროქსები, როდესაც ყველა საგანში არ არსებობს ქართულენოვანი ლიტერატურა, როდესაც ძალიან ბევრი პრობლემაა უნივერსიტეტში, დაწყებული ტექნიკურ-მატერიალური ბაზიდან… მაშინ, როდესაც ლექტორებს ძალიან დაბალი ხელფასები აქვთ, სტუდენტებს კი, სწავლის საფასურის გადასახდელად, ორ ადგილას უხდებათ მუშაობა, ხოლო მათი მშობლები წასულები არიან უცხოეთში… ამის ფონზე სტუდენტური თვითმმართველობა სრულიად უნიათოდ ცდილობს გამოიყენოს თავისი რესურსები და ჰქონდეს პრივილეგიები”, – აცხადებს სანდრო დაბატაძე

იგი უნივერსიტეტის ამჟამინდელ სტუდენტურ თვითმმართველობას, სხვადასხვა კლანებთან კავშირსა და საუნივერსიტეტო ფინანსური და ადმინისტრაციული რესურსების მართვის მცდელობაში ადანაშაულებს. თსუ-ში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა რექტორმა ლადო პაპავამ და განაცხადა, რომ ის გადადგომას არ აპირებს, თუმცა უნივერსიტეტში შექმნილ ვითარებას რთული უწოდა.


რა მოხდება რექტორის გადადგომის შემთხვევაში? ადვილი შესაძლებელია უნივერსიტეტი მთელი ორი თვის განმავლობაში ხელმძღვანელის გარეშე დარჩეს. კანონის თანახმად, რექტორს აკადემიური საბჭოს თოთხმეტკაციანი შემადგენლობა ირჩევს. რექტორის მოვალეობის შემსრულებელს მთელი უნივერსიტეტი ასახელებს.


ამ პროცედურებს კი დრო სჭირდება. შესაძლოა ყველა ეს პროცესი, სწორედ ლადო პაპავას წინააღმდეგაა მიმართული და გაფრინდაშვილი მხოლოდ საბაბია. ეს თემა სოციალურ ქსელებშიც აქტიურად განიხილება. საზოგადოების ნაწილი არც იმას გამორიცხავს, რომ გარკვეული პოლიტიკური ძალები სტუდენტურ პროტესტს საკუთარი მიზნებისთვის იყენებდნენ.

“უნივერსიტეტში სწავლისთვის ხართ მისულები, თუ არეულობების მოსაწყობად? თქვენი საქმე სწავლაა. არავინ გეკითხებათ, ვის, სად დანიშნავენ. აბა მიშას დროს გაგებედათ”… “რა “ოდეერი,” რა სენატი და კონგრესი, ლორდთა და თემთა პალატა? წიგნებს მოკიდეთ ხელი, წიგნებს…” – ვკითხულობთ მოქალაქეთა კომენტარებში.

“როგორც რექტორი, ვაცნობიერებ ჩემს პასუხისმგებლობას და რა თქმა უნდა, არ განვიხილავ რექტორის გადადგომის რაიმე შესაძლებლობას. მაგრამ პროცესი, როგორც მიმდინარეობს, საბოლოო ჯამში, მიმართულია იქითკენ, რომ მაიძულონ გადავდგე. რექტორი თუ გადადგა, უნივერსიტეტი უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდება, ამიტომ არ ვაპირებ გადადგომას. ჩემის აზრით, მთავარი არ არის გაფრინდაშვილი. აქ უკვე მთავარია დარტყმა რექტორზე”, – განაცხადა ლადო პაპავამ და დასძინა – “მეც ჩვეულებრივი ადამიანი ვარო”.

და მაინც, ვინ არის ე.წ. ოდეერი?

ეს სიტყვა რუსული აბრევიატურა ОДР-იდან მომდინარეობს და ითარგმნება, როგორც მოქმედი რეზერვის ოფიცერი. ამ ადამიანებს უნივერსიტეტებში ნიშნავდნენ, რათა საზღვარგარეთ თავშესაფარი ჰქონოდათ. უფრო კონკრეტულად რომ განვმარტოთ, ამა თუ იმ პიროვნებას უნივერსიტეტში პირობითად აფორმებდენენ დეკანის მოადგილედ და თუ ის სამუშაოდ საზღვარგარეთ წავიდოდა, მას ჰქონდა ნიღაბი, რომ ის იყო დეკანის მოადგილე. ეს ინსტიტუტი ქვეყნის უშიშროების სამსახურის ინტერესებიდან გამომდინარე შეიქმნა. უშიშროების სამსახურის მთავარი მიზანი კი ქვეყნის შიგნით უსაფრთხოების დაცვაა.

როგორც Dalma News-ს უშიშროების სამსახურის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა განუმარტა, თუ “ოდეერი” არ იქნება უნივერსიტეტში, ან სხვა ნებისმიერ დაწესებულებაში, მაშინ უშიშროების სამსახური ვერ შეძლებს იმ არაკეთილმოსურნის “გაშიფრვას”, რომელიც ადვილი შესაძლებელია უცხოელი პროფესორის, თუ სტუდენტის ნიღაბს იყოს ამოფარებული და სინამდვილეში, რომელიმე ქვეყნის აგენტი, ან თუნდაც ტერორისტი აღმოჩნდეს. წყაროს განმარტებით, “ოდეერი” ადგილობრივ კადრებს არ უთვალთვალებს, მას ქვეყნის მტრის გამოვლენა ევალება, თუმცა უნივერსიტეტში მათი ჩანერგვის აუცილებლობას ვერ ხედავს. Dalma News-ის წყარო ამას ექსპრეზიდენტ სააკაშვილის ხელისუფლების ნამოქმედარად მიიჩნევს, რათა “ნაციონალურ მოძრაობას” უნივერსიტეტის პერსონალისა და სტუდენტების შესახებ დეტალური ინფორმაცია ჰქონოდა.

ქართველი გენერალის განაცხადებით, ეს ინსტიტუტი საკმაოდ აპრობირებულია ევროპაში და მსოფლიოს ყველა ნორმალურ ქვეყანაში. დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, თუ აშშ-ში ძნელად თუ გაარჩევენ, ვინ დაზვერვის თანამშრომელია და ვინ საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ირგვლივ განვითარებულ პროცესებს, ამ დღეებში პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც გამოეხმაურა და კმაყოფილება გამოთქვა, რომ სტუდენტებმა პროტესტის მშვიდობიანი ფორმა აირჩიეს, თუმცა დაადასტურა, რომ წარსულში უნივერსიტეტის თვითმმართველობებს პოლიტიკოსები საკუთარი მიზნებისთვის აქტიურად იყენებდნენ.

“სამწუხაროა, რომ წარსულში მომხდარი პრეცედენტების გამო, თვითმმართველობაზე ნეგატიური აზრი შეიქმნა. იყო დრო, როდესაც გარკვეულწილად, თვითმმართველობისა და სტუდენტების გულწრფელ პროტესტს პოლიტიკოსები საკუთარი მიზნებისთვის იყენებდნენ.
ჩვენ ვემიჯნებით ასეთ ხედვას და მოვუწოდებთ ყველა ახალგაზრდას, ჩაერთოს მოლაპარაკების პროცესში, რეფორმების პროცესში და ჩვენ აუცილებლად მივიღებთ ისეთ მოდელს, რომელიც იქნება პროგრესული და სადაც, აღარ იქნება მიზეზი იმისთვის, რომ სტუდენტები ქუჩაში გამოდიოდნენ და სასწავლო პროცესი იშლებოდეს”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

თავის მხრივ ქვეყნის პრემიერი ახალგაზრდებს უმაღლესი განათლების სისტემის ძირეულ ცვლილებებს დაჰპირდა და განაცხადა, რომ მისთვის უმნიშვნელოვანესია, თითოეული სტუდენტისა და ახალგაზრდის აზრი.

როგორ განვითარდება მოვნელები მომავალი გვიჩვენებს. სტუდენტებმა საპროტესტო გამოსვლები 16 აპრილამდე შეწყვიტეს და მათი მოთხოვნების შესასრულებლად ხელისუფლებას და უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას “გონივრული ვადა” მისცეს. მსგავსი პროცესების დროს, ბუნებრივად ჩნდება ეჭვი, რომ საქმეში გარკვეული პოლიტიკური ძალების, უპატიოსნო თამაშის მოყვარულთა ხელი ურევია. თუმცა, პროტესტანტმა სტუდენტებმა, პირველი დღეებიდან განაცხადეს, რომ ყველა პოლიტიკურ ძალას ემიჯნებიან და არ სურთ მათი შეფასებების, ან რჩევების მოსმენა. პროცესებისგან შეძლებიდაგვარად დისტანცირება მოახდინეს ხელისუფლების წარმომადგენლებმაც და პრობლემის მოგვარება რექტორატსა და სტუდენტებს შორის მოლაპარაკებებს მიანდეს. ყოველ შემთხვევაში ოფიციალურად ასე განცხადეს.

გიორგი ქართველი, Dalma News-თვის