თურქული სკოლების წინააღმდეგ აგორებულმა რეპრესიულმა ტალღამ, უკვალოდ არც საქართველოში ჩაიარა. ერთმანეთის მიყოლებით იხურება სასწავლო დაწესებულებები, რომლებიც შპს ჩაღლარის საგანმანათლებლო სივრცის (Çağlar Eğitim Kurumlar) ნაწილად მიიჩნევა. აღნიშნული სკოლები ანკარის მიერ მტრად შერაცხული, ფეთჰულა გიულენის სახელს უკავშირდება.

mamuka aresidzeრამდენად თვალშისაცემია თურქეთის ხელისუფლების გავლენა საქართველოზე, მიზანშეწონილია თუ არა პოლიტიკური მოსაზრებების გამო იხურებოდეს წარმატებული სასწავლო დაწესებულებები და რამდენად ეფექტიანია საქართველოს ხელისუფლების საგარეო, თუ საშინაო პოლიტიკა, ამის შესახებ Dalma News-ს “სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის” ხელმძღვანელი მამუკა არეშიძე ესაუბრა.

– საქართველოში თურქული სკოლების გახსნას თავიდანვე მოჰყვა ადგილობრივი საზოგადოების პროტესტი. შემდგომში ამ სკოლებმა მოახერხეს მუშაობის ისე დალაგება, რომ ქართულ საზოგადოებას მათ მიმართ ანტაგონიზმი არ ჰქონოდა. ჩაღლარის სკოლები მუსულმანურ და ქრისტიანულ ქვეყნებში განსხვავებულად იქცევიან.

– რას გულისხმობთ?

– ქრისტიანულ ქვეყნებში ცდილობენ იყვნენ იმ ფსიქოლოგიური განწყობის ერთგულნი, რომელიც ქვეყანაში არსებობს. საქართველოში, სასწავლო პროგრამასთან დაკავშირებით, მათი მხრიდან თითქმის არანაირი გადაცდომა არ ყოფილა. სამწუხაროდ შაჰინის და დემირელის სკოლას ერთი ტიპის გადაცდენა ქონდათ. ეს იყო თურქულენოვანი სექტორების არსებობა, რასაც ამ სკოლების წესდება არ ითვალისწინებდა. ამ სკოლების დახურვა, რომ პოლიტიკურ ნიშანს ატარებს და პოლიტიკური კონიუნქტურის შედეგია, ამას ლაპარაკი არ უნდა. ერდოღანი ძალიან სერიოზულ ზემოქმედებას ახორციელებს საქართველოს ხელისუფლებაზე – დღე არ გავა, რომ ანკარიდან არ იყოს ზარი.

აღარაფერს ვამბობ თურქეთის საელჩოს აქტივობაზე. აზერბაიჯანში ეს სკოლები ხელის ერთი მოსმით დაიხურა, ძალიან ბევრი ადამიანი დაიჭირეს, სხვათა შორის მაღალი თანამდებობის პირები, რომლებსაც ე.წ. ნურსისტობა დააბრალეს, ანუ იმ იდეოლოგიის ერთგულება, რომელსაც ვითომ ატარებს გიულენი. სინამდვილეში ნურსის ფილოსოფიური მოძღვრება და გიულენის მოძღვრება თანხვედრაში არ არის. თავის დროზე გიულენმა მოიყვანა ხელისუფლებაში ერდოღანი, მაგრამ, დაახლოებით 6-7 წლის წინათ მათი გზები გაიყო.

რასაკვირველია საქართველოს ხელისუფლება გარკვეული ზემოქმედების ქვეშ არის და იძულებულია შემხვედრი ნაბიჯები გადადგას. სერიოზული მიზეზის გარდა დაუშვებელია ამ სკოლების დახურვა და მისი რომელიმე თანამშრომლის თურქეთისთვის გადაცემა. ეს ნიშნავს, რომ მათ სიკვდილზე მოვაწერთ ხელს. არც ერთი მათგანი არ არის ტერორიზმში მხილებული, რასაც თურქული მხარე აბრალებს.

თუ ისინი თავიანთ სასწავლებლებში ტერორისტულ უჯრედებს ქმნიან, გამოდის რომ ზაზა ფაჩულია ტერორისტი ყოფილა, რომელიც ამ სკოლის კურსდამთავრებულია და შემდგომშიც, ამ სკოლამ გაუკვალა გზა თურქეთისკენ, “ულკერში” სათამაშოდ.

არის კიდევ მეორე ტიპის ზემოქმედება აშშ-სა და ევროპული სტრუქტურებისგან. ამგვარად საქართველოს ხელისუფლება ორ ცეცხლს შუაა და იძულებულია იმუშაოს იუველირად, რომ რამე არ შეეშალოს. შევდივარ საქართველოს ხელისუფლების მდგომარეობაში, მაგრამ ვურჩევ მაქსიმალურად შეეცადონ ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე არ შეექმნას.

– ამ ფონზე როგორ შეაფასებთ საქართველოს საგარეო პოლიტიკას, თურქეთის აქტიურ გავლენას განიცდის?

– თურქეთის ზემოქმედებას ჩვენ კი არა, ხშირად მისი მეზობელი, ნატოს წევრი საბერძნეთი ვერ უძლებს, აღარ მაქვს საუბარი ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებზე, სადაც მიუხედავად იმისა, გამოსდის თუ არა, თურქეთი ყველას კარნახობს თავის სურვილებს. მას სურს გახდეს რეგიონალური ზე-სახელმწიფო. პატარა საქართველოს, რომელიც ისედაც არაკეთილმოსურნეთა გარემოცვაშია, თურქეთთან ურთიერთობის გაფუჭება ნამდვილად არ აწყობს, მით უმეტეს, რომ თურქეთი რეგიონში რუსეთის პოლიტიკის ერთგვარად აბალანსებს.

ზოგადად, საქართველოს საგარეო პოლიტიკას წელს, ძალიან დიდი წარმატება ჰქონდა. ვგულისხმობ იმ დოკუმენტს, რომელიც ამერიკის კონგრესმა მიიღო და კანონის სახე მიეცა. სადაც სერიოზულ საფრთხედ არის შეფასებული საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას მიმართ რუსეთის დესტრუქციული ქმედებები.

ამ დოკუმენტის მიღება განაპირობა აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ახალმა მიდგომებმა და რუსეთის ქმედებამ უკრაინის მიმართ. ამ თემამ გააღვიძა საქართველოს ცოტა მიძინებული საკითხი. მაგრამ, სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ძალიან კარგად იმუშავა აშშ-ში საქართველოს საელჩომ, კერძოდ – ელჩმა დავით ბაქრაძემ. ნუ დაგვავიწყდება ისიც, რომ პირველ ოთხ ლიდერს შორის, რომლებსაც აშშ-ს ახალი პრეზიდენტი შეხვდა, იყო საქართველოს პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი. ეს არ არის შემთხვევითობა.

– როგორია საქართველოს რეგიონალური პოლიტიკა?

– სუსტი. ეს ის საკითხია, რის გამოც ხშირად ვაკრიტიკებ ხელისუფლებას. საქართველოს საზღვრის გასწვრივ, სომხეთის გარდა, ყველგან ცხოვრობენ ქართული ეთნოსის წარმომადგენლები – აზერბაიჯანში ინგილოები, რუსეთში სოჭის ქართველები, თურქეთში მუსულმანი ქართველები და ა.შ. ამ მიმართულებით ბევრი რამის გაკეთება შეიძლება. ეს ძალიან სერიოზული რესურსია.

ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს ჩრდილოეთ კავკასიის მიმართ საქართველოს პოლიტიკა. გარდა ამისა, ჩვენ ცოტა “გავათავხედეთ” ზოგიერთი მეზობელი. ეს სააკაშვილის დამსახურებაა, მაგრამ ამ ხელისუფლებამაც განაგრძო.

ვგულისხმობ “სოკარის” მონოპოლისტობას საქართველოში

ჩვენ მკვეთრად გამოხატული და გასაგები პოლიტიკა უნდა გვქონდეს მეზობელი სახელმწიფოების მიმართ, სხვა ტიპის თანამშრომლობაა საჭირო შავის ზღვის აუზის ქვეყნებთან და რა თქმა უნდა აუცილებელია რუსეთთან ურთიერთობის ინტენსიფიკაცია.

– დღეს რა ეტაპზეა საქართველო-რუსეთის ურთიერთობა?

– არავითარ ეტაპზე არ არის. გვაქვს სიჩუმე და მოჩვენებითი სიმშვიდე. კარგი იქნება, თუ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში კონრად ადენაუერის ბიოგრაფიას გადაიკითხავენ და მის ქმედებებს შეისწავლიან. კონრად ადენაუერი ყველაზე კრიტიკულ პერიოდში იყო გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერი და მიუხედევად იმისა, რომ რუსებმა და გერმანელებმა ერთმანეთი გაანადგურეს, პირველი იყო, ვინც XX საუკუნის 50-წლების ბოლოს რუსეთში ჩავიდა და კონტაქტის ფორმატი შექმნა.

– საქართველოს ხელისუფლებას რუსეთთან ურთიერთობის გააქტიურებას ურჩევთ?

– აუცილებლად. უნდა გააქტიურდეს სხვადასხვა დონეზე და უნდა შექმნას ძალიან ძლიერი ლობისტური ჯგუფები. დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე არ ვსაუბრობ, ეს ნაადრევია. ყველა დონეზე უნდა იმართებოდეს შეხვედრები და არა კულუარული, ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს ფოიეში. ხალხმა უნდა იცოდეს ამ შეხვედრების შესახებ. იმ პირობებში, როდესაც რუსეთი თანახმა არ არის შეზღუდოს თავისი გადაწყვეტილებები, არავითარ დიპლომატიურ მოლაპარაკებებს აზრი არ აქვს. მაგრამ პოზიციების შეჯერება და გარკვეული ნაბიჯების გადადგმა აუცილებელია, თუნდაც იმისთვის, რომ არსებულ ვითარებაში ბზარი შევიტანოთ.

– რით ახსნით ხელისუფლების რეგიონული პოლიტიკის სისუსტეს, არ სცალია, დაინტერესებული არ არის თუ…

– ეს სიტყვები, რაც თქვით, ყველაფერი გამოდგება ამ შემთხვევაში. პლიუს რეგიონის არცოდნა. ჩვენს საგარეო უწყებაში სამწუხაროდ ძალიან ცოტაა ისეთი დიპლომატი, ვინც კარგად იცნობს რეგიონს. დამისახელეთ ერთი მოხელე, რომელმაც იცის აზერბაიჯანული ან სომხური ენა, ვინც იცნობს აზერბაიჯანელისა და სომეხის მენტალიტეტს, რუსზე აღარ ვამბობ. სამაგიეროდ ამ ქვეყნებში ჰყავთ ისეთი მოხელეები, რომლებმაც ქართული ენა ძალიან კარგად იციან. მენტალიტეტის ცოდნა უმნიშვნელოვანესი რამ არის.

– აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტს როგორ შეაფასებთ?

– ეს უდიდესი მოვლენა იყო ჩვენისთანა პატარა ქვეყნისთვის. მიუხედავად იმისა, რომ კავკასიის რეგიონში ვართ საკვანძო, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გეოპოლიტიკური როლის თამაში შეგვიძლია. ამის მიუხედავად, აქ ჩამოდის აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი. ვიცე-პრეზიდენტი ამერიკაში ყოველთვის დეკორატიული ფიგურა იყო, პრეზიდენტმა ტრამპმა კი, უამრავი ფუნქცია მიანიჭა.

მაიკ პენსის ჩამოსვლა მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ, მისი ჩამოსვლის პარალელურად რუსეთის პრეზიდენტი აფხაზეთში ჩავიდა. იმ დღეებში, პატარა საქართველოს ტერიტორიაზე ორი ზე-სახელმწიფოს ლიდერები ერთმანეთს კუნთებს უჩვენებდნენ. შემეკითხებით, ჩავიდოდა პუტინი აფხაზეთში, თბილისში პენსი რომ არ ჩამოსულიყო? არ ჩავიდოდა. ეს იყო საპასუხო ვიზიტი.

რთულ რეგიონში გვიწევს ცხოვრება, მაგრამ სწორად თუ გამოვიყენებთ ვითარებას, შეგვიძლია დანის წვერზე გავიაროთ

– სომხეთმა საქართველოში დაგეგმილ ამერიკის სამხედრო წვრთნებში («Agile Spirit – 2017») მონაწილეობა არ მიიღო. როგორ შეაფასებთ მის ამ ქმედებას?

– სომხეთი მანამდე მონაწილეობდა ყველა წვრთნებში, რომლებმაც აქ ჩაიარა. მაგრამ ის წვრთნები იყო ძირითადად დეკორატიული. ეს კი, შედარებით სერიოზული წვრთნები იყო, ამერიკული იარაღისა და სატანკო კოლონების გამოყენებით. რუსეთი შეშინდა, რომ მისი მოკავშირე ამ წვრთნებში მიიღებდა მონაწილეობას, თუნდაც დამკვირვებლის სტატუსით და ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ ერევანს მონაწილეობაზე უარი ეთქვა.

maxresdefaultმე ვესაუბრე ჩემს კოლეგებს და ვიცი, როგორ უნდოდა სომხეთს ამ წვრთნებში მონაწილეობა. კიდევ ერთხელ დამტკიცდა რომ სომხეთი რუსეთის ნებაზეა დამოკიდებულია, ისევე, როგორც საქართველო ვაშინგტონის ნებაზე. თუმცა, საქართველოს ჯერ კიდევ შეუძლია პოლიტიკური მანევრი, ეს დამოკიდებულია ქართველ სახელმწიფო მოხელეებზე, რამდენად ჩაბმულნი ვიქნებით ამერიკის პოლიტიკაში კარგი და ცუდი გაგებით. აქ თუ ამერიკელების ნებართვის გარეშე გადაწყვეტილებას ვერ მივიღებთ, ეს საქართველოსთვის ძალიან ცუდი იქნება.

– ამის გამო დაიძაბება საქართველო-სომხეთის ურთიერთობა?

– ამ ორი ქვეყნის ურთიერთობის გართულება ძალიან ძნელია. ხშირად იწერება ქართულ პრესაში, – არიქა სომხები აურევენ ვითარებას ჯავახეთშიო. ერევანს ეს არ აწყობს. მას აქვს შანსი სატრანზიტო ფუნქცია მიიღოს იმ შემთხვევაში, თუ ირანი-საქართველოს ეკონომიკური კავშირი იქნება მდგრადი და პერსპექტიული.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს, როდესაც კასპის ხიდი ააფეთქეს, 12 დღის განმავლობაში სომხეთს სურსათი არ მიეწოდებოდა. მაშინ ერევნიდან ჩამოვიდა სარკინიგზო ბრიგადა და ხიდის აღდგენის სურვილი გამოთქვეს. ჩრდილოეთ ირანიდან ყველაზე უკეთესი სატრანზიტო გზა არის შავი ზღვა და ფოთი. მით უმეტეს, რომ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით ტრანზიტის ტარიფი 30 %-ით შემცირდა, ასე, რომ გადასარევი სატრანზიტო პოლიტიკა გვაქვს სომხეთის მიმართ. არაფერი შეცვლის სომხეთ -საქართველოს ურთიერთობას, თუმცა, არ ვიცი რა იქნება ხვალ.

– მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებზეც გკითხავთ, რა მოლოდინები გაქვთ?

– “ქართული ოცნება” ბევრ რეგიონში გაიმარჯვებს, მაგრამ არის რეგიონები, სადაც სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა იქნება, მათ შორის ზუგდიდში. თბილისში საუბარია იმაზე, მეორე ტური იქნება თუ არა. “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი კახი კალაძე სხვებთან შედარებით ძალიან წინ არის თავისი ბუნებიდან, ქარიზმატულობიდან გამომდინარე და იმის გამოც, რომ ოპოზიციამ ვერ მოახერხა ერთიანი კანდიდატის წარდგენა. “ქართული ოცნებისთვის” და თვითონ კახი კალაძისთვის მეორე ტური უკვე წარუმატებლობას ნიშნავს.

რაც შეეხება შინაარსს, დღეს ვერ ვხედავ, რომ თვითმმართველობა იყოს ის ძალა, რომელსაც შეუძლია ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა. არჩევნებიდან არჩევნებამდე კადრებს ცვლის “ქართული ოცნება”, რაც არ მომწონს. “ნაციონალური მოძრაობის” წევრები მოხვდნენ “ოცნების” სიაში. კოჰაბიტაციის ეს ფორმა ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია, თუმცა, შემიძლია გავიგო კოჰაბიტაციის ის ფორმა, რომ მტერი რაც შეიძლება ახლოს უნდა გყავდეს, მით უმეტეს თუ იყიდება. მაგრამ ყველა შემთხვევაში ეს არ გამოდგება.

ესაუბრა შორენა პაპაშვილი