იუნესკო-ს მსოფლიო მეხსიერების საერთაშორისო რეესტრში შეიტანეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში დაცული 8 უძველესი ხელნაწერი. ქართული ხელნაწერები იმ 47 კოლექციასა და დოკუმენტს შორის მოხვდა, რომელიც რეესტრს 2015 წელს შეემატა. ეს გადაწყვეტილება იუნესკოს მსოფლიო მეხსიერების პროგრამის საერთაშორისო მრჩეველთა კომიტეტმა, 4-6 ოქტომბერს არაბთა გაერთიანებულ ემირატებში, აბუ-დაბიში გამართულ სხდომაზე მიიღო. რეესტრში შესატანად 61 ქვეყნიდან 88 კოლექცია, თუ ცალკეული დოკუმენტი იყო წარდგენილი.
ორწლიანი განხილვის შემდეგ, ამიერიდან იუნესკოს მსოფლიო მეხსიერების საერთაშორისო რეესტრში შევა და საერთაშორისო დონეზე იქნება დაცული ეროვნული არქივის მიერ წარდგენილი ხუთი ხელნაწერი წიგნი და სამი საისტორიო დოკუმენტი, რომელთა შორის უძველესია IX საუკუნის ანბანდიდი სახარება.
ეტრატზე შესრულებული ეს წიგნი იმ ძალზე იშვიათ ხელნაწერთა რიგშია, რომლებიც თავიდან ბოლომდე ნაწერია ქართული დამწერლობის უძველესი სახით – ასომთავრულით. იგი უმნიშვნელოვანესი საფეხურია ზოგადად ხელნაწერი წიგნის, უძველესი თარგმანების, დეკორირების ელემენტების შესწავლის საქმეში. სახარება ყველა კოლექციაში არსებულ ქართულ ხელნაწერთაგან ერთ-ერთი უძველესი და უძვირფასესია.
ანბანდიდის სახარების გარდა იუნესკოს მსოფლიო მეხსიერების საერთაშორისო რეესტრში კიდევ შვიდი ქართული ხელნაწერი შევიდა. ესენია: მეათე საუკუნის ფსალმუნები, რომლებიც ორფურცელზე ფრაგმენტული საზით არის დაცული. ფსალმუნებით დასტურდება, რომ უკვე მეათე საუკუნეში საქართველოში არსებობდა ფსალმუნთა არაერთი თარგმანი და ნუსხა, რაც ჩვენს ქვეყანაში მწიგნობრობის მაღალ კულტურასა და უცხოეთის უმძლავრეს კულტურულ კერებთან აქტიურ ურთიერთობაზე მიუთითებს.
ასევე მეათე საუკუნეს განეკუთვნება ლექციონარი, ერთი ფურცელი. შესრულებულია ასომთავრულით. როგორც ეროვნული არქივის ძველ საბუთთა განყოფილების უფროსმა მანანა ჭუმბურიძემ გვითხრა, ლექციონარების ტრადიცია, ლიტურგიკულ მიმართულებაში ადრევე მოისპო. ამდენად, ქართული და რიგ აღმოსავლურ ენებზე შემორჩენილი ლექციონარები საუკეთესო საშუალებაა, ერთი მხრივ, გარკვეული წარმოდგენა შეიქმნას ადრეული ლიტურგიკული მსახურებების შესახებ, მეორე მხრივ, აღდგეს ძველი და ახალი აღთქმის საკითხავების კიდევ უფრო ძველი თარგმანები, ვიდრე ეს ჩვენთვის აქამდე ცნობილია ცალკეული ხელნაწერებისა თუ მათი ფრაგმენტების მეშვეობით.
იუნესკოს მსოფლიო მეხსიერების რეესტრში შეიტანილი ქართული ხელნაწერები იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო დარბაზში მხოლოდ ერთი დღით გამოიფინა. დამთვალიერებელს საშუალება ჰქონდა საკუთარი თვალით ეხილა ისტორიული მნიშვნელობის ხელნაწერები და საუკუნეების წინანდელი კულტურისა და მწგნობრობისთვის თანამედროვეობიდან შეეხედა. ულამაზესი კალიგრაფიით შესრულებული ხელნაწერები, ბევრისთვის დღესაც გამოდგება ნიმუშად.
როგორც Dalma News-ს მანანა ჭუმბურიძემ განუცხადა, საბუთების წარმოებით საქართველოში საგანგებოდ განსწავლული ადამიანები იყვნენ დაკავებულები და ისინი სამეფო კართან მეტად დაახლოვებულნი იყვნენ. მათ ხელში გადიოდა ყველა დოკუმენტი და მათ კალამი წერდა ყველა ოფიციალურ გზავნილსა, თუ წერილს, უცხოელი სტუმრების მიღებაც მათ ევალებოდათ. ამ ადამიანებს ლამის მეფის მოსასვენებლის კარის ზღურბლსმიღმა ეძინათ.
“ხელნაწერები იმითაც არის უნიკალური, რომ მელანი, რომლითაც ისინი იწერებოდა იმდენად კარგი ხარისხისაა, რომ დღემდე არ გაფერმკრთალებულა. მელანს საქართველოში ამზადებდნენ, ფურცლები სხვა ქვეყნებიდან შემოჰქონდათ. ხელნაწერებში ძირითადად გვხვდება შავი, წითელი და ყავისფერი მელნები”, – ამბობს ქალბატონი მანანა.
ეროვნული არქივის საგამოფენო დარბაზში მისულ დამთვალიერებელს ასევე შეეძლო რამდენიმე ძველ ქართულ მანუსკრიპტთან ერთად, ქართული სანოტო ნიშნების უნიკალურ სისტემა ენახა, რომელსაც X-XI საუკუნეების ეტრატი ინახავს. ცნობილია, რომ ამ ნოტების ამოცნობა, ზეპირი ტრადიციის საფუძველზე, მეცხრამეტე საუკუნის ჩათვლით ხერხდებოდა. დღეისათვის, სამწუხაროდ, ეს ტრადიცია დაკარგულია.
ცალკე აღნიშვნის ღირსია ქართული პალიმფსესტი, რომლის ქვედა ფენა ნუსხურია. ზედა ფენაზე კი 1440-1462 წლების ისტორიულ საბუთებს ვეცნობით. წერილს მანგლელ-თბილელი მთავარეპისკოპოს იოვანესი ქორეპისკოპოს დანიელ ნექისძეს წერს. საბუთს თან ახალავს ხელრთვები, ანუ ხელმოწერა. აქვე ვნახეთ ორენოვანი პალიმფსესტი, რომელზედაც ქვედა ფენაზე სომხური ასომთავრული ხელნაწერი იკითხება, ხოლო ზედა ფენაზე X საუკუნის ისტორიული საბუთი – 1441 წლით დათარიღებული შეუვალობის განახლების სიგელი, მეფე ალექსანდრე დიდისა ივანე მაკუჭაძისადმი. საბუთს თან ახლავს მეფე ალექსანდრე დიდის ხელმოწერა და გრაგნილი. ეტრატის ქვედა ფენებზე სომხური ასომთავრულის ნაკვალევი სხვა ხელნაწერებშიც შეინიშნება.
და ბოლოს ქართული პალიმფსესტი. 41 ფურცელზე კუთხოვანი ნუსხურით დაწერილი ХIII-XIV საუკუნის მარხვანი. ქვედა ფენაზე კი IX საუკუნის ხელნაწერი იკითხება.
იუნესკოს მსოფლიო მეხსიერების საერთაშორისო რეესტრი ამჟამად 348 დოკუმენტსა და კოლექციას შეიცავს. ამ სიაში ქართული ისტორიული საბუთები პირველად შევიდა. 2011-2013 წლებში ეროვნულმა არქივმა კოლექციას რამდენიმე ქართული ხელნაწერი შეჰმატა, ესენია: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა” და „გეოგრაფიული ატლასი”, “ვეფხისტყაოსნის“ ხელნაწერების კოლექცია და ბიზანტიური პერიოდის ქართული ხელნაწერები.
ქალბატონი მანანა ამ საქმეს წლებია ემსახურება და ამბობს, რომ თავს ბედნიერად გრძნობს, როცა სამშობლოს წარსულს ასე ახლოდან ეცნობა. ყოველი ხელნაწერის ხელახლა წაკითხვა მისთვის ახალი აღმოჩენაა. ამ დოკუმენტების მსოფლიოსთვის გაცნობა კი გვაძლევს საშუალებას დანარჩენ მსოფლიოს ვუთხრათ, რომ ჩვენ უძელესი ცივილიზაციის ნაწილი ვართ, სადაც ღმერთის მიმართ დიდებით იწყებოდა ყოველი ახალი საქმე. საქართველოს ეროვნული არქივი მომავალში იუნესკოს სხვა დოკუმენტებსაც წარუდგენს.