რა საერთო აქვთ ჩეხეთის პრეზიდენტ ვოცლავ კლაუსსა, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ექს-თავმჯდომარეს ძიან ძემინს და ლეილა ალიევას შორის? თითქოს არაფერი. თუმცა ყველაფერი ასე იოლად როდია: რუსეთის პრეზიდენტის 2015 წლის 20 ოქტომბრის განკარგულებით, ლეილა ალიევა ალ.პუშკინის სახელობის მედლით დააჯილდოვეს, რუსეთის ფედერაციასთან მეგობრობისა და თანამშრომლობის განმტკიცების, ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების, საზღვარგარეთ რუსული ენისა და კულტურის შენარჩუნება-პოპულარიზაციის საქმეში დიდი წვლილის შეტანისთვის.
ლეილა ალიევა – აქტიური გოგონაა. გარდა იმისა, რომ იგი ჰეიდარ ალიევის ფონდის პრეზიდენტი და რუსეთის ფედერაციაში ჰეიდარ ალიევის ფონდის წარმომადგენლობის ხელმძღვანელია, ასევე არის ჟურნალ “ბაქოს” მთავარი რედაქტორი, საერთაშორისო დიალოგის ახალგაზრდული ფორუმის “ОИК”-ის გენერალური კოორდინატორი, რუსეთში აზერბაიჯანული ახალგაზრდული ორგანიზაცია “АМОР”-ის თავმჯდომარე, გარემოს დაცვის საერთაშორისო დიალოგის ინიციატივის “IDEA”-ს დამფუძვნებელი და ა.შ.
ლეილა 30 წლისაა. მან საშუალო განათლება შვეიცარიასა და დიდ ბრიტანეთში მიიღო, დაამთავრა ევროპის ბიზნესის სკოლა, შემდეგ კი 2 წელი საერთაშორისო ურთიერთობების მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობდა, სადაც უნივერსიტეტის „აზერბაიჯანულ კლუბს“ ხელმძღვანელობდა.
პუშკინის მედალი ლეილა ალიევას პირველი ჯილდო არ არის, რომელიც რუსეთში მიიღო. 2012 წლის 12 სექტემბერს აზერბაიჯანის პრეზიდენტის ქალიშვილი დააჯილდოვეს მედლით “ასტრახანის ოლქის წინაშე დამსახურებისთვის”. 2013 წლის დეკემბერში ანალოგიური მედალი მიიღო ვოლგოგრადის ოლქის სახელით, ხოლო იმავე წლის ოქტომბერში ლეილა დაჯილდოვდა წმინდა ოლგა მესამე დედოფლის ორდენის ხარისხით.
2011 წელს ლეილა ალიევას სამშობლოში გადაეცა მედალი “პროგრესი”, რომელიც მიენიჭა მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის სფეროში მიღწეული წარმატებისთვის, დიდი მნიშნელობის ინოვაციური წინადადებებისა და აღმოჩენების, მეცნიერების, კულტურის, ლიტერატურის, ხელოვნების, სახალხო განათლებისა და ჯანდაცვის დარგებში მიღწევების, მშენებლობის, სამეურნეო ნაგებობების რეკონსტრუქციის დარგში გამორჩეული მიღწევების, ფიზიკური კულტურისა და სპორტის განვითარებაში ნაყოფიერი საქმიანობისათვის.
ალ.პუშკინის სახელობის მედალი, რომელიც ლეილა ალიევას გადასცეს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის განკარგულებით 1999 წელს დაარსდა და ის გადაეცემა რუსეთის მოქალაქეებსა და უცხოელებს კულტურისა და ხელოვნების, საგანმანათლებლო, ჰუმანიტარული მეცნიერებისა და ლიტერატურის დარგში მიღწევებისთვის, ასევე კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება-შესწავლაში დიდი წვლილის შეტანის, ერებისა და ხალხების კულტურების დაახლოება და ურთიერთდახმარების, მაღალმხატვრული სახეების შექმნისთვის.