სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ახალი მინისტრი კახა კახიშვილი პრეზიდენტსა და შეწყალების კომისიას მიმართავს, ქალ მსჯავრდებულთა საკითხები უფრო სიღრმისეულად განიხილონ და დაჩქარდეს დაბალი რისკის მქონე ქალი პატიმრებისთვის ცალკე დაწესებულების გახსნის პროცესი.
როგორც კახა კახიშვილმა ჟურნალისტებს სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე განუცხადა, წლის ბოლომდე უნდა გახსნილიყო თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულება, სადაც დაბალი რისკის მქონე ქალ პატიმრებს უქმე დღეებში სახლში წასვლის უფლება ექნებათ. მაგრამ, პროექტის განხორციელება 13 ივნისის სტიქიამ შეაყოვნა, რადგან სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის თანხების მიმართვამ, ფინანსური პრობლემები წარმოქმნა.
“ამის მიუხედავად, მე და ბატონმა გიორგიმ ვისაუბრეთ და ყველა თანხის მობილიზებას მოვახდენთ, რათა საძირკველი მაინც ჩავუყაროთ და რამდენიმე თვეში მაინც გავხსნათ დაწესებულენა. ეს არის ძალიან დიდი პრობლემა ქალებისთვის. მივმართავ შეწყალების კომისიასა და საქართველოს პრეზიდენტს, რომ არ იქნება ცუდი, თუ უფრო სიღრმისეულად ა განიხილავენ ქალ მსჯავრდებულთა საკითხებს”, – განაცხადა მინისტრმა.