ცოტა პური, ცოტაც ღვინო და ბევრი ყველი, რაც მთავარია ქართული სტუმართმასპინძლობა და რიყეზე საგანებოდ მოწყობილი სცენიდან აჟღერებული ქართული მრავალჟამიერი. რამდენიმე სიტყვით ამგვარად აღვწერ იმ სადღესასწაულო და მეგობრულ გარემოს, რომელსაც გასულ უქმეებზე თბილისის ერთ-ერთ ძველ უბანში, რიყეზე ნახავდით.
საქართველოში ყველის წარმოების კულტურა ისეთივე უძველესია, როგორც ღვინის. რიყეზე გამართული ფესტივალი “კავკასიური ყველი 2015”-ის მსგავსი ღონისძიებებიც, სწორედ, ქართული ყველის პოპულარიზაციას და საუკუნეების მანძილზე დაკარგული სახეობების აღორძინებას ემსახურება. ყველის მწარმოებელთა გილდიის ორგანიზებით, საქართველოს დედაქალაქში ყველის ფესტივალი უკვე მესამედ გაიმართა და როგორც ორგანიზატირები ამბობენ ეს ტრადიციად დამკვიდრდება.
წლეულს აქცენტი კავკასიური ყველის საუკეთესო სახეობებზე გაკეთდა. საქართველოს ყველა რეგიონიდან 60-მდე სახეობის ყველი იყო წარმოდგენილი: დამბალ-ხაჭო, მუჩლი, გუდა, ჩეჩილი, ჩლეჩილი, ჩოგი, ტენილი, ნარჩვი, ლაგუჯიში, სულგუნი, ბერქეიზი, შუშველა, თაფლში და ღვინოში დავარგებული ყველი, ყველის როლები სხვადასხვა გულსართით, შებოლილი ყველი, ბეშუმური, ჭაჭამოდებული, თხის ყველის ნაირსახეობები და სხვა. წლევანდელ ფესტივალში ქართველი მწარმოებლების გარდა, სომხეთისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.
ფესტივალის “კავკასიური ყველი 2015“-ის ფარგლებში გამართულ კონკურსში, დარგის სპეციალისტებითა და ყველის ტექნოლოგებით დაკომპლექტებულმა ჟიურიმ შვიდ ნომინაციაში სხვადასხვა სახეობის 12 გამარჯვებული ყველი გამოავლინა.
გამარჯვებული ყველის მწარმოებლები კი სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილე ნოდარ კერესელიძემ სპეციალური დიპლომებითა და მედლებით დააჯილდოვა. “ვულოცავ ყველა გამარჯვებულ მწარმოებელს. სწორედ მათი დამსახურებაა, რომ არ იკარგება ყველის წარმოების უძველესი, ტრადიციული მეთოდები და ყველის სახეობები. ასევე მათი დამსახურებაა, რომ ყოველ წელს ფესტივალზე მოსულ სტუმრებს ყველის მრავალფეროვანი ასორტიმენტის გაცნობისა და დაგემოვნების საშუალება ეძლევათ. ეს ხელს უწყობს ტრადიციული ქართული და ევროპული ყველის ადგილობრივ ბაზარზე პოპულარიზაციას“, – განაცხადა ნოდარ კერესელიძემ.
კატეგორიაში “ტრადიციული ყველი“ ოქროს მედალი სომხეთის წარმომადგენლებმა, კოოპერატივმა “არეგნატენმა” და საქართველომ შპს “ვან 412”-მ გაინაწილეს. “ფესტივალის აღმოჩენად” იქცა “კობის ყველი” (ინდ. მეწარმე რუსლან გუჯარაძე). ჟიურიმ “საუკეთესო დიზაინის” ავტორიც გამოავლინა, ამ კატეგორიაში ოქროს მედალი თერჯოლას ერგო. არანაკლებ ლამაზი დიზაინი ჰქონდა წარმოდგენილი ზესტაფონსაც, თუმცა ამის შესახებ ოდნავ ქვემოთ გიამბობთ. კატეგორიაში “ყველის მრავალფეროვნება და ინოვაცია“. ოქროს მედალი ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის “მონასტრის ყველმა” აიღო. “რძის ინდუსტრიულ წარმოებაში ნატურალური ხაზის პოზიცირების” კატეგორიაში ოქროს მედალი კომპანია “სანტეს” ერგო.
ფესტივალზე მისული მოხალისე დეგუსტატორების გემოვნებამ კი უპირატესობა სამცხე-ჯავახეთის ყველს მიანიჭა. ანუ მოკლედ რომ ვთქვათ, კატეგორიაში “ხალხის რჩეული” პირველი ადგილი ინდივიდუალურ მეწარმე მელს ბდოიანს მიანიჭეს, მეორეზე კომპანია “ჩიზკო” გავიდა, ხალხის სიმპათიის მესამე ადგილი პრიზიორი კი კომპანია “ნატურალ პლიუსი“ გახდა. და ბოლოს, მეშვიდე კატეგორია “ევროპული ყველის მწარმოებელი” სამი საპრიზო ადგილი გადაინაწილეს შპს “ვან 412”-მა, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივმა “ლელო”-მ და ინდივიდუალურმა მეწარმემ ნანა დათაშვილმა.
Dalma News-ი კატეგორიაში “ხალხის რჩეულის” გამარჯვებულს მელს ბდოიანს გაესაუბრა. ის ყველის ფესტივალში უკვე მესამედ მონაწილეობს და საკუთარმა პროდუქტმა წარმატება შარშანაც მოუტანა. მის დახლზე ყველის ნამდვილ დღესასწაულს ნახავდით.
“ჩვენ წარმოვადგენთ ნინოწმინდას, სოფელ არლოვკაში გვაქვს საკუთარი ფერმა და საკუთარი რძისგან ვამზადებთ სხვადასხვა სახეობის ყველს. მესამედ ვართ თბილისში ამ ფესტვალზე. შარშან ოქროს მედალი მოვიპოვეთ. ყველის 10 სახეობა გვაქვს წარმოდგენილი, მათ შორის ეროპული ტექნოლოგიით დამზადებული. გვაქს ქართული ჩანახი, სულგუნი, ყველი ტარხუნით, ბასტურმით და სხვა. ეტიკეტებზე მითითებული გვაქვს, როგორი რძისგან არის დამზადებული, როგორია მარილიანობა და ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შეინახონ ყველი,” – აცხადებს ბდოიანი.
ყველის ფესტივალზე იმერეთი თავისი ჩვეული სტუმართმასპინძლობითა და ხვავიანი სუფრით გამოირჩეოდა. ამ კუთხის წარმომადგენლებმა გამოფინეს დეკორატიულად გაფორმებული ყველის ლამის ყველა სახეობა, ასევე ყველისგან დამზადებული იმერული ხაჭაპური, აჩმა, სულგუნი ცხელი ჭადებითა და თქვენ წარმოიდგინეთ შემწვარი გოჭისა და ქათმის ხორიციც კი შესთავაზეს ფესტივალზე მისულ დამთალიერებლებსა და უცხოელ სტუმრებს. ძნელი მისახვედრი არ იქნება, რომ მათ კარავთან უშველებელი რიგი დადგებოდა. ჩამოსული სტურები აგემოვნებნენ იმერული სუფრის სიუხვეს და მიღებული სიამოვნებით გამოწვეულ ოვაციებსა და კომპლიმენტებს არ იშურებდნენ.
ფესტივალის სანახაობრივ მხარეზე თუ ვისაუბრებთ, არ შეიძლება ზესტაფონელი ინდივიდუალური მეწარმე ნანა დოხტაძე არ გაგაცნოთ. სამსართულიანი ტორტივით მორთული ყველი, ყველის კალათები, პირამიდებიც კი და საქართველოს რუკის ფორმაზე დაჭრილი ყველი. არც მისი დახლი განიცდიდა დამთვალიერებელთა სიმცირეს.
– ქალბატონო ნანა, რით არის ცნობილი ზესტაფონის ყველი?
– ჩვენი ყველი საკმაოდ ცნობილია საქართველოში, იგი კარგია ხაჭაპურში. გამოირჩევა გემოთი, ხაჭაპურში მდგრადობით, ცხიმიანობით. ჩვენ ყველს ვამზადებთ მაჭიკის კვეთზე. ბუნებირივი საშუალებაა. იყო პერიოდი, როდესაც გლეხები ქიმიურ კვეთს იყენებდნენ, მაგრამ უკვე ასეთ ყველს აღარ აქვს ფართო გამოყენება. აქედან გამომდინარე მკვეთრად მოიკიდა ფეხი უკვე მაჭიკის კვეთმა. ფესტივალზე წარმოდგენილი მაქვს ჩემი და ბიძაშვილის ოჯახის პროდუქცია, რასაც თავად ვაწარმოებთ.
-რამდენი წელია,რაც ამ საქმიანობით ხართ დაკავებული?
– 8 წელი. საკუთარი საქონელი გვყავს. ორივე ოჯახს 15 სული ძროხა. მესამედ ვმონაწილეობ ამ ფესტივალში და კმაყოფილი ვარ. შეიძლება ითქვას, რომ ზესტაფონში, ხალხი ცხოვრობს ყველის წარმოებით. არ არსებობს ოჯახი, რომ არ ჰყავდეთ პირუტყვი, აქედან გამომდინარე აღარ უჭირს ოჯახს. ასეთი შეხვედრებიც მნიშნელოვანია, არის შეთავაზებები, გლეხი საკუთარ პროდუქციას აცნობს მომხმარებელს და ცდილობს 2 მსხივლფეხა რქოსანი თუ ჰყავს მესამეც იყოლიოს. ასეთი ფესტივალები ძალიან მნიშვნელოვანია, ხალხი ეცნობა პროდუქციას. პირადად მწარმოებლისგან შეუძლიათ მიიღონ ინფორმაცია, დააგემოვნონ.
– ძალიან საინტერესო დიზაინით გაქვთ წარმოდგენილი თვენი პროდუქცია. თქვენ ხელოვანიც ყოფილხართ?
– სულ წამში მომივიდა ასეთი იდეა, რომ მხატვრულად გამეფორმებინა ჩემი პროდუქცია.
– აქ არიან სომხეთისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლებიც, ალბათ ეცნობით მათ ტექოლოგიასაც?
– წინა წლებში რაღაც-რაღაცეები გადმოვიღე. ძალიან მომეწონა მაგალითად თაფლში დამწნილებული ყველი და მეც მაქვს ახლა წარმოდგენილი. უგემრიელესია, მერე ინფორმაციაც მოვიძიე და, თურმე ეს უძველესი ქართული ტრადიცია ყოფილა.
ყველაფერი ახალი კარგად მივიწყებული ძველიაო, ჰოდა ფესტივალის ტრადიციით წახალისებულმა ინდ.მეწარმეებმა ფანტაზიას ფართო გასაქანი მისცეს. Dalma News-ს არც სომხეთის წარმომადგენელთა კარავი დაუტოვებია უყურადღებოდ, რომლებიც მოხალისე დეგუსტატორებსა, თუ უცხოელ სტუმრებს გულუხვად უმასპინძლდებოდნენ ყველით. “ჩვენი ყველი ეკოლოგიურად სუფთაა. ჩვენი სოფელი საქართველოს ნინოწმინდის რაიონის მხრიდან ესაზღვრება. ძალიან კარგი ლორი გვაქვს, ასევე სახლის ჩიჩილი, რომელსაც თიხის ქოთნებში ვამზადებთ. საქართველოში პირველად არ ვარ, მაგრამ ამ ფესტივალში პირველად ვღებულობთ მონაწილეობას. სულგუნი ქართველი კოლეებისგან ვისწავლეთ,“- მოგვეხალისა სომეხი ქალბატონი და ყველთან ერთად სომხური ლავაში შემოგვთავაზა, თან დასძინა – ყველი ლავაშთან ერთად უნდა მიირთვათო.
შორენა პაპაშვილი