საქართველოში ფერადკანიანების მომრავლებამ რასიზმის პრობლემის წინაშე დაგვაყენა. მრავალეთნიკური ქვეყანის, არანაკლებ ტოლერანტულ დედაქალაქში გახშირდა განსახვავებული რასის წარმომადეგენლებზე ფიზიკური ძალადობის შემთხვევები. საქართველოში სხვადასხვა ერების წარმომადგენლებს შორის მრავალსაუკუნოვანი შესაშური თანაცხროვრების ტრადიცია ისტორიად იქცა, წარსულით შემონახული სტერეოტიპები დაინგრა და მას თავიდან სჭირდება განმტკიცება.
როდესაც სრულიად მსოფლიოს მასმედია მოიცვა აფრიკაში ებოლას ვირუსით ასეულობით ათასი ადამიანის დაღუპვის შესახებ ცნობებმა, თბილისში აფრიკელების დევნა დაიწყეს. იყო შემთხვევები, როდესაც შავკანიან ახალგაზრდებს საზოგადოებრივ ტრანსპორტში არ უშვებდნენ. არგუმენტი იყო, – აფრიკიდან დაავადებები ჩამოაქვთ და საქართველოში ავრცელებენო.
ერთ-ერთი ხმაურიანი შემთხვევა იყო რუსთაველის გამზირზე “მაკ-დონალდსში” ქართველ ახალგაზრდასა და ინგლისელ ფერადკანიან აარონ ჩარლზს შორის მომხდარი დაპირისპირება. აარონი საქართველოში უკვე 2 წელია ცხოვრობს, ჰყავს ქართველი მეუღლე და აქაურ ბავშვებს ცეკვას ასწავლის. კანის ფერის გამო უცნობმა ადამიანებმა მას შეურაცხყობა რამდენჯერმე მიაყენეს. მისი, აზრით უცხო ქვეყნიდან ადამიანები საქართველოში პრობლემების შესაქმნელად კი არა, სასწვლებლად ჩამოდიან, რათა გაეცნონ ადგილბრივ კულტურას და რაღაც ახალი შეიტანონ ამ ქვეყანაში.
რამდენიმე დღის წინათ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ნაჩვენებია, ფიზიკურად როგორ უსწორდებიან ფერადკანიან მამაკაცს. როგორც ვიდეოს ავტორები აცხადებენ, თბილისელი ხულიგნების სამიზნეები ძირითადად შავკანიანები ხდებიან, მაგრამ ყოფილა ასევე, თურქებსა და არაბებზე თავდასხმის შემთხვევებიც.
ორი უცხოელის ცემის ფაქტთან დაკავშირებით შსს-მ ორი პირი დააკავა და საქმე რასობრივი დისკრიმინაციის მუხლით აღიძრა. თუმცა, მომხდართან დაკავშირებით “რუსთავი 2”-მა საკუთარი გამოძიება ჩაატარა და ირწმუნებიან, რომ თბილისში განსახვავებული რასისა და ეთნოსის მშვიდობიან მოქალაქეებს ფიზიკურად უსწორდება რამდენიმე კაციანი დაჯგუფება “ბერგმანი”, რომლის საქმიანობით შსს ჯერჯერობით არ დაინტერესებულა.
ფედარკანიანებზე ძალადობის პრობლემას არაერთგვაროვანი გამოუხმაურება მოჰყვა ინტერნეტფორუმებზე. ზოგმა რასიზმის პრობლემის რელიგიურ ჭრილში გადატანაც სცადა. ზოგი “ზანგებზე” ფიზიკურ ანგარიშსწორებას ვაჟკაცობად მიიჩნევს და წერენ, რომ ეს შიში და აგრესია კი არა, უფრო ქვეყნის დაცვაა.
არიან შედარებით ნეიტრალურებიც, რომლებიც წერენ, რომ ამერიკაშიც მიმდინარეობს ზანგების დისკრიმინაცია, როგორც ხახლის, ისე პოლიციის მხრიდან. ბევრჯერ შეხვედრია საზოგადოებრივ ტრანსპორტში ფერადკანიანები, მაგრამ არავინ აქცევს მათ ყურადღებას. “როდის აქეთ გვიდგას საქართველოში რასიზმის პრობლემა? პირიქით ყველა გაჭირვებული ჩვენთან ჩამოდის, ფერადკანიანები, ინდოელები, თუ ჩინელები, თუ არის ფაქტები დაიდოს. პირიქით ხამებივით არიან ზოგიერთები, ზანგი მუზეუმის ექსპონატი ჰგონიათ. ესაა ალბათ “დისკრიმინაციაა”, – წერს ვინმე DR_HOUDINI.
პრობლემით უფრო ღრმად დაინტერესებულებმა ინტერნეტში გამოკითხვაც ჩაატარეს. ხუმრობა ხომ არაა, სტუმართმოიყვარობის ტრადიციით ცნობილ ქართველობას, კაცთმოძულეობაში გვადანაშაულებენ. თუმცა, სხვა რასის მიმართ სიძულვილს ბევრი არც მალავს, პირიქით, ამით თავს იწონებენ. დასმულ კითხვაზე ხართ თუ არა რასისტი? არა – 64,64%-მა უპასუხა, კი – 32,32%-მა, რას ნიშნავს რასიზმი არ იცის 3,4%-მა.
რასიზმი – კანის ფერის, რასობრივი, ეთნიკური, ან რელიგიური კუთვნილების საფუძველზე ადამიანების ჩაგვრა, დამცირება, დისკრიმინაცია, მათზე ძალადობა. რასიზმი ასევე არის რწმენა, რომ ადამიანის მიღწევები, ან ინტელექტი დამოკიდებულია მის რასობრივ კუთვნილებაზე. ისტორიულად რასიზმს ხშირად იყენებდნენ ადამიანების გენოციდის გასამართლებლად.
გვაქვს თუ არა ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემა საქართველოში? ამის გარკვევას Dalma News-ი ფსიქოლოგ გაგა ნიჟარაძესთან შეეცადა, რომელიც აცხადებს, რომ რასიზმი იმდენივე წლისაა, რამდენისაც კაცობრიობა და რასისტულ განწყობას ავლენენ ის ადამიანები, რომლებსაც დაბალი თვითშეფასება აქვთ.
“რასიზმი ძალიან იყო განვითარებული მაგალითად აშშ-ში. ჩვენთან ამის გამოცდილება არ არის. როდესაც მეტ-ნაკლები რაოდენობით შემოდის სხვა ფერის ადამიანი, მაშინვე ხდება ე.წ. სტიგმა, რომ არის: შავი, ყავისფერი, ბინძური, გაუნათლებელი და სხვა. მათდამი მტრულ დამოკიდებულებას ძირითადად ავლენენ ადამიანები, რომლებსაც არასრულფასოვნების კომპენსაცია სურთ მხოლოდ იმით, რომ ქართველია. ძალიან ბევრი ხმამაღლაც ამბობს. ჯერ ერთი, შენთან თუ ჩამოდიან ე.ი. აქ უკეთესი ჰგონიათ. ანუ შენ მათთვის კარგი ხარ,” – აცხადებს ექსპერტი.
ხშირ შემთხვევაში ადამიანების გაუცხოების მიზეზი სახელმწიფო ენის არცოდნაა. ვინც ქართული ენა ისწავლა, ამბობენ, რომ ძალიან მოსწონთ ქართველები და ისინი რასისტები სულაც არ არიან.
ჟან კლოდ აბო მოდელია, იგი სამშობლოდან ომს გამოექცა. ამბობს, რომ საკმარისია ქართველებთან ორი წუთი ისაუბროს, უცხოობის შეგრძნება ქრება. თუმცა, აღიარებს, რომ შავკანიანები საქართველოსთვის ახალი თემაა. “ძალიან მომწონს ქართველები, ვსწავლობ ქართულს. ქვეყანაში, როცა ბევრი კარგი ადამიანი ცხოვრობს, თითო-ოროლა რასისტი აღარაა მნიშვნელოვანი. საქართველოში ზოგს შავი ადამიანი ცხოვრებაში არ უნახავს. არ მერჩიან, უბრალოდ ჩემს მიმართ ინტერსს გამოხატავენ. არიან ისეთები, რომლებიც მეუბნებიან – არ მევასებიო, მაგრამ როცა 2-3 წუთი გაესაუბრები, მერე ამბობენ, – რა მაგარი კაცი ხარო,” – ამბობს იგი.
როგორც ჩანს საქართველოში პრობლემა გაუცხოებაშია. ვინც შენს ენას, შენს კულტურას პატივს სცემს, შენც სიყვარული პასუხობ და აქ არაფერ შუაშია საზოგადოების დაბალი, თუ მაღალი განვითარების დონე. “აშშ საკმაოდ განვითარებული იყო, როდესაც ის რასისტული იყო. ევროპაშიც მიაჩნდათ, რომ ნამდვილი ადამიანი ის არის, ვინც ცხოვრობს ევროპაში, ვინც არა, დაბალი დონისაა. ამას შეიძლება გარკვეული ეკონომიკური საფუძველი ჰქონდა, მაგრამ ცხადია, არა ეთიკური და ჰუმანური. ნელ-ნელა მივდივართ იქითკენ, რომ ასეთი ნიშნებით განსხვავება არის არაეთიკური და დანაშაულიც კი. ეს ჭირი უნდა დავძლიოთ და რაც მალე უკეთესი,”- აცხადებს ფსიქოლოგი გაგა ნიჟარაძე.
თავის დროზე საკუთარ იდენტობაზე ზრუნვამ და წინაპრებით თავის მოწონებამ, დადებითი როლი ითამაშა და ეროვნული თვითმყოფადობა შემოგვინასა, მაგრამ ახლა ზომიერება გვმართებს, რათა არ დავაზარალოთ ქვეყნის იმიჯი.
შორენა პაპაშვილი