ტელეკომპანია “რუსთავი 2”-თან დაკავშირებული პროცესები სულ უფრო მწვავე ფაზაში შედის. “რუსთავი 2”-ს მძიმე დღეები უდგას, იმდენად მძიმე, რომ პირველი ოქტომბრის დილის ეთერი ტელეკომპანიის გენ. დირექტორის ნიკა გვარამიას ბრიფინგით დაიწყო. მან ხელისუფლება “რუსთავი 2”-ის დახურვაში დაადანაშაულა და ქვეყნის მოსახლეობას ფინანსური დახმარებისა და მხარში დგომისკენ მოუწოდა.
ნიკა გვარამიამ მოსახლეობას პირველად ჩააბარა ანგარიში ტელეკომპანიის ფინანსური შემოდინებებისა და ხარჯის შესახებ. რომ, თურმე ტექნიკას კრედიტით ყიდულობენ, რომ ტელეეთერით გასული რეკლამის თანხა, მხოლოდ ერთი თვის შემდეგ ერიცხებათ და, რომ ზათრისა და ზაფხულის პერიოდში ფულადი შემოდინებები უმცირდებათ და ფინანსური პრობლემები ექმნებათ ხოლმე. ანუ არც ისეთი მდიდარი და დალხენილია “რუსთავი 2”, როგორც მის მაყურებელს წარმოუდგენია.
“რუსთავი 2”-ის პარტნიორთა წილების დაყადაღება და საკუთარი წილის დაბრუნება ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა სასამართლოს ძალით მოითხოვა. ასეთი სასწრაფო ზომების მიღების აუცილებლობა მას შემდეგ დადგა, რაც შეიტყეს, რომ “რუსთავი2”-ის წილების კიდევ ერთხელ გადაფორმება იგეგმებოდა, რათა მისი კანონიერი მესაკუთრისთვის დაბრუნება გართულებულიყო.
ქიბარ ხალვაშმა საკუთარი ქონების დაბრუნებისთვის ბრძოლა ჯერ კიდევ 2008 წელს დაიწყო და საქართველოს პროკურატურისგან “რუსთავის 2”-ის იძულებით ჩამორთმევის ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმის აღძვრა მოითხოვა. მაგრამ მაშინ, მოგესხენებათ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება მართავდა ქვეყანას და შესაბამისად “რუსთავი 2”-ისა და ასევე სხვა ქონებების ძალადობრივი ჩამორთმევის ფაქტების გამოძიება არავის დაუწყია.
ტელეკომპანიის დაბრუნების შემთხვევაში ქიბარ ხალვაში პირობას დებს, რომ ჟურნალისტებს გარანტირებული ექნებათ საქმიანობის საუკეთესო პირობები, სრული ჟურნალისტური თავისუფლება და სარედაქციო ჩაურევლობა.
“რუსთავი 2”-ის ხელმძღვანელი ნიკა გვარამია კი ქიბარ ხალვაშს ხელისუფლების მიერ წაქეზებულ პერზონაჟად მოიხსენიებს, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ “ტელეკომპანია ჯანსაღი კონკურენციიდან ამოეგდო”. გვარამია პასუხისმგებლობას აკისრებს საჯარო რეესტრს, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს, ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილს, მთელს ხელისუფლებას და მათ ქიბარ ხალვაშთან ერთად სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში ადანაშაულებს. გვარამიას არც “ნაციონალური მოძრაობისთვის” ჩვეული მუქარის ტონი და რევოლუციური ლოზუნგები დავიწყნია: “ხელისუფლებას ვპირები, ვიდრე “რუსთავი 2” დაიხურება, დაიხურებით თქვენ. მოსახლეობას მიმართავს დახმარებისთვის, “რუსთავი 2″ ამ ბრძოლაში მარტო ვერ გაიმარჯვებს,” – განაცხადა გვარამიამ.
როგორც Dalma News-ს ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა პაატა სალიამ განუმარტა, 29 სექტემბერს, საღამოს, საჯარო რეესტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსდა ინფორმაცია, რომ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის საკონტროლო პაკეტის მფლობელი ტელეკომპანია “საქართველოს” წილების გასხვისება იგეგმებოდა. ინფორმაციის ონლაინ რეჟიმში ნახვა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია.
ამის შემდეგ მიიჩნიეს, რომ ხელშეკრულება საკმაოდ ბუნდოვან ნორმებს შეიცავდა და მომავალში გარკვეული საფრთხის შექმნის შესაძლებლობას ქმნიდა. კერძოდ, ე.წ. ინვესტორი, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრ დავით კეზერაშვილის ცოლის ძმა, დიმიტრი ჩიქოვანი აღმოჩნდა, რომელიც ტელეკომპანია “საქართველოს” წილების შეძენას 400 ათას დოლარად აპირებდა, ხოლი – 6 მილიონი დოლარის “ინვესტირებას” “რუსთავი 2”-ში გეგმავდა.
ამ კონკრეტულ საკითხში ყველაზე საინტერესო და საყურადღებო ის არის, რომ თანხის გადაცემას აპირებდნენა არა სესხის სახით, არამედ “რუსთავი 2”-ის საწესდებო კაპიტალში შეტანით. “რუსთავი 2”-ის საწესდებო კაპიტალის ოდენობის შეცვლა კი აკრძალული იყო სასამართლოს განჩინებით და ტელეკომპანიას თანხა რომც მიეღო, ის არ აისახებოდა საწესდებო კაპიტალში. სასამართლოს 5 აგვისტოს განჩინების საფუძველზე, ტელეკომპანიას ასევე აკრძალული ჰქონდა დამატებითი ფინანსური ვალდებულებების აღება, რაც გამორიცხავდა თანხის კანონიერი გზით მიღებას.
“ჩვენ საჯაროდ განვაცხადეთ, თუ ტელეკომპანიას სჭირდებოდა დამატებითი ფინანსური სახსრები, მზად ვიყავით დასაბუთებული მოთხოვნის შემთხვევაში, ნაწილობრივ უარი გვეთქვა დაწესებულ შეზღუდვებზე. თუმცა არანაირი მოთხოვნა „რუსთავი 2“-ის მენეჯმენტისგან არ მიგვიღია. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი გარემოებაა ის, რომ არც ამ ყადაღას, არც აგვისტოში დადებულ ყადაღებს და აკრძალვებს არ გამოუწვევიათ “რუსთავი 2″-ის საქმიანობის შეფერხება. ტელეკომპანია შეუფერხებლად ფუნქციონირებედა დღემდე და დარწმუნებული ვართ, რომ ასე გაგრძელდება მომავალშიც,” – განაცხადა პაატა სალიამ და გვარამიას მიერ გაკეთებულ განცხადებებს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა უწოდა.
ნიკა გვარამიას ბრალდებები უყურადღებოდ არ დაუტვებია საქართველოს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს და კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ტელევიზიის მაუწყებლობას საფრთხე არ უნდა შეექმნას, ხოლო საქმის სამართლებრივ ჭრილში განხილვა უნდა მოხდეს.
მინისტრის თქმით, ტელეკომპანიის საქმე კერძოა და ამიტომ, აღმასრულებელი ხელისუფლება, მათ შორის იუსტიციის მინისტრი ამაში ვერ ჩაერევიან. “ემოციები უნდა დაცხრეს და ჟურნალისტებს უნდა მიეცეთ ნორმალურად მუშაობის საშუალება”, – განაცხადა მინისტრმა წულუკიანმა.
“რუსთავი-2”-ის ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა ექსპერტებიც კი დააბნია. გია ხუხაშვილი ამბობს, რომ შემნილ ვითარებაში რთულია დასკვნის გამოტანა არის თუ არა პროცესები ხელისუფლებისგან მართული, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ყოველივე პირველ რიგში სწორედ ხელისუფლების იმიჯს აზიანებს და ამ ფონზე, სამართლიანობის აღდგენის ლოზუნგით მოსული მმართველი კოალიაცია “ქართული ოცნება” ხელისუფლება სიტვრის თავისუფლების წინააღმდეგ მებრძოლად წარმოჩინდება. “რუსთავი 2”-ის გარშემო შექმნილ ვითარებაზე ტელეკომპანიამ კომენტარი სთხოვა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენელ იანოს ჰერმანს, რომლემაც განაცხადა, რომ ამის შესახებ პრესით შეიტყო და მედიის თავისუფლებას უჭერს მხარს: “ამის შესახებ დღეს პრესაში წავიკითხე და კომპეტენტური პირებისთვის ჯერ არ გამომიკითხავს, ზოგადად ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მედიის თავისუფლება,” – განაცხადა იანოს ჰერმანმა.
როგორც ჩანს ტელეკოპმანია “რუსთავი 2”-თან დაკავშირებული მოვლენები ჯერ კიდევ არ დასრულდება და მას არანაკლებ საინეტერსო გაგრძელება ექნება. მანამდე კი იმასაც გეტყვით, რომ “რუსთავი-2”-მა გამოაქვეყნა საბანკო ანგარიშის ნომერი, სადაც მოსახლეობას თანხის ჩარიცხვას სთოხვენ. რა თანხა შეუგროვდება გვარამიას კომპანიას და მოისურვებს თუ არა საქართველოს მოსახლეობა კიდევ ერთი ტელევიზიის საკუთარი სახსრებით შენახვას, ამას უახლოეს მომავალში შევიტყობთ.