ერთ-ერთ სემინარზე ჟურნალისტებს განტვირთვისთვის ფსიქოლოგიური ტესტი ჩაგვიტარეს. გვთხოვეს თაბახის ფურცლებზე დაგვეხატა ის, რაც ჩვენთვის ახალი დღის დასაწყისთან ასოცირებოდა. ბევრი არ მიფიქრია, ფურცელზე ცხელი ყავით სავსე ფინჯანი და ლამბაქი დავხატე. მართალია ხელოვნების ნაწარმოები ვერ შევქმენი, მაგრამ ჩემი ფსიქოლოგიური სურათის მოხაზვა არ გაჭირვებიათ. ჩემი დილა იწყება ყოველდღიური ტრადიციული რიტუალით, რომელსაც ყავის ერთ ჭიქასთან ვატარებ. ეს ნიშნავს, რომ დღის ახალი ენერგიით დაწყება მსურს და ამას ერთი ფინჯანი ყავისფერი ხსნარისგან ველი.
მსოფლიოში ჩემისთანები მრავლად არიან, ალბათ, ამიტომ ყავის საერთაშორისო ორგანიზაციამ და ყავის 27-მა ასოციაციამ მთელ მსოფლიოში ყავის პირველი საერთაშორისო დღე დააწესა. ამ დღეს ქვეყნები მათთვის სასურველ დროს აღნიშნავენ, თუმცა, როგორც ყავის საერთაშორიოს ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერდზე დაყრდნობით “სპუტნიკ-საქართველო” იტყობინება ეს დღე პირველ ოქტომბერს აღინიშნება. დღესასწაული ყავის მოყვარულებს შესაძლებლობას მისცემს, მილიონობით ფერმერს, რომელთა ცხოვრებაც ამ არომატულ მარცვალზეა დამოკიდებული ყავის მიმართ სიყვარული გაუზიარონ.
“ყავა უნდა იყოს ჯოჯოხეთივით შავი, სიკვდილივით ძლიერი და სიყვარულივით ტკბილი,” – ამბობს თურქული ანდაზა. ამერიკის ყავის ასოციაციის მონაცემებს თუ დავეყრდნობით, ყოველ დილით მსოფლიოში 2,250 მილიარდი ჭიქა ყავა ისმევა. იგი დიდი რაოდენობით კოფეინს შეიცავს, რომელიც ამცირებს დაღლილობას, აძლიერებს გონებრივ აქტივობას და გულ-სისხლძარღვთა სისტემის გამძლეობას. ალბათ, ამიტომ ამბობენ, ყავა ადამიანს ენერგიას ჰმატებსო.
ყავის საერთაშორისო დღის აღნიშვნაში წელს აქტიურად ჩაერთო საქართველოც და 29 სექტემბერს, იტალიურ კაფე “ჩი გუსტაში” ყავის მრავალფეროვანი ნაირსახეობის დღესასწაული მოეწყო. კაფეში სტუმრებს სპეციალურ ფასად შეეძლოთ ყავის კოქტეილების დაგემოვნება. საღამოს კი “ჩი გუსტაში“ დიდ ეკრანზე მსოფლიო კინოკლასიკის შედევრის, “რომაული არდადეგების“ ჩვენება გაიმართა. რატომ იტალია? ამბობენ, იტალიის ქალაქ ნეპოლში არსებობდა ტრადიცია, ადამიანები ერთის ნაცვლად ორი ყავის საფასურს იხდიდნენ, რათა მოგვიანებით ღარიბ ადამიანებს ყავა უფასოდ მიერთვათ.
ყავის სამშობლოდ ეთიოპია ითვლება. ბუნებაში ყავის ხის 73 სახეობა არსებობს. საწარმოო პრაქტიკაში კი ყავის ორი ყველაზე პოპულარული სახეობა – არაბიკა და რობუსტა გვაქვს. არაბიკას მარცვლები ოდნავ მოგრძო ფორმისაა, ზედაპირი – გლუვი. რობუსტა უფრო მეტ კოფეინს შეიცავს, თუმცა ნაკლებად დახვეწილი არომატი აქვს. მარცვლები მრგვალი, მორუხო-მომწვანო ფერისაა. რობუსტას ესპრესოში უმატებენ.
ყავის შესახებ ლეგენდებს შორის ყველაზე გავრცელებულია მითი მწყემსი კალდიმისა და მისი თხების შესახებ, რომლებიც, როდესაც წითელ ნაყოფს ჭამდნენ, საოცრად ენერგიულები ხდებოდნენ. მწყემსმაცა მცენარის მაგიური ეფექტი საკუთარ თავზე გამოსცადა. შეაგროვა ნაყოფი და დაალბო, სასმელი უგემური გამოდგა. გულდაწყვეტილმა მწყემსმა ნაყოფიანი ტოტები კოცონში ჩაყარა, ჰაერში საოცარი სურნელი დატრიალდა. მან ახლა ყავის მოხალული მარცვლები ჩაყარა წყალში და როდესაც გემო გაუსინჯა, გაოცდა, მცენარის მომწარო გემოსთან და არაჩვეულებრივ არომატთან ერთად ენერგიის მოზღვავება იგრძნო.
სიტყვა ყავის წარმოშობას მკვლევარები ჯერაც იკვლევენ. ზოგიერთი ისტორიული წყაროს მიხედვით, ის არაბული “კაუე”-დან წარმოიშვა, რაც ითარგმნება, როგორც ძალა, ენერგია. ყავას არაბებმა ღვთიური წარმოშობაც კი მიაწერეს. მუსლიმანები მას ისლამის ღვინოს უწოდებდნენ. მცენარემ წმინდა ქალაქ მექამდეც შეაღწია და მისი მომზადება მეჩეთშიც კი ნებადართული იყო. არაბები ძალიან უფრთხილდებოდნენ ყავის ხეებს. აკრძალული იყო მცენარის ნერგების ქვეყნიდან გატანა. დამნაშავე კი სიკვდილით ისჯებოდა. ასეთი სიმკაცრე გამოწვეული იყო ყავით ვაჭრობის განსაკუთრებული შემოსავლიანობით.
XVI საუკუნეში სტამბოლში პირველი ყავახანა გაიხსნა. ევროპის კონტინენტზე პირველი მარცვლები გერმანელმა ნატურალისტმა, ჰანს ბელუსმა 1596 წელს შეიტანა. იტალიამ ყავა უმტკივნეულოდ მიიღო და გაითავისა. XVII საუკუნის ვენეციაში გაიხსნა პირველი ყავახანა და აქედან დაიწყო ყავის ტრიუმფალური სვლა დანარჩენ ევროპაში.
ჰოლანდიელები პირველები იყვნენ, ვინც თავიანთ კოლონიებში, იავასა და სუმატრაზე, ყავის პლანტაციები გააშენეს. XVII საუკუნეში ნიდერლანდები ევროპაში ყავის ყველაზე მსხვილ მწარმოებლად ითვლებოდა. იოჰან სებასტიან ბახმა ყავას კანტატაც კი მიუძღვნა. მოგვიანებით მცენარის ნერგები ევროპელმა კოლონიზატორებმა სამხრეთ ამერიკაშიც ჩაიტანეს, სადაც იგი ძალიან კარგად დაექვემდებარა სამხრეთ ამერიკის ჰავას. დღესდღეობით სწორედ ეს კონტინენტი წარმოადგენს ყავის უმნიშვნელოვანეს მომწოდებელს.
საქართველოს რაც შეეხება, ბევრმა არ იცის, რომ ყავა მეფე ერეკლე II-ის მენიუში შედიოდა ლიქიორთან ერთად, თუმცა ეს სასმელი საკმაო ფუფუნებას წარმოადგენდა და ყველასთვის ხელმისაწვდომი მხოლოდ XX საუკუნეში გახდა.
ზღვისპირეთში არსებობს ყავის ქვიშაში მოდუღების ტრადიცა, სადაც ყავა თანაბარ ტემპერატურაზე იხარშება. თურქული წესით მომზადებულ ყავაში, გარდა გემოსი და არომატისა, ღირსებას წარმოადგენს ქაფი. აღმოსავლეთ საქართველოში ყავას დიდი ხნის განმავლობაში ხარშავდნენ, შემდეგ კი წურავდნენ და ისე ასხამდნენ ჭიქებში. ასე მომზადებულ ყავას ქაფი არ ჰქონდა.საინტერესოა არაბული ყავის მოხარშვის მეთოდი. არაბულ ქვეყნებში ტრადიციულად ამზადებენ მიხაკ-დარიჩინიან, ან ილიან ყავას. თუ გავითვალისწინებთ, რომ ილი და დარიჩინი მაღალ არტერიულ წნევას არეგულირებს, სრულიად ლოგიკურია მისი დამატება კოფეინით მდიდარ სასმელში.
ყველა ღირსების მიუხედავად, სპეცილისტები გვირჩევენ ყავას გამოფხიზლებისთვის ნუ დავლევთ. ორგანიზმი დილით თავისით უნდა გამოფხიზლდეს, ყავის დალევა კი დილის 10 საათის შემდეგ არის რეკომენდირებული. ყავა ბევრ ანტიოქსიდანტს შეიცავს. გვეხმარება ე.წ. თავისუფალ რადიკალებთან ბრძოლაში, რომლებიც მრავალი დაავადების მიზეზად მიიჩნევიან. შედეგად, ყავის მოყვარულები ნაკლებად ავადდებიან ისეთი სნეულებებით, როგორიცააა პარკინსონი, შაქრის დიაბეტი და გულის დაავადებები. თუმცა, არც მისი გადაჭარბებით მიღებაა რეკომენდირებული, დღეში არაუმეტეს ოთხი ჭიქისა.