სამგორის რაიონში, სსსტც “დელტას” ფასადზე ამერიკაში მოღვაწე, ცნობილი ქართველი კონსტრუქტორის ალექსანდრე ქართველის მემორიალური დაფა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილმა და “ალექსანდრე ქართველის საერთაშორისო საზოგადოების” დამფუძნებელმა ლელა ქართველიშვილმა გახსნეს.
ალექსანდრე ქართველისადმი მიძღვნილ კვირეულის ფარგლებში საავიაციო ქარხანასთან დღეს მისივე სახელობის სკვერი გაიხსნა.
როგორც გიორგი ალიბეგაშვილმა განაცხადა, თბილისში რამდენიმე წელია არსებობს ქართველი ავიაკონსტრუქტორის სახელობის ქუჩა, შარშან ტაბიძის ქუჩაზე, მისი საცხოვრებელი სახლის ფასადზე ასევე გაიხსნა მემორიალური დაფა, თუმცა ალექსანდრე ქართველის ღვაწლის კიდევ ერთხელ დასაფასებლად და მისი სახელის უკვდავსაყოფად თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გუშინდელ საკრებულოს სხდომაზე საავიაციო ქარხნის მიმდებარედ არსებული სკვერისთვის ცნობილი ავიაკონსტრუქტორის სახელის მინჭებას ერთხმად დაუჭირა მხარი.
საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე და სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ლია ჯახველაძე კი გამოთქვა ინიციატივა, რომ ალექსანდრე ქართველის სახელობის სკვერში მოეწყოს ახალგაზრდული ცენტრი, სადაც მომავალ ახალ ქართველ ავიატორებს აღმოაჩენენ.
ღონისძიებას ალექსანდრე ქართველის შთამომავლები, სააქციო საზოგადოება “თბილავიამშენის” ხელმძღვანელი პირები და დედაქალაქის თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ალექსანდრე ქართველისადმი მიძღვნილი 9 სექტემბერს დაწყებული ავიაკვირეული დღეს დასრულდა.