ეკონომიკის ექსპერტ დემურ გიორხელიძეს დიდი სიბრიყვედ მიაჩნია იმაზე საუბარი, თითქოს საქართველოში ზაფხულში შემოსული ტურისტების მიერ შემოტანილი დოლარით ლარი გამყარდებოდა და აცხადებს, რომ ლარის კურსის გამყარების არანაირი საფუძველი არ არსებობს, სანამ “ეკონომიკის ბოლომდე მიხრჩობა და საკუთარი მოქალაქეების მიზანმიმართული ძარცვის პოლიტიკა გაგრძელდება და ამაზე ხელისუფლების წაყრუება არ დასრულდება.”
“ის, რაც ლარის კურსთან დაკავშირებით ხდება, ნაწილობრივ, ობიექტური, ნაწილობრივ, სუბიექტური მიზეზებითაა განპირობებული. ობიექტურში ცუდ საგარეო და საშინაო ვითარებას, სუბიექტურში კი ეროვნული ბანკის მაამებლურ პოლიტიკას ვგულისხმობ,” – განაცხადა ექსპერტმა დემურ გიორხელიძემ საინფორმაციო სააგენტო “მედიანიუსთან” საუბრისას.
როგორც ექსპერტი ამბობს, პირადად არ იცნობს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტ გიორგი ქადაგიძეს, მაგრამ მიაჩნია, რომ ის მავნებლურ პოლიტიკას ატარებს, რომელიც უნდა დარულდეს.
“შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი საკუთარი წარმოების, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაა და არა იმ მონოპოლიური ჯგუფების ხელშეწყობაა, რომლებიც ხელისუფლების ხელდასხმით მოქმედებენ”, – მიაჩნია დემურ გიორხელიძეს.
ლარი გაუფასურებას განაგრძობს. გუშინ ერთი დოლარის შეძენა 2.2915 ლარად, ერთი ევროს კი 2.4886 ლარად იყო შესაძლებელი.