ისტორიისა და ეთნოგრაფიის უნიკალური ქართული მუზეუმი, რომელიც მთიან სვანეთში მდებარეობს, 2016 წლის პრესტიჟული ევროპული პრემიის “წლის ევროპული მუზეომის”(EMYA – European Museum of the Year Award) ნომინანტებს შორის მოხვდა. ამის შესახებ agenda.ge იტყობინება, ევროპული მუზეუმის ფორუმის (EMF – European Museum Forum) ინფორმაციაზე დაყრდნობით.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ევროპული მუზეუმების ფორუმის ხელმძღვანელობამ მთელს ევროპაში 49 მუზეუმი შეარჩია. ისინი ევროპის 2016 წლის საუკეთესო მუზეუმის ტიტულისთვის იბრძოლებენ.
სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმი 1936 წელს დაარსდა. მუზეუმის ფონდში უნიკალური სვანური სტილით შესრულებული უძველესი ხელნაწერები, კერამიკული, საიუველირო ნამუშევრები და ხატები ინახება. მუზეუმის შენობას ბოლო რესტავრაცია ცოტა ხნის წინათ ჩაუტარდა. კაპიტალური რემონტის ფარგლებში სარესტავრაციო ლაბორატორია შეიქმნა. ყველა სამუშაო საქართველოს მთავრობის, სხვადასხვა საერთაშორისო ფონდის, იუნესკოს საქმეთა საქართველოს ეროვნული კომისიის ჩათვლითა და ევროპული კავშირის Twinning-ის პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.