საქართველოში გაზის გაძვირებაზე საუბარი დღის წესრიგიდან უნდა მოიხსნას, რადგან მსოფლიოში ნავთობის გაიაფების კვალდაკვალ გაზის საერთაშორისო ფასიც იმდენად დიდი სისწრაფით იწევს ქვემოთ, რომ 35%-ით გაუფასურებული ლარის კომპენსირებასაც კი ახდენს. შესაბამისად, გაზის გაძვირების საფუძველი საქართველოშიც არ არსებობს. წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში “გაზი საქართველოს გარდა ყველგან იაფდება – აზერბაიჯანთან დადებული კონტრაქტის გადახედვისთვის შესაფერისი დროა”.
გაზგამანაწილებელმა კომპანიებმა “ყაზტრანსგაზმა” და “სოკარმა”, ჯერ კიდევ თებერვლის ბოლოს შეატყობინეს მომხმარებელს, რომ პირველი მარტიდან გაზის ტარიფი 15 თეთრით გაიზრდებოდა, ანუ 1000 კბ/მ გაზი 750 ლარიდან 900 ლარამდე გაძვირდებოდა. პარალელურად, იურიდიულმა პირებმა პროდუქტებზე ფასის ზრდა დააანონსეს, რასაც საზოგადოების მწვავე რეაქცია მოჰყვა. მთავრობა იძულებული გახდა, გაზგამანაწილებელ კომპანიებთან მოლაპარაკება გაემართა და ტარიფის უცვლელად დატოვებაზე დაეყოლიებინა.
ექსპერტ გია ხუხაშვილის აზრით, მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანისგან გაზს შეღავათიან ფასში ვყიდულობთ, დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით აზერბაიჯანთან, ბუნებრივი აირის ფასის საკონტრაქტო გადაანგარიშება უნდა მოხდეს, რადგან დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით საკონტრაქტო ფასი უკვე ნაკლებად შეღავათიანია.
გაზაფხულზე ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ 2015 წლის პირველი მაისამდე კომერციული ტარიფის შესანარჩუნებლად ბიუჯეტიდან 15 მილიონი ლარი გამოიყო, რადგან სუბსიდირების გარეშე, ყველა ლიცენზიანტი კომპანია ზარალზე მიდიოდა. “ჩვენ ხომ არ გვინდა ენერგეტიკის დანგრევა?” – კალაძის ციტირებას ახდენს გაზეთი “რეზონანსი”.
საქართველო წელიწადში 1,8-2 მლრდ კუბურ მეტრ გაზს მოიხმარს და ქვეყანაში იგი ოთხი სხვადასხვა წყაროდან შემოდის. მათ შორის ორი წყარო “შაჰ დენიზს” უკავშირდება და ის ლიმიტირებულია – დაახლოებით, 250 მლნ კბ/მ გაზი არის 55-დოლარიანი, 500 მლნ კბ/მ – 64-დოლარიანი. იმავდროულად ქვეყანა იღებს გაზს რუსეთ-სომხეთის ტრანზიტის 10%-ს – 150 მლნ კბ/მ გაზი (110 დოლარი). დარჩენილ 900 მლნ კბ/მ შემოდის აზერბაიჯანიდან, ორი სხვადასხვა კონტრაქტით. პირველი არის ე.წ. სოციალური გაზი, რომლის მოცულობა დაახლოებით 500 მლნ კბ/მ და მისი ფასი 189 დოლარს შეადგენს, დარჩენილ 400 მლნ კბ/მ აირს კომერციული ფასი ადევს – 240 დოლარი”, – წერს გაზეთი.