ბათუმში “ალი და ნინოს” ქანდაკება გაიხსნა, იგი ძველი ადგილიდან 50 მეტრში “ეშმაკის ბორბლის” მიმდებარე ტერიტორიაზე განათავსეს. ადგილმონაცვლეობისას დაზიანებული ქანდაკების ნინოს ნაწილიც სრულად აღდგენილია. ძეგლის გადატანა ბიუჯეტს 185 550 ლარი დაუჯდა. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია “არნაბი 21” ასრულებდა.
ქანდაკების გახსნის ცერემონიას ძეგლის ავტორი, უცხოეთში მოღვაწე ქართველი მოქანდაკე თამარ კვესიტაძე დაესწრო და კმაყოფილება გამოთქვა იმ გამოხმაურებასთან დაკავშირებით, რომელიც ძეგლის დაზიანებას გულშემატკივრების მხრიდან მოჰყვა. ხელოვანი არც ქანდაკების ამჟამინდელი ადგილმდებარეობითაა უკმაყოფილო, თუმცა იქვე ახლოს გასართობი ატრაქციონის არსებობა აფიქრებს.
“ეშმაკის ბორბლის გვერდით ქანდაკებას ვერ გაიგებ, ესეც ატრაქციონია თუ არა, მაგრამ ვიმედოვნებ, ოდესმე, ან ეშმაკის ბორბალი შეიცვლის ადგილს, ან ქანდაკება. სასიამოვნო იყო, რომ გავიგე ამდენი გულშემატკივარი ჰყოლია ნამუშევარს”, – განაცხადა თამარ კვესიტაძემ.
რკინის კონსტრუქციის ახალ ტერიტორიაზე გადატანის სარეაბილიტაციო სამუშაოები ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. ქანდაკების საყრდენი ფილის ირგვლივ მინის გამჭვირვალე მოაჯირი მოეწყო, მთლიანი კვარცხლბეკი გრანიტის ფილებით მოპირკეთდა და ირგვლივ ხის ძელსკამები დამონტაჟდა. მოძრავი რკინის ქანდაკებამ სატესტო ეტაპი წარმატებით გაიარა და დღეიდან ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას.
აზერბაიჯანელი მწერლის ყურბან საიდის ცნობილი რომანის “ალი და ნინოს” გმირების ქანდაკებას აზერბაიჯანის ქალაქ გიანჯაშიც დადგემენ. ძეგლისთვის კვარცხლბეკი გიანჯის ბულვარის კომპლექსში უკვე დაამონტაჟეს. როგორც მანამდე Dalma News -ი წერდა, ქანდაკების ავტორი ჯავიდ გასანოვია. ძეგლის გარშემო სამი შადრევნის დამონტაჟება იგეგმება, რაც ცრემლების “იმიტაციას” შექმნის.
მსოფლიოში ცნობილი რომანი “ალი და ნინო” მოგვითხრობს აზერბაიჯანელი არისტოკრატული ჩამომავლობის ჭაბუკის ალი შირვანშირისა და ქართველი თავადის ასულის ნინო ყიფიანის სიყვარულის ისტორია, რომელიც პირველი მსოფლიო ომისა და რევოლუციის ფონზე ვითარდება. რომანის მიხედვით ქანდაკებები საქართველოს გარდა უკვე დგას საფრანგეთსა და ჩინეთში.