სახელოვანი ქართველი მწერალი და დრამატურგი რეზო ჭეიშვილი, 82 წლის ასაკში ქუთაისში, სავარაუდოდ, გულის შეტევით დღეს გარდაიცვალა.
მწერალი განსაკუთრებით ცნობილი, რეჟისორ ელდარ შენგელაიას მიერ გადაღებული ფილმ “ცისფერი მთების” გამო გახდა, რომელიც 1983 წელს, რეზო ჭეიშვილისა და ელდარ შენგელაიას სცენარის მიხედვით საბჭოთა ცენზურის პირობებში შეიქმნა.
ქართველი მწერალი 1933 წლის 24 აპრილს ქუთაისში დაიბადა. 1992 წელს საქართველოს მწერალთა ყრილობაზე მწერალთა კავშირის მდივნად, თავმჯდომარის პირველ მოადგილედ აირჩიეს. 1992 წლამდე მუშაობდა კინოსტუდია “ქართულ ფილმში” რედაქტორად, სასცენარო კოლეგიის წევრად, შემოქმედებითი გაერთიანების წევრად და ერთ-ერთ ხელმძღვანელად, პარალელურად მოღვაწეობდა ჟურნალებში: “ცისკარი” და “საუნჯე”.
1987 წლის იანვარში მშობლიურ ქუთაისში ალმანახ “განთიადის” მთავარ რედაქტორად მიავლინეს. მისი მეცადინეობით ალმანახი ჟურნალად გადაკეთდა, რასაც კრემლის ნებართვა სჭირდებოდა.
რეზო ჭეიშვილი ასევე თავმჯდომარეობდა შოთა რუსთაველის საზოგადოებას. 1987-1992 წლებში დააარსა საზოგადოებრივ-პუბლიცისტური გაზეთი “მოწამეთა”, შემდგომ კი ილუსტრირებული ჟურნალი – “მწვანეყვავილა”.