ეკონომიკის საკითხებში ექსპერტი რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ საქართველოს ეროვნული ვალუტა მანამდე არ დასტაბილურდება, სანამ ქვეყანაში არ შემოვა იმდენი ვალუტა რამდენიც გადის, თუმცა ექსპერტი არ გამორიცხავს, ლარის გაუფასურება მოკლევადიანი პროცესიც იყოს, ხოლო მისი გრძელვადიანი სტაბილურობისათვის ხელისუფლებას სისტემური რეფორმების გატარებას ურჩევს.
როგორც რომან გოცირიძემ საინფორმაციო სააგენტო “მედიანიუსს” განუცხადა, ეროვნული ბანკიდან საზედამხედველო სამსახურის გამოყოფას ლართან არავითარი კავშირი არ ჰქონდა. ეს იყო წმინდა პოლიტიკური აქცია და, ფაქტობრივად, ხალხს ატყუებდნენ.
“ლარის რყევის ფუნდამენტური ფაქტორები ჯერჯერობით არ არის მოხსნილი. სანამ ქვეყანაში არ შემოვა იმდენი ვალუტა, რამდენიც გადის, მანამ ყოველთვის იქნება ლარის მიერ ახალი წონასწორობის კურსის ძიების პროცესი. თუკი ლარი უფასურდება, ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყნიდან გადის უფრო მეტი ვალუტა, ვიდრე შემოდის. ანუ ისევ არის ძველი პრობლემები, იკლო ექსპორტმა, იკლო გადარიცხვებმა”, – მიაჩნია რომან გოცირიძეს.