საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ოთხდღიანი სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გაემგზავრა, სადაც 9-13 სექტემბერს, ქალაქებში დალიანსა და პეკინში მაღალი რანგის შეხვედრები ექნება და რამდენიმე მნიშვნელოვან ხელშეკრულებასა და მემორანდუმს გააფორმებს.
კერძოდ, შეხვდება ისეთი დიდი კომპანიების წარმომადგენლებს, როგორიცაა: კორპორაცია “მიცუბიში”, კორპორაცია “Dongfang Electric Corporation”, კომპანია “Sab Labs China”, კომპანია “Transcosmos”.
ღარიბაშვილის ჩინეთში ხელს მოაწერს ურთიერთთანამშრომლობის მემურანდუმებს: დალიანის მუნიციპალიტეტსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის; დალიანის ლოკომოტივისა და ვაგონმშენებელ ქარხანასა და საქართველოს “ვაგონმშენებელს” შორის; დალიანის პორტის თავისუფალ სავაჭრო ზონასა და ქართული ღვინის კორპორაციას შორის და შპს.საქართველოს რკინიგზასა და ჩინეთის რკინიგზის მშენებლობის კორპორაციას შორის.
როგორც Dalma News-ს მთავრობის ადმინიტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, პრემიერი ქალაქ დალიანში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. სიტყვით გამოვა სესიაზე – “თანამედროვე აბრეშუმის გზა” (“The Modern Silk Road”) და მონაწილეობას მიიღებს ქალაქ პეკინში საერთაშორისო ბიზნესისა და ეკონომიკის უნივერსიტეტში გამართულ დისკუსიაში. ღარიბაშვილი ასევე დაესწრება დალიანის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ყოველწლიურ გახსნით ცერემონიას “Champions 2015”.
პრემიერი ღარიბაშვილი ასევე შეხვდება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვდება ჩინელ კოლეგას ლი კეციანს. დაგეგმილია შეხვედრა ჩინეთის აბრეშუმის გზის ფონდის ხელმძღვანელობასთან, აზიის ინფრასტრუქტურისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტთან, ჩინეთის სავაჭრო პალატის გენერალურ მდივანთან, ასევე მონღოლეთის პრემიერ-მინისტრთან, დალიანის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასთან.
პრემიერთან ერთად ჩინეთში ასევე გაემგზავრნენ ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, პარლამენტის უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე, ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, პარლამენტის წევრი გუბაზ სანიკიძე, საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი გიორგი პერტაია, თანაინვესტირების ფონდის თავმჯდომარე გიორგი ბაჩიაშვილი, შპს საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძე.
საქართველოს დელეგაცია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას 13 სექტემბერს დატოვებს.
ღარიბაშვილის ჩინეთში ვიზიტის შესახებ კომენტარს აკეთებს ექსპერტი მამუკა არეშიძე და გაზეთ “ქრონისთვის” მიცემულ ინტერვიუში მოსალოდნელ შეთქმულებაზე საუბრიობს. კერძოდ, მისი თქმით, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის ხელისუფლების თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი ერთ-ერთი ბიზნესმენის საშუალებით ცდილობს პრემიერ-მინისტრს ჩინეთში ისეთ ტიპის შეხვედრა მოუწყოს, რომელიც საქართველოსთვის წამგებიანია.
“მინდა გავაფრთხილო საქართველოს ხელისუფლება, როგორც ყოველთვის, ქართველი მაღალჩინოსნები ცდილობენ, შეცდომაში შეიყვანონ მთავრობის ლიდერი და გააკეთონ ისეთი რამ, რაც საქართველოსთვის კონტრპროდუქტიული იქნება,”- არეშიძის ინტერვიუდან ამონარიდს სააგენტო “მედიანიუსი” ავრცელებს.