საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქაერონავიგაციამ” ავიამეთვალყურის პოზიციაზე ღია კონკურსი გამოაცხადა, რომლის საფუძველზეც შერჩეული იქნება 12 ავიამეთვალყურე – 5 თბილისში, 4 ქუთაისში და 3 ბათუმში. “საქაერონავიგაციის” გენერალური დირექტორის, გოჩა მეზვრიშვილის თქმით, ახალი პერსონალის დამატების საჭიროება ფრენების გაზრდილმა რაოდენობამ გამოიწვია.
“უკანასკნელი წლების განმავლობაში საქართველოს საჰაერო სივრცე უფრო და უფრო მიმზიდველი ხდება სხვადასხვა ავიაკომპანიებისთვის. მნიშვნელოვნად გაიზარდა ფრენების რაოდენობა დედაქალაქსა და რეგიონებში, ყოველწლიურად იზრდება ასევე ტრანზიტული რეისების რიცხვიც. ევროკონტროლის მონაცემებით, ეს ტენდენცია მომდევნო წლებშიც შენარჩუნდება და საქართველოში ფრენების რაოდენობა ყოველწლიურად საშუალოდ 6%-ით გაიზრდება. ჩვენი ორგანიზაცია ამ გამოწვევას მომზადებული ხვდება. 2014 წელს დავიწყეთ თბილისის საჰაერო მოძრაობის მართვის ახალი ცენტრის მშენებლობა, სადაც ესპანური კომპანია INDRA SISTEMAS S.A. უმაღლესი სტანდარტის თანამედროვე სისტემებს დაამონტაჟებს. პროექტის საერთო ღირებულება 20 მილიონ ლარზე მეტია”, – განაცხადა მეზვრიშვილმა.
“საქაერონავიგაციის” ინფორმაციით, კონკურსში გამარჯვებულები სწავლებას ევროპაში 6-10 თვის ვადით გაივლიან.