საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილი “ამბასადორიალი-2015”-ის დასასრულს, საზღვარგარეთის ქვეყნებში აკრედიტებულ საქართველოს ელჩებს უმასპინძლა და ყოველწლიური შეხვედრის წარმატებით დასრულება მიულოცა.
საქმიან ვახშამზე ირაკლი ღარიბაშვილი მეუღლესთან ერთად მივიდა.
“ძალიან წარმატებული ამბასადორიალი ჩავატარეთ, უკვე ახალ მინისტრთან ერთად. მიხარია, რომ ყოველწლიური შეხვედრის სასიამოვნო ტრადიცია დამკვიდრდა. მინდა, გისურვოთ წარმატება ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ,” – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
როგორც Dalma News-ს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში განუცხადეს, საქმიან ვახშამზე პრემიერმა ქართველ დიპლომატებს “საქართველოს სოლიდარობის ფონდის” საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. კერძოდ, სოლიდარობის ფონდი ერთი წლის წინ დაარსდა და უკვე 3 მილიონ 700 ათასი ლარია მობილიზებული, რომელიც 143 ბავშვის მკურნალობას მოხმარდა.
“ეს ნამდვილად კეთილი საქმეა, რომლის განხორციელებაც ერთობლივად შევძელით,” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
იგი გუშინ მეუღლესთან ერთად, საერთაშორისო ფესტივალ “ღამის სერენადების” დასკვნით საქველმოქმედო კონცერტსაც დაესწრო, რომელიც “საქართველოს სოლიდარობის ფონდის” საქმიანობას მიეძღვნა. კონცერტიდან შემოსული თანხა, სიმსივნით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად, “საქართველოს სოლიდარობის ფონდში” გადაირიცხება.
ცნობილ ქართველ მევიოლინე ლიანა ისაკაძესთან ერთად საქველმოქმედო კონცერტში მსოფლიოში ცნობილი სოლისტები – დენის შაპოვალოვი (ვიოლინო) და მუჰაი ტანგი (დირიჟორი) მონაწილეობდნენ.