ქართველ მეწარმეებს უცხოელ ბიზნესპარტნიორებთან კონტაქტების დამყარებაში ახალი ვებპორტალი – Tradewithgeorgia.ge დაეხმარება. ექსპორტზე ორიენტირებული მეწარმეები აღნიშნული ვებრესურსის საშუალებით უცხოელი პარტნიორებისთვის საკუთარი საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას შეძლებენ.
აღნიშნული პროექტი მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ინიციატივაა. როგორც სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი ციკოლია, bfm.ge-თან საუბარში აცხადებს, ქართველ მეწარმეებს ახალ ბაზრებზე გასვლის კუთხით ხშირად პრობლემები ექმნებათ, რადგან არ გააჩნიათ სათანადო ინფორმაცია, თუ როგორ უნდა დამყარდეს კონტაქტები უცხოელ პარტნიორებთან.
“ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კომპანიების ინტერნაციონალიზაცია, ანუ ქვეყნის საზღვრებს გარეთ გასვლა მოხდეს, რათა მათ შეძლონ გლობალურ ქსელში ჩართვა და დაინახონ, თუ როგორია პრაქტიკა და თანამედროვე მიდგომა ბიზნესის კეთების კუთხით”, – განაცხადა ციკოლიამ.