2024 წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (პუვი) მოცულობამ 1,569 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 18,6%-ით ნაკლებია 2023 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, თუმცა 17,7%-ით აღემატება 2024 წლის წინასწარ მონაცემებს, — ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს („საქსტატი“) აქვს გავრცელებული.
სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ასევე განახორციელა 2020 წლიდან საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობის გადახედვა. შესაბამისად, ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია დაზუსტებული მაჩვენებლები და მათი ცვლილებების ძირითადი მიზეზები.
სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილი
დაზუსტებული მონაცემებით, 2024 წელს განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მთლიანი მოცულობის 54,4% სამ უმსხვილეს ქვეყანაზე მოდის. „საქსტატის“ ინფორმაციით:
- დიდი ბრიტანეთი — 27,5% (431,1 მლნ დოლარი)
- ნიდერლანდები — 14,7% (230,9 მლნ დოლარი)
-
მალტა — 12,2% (191,7 მლნ დოლარი)
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მთავარი ქვეყნები (2024 წ.)
- დიდი ბრიტანეთი – 431,1 მლნ დოლარი
- ნიდერლანდები – 230,9 მლნ დოლარი
- მალტა – 191,7 მლნ დოლარი
- თურქეთი – 110,3 მლნ დოლარი
- აზერბაიჯანი – 83,9 მლნ დოლარი
- რუსეთი – 71,4 მლნ დოლარი
- აშშ – 71,3 მლნ დოლარი
- იაპონია – 64,0 მლნ დოლარი
- გერმანია – 56,2 მლნ დოლარი
- ისრაელი – 52,3 მლნ დოლარი
-
სხვა ქვეყნები – 206,3 მლნ დოლარი
პირდაპირი ინვესტიციების ძირითადი სექტორები (2024 წ.)
სამ უმსხვილეს სექტორზე მოდის პუვის 60,2%.
- საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა — 579,5 მლნ დოლარი (36,9%)
- დამამზადებელი სექტორი — 183,6 მლნ დოლარი (11,7%)
-
უძრავი ქონება — 182,0 მლნ დოლარი (11,6%)
პუვის მოცულობის და „დასავლეთის წილის“ კლება 2022 წლიდან
„საქსტატის“ მონაცემების ანალიზი ცხადყოფს, რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში საქართველოში ჯამში 15,675 მილიარდი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა.
2022 წლის შემდეგ პუვის მოცულობა კლების ტენდენციას ავლენს. კერძოდ, 2022 წელს საქართველოში 2,224 მლრდ დოლარის ინვესტიცია შევიდა, 2023 წელს — 1,928 მლრდ დოლარი (13%-ით ნაკლები წინა წელთან შედარებით), ხოლო 2024 წელს — 1,569 მლრდ დოლარი, რაც 29%-ით ნაკლებია 2022 წლის და 18,6%-ით ნაკლებია 2023 წლის მაჩვენებელთან შედარებით.
ბოლო ათი წლის განმავლობაში დასავლეთის ქვეყნებზე მოდიოდა საქართველოს პუვის უმსხვილესი წილი — 59,2%. Business Press News-ის ინფორმაციით, 2015–2024 წლებში საქართველომ ევროკავშირის, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთისგან პირდაპირი ინვესტიციების სახით ჯამში 9,277 მლრდ დოლარი მიიღო.
დასავლეთის ქვეყნებს შორის ყველაზე დიდი წილი ევროკავშირზე მოდის — 4,728 მლრდ დოლარი. მეორე ადგილზეა დიდი ბრიტანეთი — 3,614 მლრდ დოლარით, ხოლო მესამე ადგილზე — აშშ — 935 მლნ დოლარით.
2022–2024 წლებში საქართველოს პუვის საერთო მოცულობამ 5,721 მლრდ დოლარი შეადგინა, საიდანაც 67% (3,857 მლრდ დოლარი) დასავლეთის ქვეყნებზე მოდის (აშშ, ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი).
დასავლეთის ინვესტიციების კლების ტენდენცია
- ევროკავშირი: 2022 წელს — 850,7 მლნ დოლარი, 2024 წელს — 442,1 მლნ დოლარი (შემცირდა 48%-ით).
- დიდი ბრიტანეთი: 2022 წელს — 656,8 მლნ დოლარი, 2023 წელს — 365,2 მლნ დოლარი, 2024 წელს — 431,1 მლნ დოლარი (შემცირდა 34%-ით, ანუ 225,7 მლნ დოლარით).
- აშშ: 2022 წელს — 178,8 მლნ დოლარი, 2023 წელს — 186,2 მლნ დოლარი, 2024 წელს — 71,3 მლნ დოლარი (შემცირდა 60%-ით, ანუ 107,5 მლნ დოლარით).
სულ, 2022–2024 წლებში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 654,9 მლნ დოლარით შემცირდა, ხოლო დასავლეთის ქვეყნებიდან ინვესტიციები — 741,8 მლნ დოლარით.
ინვესტიციების ზრდა რეგიონიდან
დასავლური ინვესტიციების შემცირება ნაწილობრივ ანაზღაურდა აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და ისრაელიდან გაზრდილი ინვესტიციებით.
- აზერბაიჯანი: 2022 წელს — 5,1 მლნ დოლარი, 2024 წელს — 83,9 მლნ დოლარი.
- სომხეთი: 2022 წელს — 13,7 მლნ დოლარი, 2024 წელს — 23,6 მლნ დოლარი.
- ისრაელი: 2022 წელს — 36,1 მლნ დოლარი, 2024 წელს — 52,3 მლნ დოლარი.