დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში სალომე ზურაბიშვილი შევა, როგორც კონსტიტუციის დარღვევისთვის ორჯერ იმპიმენტგამოცხადებული პრეზიდენტი. პირველი ქალი პრეზიდენტის თავნებობა ყოველგვარ საკანონმდებლო საზღვრებს გასცდა და ბოლო არ უჩანს. ერთი წლის წინ საკონსტიტუციო სასამართლომ სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის დამრღვევად უკვე ცნო, თუმცა ამ საკითხზე საპარლამენტო კენჭისყრა ჩავარდა. „ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა ბოლომდე ვერ მიიყვანა, რადგან საპარლამენტო ოპოზიციამ იმპიჩმენტს მხარი არ დაუჭირა.

მმართველ გუნდში ფიქრობენ, რომ რადიკალურ ოპოზიციას, რომელმაც თვალი დახუჭა კონსტიტუციის დარღვევაზე, საკუთარი მიზნები აქვს. კერძოდ, იმპიჩმენტის შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა ნიკა გვარამია, რაც იყო გარიგების ნაწილი, სანაცვლოდ კი პრეზიდენტს რადიკალური ოპოზიციის მხრიდან მიეცა დაუსჯელობის გარანტია, ანუ მას შეუძლია თავისუფლად დაარღვიოს კონსტიტუცია და ამისთვის ექნება ინდულგენცია.

როგორც მმართველ გუნდში აცხადებენ, მთავრობასთან შეუთანხმებელი უცხოური ვიზიტები არ არის ერთადერთი დარღვევა, რის გამოც „ოცნება“ ითხოვს სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტს, ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტი „კონსტიტუციის დარღვევის რეციდივისტად“ იქცა, კვლავ არ ნიშნავს ელჩებს, არის ჩართული საარჩევნო კამპანიაში და ამბობს, რომ არჩევნების შემდეგ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატიც მან უნდა დაასახელოს.

პრეზიდენტსა და მთავრობას შორის დაპირისპირება წინასაარჩევნო პერიოდში კიდევ უფრო გამძაფრდა. სალომე ზურაბიშვილი საკუთარ რეალობას ქმნის, ის ოპოზიციურ ფლანგზე მყოფ პარტიებს საკუთარ დღის წესრიგს სთავაზობს და ტექნიკური მთავრობის დაკომპლექტების გეგმებს სახავს. სხვადასხვა პარტიებსა და ცალკეულ პოლიტიკურ სუბიექტებს გაერთიანებისა და კოალიციების შექმნის რეკომენდაციებს აძლევს.

მაია ნიკოლეიშვილი

დამოუკიდებელი ექსპერტის მაია ნიკოლეიშვილის აზრით, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქართული პოლიტიკის უნიჭო ხანუმად ჩამოყალიბდა.

„ეს ადამიანი, იმთავითვე, თავს მოხვეული იყო უცხო ძალების მიერ. სამწუხაროდ, მეც იმ ამომრჩევლებს შორის ვარ, რომლებმაც “ოცნების“ ხათრით მივეცით მას ხმა. დღეს იგი ქართული პოლიტიკის ხანუმად იქცა, ოღონდ, უნიჭო ხანუმად!“, – ამბობს მაია ნიკოლეიშვილი.

„ქართულ ოცნება“, რომელიც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებით ხელისუფლებაში საკონსტიტუციო უმრავლესობით დაბრუნებას იმედოვნებს, ზურაბიშვილს ახალი მოწვევის პარლამენტის პირველივე სხდომებზე, არანაკლებ 100 ხმით გადაყენებას ჰპირდება. მათი დიდი სურვილია, რომ კონსტიტუციის დამრღვევ სალომე ზურაბიშვილს მიენიჭოს არა ყოფილი პრეზიდენტი, არამედ გადაყენებული პრეზიდენტის სტატუსი.

განმეორებითი იმპიჩმენტის სურვილი გამოწვეულია იმითაც, რომ იმპიჩმენტის პირველი პროცედურის დასრულების შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა კვლავ განაგრძო კონსტიტუციის დარღვევა და საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე იმყოფებოდა საფრანგეთში, გერმანიაში, პოლონეთსა და ბელგიაში.

ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტს უფლებამოსილების ვადა ნოემბერში ეწურება. მთავრობამ საკონსტიტუციო სასამართლოს მისი იმპიჩმენტის მოთხოვნით 26 ოქტომბრამდე უნდა მიმართოს. ცხადია სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენებას სიმბოლური დატვირთვა ექნება, თუმცა „ოცნებისთვის“ ეს პრინციპული მნიშვნელობის გადაწყვეტილებაა, თავისი სამართლებრივი და პოლიტიკური შემდგენლით.

შალვა პაპუაშვილი

„თუკი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე უცხო ქვეყნებს და ორგანიზაციებს შეეძლოთ ეთქვათ, რომ მათთვის ცნობილი არ იყო, რომ პრეზიდენტს ვიზიტისთვის მთავრობის თანხმობა ესაჭიროებოდა, ამ გადაწყვეტილების შემდეგ საქართველოს მთავრობის სავალდებულო თანხმობის გარეშე სალომე ზურაბიშვილის მიღება, ქართველი ხალხის და მისი კონსტიტუციური მოწყობის მიმართ განზრახ უპატივცემულობასთან ერთად, ქვეყნის შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპის დარღვევაა და ეწინააღმდეგება ჩვენს საერთო ევროპულ ღირებულებებს“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის შეფასებით, სალომე ზურაბიშვილმა მოატყუა მილიონზე გაცილებით მეტ ადამიანს, რომელმაც მას, „ქართული ოცნების“ თხოვნით დაუჭირეს მხარი. არჩევნებში „ოცნების“ საკონსტიტუციო უმრავლესობით გამარჯვების შემდეგ კი ზურაბიშვილი იქნება არა ყოფილი, არამედ გადაყენებული პრეზიდენტი.

საინტერესოა, როგორია ამ საკითხისადმი იმ ადამიანების დამოკიდებულება, რომლებმაც სალომე ზურაბიშვილს ხმა, სწორედ „ქართული ოცნების“ მოწოდებით მისცეს და დღეს ამას ნანობენ. როგორც ბათუმელი ირმა ხახუტაშვილი ამბობს, სალომე თავის დროზე ექსპრეზიდენტმა სააკაშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრად მხოლოდ იმ ნიშნით დანიშნა, რომ ის XX საუკუნის დასაწყისში საქართველოდან გაქცეული ხელისუფლების შთამომავალია.

„გაუგებარია, რატომაა მისი წინაპარი გმირი, რომელიც გაიქცა და აქ თანაპარტიელები მიატოვა, საქართველო შეატოვა ბოლშევიკებს? თუმცა დღევანდელი გადმოსახედიდან შეიძლება ითქვას, რატომღაც დაკომპლექსებულები ვიყავით ჩვენც მათ წინაშე, – გაიქცნენ ცოდოები, – არადა აქ დარჩენილები უბრალოდ დახვრიტეს, იმათი შვილები არ არიან გმირები და კომფორტში გაზრდილი სალომე რატომ არის გმირი, ვერ ვხდები. ეგ შეხედულებაც გამოსასწორებელია“, – ამბობს ირმა ხახუტაშვილი.

სალომე ზურაბიშვილი ბიძინა ივანიშვილმაც ზუსტად იმავე ნიშნით შესთავაზა ქართველ ამომრჩეველს, რომ ის დასავლეთშია დაბადებული, იცის უცხო ენები, რომ მისი წინაპრები იძულებით ემიგრაციაში იყვნენ და ა.შ.

„ჰოდა, ახლა რომ გაშიფრულია ეგ ქალი, ფრჩხილებიდან თმის ღერამდე, თან ზუსტად 18 დღეში საპნის ბუშტივით რომ გაქრება, აქვს მას ლეგიტიმური უფლება ასე „იბლატაოს?!“ სავარაუდოდ, ბოლო გაფართხალებაა, ისევ მიიღოს სარგებელი მისი წინაპრების ხარჯზე“, – ამბობენ მოქალაქეები.

ნანა კაკაბაძე

უფლებადამცველი ნანა კაკაბაძის მოსაზრებით, პრეზიდენტი ბედნიერია იმით, რომ ევროპაში სხვადასხვა ქვეყნების პრეზიდენტები და ევროსტრუქტურის ხელმძღვანელები ღიმილით ხვდებიან, ხელს ართმევენ და გამამხნევებელ სიტყვებს ეუბნებიან. ამას კი იმიტომ აკეთებენ, რომ სწორედ ამ ქალბატონის იმედი აქვთ იმ მთავარი ოპერაციის განხორციელებაში, რომელიც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ნების იგნორირებით ხელისუფლებაში მათთვის მისაღები და მორჩილი პოლიტიკური ძალების მოყვანას ითვალისწინებს.

Dalma News-ის კითხვაზე, თუ რა იყო ის ბოლო წვეთი, რის გამოც მმართველ გუნდში პრეზიდენტის განმეორებითი იმპიჩმენტი გადაწყვიტეს, ნანა კაკაბაძემ აღნიშნა, რომ ბოლო წვეთი იყო „საქართველოში ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის შესახებ კანონი“, რომელიც პარლამენტმა მიიღო და რომელსაც ხელი არ მოაწერა პრეზიდენტმა.

„სალომეს ვირეშმაკობს როცა ერთი მხრივ ხელს არ აწერს ამ კანონს, მეორე მხრივ კი, ვერც ვეტოს დადება გაუბედავს. კანონზე ხელმოწერა სალომეს დასავლელ შეფებს არ მოეწონებათ, ხოლო ვეტოს დადება – საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობისთვის იქნება მიუღებელი. სალომემაც, თავისი მოკლე ჭკუით, იფიქრა, რომ დასავლეთის კეთილგანწყობასაც შევინარჩუნებ და ქართველების უმრავლესობასაც არ გავაღიზიანებო, მაგრამ ორი კურდღლის მდევარმა პრეზიდენტმა ამ შემთხვევაში ორივე მხარე გააღიზიანა“, – ამბობს ნანა კაკაბაძე.

თამთა მეგრელიშვილი

ანალიტიკოს თამთა მეგრელიშვილის აზრით, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ საქართველოს პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურის ხელახლა აღძვრა ნაკარნახევია და გამომდინარეობს სახელმწიფოს სამართლებრივი პატივისცემიდან, რადგან არ შეიძლება სალომე ზურაბიშვილის მიერ ქართველი ხალხის მთავარი კანონის განზრახ, უხეში და სისტემატური დარღვევა დაუსჯელი დარჩეს.

მისივე შეფასებით, სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტობანას თამაშში შეგნებულად არღვევს საქართველოს უზენაეს კანონს – კონსტიტუციას და ყველაფერს აკეთებს იმისთვის რომ მისი “ფრანგული ქოლგის” ქვეშ გააერთიანოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მასავით მოქმედი პოლიტიკური ძალები.

„სალომე ზურაბიშვილს იმპიჩმენტი გამოუცხადა მოსახლეობის უმრავლესობამ და ის აღარ მოიაზრება მათთვის ქვეყნის პრეზიდენტად, ანუ ის პოლიტიკურად უკვე უარყოფილია ქართველი ხალხის მიერ”, – აცხადებს თამთა მეგრელიშვილი.

აღსანიშნავია, რომ 2023 წლის 16 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის დამრღვევად გამოაცხადა და დაადასტურა საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლით დადგენილი წესი, რომ პრეზიდენტს საგარეო ვიზიტის განხორციელების უფლება აქვს მხოლოდ საქართველოს მთავრობის თანხმობის შემთხვევაში.

შორენა ქარჩავა