ა.ი.პ. „ევრაზიის ინსტიტუტის“ დაფუძნებიდან 15 წელი გავიდა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით მრგვალი მაგიდა გაიმართა, რის შემდეგაც ორგანიზაციის დამფუძნებლის – გულბაათ რცხილაძის ორგანიზებით სადღესასწაულო მიღება მოეწყო. გაიმართა ფილმის ჩვენება, რომელიც ასახავს წლების განმავლობაში ქართულ-რუსული ურთიერთობების მოწესრიგების მიმართულებით ორგანიზაციის მიერ გაწეულ სამუშაოს.

მრგვალი მაგიდის მსვლელობისას განიხილეს როგორც საქართველოში, ისე რეგიონში მიმდინარე მოვლენები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის – ბიძინა ივანიშვილის მიერ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გორში გაკეთებულ განცხადება, სადაც მან 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით ისაუბრა.

როგორც ბიძინა ივანიშვილმა თქვა, აგვისტოს ომი არ ყოფილა არც ქართველი და არც ოსი ხალხის სურვილი. ამიტომ, არჩევნების შემდეგ ძმათა შორის სისხლიანი კონფლიქტის დამკვეთებს ამხელენ, ხოლო შემსრულებლებს სამართლებრივად აგებინებენ პასუხს. მან ქართველებსა და ოსებს შორის ურთიერთ შენდობაზეც გაამახვილა ყურადღება, რამაც ქართულ საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.

„ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები. და რადგან ჩვენი, ქართველებისა და ოსების ქრისტიანული რწმენის ერთ-ერთი უმთავრესი ქვაკუთხედი სწორედ შენდობაა“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გორის ამომრჩეველთან შეხვედრისას.

„ოცნების“ ლიდერის ბოდიში განხილეს „ევრაზიის ინსტიტუტის“ მრგვალი მაგიდის მონაწილეებმაც. ორგანიზაციის დამფუძნებლის, გულბაათ რცხილაძის შეფასებით, ხალხი აბსოლუტურად მოუმზადებელი იყო ასეთი „ბოდიშისთვის“ და ბევრმა ვერ გაიგო, რატომ უხდის ივანიშვილი ბოდიშს ოსებს? უფრო მეტიც, ბიძინას სიტყვებით თავად „ოცნების“ მხარდამჭერები გაოგნდნენ. რცხილაძის აზრით, ივანიშვილმა ან ვერ გათვალა, ან ეს განცხადება გარკვეული სიგნალია რუსეთთან ურთიერთობების მოწესრიგების მიმართულებით.

მისივე აზრით, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში „ოცნებამ“ თუ წააგო, მიზეზად დასახელდება ბიძინა ივანიშვილის „ბოდიში“, – ხალხს არ უნდოდა რუსეთთან ურთიერთობაო.

„რუსეთთან თუ არ დალაგდა ურთიერთობები „ბოდიშებს“ აზრი არ აქვს“, – ამბობს გულბაათ რცხილაძე.

მრგვალია მაგიდის ორგანიზატორმა ისაუბრა უკრაინაში ბოლო დროს გააქტიურებ ორგანიზაცია „ქართულ ლეგიონზეც“ და საქართველოს ხელისუფლება („ქართული ოცნება“) უმოქმედობაში დაადანაშაულა.

რცხილაძის აზრით, „ოცნების“ ხელისუფლებამ კარგად უწყის, თუ რომელი არხებით და საიდან გადიან უკრაინაში ქართველი დაქირავებული მებრძოლები და ამ პროცესს ხელს არ უშლის. ცნობილია კონკრეტული პირები, რომლებიც უშუალოდ კურირებენ მებრძოლების შეკრებას და აქამდე არც ერთი მათგანი არ დაუკავებიათ.

დისკუსია კვლავ ბიძინა ივანიშვილის „ბოდიშის“ თემაზე გაიმართა. ჟურნალისტი ზაზა დავითაია მიიჩნევს, რომ ქართველებს, რომლებიც საკუთარ მიწას იცავდნენ, არაფერი დაუშავებიათ ოსებისთვის. მთავარი დამნაშავე არის ექსპრეზიდენტი სააკაშვილი და აშშ-ი.

„შეიძლება, სხვა რამის თქმა უნდოდა ამ ბოდიშით და არ გამოუვიდა. ბოდიშზე უფრო ადრე საჭიროა ხელის გაწვდენა ხალხებს შორის. ოსებს უნდა ავუხსნათ, რომ ისინიც ისეთივე მსხვერპლნი არიან, როგორც ჩვენ. რისთვის დაგვიხოცეს ბიჭები? ჩვენ ოსების მოკვლას საერთოდ არ ვაპირებდით. რაც ოსებს დაუშავა სააკაშვილმა, ჩვენ იმაზე მეტი დაგვიშავა და პლუს ტერიტორიებიც დავკარგეთ“, – ამბობს ზაზა დავითაია.

მრგვალი მაგიდის კიდევ ერთი მონაწილე, ანალიტიკოს ელიზბარ ელიზბარაშვილის მოსაზრებით, ბიძინა ივანიშვილის „ბოდიში“ არასწორად იყო გაგებული ქართული პოლიტიკური სპექტრის მიერ. ივანიშვილის განცხადება ყველამ სათავისოდ გადათარგმნა და საკუთარ პოლიტიკურ დღის წესრიგს მოარგო.

„ივანიშვილმა თქვა მთავარი, რომ უნდა გასამართლდეს სააკაშვილი. როდესაც სახელმწიფო აღიარებს ამ დანაშაულს და მიეცემა იურიდიული შეფასება იმას, რომ სააკაშვილმა დაბომბა საკუთარი მოქალაქეები (ოსები არიან ჩვენი მოქალაქეები) და ამის გამო გაასამართლებენ, მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მოუხადოს ხელისუფლებამ საკუთარ მოქალაქეებს ბოდიში 2008 წლის აგვისტოს ომის გამო. სახელმწიფო ვალდებულია ბოდიშს უხდიდეს საკუთარ მოქალაქეებს“, – ამბობს ელიზბარ ელიზბარაშვილი.

უფლებადამცველმა კობა კუსიანმა თავის გამოსვლაში გაიხსენა „ქართული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილის 2012 წლის წინასაარჩევნო დაპირებები. მისი აზრით, მმართველობის 12 წლის განმავლობაში შეეძლოთ აგვისტოს ომის წამომწყებთა გასამართლება, რაც არ გააკეთეს.

კუსიანი ეჭვობს, რომ ივანიშვილის მიერ გორში გაკეთებული განცხადება ე.წ. ნიურნბერგის პროცესის მოწყობაზე, წინასაარჩევნო კამპანიისთვის მომზადებული ფანდია.

„ბოდიშის მოხდით დაღუპულებს ვერავინ გაგვიცოცხლებს. 12 წლის განმავლობაში შეეძლო ბიძინას გაესამართლებინა ხელისუფლება, რომელმაც დაიწყო ომი. ივანიშვილს დღეს ბოდიში მოსახდელი აქვს ქართველი ხალხისთვის იმის გამო, რომ თავზე დაასვა „ნაციონალური მოძრაობა“ , – აცხადებს კუსიანი.

აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, მრგვალი მაგიდის მონაწილეები ერთ რამეზე თანხმდებიან, რომ გამოსაძიებელია, თუ ვინ უბრძანა სააკაშვილს 2008 წლის აგვისტოში ომის დაწყება? საჭიროა შეიქმნას საპარლამენტო კომისია, რომელიც დაიწყებს აგვისტოს ომის გამოძიებას.

შეხვედრის მონაწილეებმა „ევრაზიის ინსტიტუტს“ იუბილე მიულოცეს და აღნიშნეს, რომ 15 წელი მნიშვნელოვანი ეტაპია ორგანიზაციისთვის. ეს ის თარიღია, როცა თვისობრივად ახალ ეტაპზე უნდა გადავიდეს ორგანიზაცია, მით უფრო, რომ დიდი ცვლილებებია მოსალოდნელი, როგორც რეგიონში, ისე მთელ მსოფლიოში.

Dalma News-თან საუბრისას „ევრაზიის ინსტიტუტის“ 15-წლიანი მოღვაწეობა თავად ორგანიზაციის დამფუძნებელმა გულბაათ რცხილაძემ შეაფასა. მისი აზრით, ამ წლების განმავლობაში ბევრი რამ გაკეთდა. მათი მოღვაწეობის შედეგი არის ის, რომ შექმნეს საზოგადოებრივი აზრი და ყოველთვის სიმართლის სამსახურში არიან.

„ჩვენ მზად ვართ დავდგეთ ქვეყნის სადარაჯოზე მომავალშიც. ჩვენი ორგანიზაცია არავისზეა დამოკიდებული, ჩვენზე ეს არჩევნები არ მოქმედებს, მაგრამ ეს არჩევნები მოქმედებს ქვეყნის მომავალზე და აქედან გამომდინარე, შევხედავთ, როგორი იქნება პოლიტიკურ ძალთა განლაგება. ჩვენი ორგანიზაცია მარტო ქართულ-რუსულ ურთიერთობებზე არ მუშაობს, არამედ სხვადასხვა მიმართულებით, როგორიც არის უსაფრთხოება, ეკონომიკა, კულტურა და კვლევითი სამუშაოები, რომლებიც არაერთხელ ჩაგვიტარებია და მომავალშიც განვახორციელებთ“, – განაცხადა გულბაათ რცხილაძემ.

შ. ქარჩავა