საქართველოში 2024 წ. საპარლამენტო არჩევნების წელია, ოპოზიციურ ფრანგში დიდი ფუსფუსია ატეხილი. ჯერჯერობით საბოლოოდ ვერ ჩამოყალიბებულან, როგორი სახით წარდგებიან ოქტომბრის არჩევნებზე, დამოუკიდებლად, თუ რომელიმე ფინანსურად ძლიერ პარტიასთან ერთიანი სიით?
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ხანებში მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მიმართ დასავლეთიდან გახშირებულია კრიტიკა და გაძლიერებულია პოლიტიკური წნეხი, ეს მომგებიან ვითარებას არც ოპოზიციას უქმნის. „ოცნების“ მიმართ კრიტიკულად განწყობილი ამომრჩეველი ჯერ კიდევ ფიქრის რეჟიმშია – ვის ყულაბაში წავიდეს მათი ხმა? ხელისუფლების მიმართ პრეტენზიები, ავტომატურად არ გულისხმობს ოპოზიციური პარტიების უპირობო მიმღებლობას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ოპოზიციურ ფლანგზე მთავარ გამწევ ძალად კვლავ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ რჩება.
იმიჯშელახული „ნაციონალური მოძრაობის“ გვერდით დგომა დღეს უკვე დამაზიანებელია სხვა პოლიტიკური პარტიებისთვის, თუმცა, ყველას როდი აქვს არჩევანის ფუფუნება. მაშინ, როცა ყოფილი ნაცებიც კი (მელია და გვარამია) დღეს ამბობს, რომ დამოუკიდებელი პოლიტიკური სუბიექტები არიან და „ენმ“-თან საერთო არაფერი აქვთ, „ოცნების“ ზოგიერთი ოპონენტი პარლამენტში მოხვედრას კვლავ პატიმარი ექსპრეზიდენტის – მიხეილ სააკაშვილის პარტიის საშუალებით იმედოვნებს.
ოპოზიციას ერთ თვეზე ცოტა დრო რჩება იმისთვის, რომ საბოლოოდ ჩამოყალიბდნენ რას აპირებენ და როგორი სახით წარდგებიან 2024 წლის არჩევნებზე. გაერთიანებაზე ფიქრობენ ხაზარაძის „ლელო“ და გახარიას პარტია „საქართველოსთვის“. კონსერვატორულ ფლანგზე „პატრიოტთა ალიანსი“ და „ალტ-ინფო“ აპირებს ერთად ბრძოლას, მათი სახით კი „ქართულ ოცნებას“ რეალური კონკურენტი ეყოლება. „ხალხის ძალა“ ხომ იმისთვის შექმნეს, რომ კონსერვატორულად განწყობილი ამომრჩეველი “ოცნებას” საკუთარ ორბიტაზე შეენარჩუნებინა? რა გამოვა აქედან არჩევნების შემდგომ ვნახავთ, მანამდე კი…
25 ივნისს 5-მა ოპოზიციურმა პარტიამ ხელი მოაწერა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთობლივ დეკლარაციას. ხელმოწერა ბრიუსელში გაიმართა. ეს პარტიებია: „გირჩი – მეტმა თავისუფლება“, „ახალი“, „ლელო“, „დროა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“. ოპოზიციის ერთიანობის დეკლარაცია გულისხმობს ერთიანობას როგორც საპარლამენტო არჩევნებამდე, ასევე არჩევნების შემდეგ.
მათი აზრით, „ქართული ოცნება“ მიზანმიმართულად ხელს უშლის საქართველოს მისწრაფებებს ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებისკენ, ამიტომ ერთიანდებიან „ქართული ქარტიის“ მიზნების გარშემო, როგორც ეს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა წარადგინა. დეკლარაციაზე მიერთების შესაძლებლობა მიეცემა სხვა ოპოზიციურ პარტიებსაც, მათი სურვილის შემთხვევაში.
ამ ფაქტს „ქართული ოცნებიდან“ გამოეხმაურნენ. მათი შეფასებით, ოპოზიციის მიერ დეკლარაციის ბრიუსელში გაფორმება კიდევ ერთი დემონსტრირებაა იმის, რომ არ არიან ქართველი ერის ინტერესების გამომხატველნი და რომ თავიდან ბოლომდე დამოკიდებულნი არიან უცხოეთზე.
ოპოზიციის ერთიანობის დეკლარაციას არ უერთდება „ევროპული საქართველო“ (ეს პარტიაც „ენმ“-ს წიაღიდან აღმოცენდა) და 4 მიზეზს ასახელებს: პირველი „ნაციონალური მოძრაობის“ ერთიან სიაში ყოფნაა. როგორც განმარტავენ, მათთვის პრობლემაა პიროვნების კულტზე დაფუძნებული მმართველობის მოდელი, რასაც „ენმ“ ახორციელებს.
ცნობისათვის, ამ წლების განმავლობაში „ენმ“-ში არაერთი ჩრდილოვანი მმართველი გამოიკვეთა: უკრაინის მოქალაქე, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელიც პარტიას მითითებებს საპატიმროდან აძლევს და მერაბიშვილ-კეზერაშვილის ერთობა, რომლებიც პარტიის ფინანსურ ხერხემალს წარმოადგენენ. როგორც ჩანს გიგი ბოკერიასა და მისი თანაგუნდელებისთვის, ეს სურათი ანტიდემოკრატიულია.
„სხვა ოპოზიციური ძალების ასეთ ძალასთან შერევა მხოლოდ ზიანს აყენებს ქართულ დემოკრატიას და იმედს უცრუებს ამომრჩეველს“, – აღნიშნულია „ევროპული საქართველოს“ განცხადებაში.
მეორე არგუმენტად პარტიამ დაასახელა ხმების მობილიზებისთვის რამდენიმე სიმძიმის პოლიტიკური ცენტრის არსებობის აუცილებლობა. მათი აზრით, ორპარტიული სისტემა განეიტრალებას საჭიროებს. ამ თვალსაზრისით, პარტია მზადაა რამდენიმე პარტიასთან გაერთიანებისთვის კონსულტაციები დაიწყოს.
მეოთხე მიზეზია პარტიებს შორის დებატებისთვის სივრცის არსებობის აუცილებლობა, რათა მოხერხდეს ამომრჩეველთა ინფორმირება და იყოს შესაძლებლობა, გააკრიტიკონ „ნაციონალური მოძრაობა” იმ ქმედებებისთვის, რომლებიც ძირს უთხრის ოპოზიციის გამარჯვებას.
“2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ „ნაცმოძრაობამ” ოპოზიციის დეკლარაციის შესახებ შეთანხმება დაარღვია. მაშინ იგეგმებოდა ერთიანი კანდიდატის წარდგენა, თუმცა კანდიდატურაზე აზრთა სხვადასხვაობის გამო ერთობა დაიშალა. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პრეზიდენტობის კანდიდატად გრიგოლ ვაშაძე წარადგინა, ხოლო „ევროპულმა საქართველომ“ – დავით ბაქრაძე”, – ვკითხულობთ “ევროპული საქართველოს” განცხადებაში.
ერთი სიტყვით, საპარლამენტო არჩევნებზე ოპოზიციის ერთიანი სიით წარდგენას არაერთი მოწინააღმდეგე ჰყავს. არჩევნებამდე კი 4 თვეა დარჩენილი.
კონსერვატიული ფლანგი კი დიდ გამარჯვებისთვის ემზადება. მიუხედავად იმისა, რომ საჯარო რეესტრმა კიდევ 3 თვით გაზარდა “კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფოს” პარტიის გაუქმების გადახედვასთან დაკავშირებით საჩივრის განხილვის ვადა, მათ მაინც მონახეს გამოსავალი და არჩევნებში მონაწილეობას საარჩევნო ბლოკის სახით – პარტია “პატრიოტთა ალიანსის” მეშვეობით მიიღებენ! “პატრიოტთა ალიანსი” საპარლამენტო პარტია და მისი აკრძალვა ხელისუფლებას არ შეუძლია.
“მინიმუმ 3 თვე პარტიის აღდგენის შანსი არ არსებობდა, შესაბამისად, უშუალოდ ჩვენი პარტიით, ფიზიკურად ვერ მოვასწრებდით არჩევნებში მონაწილეობას. სწორედ ეს იყო პირველივე დღიდან “ქართული ოცნების” მთავარი ამოცანა – საქართველოს კონსერვატიულად განწყობილი ნაწილის ხმების მითვისება. ეროვნულმა ფლანგმა მაინც მონახა გამოსავალი და მოხდა დიდი კონსოლიდაცია. სწორედ ეს დიდი ერთობაა, ჩვენი ქვეყნის ჩიხიდან გამოყვანის პირველი საწინდარი“, – აცხადებენ „ალტ-ინფოში“.
პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის აზრით, ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ოპოზიციამ ერთმანეთთან თანამშრომლობა შეძლოს. პარტიები, რომლებიც მხარდაჭერას ელიან არა საკუთარი მოსახლეობისგან, არამედ ქვეყნის გარედან, საკმაოდ სუსტად გამოიყურებიან და გამარჯვების შანსიც უმცირდებათ.
„ამბიციები და პოლიტიკური ამპარტავნობა არის ჩვენი პოლიტიკოსების დამახასიათებელი თვისება. აქ ყველას პირველობა უნდა და ვინ რისი დამთმობია? მაშინ გამოდის, რომ პარტიებზე უნდა თქვან უარი და სერთო სია უნდა გაკეთდეს. აქ კი ყველას 10-ეულში და 20-ეულში მოხვედრა სურს. ამიტომ არ ველი, რომ ეს გადაჯგუფება იქნება. უფრო ველი, რომ ბევრი ვერ გაუძლებს „ნაციონალების“ ცდუნებას. ბევრ მათგანს პარლამენტში შესვლა უფრო უნდა, ვიდრე „ქართული ოცნების“ დამარცხება“, – ამბობს რამაზ საყვარელიძე.
მისივე თქმით, „ოცნებას“ კვლავ აქვს შანსი ხელისუფლებაში უმრავლესობით დაბრუნდეს.
ანალიტიკოსი ლევან ალაფიშვილი კი მიიჩნევს, რომ საქართველოში ჯერ კიდევ არ არის დემოკრატიული სტანდარტების შესაფერისი პარტიული კანონმდებლობა, რაც გულისხმობს ფინანსებს, პარტიული სტრუქტურების მართვას და ა.შ. საქართველოს პარტიული რეალობა ჯერ ისევ შორს არის დემოკრატიულისგან, რაც განსაკუთრებული ზრუნვის საგანი უნდა იყოს ყველა პოლიტიკური პარტიისათვის.
„ამ პირობებშიც კი ჩემთვის მნიშვნელოვანი და საინტერესო იქნება არა იდეოლოგიური საფუძვლების გარეშე გაერთიანება, არამედ გაერთიანება პირველ რიგში სწორედ ფასეულობების გარშემო, წინააღმდეგ შემთხვევაში მივიღებთ მხოლოდ მემარცხენე და მემარჯვენე პოლიტიკური ძალების მექანიკურ გაერთიანებას, რაც დამაზიანებელია დემოკრატიისთვისაც“, – განუცხადა Dalma News-ს ლევან ალაფიშვილმა.
მისივე თქმით, პროცესი მექანიკურად თუ წარიმართა და პოლიტიკური ძალების ფასეულობების გარშემო გაერთიანება არ იხილა ამომრჩეველმა, არაფერი შეიცვლება 2024 წლის არჩევნების შემდგომაც.
„მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რა კომპრომისებზე არიან წამსვლელები კოალიციური მთავრობის პირობებში, რომელ საკითხებზე ითანამშრომლებენ, რომელ საკითხებში არ დათმობენ საკუთარ პრინციპებს“, – ამბობს ალაფიშვილი.
რაც შეეხება კონსერვატორული ფრთას, ანალიტიკოსის თქმით, ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ „კონსერვატორული მოძრაობა“ არ ყოფილიყო წარმოდგენილი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე.
„2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს „ქართულ ოცნებაში“ გამოიკვეთა თაობათა შორის დაპირისპირება. კობახიძე-მდინარაძის გუნდმა ძველი „მეოცნებეები“ და მათი მხარდამჭერები უკანა ფლანგზე გადასწიეს. ახლა „ოცნების“ ამოცანაა, კონსერვატორულად განწყობილი ამომრჩეველი თავის ორბიტაზე დაიტოვოს და მათი ხმები სხვა პოლიტიკური ძალის ყულაბაში არ წავიდეს. „ალტ-ინფოს“ ცესკოში რეგისტრაციაც კი გაუუქმეს, ეს მიანიშნებს, რომ „ქართული ოცნებისთვის“ ეს ფლანგი მნიშვნელოვანია. „ხალხის ძალაც“ სწორედ ამისთვის გამოაცხვეს“, – ამბობს ლევან ალაფიშვილი.
მისივე თქმით, „ალტ-ინფო“ პარლამენტში თუ შევა, მათი მანდატები „ქართული ოცნების“ ყულაბაში არ წავა. „ოცნების“ მიზანი კი არის ერთპიროვნული მმართველობის შენარჩუნება და არა სხვებთან ძალაუფლების გაყოფა.
პოლიტოლოგები თანხმდებიან მოსაზრებაზე, რომ ერთი რომელიმე მოთამაშის მიმართ დასავლეთის მხრიდან ნეგატიური დამოკიდებულება თუ კრიტიკული გადაწყვეტილებები არ ნიშნავს ავტომატურად მეორე პოლიტიკური ძალისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებას ან შედეგს. როგორიც არ უნდა იყოს შეფასებები ან კრიტიკა მმართველი პოლიტიკური ძალის მიმართ, ეს არ აუმჯობესებს სხვა პოლიტიკური გაერთიანებების მდგომარეობას.
შორენა პაპაშვილი