წარმოგიდგენთ პოლიტიკური ანალიტიკოსის, ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის რუსული კვლევითი ცენტრის დირექტორის, ევრაზიული ექსპერტთა კლუბის კოორდინატორის არამ საფარიანის სტატიას, რომელიც კომუნიკაციების განვითარების ეროვნული კვლევითი ინსტიტუტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ბოლო დროს, სამხრეთ კავკასიაში შექმნილი უსაფრთხოების ვაკუუმური მდგომარეობის ადეკვატური სისტემატიური და დაბალანსებული შეხედულებები განვითარდა.
ვინ შეავსებს უსაფრთხოების აშკარა ხარვეზს?
სომხეთი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან (CSTO) გასვლის შესაძლებლობას განიხილავს. სამთავრობო ფრთის პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ CSTO არ ასრულებს თავის ვალდებულებებს, 44-დღიანი ომის შემდეგ სომხეთის დახმარებასთან დაკავშირებით. ვრცელდება მოსაზრებები, რომ არა მარტო რუსეთს, არამედ ბელორუსიას და ყაზახეთს ბევრად უფრო ძლიერი და ღრმა კავშირები აქვთ აზერბაიჯანთან, ვიდრე სომხეთთან. ამ მიზეზით, მათ არ სურთ დაკარგონ სტატუსი, რომლის მიხედვითაც ისინი ნეიტრალურ შუამავლებად ითვლებიან. არსებობს ინფორმაცია, რომ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ წრეებში, ექსპერტების მონაწილეობით, აქტიურად მიმდინარეობს მსჯელობა სომხეთის არამოკავშირეობის სტატუსის შესაძლებლობაზე. ამგვარი ვითარება იწვევს დაძაბულობას, ერთის მხრივ, რუსეთსა და CSTO-ს სხვა წევრებს, ხოლო მეორეს მხრივ, სომხეთს შორის.
სომხეთი საკუთარი უსაფრთხოების გარანტიისთვის, ძალოვანი ცენტრებიდან მხარდაჭერის ძიებაში, საფრანგეთიდან და ინდოეთიდან იარაყს ყიდულობს. ევროპელი (ფრანგი და გერმანელი) დამკვირვებლები სომხეთის სასაზღვრო რაიონების ინსპექტირებას ახორციელებენ. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა განაცხადა, რომ ევროპელი დამკვირვებლები რუსეთს, ირანს და აზერბაიჯანს ჯაშუშობენ. ამ სტატიაში უსაფრთხოების გარანტიების ძიების დეტალების განხილვის გარეშე მიმოვიხილავთ მხოლოდ რამდენიმე მოსაზრებას. რამდენიმე დღის წინ, აშშ-ის ყველაზე ცნობილმა და ყველაზე გავლენიანმა ანალიტიკურმა ცენტრმა RAND Corporation-მა გამოაქვეყნა კვლევა, რომელშიც ნათქვამია, რომ აშშ არ შეიძლება სომხეთის უსაფრთხოების გარანტი იყოს, რადგან მას არ აქვს სტრატეგიული ინტერესები სამხრეთ კავკასიაში. აშშ მხოლოდ დასავლეთში აზერბაიჯანული ნავთობის უწყვეტი ექსპორტით არის დაინტერესებული. RAND-ის ექსპერტები გულწრფელად ამბობენ, რომ საფრანგეთიდან და ინდოეთიდან იარაღის შეძენის და საფრანგეთის სამხედრო-ტექნიკური დახმარების გაწევის მცდელობები სრულიად არასაკმარისია სომხეთის უსაფრთხოების გარანტიისთვის. ამ პირობებში გავლენიანი ამერიკელი ექსპერტები სომხეთს ურჩევენ, თავისი უსაფრთხოების რეალური გარანტიების შეცვლა არ იჩქაროს. ეს იმას ნიშნავს, რომ სომხურ საკითხთან დაკავშირებით, ამერიკელებს სურთ პატიოსნები და გულწრფელები იყვნენ, რამაც შეუძლებელია დადებითი რეაქცია არ გამოიწვიოს.
ჩვენს მეზობელ ირანს, სომხეთის ტერიტორიული მთლიანობის დაცვასა და სამხრეთის უსაფრთხოებაზე, მკაფიო პოზიცია აქვს. თუმცა, ირანი უკმაყოფილოა, რომ უსაფრთხოების პრობლემების გადასაჭრელად სომხეთი ნატოს წევრი ქვეყნების მხარდაჭერას ეძებს. გასათვალისწინებელია, რომ ირანი (ჯერჯერობით მხოლოდ სიტუაციურად) ამყარებს პარტნიორულ ურთიერთობებს რუსეთთან ყველა სფეროში. ამ პირობებში, რეგიონის საკითხში რუსეთ-ირანის ინტერესების ჰარმონიზაცია დაიწყო.
და ბოლოს, რუსეთ-თურქეთის ურთიერთობებზე. თურქეთი უდავოდ ძლიერდება და ნატოსა და აშშ-ს სრული მხარდაჭერა აქვს, რათა უფრო დიდი და გადამწყვეტი როლი მიენიჭოს სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში. რუსეთს, რომელიც უკრაინის კრიზისით არის შეზღუდული, არ სურს თურქეთთან უთანხმოების გაღრმავება, ან მისთბის აზერბაიჯანთან ინტეგრაციის პროცესში ხელის შეშლა. რუსმა აღმოსავლეთმცოდნე ექსპერტებმა დაიწყეს იმაზე საუბარი, რომ რუსეთი, გარკვეულწილად, თურქული სამყაროს ქვეყანაცაა, რადგან იქ თურქულენოვანი ოჯახების 20 მილიონზე მეტი წარმომადგენელი ცხოვრობს. აღსანიშნავია, რომ, მაგალითად, განიხილება TURKSOY-ში რუსეთის მონაწილეობის შესაძლებლობა. ამრიგად, რეგიონით დაინტერესებულ სამ მთავარ რეგიონულ მოთამაშეს – რუსეთს, თურქეთსა და ირანს – ჰარმონიული ინტერესები აქვთ.
სომხეთში აქტიურად განიხილებოდა სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, ტოივო კლაარის გამოსვლა ანტალიაში, სადაც მან განაცხადა, რომ თურქეთი სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების გარანტია და მისი დახმარებით უნდა განიდევნოს რუსეთი რეგიონიდან, მათ შორის სომხეთიდან.
სომეხი სტრატეგებისთვის ცხადი უნდა იყოს, რომ სომხეთიდან რუსეთის გასვლის საკითხში დასავლეთი მხარს უჭერს თურქეთს. ეს უკანასკნელი კი ჩუმად, დეტალური ახსნა-განმარტების გარეშე და აზერბაიჯანის დახმარებით ცდილობს ამის გაკეთებას. თუმცა, ჩვენი სტრატეგებისთვის ისიც ცხადი უნდა იყოს, რომ რუსეთი ამაზე ხმამაღალ განცხადებებს არ გააკეთებს, რადგან თურქეთთან და აზერბაიჯანთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნება ნებისმიერ ფასად სურს. რუსეთში ასევე ისიც იციან, რომ თურქეთი და აზერბაიჯანი შუა აზიის თურქულ ქვეყნებთან ურთიერთობის გაღრმავებით არიან დაკავებულნი. ამავე დროს, კონფრონტაციის საპირისპიროდ, ჰარმონიული ურთიერთქმედების სახელით, რუსეთს სურს შესთავაზოს მრავალმხრივი თანამშრომლობა და რესურსების გაერთიანება.
სომხეთ–რუსეთის ურთიერთობების პერსპექტივები არსებული რეალობის პირობებში
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ერთ-ერთ გამოსვლაში სომხეთს მიმართა, რომ უნდა გადაწყვიტოს, შეუერთდება თუ არა CSTO-ს. მისივე თქმით, CSTO-ს არ აქვს ურთიერთობების გაყინვის სტატუსი (როგორც ამის შესახებ სომხეთის ლიდერმა განაცხადა). რუსმა მინისტრმა ასევე მოითხოვა განმარტება საკითხზე, თუ როგორ ხედავს სომხეთი თავის თავს EAEU-ს წევრად, იმ დროს, როცა არ სურს CSTO-ს წევრობა? ბოლო თვეების განმავლობაში სომხეთში ბევრს საუბრობენ იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანას EAEU-ის წევრობით სარგებელი ნახავს. უფრო მეტიც, ბოლო სამი წლის ეკონომიკური ზრდის შთამბეჭდავი მაჩვენებლები დიდწილად სომხეთ-რუსეთის სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის შედეგია. ამ ვითარებაში, EAEU-ში წევრობა იძენს ძალიან დიდ მნიშვნელობას სომხურ-რუსული ურთიერთობების განვითარებისთვის.
ასევე საიდუმლო არ არის, რომ სომხეთ-რუსეთის პოლიტიკური კავშირები უარესდება. სომხეთის მმართველ პოლიტიკურ ელიტასა და რუსეთის სახელმწიფო მანქანას შორის უნდობლობა ღრმავდება. ეს გაუარესება ჯერ კიდევ არ აისახება ეკონომიკური თანამშრომლობის სფეროზე, ვინაიდან მისგან სარგებელი ორმხრივია. რუსი ექსპერტები ამტკიცებენ, რომ სომხეთი, არსებულ ვითარებაში, არჩევანის წინაშე დადგა: გაჰყოლოდა საქართველოს (სადაც ფიქრობდნენ სუსტი, მაგრამ რეალურად არსებულ შესაძლებლობაზე, როგორმე გააუმჯობესონ ურთიერთობები), ან ბალტიის ქვეყნების (სადაც გადაწყვიტეს რუსეთთან ყოველგვარი კავშირის შეწყვეტა და მტრობა) მიერ არჩეულ გზას. ამ მსჯელობით, სომხეთი ჯერჯერობით ბალტიისპირეთის ვარიანტს ამჯობინებს. შეუძლებელია, ეს შეშფოთებას არ იწვევდეს, რადგან რუსეთში მცხოვრები 2,5 მილიონი სომეხი დაკარგავს თავის ბუნებრივ მდგომარეობას – ხიდს ორ ქვეყანას შორის, რომელიც ამ ურთიერთობების გაუმჯობესებას უნდა მოემსახუროს.
ცოტა ხნის წინ, ერევანში ჩინეთის სოციალურ მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენელი ჩინელ პოლიტოლოგთა დელეგაცია იმყოფებოდა. ეს დელეგაცია სწორად, აკადემიურად და სერიოზულად აწარმოებს დისკუსიებს სომხეთის უნივერსიტეტის მეცნიერებთან და ექსპერტებთან. ბოლო დროს სომხურმა საზოგადოებამ უსაფრთხოების გარანტიების ძიების თვალსაზრისით, თავისი მზერა ჩინეთისა და ინდოეთისკენ მიაპყრო. გაცნობებთ, რომ ჩინეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები ფასდება როგორც სტრატეგიული პარტნიორობა.
რუსეთ-ჩინეთის სავაჭრო ბრუნვა 350 მილიარდ დოლარს აჭარბებს და კვლავაც განაგრძობს ზრდას. ამ ფონზე, უბრალოდ არასერიოზულია იმის მოლოდინი, რომ ჩინეთი რუსეთის ხარჯზე, ან მის ნაცვლად სომხეთთან ურთიერთობას დაამყარებს. გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი განათლებული (ან არც ისე განათლებული) პოლიტოლოგები არ გასცდებიან გონიერების ფარგლებს და თავიანთ საეჭვო და საკამათო დასკვნებს გამოყენებითი პოლიტიკის საფუძველად არ გამოიყენებენ.
მწვავე კითხვაზე – „რა ვქნათ?“ – პასუხის გაცემისას, გავიხსენოთ ერთ-ერთ უახლეს საერთაშორისო კონფერენციაზე რუსი კოლეგების მიერ გაკეთებული დასკვნები. მათი თქმით, აუცილებელია სომეხი და რუსი პოლიტიკოსებისა და დიპლომატების ერთ ოთახში ჩაკეტვა მანამ, სანამ ისინი ორმხრივ ურთიერთობებში კეთილგანწყობასა და ნდობას არ აღადგენენ. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს რუსეთსა და სომხეთს შორის სტრატეგიული დიალოგის გადატვირთვას. ჩვენს ქვეყნებს შორის დიალოგის ნულოვანი მდგომარეობიდან გამოყვანის უპირველესი საფუძველი ექსპერტების ამ ანალიზებსა და მასში შემავალ მსგავს მოსაზრებებს უნდა ეფუძვნებოდეს. აუცილებელია, სამხრეთ კავკასიაში ახალი პოლიტიკური რეალობის არსებობა ორმხრივად მისაღები იყოს და ვიფიქროთ სომხურ-რუსული ურთიერთობების ახლებურ მშენებლობაზე. გვჭირდება შესაბამისი ატმოსფერო, რომელიც არ შეასუსტებს სომხურ-რუსული ურთიერთობების სიღრმესა და სიმტკიცეს. ამასთანავე დატოვებს ადგილს სხვა, ასევე არანაკლებ სასწრაფო და საჭირო სფეროების განვითარებისა და გაღრმავებისთვის. სომეხი საზოგადოება ინფორმირებული უნდა იყოს იმ სიძნელეებისა და სირთულეების შესახებ, რომელიც მიღებულ გადაწყვეტილებას მოჰყვება. ამ შემთხვევაში, ჩვენი პოლიტიკური ელიტის ამოცანაა, არ გადაიდგას უეცარი ნაბიჯები და არ დაზიანდეს არსებული უსაფრთხოების მყიფე სისტემა. ნელი ნაბიჯების გადადგმა სწრაფი საუბრების, ან მწვავე დისკუსიების შემდეგაც შეიძლება. ნუ შეგეშინდებათ ჯანსაღი დისკუსიების. საბოლოო ჯამში, თანამედროვე საზოგადოება გადაწყვეტს, როგორ სომხეთში უნდა ვიცხოვროთ. ამიტომ, პოლიტიკური ელიტა ხალხის უმრავლესობის ნდობას აღიდგენს მაშინ, როცა გულწრფელად და პირდაპირ იტყვის, საით, რატომ და როგორ გადადგამს ნაბიჯებს.
წყარო: კომუნიკაციების განვითარების ეროვნული კვლევითი ინსტიტუტი