საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია 2024 წლის პირველივე დღეებში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას ეწვია. დელეგაციას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობდა. მის შემადგენლობაში იყვნენ: პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეები – გიორგი ვოლსკი და ირაკლი ჩიქოვანი, ასევე, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, აგრარულ საკითხთა კომიტეტების თავმჯდომარეები.
15-20 იანვრის განმავლობაში მაღალი დონის შეხვედრები გაიმართა პეკინსა და შანხაიში. საქართველოს მმართველი პარტიის დელეგაციის წევრები შეხვდნენ ჩინეთის მმართველი პარტიის საერთაშორისო დეპარტამენტის ხელმძღვანელს, მინისტრ ლიუ ძინჩაოს, მინისტრის მოადგილეს, სუნ ხაიანს და სახელმწიფო საბჭოს განვითარების კვლევის დეპარტამენტის ვიცე პრეზიდენტს, ჭანგ ლაიმინგს, ჩინეთის ეროვნული სახალხო კონგრესის პრეზიდიუმის თავმჯდომარის მოადგილე სიაო ძიეს.
მხარეებს შორის საუბარი შეეხო საქართველო-ჩინეთის ორმხრივ თანამშრომლობას და ამ თანამშრომლობის საპარლამენტო განზომილებას. როგორც ირაკლი კობახიძემ ჩინეთში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა, პირველ რიგში ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური თანამშრომლობა. ჩინეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ქვეყნის სუვერენიტეტს.
„ასევე ჩვენ მხარს ვუჭერთ ერთიანი ჩინეთის პრინციპს. ძალიან მნიშვნელოვანია, გაღრმავდეს ეს ურთიერთობები, რომლებიც ჩამოყალიბებულია ხელისუფლებებს, მმართველ პარტიებს შორის. ჩვენ უკვე გვაქვს ძალიან მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობა ჩინეთთან, თუმცა, არსებობს ძალიან დიდი სივრცე იმისთვის, რომ კიდევ უფრო გაღრმავდეს ეს თანამშრომლობა, სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობები და ამისთვისაც რა თქმა უნდა, მაქსიმუმი გაკეთდება ჩვენი მხრიდან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში ჩინეთს ეკონომიკური თვალსაზრისით უდიდესი პროგრესი ჰქონდა, რაც თანამშრომლობის ძალიან კარგ პოტენციალს ქმნის და საქართველოსთვის მაგალითია.
ჩინეთში გამართულ შეხვედრებზე საუბარი შეეხო კონკრეტულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, მათ შორის, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განხორციელებაში ჩინეთის მონაწილეობას, რომლის მშენებლობა 2024 წელს იგეგმება. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ჩინეთი უშუალოდ არის დაინტერესებული ანაკლიის პორტით, რაც საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის შემდგომი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.
„ძალიან აქტიურად გამოითქვა თანამშრომლობის მზაობა ჩვენი ჩინელი მეგობრების მხრიდან, რაც გვაძლევს იმედს, რომ კონკრეტული პროექტები განხორციელდება ჩვენი ერთობლივი თანამშრომლობით, უზრუნველყოფილი იქნება მეტი ჩინური ინვესტიცია ჩვენს ქვეყანაში, მათი თანამონაწილეობა კონკრეტული პროექტების განხორციელებაში. ჩვენი ვიზიტი გვაძლევს ოპტიმიზმის ძალიან მყარ საფუძველს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველო უნდა იყოს საიმედო პარტნიორი და დამაკავშირებელი ევროპისა და აზიის კონტინენტებს შორის, – ასეთია „ქართული ოცნების“ მთავრობის განწყობა ყველა საერთაშორისო დონის შეხვედრაზე. ამ თვალსაზრისით, დიდი მნიშვნელობა ენიჭება “შუა დერეფნის” განვითარებას. ეს არის მარშრუტი, რომელიც გადის ჩინეთის, ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის გავლით ევროპის ქვეყნებისკენ. საქართველოს მთავრობის განცხადებით, დღეს “შუა დერეფანი” არის ყველაზე მიმზიდველი და საიმედო სატრანსპორტო რგოლი აღმოსავლეთსა და დასავლეთს, ევროპასა და აზიას შორის.
საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის განვითარებას მოწინააღმდეგეები ჰყავს ქართულ ოპოზიციაში. ასე მაგალითად, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ჩინეთში ვიზიტის კვალდაკვალ გამოაქვეყნა სტატისტიკა, რომლითაც ამტკიცებს, რომ 2015 წლიდან მოყოლებული ჩინეთი საქართველოს 10 მთავარი ინვესტორის სიაში საერთოდ არ არის.
მისივე თქმით, რომელიმე ქვეყანასთან წარმატებულ ეკონომიკურ ურთიერთობებზე მაშინ შეიძლება ვისაუბროთ, როდესაც პირდაპირი ინვესტიციები იზრდება და მეტი კომპანია შემოდის ქვეყანაში. შესაბამისად, გარედან შემოტანილი ფულით იქმნება დამატებითი სამუშაო ადგილები და შემოსავლები იზრდება.
„ჩინეთის კომუნისტური პარტიის წიაღში დაგეგმილი პროპაგანდისტული გზავნილების გასავრცელებლად, სხვადასხვა არხებზე, პერიოდულად სპეციალური გადაცემებიც ჩნდება, რომელიც ექსკლუზიურად გვიყვება ამბებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შესახებ. ამ გადაცემების შემადგენელი გახდა ჩინეთის ელჩთან ექსკლუზიური ინტერვიუები, რომლებიც პირდაპირ გადმოგვცემს პროპაგანდის დღის წესრიგს. არანაკლები სიზუსტით იმეორებენ ჩინეთის კომუნისტური პარტიის ნარატივებს „ქართული ოცნების“ დეპუტატები და პროპაგანდისტები“, – აცხადებს თინა ხიდაშელი.
როგორც ხიდაშელი განმარტავს, უდიდესი ნაწილი იმის, რასაც საქართველოს გზებზე, ხიდებსა და გვირაბებში ვხედავთ, თქვენი, ქართველი გადასახადის გადამხდელის ფულია. ეს ჩინური კომპანიები საქართველოს ბიუჯეტიდან ფინანსდება და ჩვენი დაკვეთით ახორციელებენ პროექტებს. შესაბამისად, მათ არაფერი აქვთ საერთო მზარდ ეკონომიკურ თანამშრომლობასა და მთავრობის წარმატებული საქმიანობით დამდგარ ქვეყნის ეკონომიკურ მიმზიდველობასთან.
„ამასობაში მთავრობის “ქმედითი ნაბიჯების კვალდაკვალ” ინვესტიციები იკლებს და ახალი რესურსის წყაროც არ ჩანს. მაგალითად, ბოლო წლებში თითქმის ორჯერ იკლო ინვესტიციებმა, 2018 წელთან შედარებით. 2020 და 2021 წლების ნიშნული კი, უბრალოდ, ნეგატიურია. ბუნებრივია, ოპონენტების მთავარი არგუმენტი 2020 და 2021 წლებთან მიმართებაში “კოვიდ 19” პანდემიაა, თუმცა, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ პანდემიას ხელი არ შეუშლია საქართველოს ნამდვილი სტრატეგიული პარტნიორებისთვის, რომ ქვეყანაში ინვესტიციები განეხორციელებინათ“, – აცხადებს თინა ხიდაშელი.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ამ განცხადებას მმართველი გუნდიდან გამოეხმაურნენ. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ხიდაშელი საქართველოში ანტიჩინურ განწყობების გაღვივებაში და ტაივანის ინტერესების დაცვაში დაადანაშაულა, რაც მიმართულია იმისკენ, რომ ჩაშალოს საქართველოს სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტები, საქართველო აქციოს ჩიხად და არა, დერეფნად.
პაპუაშვილის აზრით, ოპოზიცია აქაც აცდენილია ეროვნულ ინტერესებს.
„ცალკე საკითხია პოლიტიკოსები, რომლებიც ჩაბუდებული არიან NGO სექტორში და სინამდვილეში პოლიტიკურ პროპაგანდას ეწევიან. ამავე დროს, ფაქტია, რომ ქალბატონი თინა ფინანსდება ტაივანის მხრიდან, არის ოფიციალური ფონდები და გასაგები არის რომ სწორედ ამ დაკვეთიდან გამომდინარე ცდილობს საქართველოში ანტიჩინური განწყობები გააღვივოს“, – აცხადებს პაპუაშვილი.
„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერის, პარლამენტის დეპუტატის – იაგო ხვიჩიას აზრით, ანტიჩინურ განწყობას თვითონ ხელისუფლება და ოპოზიცია ერთმანეთთან ჩხუბისთვის იყენებს. მისივე შეფასებით, „ქართული ოცნება“ სინამდვილეში, “არც პროჩინელია, არც პროამერიკული, არც პრორუსი, არც პროალჟირელი, არც პროქართველი, ისინი არიან პროხელისუფლების შენარჩუნებისკენ მყოფი ხალხი”.
„დავაბრალო მათ პროჩინელობა, ისეთივე უსამართლობა მგონია, როგორც პრორუსობა. შინაარსობრივად კი გამოსდით პრორუსობა, ნებისმიერ შეცდომას რასაც უშვებენ, მაგრამ შინაარსობრივად, რუსეთიც ხომ ფეხებზე ჰკიდიათ, ჩინეთიც და ყველაფერი. მათ მარტო საკუთარი ლიდერი აინტერესებთ, ის არ გაბრაზდეს, ცუდად არ შემომხედოს, ცუდად არ იფიქროს და რაც გინდა იფიქროს, ჩემი აზრით, ეს არის „ქართული ოცნების“ დამოკიდებულება“, – აცხადებს ხვიჩია.
„ხალხის ძალაში“ კი ფიქრობენ, რომ უკვე მერამდენედ, საქმე გვაქვს უცხოური ფულით დაფინანსებულ ანტიეროვნულ პოლიტიკასთან. ამ შემთხვევაში, თინა ხიდაშელი ტაივანის ინტერესებს იცავს საქართველოში და აკრიტიკებს ჩინეთს.
„იმედს ვიტოვებთ, რომ საქართველოს მოსახლეობა ხვდება, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო პარლამენტში “ხალხის ძალის” მიერ წარდგენილი კანონი „უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ”, რომელიც რუსულად მონათლეს მხოლოდ იმიტომ, რომ მათ ინტერესებში არ შედიოდა გამჭვირვალობა. მათი მიზანია, ყოველგვარი კონტროლის გარეშე, გაატარონ სხვა ქვეყნის ინტერესები საქართველოში, რაშიც კოლოსალურ თანხებს იღებენ. ჩინეთის გამოჩენამ ახალ პოლიტიკურ ორბიტაზე მოსვენება დაუკარგა რიგ სახელმწიფოებს და მათი პოლიტიკის გამტარებლებს საქართველოში“, – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე.
ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ოთარ ანგურიძე პოზიტიურად აფასებს, როგორც საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტს ჩინეთში, ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივას, რომ ჩინეთთან გაფორმდა სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულება, რაც მისი აზრით, ჩვენს ქვეყანას საერთაშორისო არენაზე მისცემს პოლიტიკური დივერსიფიკაციის საშუალებას.
მისივე თქმით, პარტნიორობის უფრო ფართო ჩარჩო, რაც ყალიბდება ჩინეთთან, გრძელვადიან პერიოდში გაცილებით დიდ სტაბილურობას მოუტანს საქართველოს, ვიდრე ერთი მსხვილი სტრატეგიული პარტნიორი, რომ საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორად მხოლოდ აშშ ჰყავდეს.
„ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორად მოვიაზრებთ, როგორც ევროკავშირს, ასევე, მნიშვნელოვანია, რომ აზიის მიმართულებითაც გადაიდგას ნაბიჯი. როდესაც საუბარია ანაკლიის ახალი პორტის აშენებაზე, წარმოუდგენელია ამ პორტის განვითარება, თუ არ იქნება მჭიდრო თანამშრომლობა ჩინეთთან. სხვა შემთხვევაში აზრს კარგავს ამ პორტის იმ მასშტაბით აშენება, როგორადაც არის გათვლილი“, – განუცხადა Dalma News-ს ოთარ ანგურიძემ.
მისი აზრით, წარმოუდგენელია მსგავსი მასშტაბის პროექტების განხორციელება ჩინეთთან მჭიდრო ურთიერთობის გარეშე. მაშინ, როდესაც ჩინეთს აქვს გეზი აღებული იქითკენ, რომ მთელი მსოფლიო მოამარაგოს სხვადასხვა სახის პროდუქციებით, საქართველოს რატომ არ უნდა ჰქონდეს ამბიცია, რომ ეს მომარაგების ხაზი გადიოდეს მის საზღვაო, სახმელეთო და სარკინიგზო დერეფნებზე.
„საერთაშორისო თვალსაზრისით ასეთი მჭიდრო თანამშრომლობა ჩინეთის მსგავს სახელმწიფოსთან, ძალიან მნიშვნელოვანია. საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტიც ამ სტრატეგიის ნაწილია. ვიზიტისას გაფორმდა მნიშვნელოვანი ხელშეკრულებები“, – ამბობს ექსპერტი.
თუ გავითვალისწინებთ მსოფლიო პანდემიის პერიოდს, როდესაც ჩინეთი მთელი ძალით ებრძოდა კორონავირუსს, მისი ინვესტიციების შემცირების დინამიკა ბუნებრივად გამოიყურება. ოთარ ანგურიძის აზრით, ჩინური ინვესტიციების მოცულობა ქართულ ეკონომიკაში აუცილებლად გაიზრდება, როგორც ინფრასტრუქტურულ პროექტებში, ასევე წარმოების მიმართულებითაც. სტრატეგიული პარტნიორობა თავის თავში მოიაზრებს იმას, რომ ჩინეთის მხრიდანაც მომდინარეობს ინტერესი.
რაც შეეხება ოპოზიციის ღელვას ჩინეთთან დაკავშირებით, ოთარ ანგურიძის აზრით, ნათელი გახდა ის, რომ ოპოზიციის ნაწილი მჭიდროდ თანამშრომლობს ტაივანთან. მათი აქტიურობა ჩინეთის წინააღმდეგ 2 რამეზე მეტყველებს. ერთი, რომ მათი ინტერესები ტაივანის ინტერესებს ემთხვევა და მეორე – საბოტაჟის მცდელობა. სხვა არგუმენტი, იმისა თუ რატომ არ სურთ ჩინეთთან თანამშრომლობა, ოთარ ანგურიძის აზრით, არ არსებობს.
შორენა პაპაშვილი