კორონავირუსის პანდემიისა და უკრაინის კრიზისის დაწყების შემდეგ, მსოფლიო შემდგომმა საგანგაშო მოვლენებმა შეძრა, რაც, ზოგიერთი ექსპერტის აზრით, შესაძლოა მესამე მსოფლიო ომში გადაიზარდოს. ამ ფონზე, შეთქმულების თეორიების მოყვარულები ამბობენ, რომ ეს ყველაფერი გლობალისტების გეგმის ნაწილია, რათა დედამიწის მოსახლეობა მათთვის საჭირო რაოდენობამდე შემცირდეს და პანდემია იქნება, თუ ომი, მათივე განმარტებით, სწორედ ამ მიზანს ემსახურება.
ახლო აღმოსავლეთში, სადაც ვითარება ბოლომდე სტაბილური არასოდეს ყოფილა, ისლამური მოძრაობა “ჰამასი” თავს დაესხა ღაზას სექტორის მოსაზღვრე ისრაელის დასახლებებს და ათობით მძევალი დააკავეს, ისრაელის ციხეებში მყოფ პალესტინელ პატიმრებში გაცვლის მიზნით. ისრაელის დასახლებულ რაიონებზე სარაკეტო თავდასხმების, ნგრევისა და მსხვერპლის კადრები სოციალურ ქსელებსა და მედიაში მყისიერად გავრცელდა.
თავდაპირველი დაბნეულობის შემდეგ, ისრაელმა კონტრშეტევა წამოიწყო და ღაზა სექტორსა და პალესტინაში როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო სამიზნეები დაბომბა, რასაც პალესტინის მშვიდობიანი მოსახლეობის მხრიდან არანაკლები მსხვერპლი მოჰყვა. ჰამასის ძალების მიერ ისრაელის დასახლებული ტერიტორიების დაბომბვის პარალელურად სოციალური ქსელები ღაზა სექტორის განადგურებული და დამწვარი ტერიტორიების ამსახველ კადრებს ავრცელებენ.
სამყარო ორად გაიყო. დასავლეთის ქვეყნებმა ცალსახა მხარდაჭერა გამოუცხადეს ისრაელს და „ისლამისტი ტერორისტების“ ქმედებები დაგმეს. ხოლო სამხედრო მოქმედებების მეორე ბანაკს მხარი დაუჭირეს: ლიბანმა, ირანმა და არაბული ქვეყნების უმეტესობამ. თურქეთმა ამ კონფლიქტში შუამავლის როლი შესრულება სცადა და პალესტინის მიმართ აშკარა თანაგრძნობა გამოხატა. გაეროს გენერალურმა ასამბლეამ საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტის და დაზავების რეზოლუცია მიიღო, მაგრამ ისრაელმა გადაწყვეტილებას მხარი არ დაუჭირა და “გამარჯვებამდე ბრძოლას” აპირებს.
ამ ფონზე საქართველოს ხელისუფლებამ მხარი დაუჭირა ისრაელის ქმედებებს. ჯერ კიდევ 7 ოქტომბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ტვიტერზე ჰამასის თავდასხმას გამოეხმაურა:
„ვგმობ ტერორისტულ თავდასხმას ისრაელის სახელმწიფოსა და ისრაელის მოქალაქეებზე, მრავალი ადამიანის სიცოცხლის ხელყოფას და მძიმე დაზიანებების მიყენებას. გულწრფელად ვუთანაგრძნობ ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას და ხალხს და ყველა დაშავებულს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“, – წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელში.
ის ასევე შეხვდა ისრაელის ელჩს საქართველოში ჰადას მეზადს და კიდევ ერთხელ დაგმო ისრაელში განვითარებული მოვლენები და ტერორისტული ორგანიზაცია ჰამასის ქმედებები.
„შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა გმობს ისრაელის სახელმწიფოსა და მოქალაქეების წინააღმდეგ განხორციელებულ ტერაქტს. დიპლომატმა საქართველოს მთავრობის მეთაურს ისრაელში განვითარებული მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია მიაწოდა. პრემიერ-მინისტრმა მწუხარება გამოთქვა დაღუპულთა გამო და დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა“, – ინფორმაციას შეხვედრის დეტალებზე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ისრაელის ელჩი საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმაც მიიღეს. თითოეულმა მათგანმა ისრაელისადმი მხარდაჭერა გამოხატა და ისლამისტების ქმედება დაგმო.
„შევხვდი ისრაელის ელჩს, ჰადას მეზადს. მწუხარება გამოვხატე ტერორისტების აგრესიით გამოწვეული ადამიანური ტრაგედიის გამო და კიდევ ერთხელ დავუდასტურე ისრაელისადმი ჩვენი სოლიდარობა. დეტალურად განვიხილეთ ღაზას სექტორიდან ისრაელზე თავდასხმის შედეგები და ისრაელის სახელმწიფოს საპასუხო ნაბიჯები. ასევე განვიხილეთ ამ თავდასხმის გეოპოლიტიკური ასპექტი და მისი გავლენა მსოფლიო მშვიდობაზე“, – განუცხადა ჟურნალისტებს შალვა პაპუაშვილმა.
ებრაელ დიპლომატს თავისი წილი მწუხარება და შეშფითება საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაც გამოუცხადა. თელ-ავივის საპასუხო ქმედებებს და ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ პალესტინის მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვას ქართველ ოფიციალურ პირებს შორის ღაზა სექტორის რიგითი მაცხოვრებლების მიმართ სინანული და მწუხარება არ გამოუწვევია.
ისრაელის მხარდაჭერის ნიშნად თბილისში, მთაწმინდის მთაზე სატელევიზიო ანძა ერთი ღამით ისრაელის ეროვნული დროშის ფერებში განათდა.
თუმცა, ქართულ სოც. ქსელებში მოსაზრებები ორად იყოფა. მომხმარებელთა უმრავლესობამ, ისევე როგორც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მხარი ისრაელს დაუჭირა. მაგრამ იყვნენ ისეთებიც, ვინც გაიხსენა, „ისრაელის საელჩო მიერ თბილისში დაგეგმილი ლგბტ აღლუმების მხარდაჭერა და შესაბამისი ვიდეო მასალასაც კი გამოაქვეყნეს“. რამდენიმე მომხმარებელმა ისიც კი აღნიშნა, რომ “მედალს ორი მხარე აქვს”.
„ომი ომია და მას ორი მხარე აქვს. ასე რომ, მხარდაჭერაც ორად იყოფა. მშვიდობა მსოფლიოს!“, – წერს სოციალურ ქსელში მომხმარებელი მ.კ.
ქართველმა ექსპერტმა დემურ გიორხელიძემ დასავლურ მედიაში, ისრაელ-ჰამასის კონფლიქტის შესახებ გავრცელებული პუბლიკაციების გაანალიზებისას, პალესტინელი ხალხისადმი დამოკიდებულების ცვლილება შენიშნა. მან მოიხსენია The New York Times-ი, რომელმაც საკუთარი გამოძიება ჩაატარა ღაზას სექტორში საავადმყოფოს დაბომბვასთან დაკავშირებით და ეჭვქვეშ დააყენა ისრაელის მიერ გავრცელელებული ვერსია.
„2500 ბავშვის დაღუპვამ და მოსახლეობის წინააღმდეგ ისრაელის აგრესიამ ისრაელის მიმართ არსებული დამოკიდებულება შეცვალა! სამყარო შეიცვალა“, – წერს ანალიტიკოსი საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე.
იგი მოუწოდებს ქართულ საზოგადოებას, თავი დააღწიონ იდეოლოგიურ და ორიენტაციულ სიმახინჯეებს. „არ შეიძლება, ქართულ საჯარო სივრცეში ერთიდაიგივე პრიმიტიული მოსაზრებები ვრცელდებოდეს. ამ ტრაგედიაში ვერ იქნები ისეთი ბრმა და ბნელი, როგორც უკრაინის დროშებში გახვეული ხალხი იყო დაბრმავებული!“ – აღნიშნავს ექსპერტი.
ქართველი სამხედრო ექსპერტის ვახტანგ მაისაიას თქმით, საქართველოს მთავრობამ ისრაელსა და ტერორისტულ ორგანიზაცია „ჰამასს“ შორის განვითარებულ მოვლენებში დაიკავა ის პოზიცია, რომელიც მისი სტრატეგიული პარტნიორების პოზიციას შეესაბამებოდა.
„საქართველოს მთავრობამ მხარი დაუჭირა ისრაელს ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ წინააღმდეგ ბრძოლაში და ეს ჩვენი დასავლელი სტრატეგიული პარტნიორების პოზიციას შეესაბამება. ამასთან, საქართველოს პოზიცია განპირობებულია იმ ფაქტით, რომ ჩვენ იქ ძალიან დიდი ქართული დიასპორა გვყავს. გარდა ამისა, ამ მოვლენების შედეგად იქ საქართველოს სამი მოქალაქე დაიღუპა“, – განუცხადა Dalma News-ს ვახტანგ მაისაიამ.
მისივე თქმით, საქართველო ისრაელს თავის სტრატეგიულ პარტნიორად განიხილავს და მასთან საინტერესო ურთიერთობებს ავითარებს სამხედრო-ტექნიკურ, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ სფეროებში, ამიტომ საქართველოს ხელისუფლების პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით “ცხადზე ცხადია“.
თუმცა, მიმდინარე მოვლენებისა და იმ მხარდაჭერის ფონზე, რომელიც ახლო აღმოსავლეთისა და მეზობელმა ქვეყნებმა კონფლიქტის ამა თუ იმ მხარეს გამოუცხადეს, ექსპერტი არ გამორიცხავს ამ ქვეყნებსა და საქართველოს შორის ურთიერთობების ცვლილებას.
„საქართველომ და აზერბაიჯანმა მხარი დაუჭირეს ისრაელს. თუმცა, ირანი საპირისპირო პოზიციას იკავებს და ამით ყველაფერი ნათელია. თურქეთის პოზიციაც ბევრ კითხვას აჩენს. ასე რომ, დიდი ალბათობით, ეს საქართველოს ირანთან და, შესაძლოა, თურქეთთან ურთიერთობებზეც აისახება“, – განაცხადა მაისაიამ.
ექსპერტის აზრით, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები გავლენას მოახდენს არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიაში არსებულ ვითარებაზე, არამედ გარკვეულ კორელაციას გამოიწვევს გეოპოლიტიკურ კონტექსტშიც.
ირინა ხაჩიძე