მას შემდეგ, რაც სულ რამდენიმე დღეში მთიანი ყარაბაღი მოსახლეობისგან დაიცალა და მთელი მსოფლიო, სომხების მათი ისტორიული მიწიდან გამოსვლას, ჩუმად ადევნებდა თვალს, ყარაბაღში რუსული სამშვიდობო კონტინგენტის მომავლის გაურკვეველი გახდა.
2020 წელს, ყარაბაღის 44-დღიანი ომის შემდეგ, სომხეთის, რუსეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებმა ხელი მოაწერეს სამმხრივ განცხადებას, რომლის მიხედვითაც მთიანი ყარაბაღისა და არცახის უსაფრთხოებას რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტი უზრუნველყოფდა. რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებით, რუსული სამშვიდობო კონტინგენტის რაოდენობა მცირე შეიარაღებიან, დაახლოებით, 2000 სამხედრო მოსამსახურეს შეადგენდა. ასევე, ყარსბაღში იყო: 90 ჯავშანტრანსპორტიორი, 380 ერთეული საავტომობილო და სპეცტექნიკა, სამხედრო ავიაციის 4-4 Mi-8 და Mi-24 ვერტმფრენი და ა.შ. 2020 წლის ომში სომხური მხარის დამარცხების შემდეგ რუსი სამშვიდობოები აღნიშნულ რეგიონში მყიფე მშვიდობას 2022 წლის 12 დეკემბრამდე უზრუნველყოფდნენ. აზერბაიჯანის მიერ მთიანი ყარაბაღის ცხრათვიანი ტოტალური ბლოკადის შემდეგ, ეს უკანასკნელი ბაქოს პირობებს დასთანხმდა, რაც არცახის ჩაბარებას ნიდნავდა.
ასე რომ, 100 ათასზე მეტმა არცახელმა თითქმის ორ დღეში დატოვა სამშობლო, ყარაბაღი დაიცალა. რა ბედი ეწევათ სამშვიდობოებს, ვის დაცვასა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ?
აღსანიშნავია, რომ სამმხრივი დეკლარაციის მიხედვით, რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო კონტინგენტის ყოფნის ხანგრძლივობა, შეთანხმების ხელმოწერის დღიდან (2020 წლის 9 ნოემბერი), 5 წლის ვადით ავტომატური, 5 წლიანი ვადით გახანგრძლივებით განისაზღვრა (თუ ხელშეკრულების ვადის გასვლამდე 6 თვით ადრე, რომელიმე მხარე არ განაცხადებს შეთანხმების შეწყვეტის განზრახვის შესახებ). ვინაიდან, სამმხრივი განცხადება აღარ არსებობს, მხარე, რომელიც რუსული სამშვიდობო კონტინგენტის მომავალს გადაწყვეტს, არის აზერბაიჯანი. ყველა არსებული წინაპირობის მიხედვით, ბაქოს განსაკუთრებით არ სურს ყარაბაღში რუსეთის ყოფნა ხუთწლიანი ვადის ამოწურვის შემდეგ.
მიმდინარე წლის იანვარში, სომეხი ხალხისთვის ტრაგიკული მოვლენების განვითარებამდე დიდი ხნით ადრე, ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ორ წელიწადში, ანუ 2025 წელს, ყარაბაღში რუსეთის სამშვიდობო მისია დასრულდებაო.
„2023 წელი სომხეთისთვის აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმების ბოლო შესაძლებლობაა. არ მინდა ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნას, თითქოს ზეწოლას ვახდენდე, თუმცა მინდა ვთქვა, რომ ჩემის აზრით, ეს ბოლო შესაძლებლობაა, რადგან მოდის 2024 წელი, ხოლო 2025 წელს რუსი სამშვიდობოების მისია დასრულდება”, – განაცხადა მან. თუმცა, იგივე ალიევი, ფაქტობრივად, არ დაელოდა 2024 წელს და ყარაბაღი შიმშილით, ფსიქოლოგიური ზეწოლითა და აგრესიით აიღო.
გარდა ამისა, თურქეთის ლიდერმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ამის შესახებ ივლისში განაცხადა და აღნიშნა, რომ რუსი სამშვიდობოები მთიან ყარაბაღს 2025 წლისთვის დატოვებენ: „მჯერა, რომ მოსკოვი დაიცავს დადებულ შეთანხმებას. ჩემი ძმა ილჰამ ალიევი ასევე ყურადღებით ადევნებს თვალს რეგიონში არსებულ ვითარებას“, – განაცხადა მაშინ თურქეთის პრეზიდენტმა. ერთი კვირის შემდეგ რუსულმა მხარემ ერდოღანს უპასუხა:
„თურქეთი არ არის 2020 წლის 9 ნოემბრის განცხადების რომელიმე მხარე. სწორედ ამ დოკუმენტის საფუძველზე განლაგდა რუსული სამშვიდობო კონტინგენტი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში. და სწორედ ეს დოკუმენტი ასახავს როგორც კონტიგენტის ყოფნის ხანგრძლივობას, ასევე მისი შესაძლო გაგრძელების პარამეტრებს მომდევნო ხუთწლიანი პერიოდისთვის“, – განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.
თუმცა, ბაქომ ეს საკითხი თავისებურად გადაწყვიტა. თუ არ არსებობს მთიანი ყარაბაღი, არც სამმხრივი განცხადება იარსებებს.
23 სექტემბერს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა შეხვედრაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ სამშვიდობოები ახლა, ყარაბაღის წარმომადგენლებსა და აზერბაიჯანის ოფიციალურ პირებს კონტაქტში ეხმარებიან.
„რამდენი რუსი სამშვიდობო იქნება მთიან ყარაბაღში და რამდენი ხნით, ეს ადგილობრივად, ადგილზე წყდება“, – აღნიშნა ლავროვმა.
მაგრამ ამის შემდეგ მოვლენები ისეთი სისწრაფით განვითარდა, რომ იგივე საგარეო საქმეთა სამინისტროს მიდგომა გარკვეულწილად შეიცვალა: 9 ოქტომბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, რომელიც პასუხისმგებელია დსთ-ს ქვეყნებთან ურთიერთობის საკითხებში, მიხეილ გალუზინმა, თქვა, რომ „რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის დარჩენის შემდგომი მოდალობის საკითხი შეიძლება განიხილებოდეს და გადაწყდეს მოსკოვსა და ბაქოს შორის დადგენილი არხებით”. ამასთან, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყარაბაღში რუსული სამშვიდობო კონტინგენტის ყოფნა მოთხოვნადია და მომავალშიც საჭირო იქნება. რადგან, პირველ რიგში, “იქ დარჩენილმა მოსახლეობამ თავი მშვიდად იგრძნოს“ და მეორეც, სამშვიდობოების შუამავლობით ხდება კონტაქტები ბაქოსა და სტეფანაკერტს შორის.
“ყარაბაღის შემდგომ განვითარებასთან დაკავშირებული ძალიან რთული საკითხების ნაკრები, ყარაბაღელი სომხების წარმომადგენლებსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ხელისუფლებას შორის ასევე რუსი სამშვიდობოების დახმარებით ხდება“, – დაასკვნა მინისტრის მოადგილემ.
აღსანიშნავია, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში, რეგიონში გაეროს პირველი მისიის, რომელიც ყარაბაღში მაშინ შევიდა, როცა ის ასი ათასმა მცხოვრებმა სასწაფოდ დატოვა და იძულებით გადაადგილებული გახდა, მონაცემების მიხედვით, მთიან ყარაბაღში 50-დან 1000-მდე ეთნიკური სომეხი დარჩა. თუმცა, არცახის ყოფილი სახელმწიფო მინისტრის არტაკ ბეგლარიანის განცხადებით, არცახში სულ 40 ადამიანია, მათ შორის მარტოხელა და უმწეო ადამიანები, რომლებიც უგზო-უკლოდ დაიკარგნენ. მათ ამჟამად წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი ეძებს.
აღსანიშნავია, რომ 19 სექტემბერს, 24-საათიანი ომის შედეგად 220-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, უგზო-უკლოდ დაკარგულების გარდა…
ლინა მაკარიანი