საქართველოს მთავრობის მეთაური, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტს წლიურ ანგარიშს 30 ივნისს წარუდგენს. 164-გვერდიან ანგარიშში, რომელიც მთავრობის საქმიანობას აჯამებს, მთავარი აქცენტი გაკეთებულია იმაზე, რომ გლობალური გამოწვევების ფონზე, საქართველოს მთავრობა ასრულებს ქვეყნის დემოკრატიული განვითარების დღის წესრიგს და ახორციელებს მშვიდობიან და პრაგმატულ პოლიტიკას. დოკუმენტში მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა ქვეყნისთვის ისეთ პრიორიტეტულ საკითხებს, როგორიცაა ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცება, ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფა, დეოკუპაცია კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გზით. ვრცელ მოხსენებაში ყურადღება ეთმობა ნატო-საქართველოს თანამშრომლობის დინამიკურად განვითარებას და ქვეყნისთვის ნომერ პირველ სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-თან ურთიერთობების განმტკიცებას. ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის პარალელურად, საქართველო მტკიცედ განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას პოლიტიკური, დიპლომატიური და ჰუმანიტარული მიმართულებით. მთავრობის ანგარიშში კონკრეტულ სტატისტიკაზეა საუბარი და ნათქვამია, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებში უკრაინისადმი საქართველოს მხარდამჭერი განცხადებებისა და გადაწყვეტილებების რაოდენობა 500-ს აჭარბებს – ფინანსურმა დახმარებამ კი 38 მილიონი ლარი შეადგინა.
Dalma News-ი ყურადღებას ანგარიშის ეკონომიკურ ნაწილზე ამახვილებს. “ქართული ოცნების” მთავრობის ანგარიშში წარმოდგენილი ციფრები მეტად ოპტიმისტურად გამოიყურებიან, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოს რიგითი მოსახლე ეკონომიკურ ზრდას საკუთარი ფინანსური კეთილდღეობით გრძნობს. ერთი სიტყვით, ქვეყნის ეკონომიკა იზრდება, მოსახლეობა კი, კვლავ არსებობისთვის იბრძვის.
როგორც პარლამენტისთვის წარდგენილ ანგარიშში ვკითხულობთ, გეოპოლიტიკური შოკებისა და რუსეთ-უკრაინის ომით განპირობებული გამოწვევების მიუხედავად, საქართველომ შეძლო, არა მხოლოდ ეკონომიკური მდგრადობის შენარჩუნება, არამედ 2022 წელსაც ორნიშნა ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა და 10.1% შეადგინა.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ 2022 წელი ეკონომიკის თითქმის ყველა მიმართულებით იყო მნიშვნელოვანი გაჯანსაღებისა და გაუმჯობესების წელი და ეკონომიკური აქტივობის ზრდას ხელი შეუწყო, როგორც შიდა, ასევე საგარეო მოთხოვნის ზრდამ.
2022 წლის ეკონომიკური ზრდა იყო საკმაოდ დივერსიფიცირებული და მასში მნიშვნელოვანი პოზიტიური წვლილი შეიტანა ტრანსპორტისა და დასაწყობების, მშენებლობის, ენერგეტიკის, მრეწველობისა და მომსახურების სექტორში, მათ შორის ტურიზმთან დაკავშირებულ საქმიანობებში ეკონომიკური აქტივობის ზრდამ. პოზიტიური ტენდენციები ეკონომიკური ზრდის მიმართულებით 2023 წელსაც გაგრძელდა და, წინასწარი შეფასებით, 2023 წლის პირველი კვარტალის ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 7.2% შეადგინა.
“სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2023 – 2028 წლებში საქართველოს ექნება ყველაზე მაღალი ზრდა რეგიონისა და ევროპის ქვეყნებს შორის – საშუალოდ, 5.1%-ის ოდენობით. ეკონომიკური აქტივობის ზრდა პოზიტიურად აისახა შრომის ბაზრის მაჩვენებლებზეც, კერძოდ, 2022 წელს დასაქმების ზრდა და უმუშევრობის დონის შემცირება დაფიქსირდა“, – ნათქვამია ანგარიშში.
მთავრობის ცნობით, 2022 წელს პოზიტიური ტენდენციები დაფიქსირდა, როგორც საქონლის ექსპორტის, ასევე ტურიზმიდან მიღებული შემოსავლებისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების თვალსაზრისით. ექსპორტი გაიზარდა 31.8 პროცენტით და რეკორდული მაჩვენებელი – 5.6 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. 2023 წლის იანვარ-აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ექსპორტი 23.6%-ით გაიზარდა და 1,962.2 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა.
როგორც ანგარიშშია განმარტებული, პოსტპანდემიურ პერიოდში, ეკონომიკური ზრდის დაჩქარებისთვის მნიშვნელოვანი იყო ტურიზმის სწრაფი აღდგენა. 2022 წლის ივლისიდან საქართველომ ტურიზმიდან იმაზე მეტი შემოსავალი მიიღო, ვიდრე ეს მსოფლიო პანდემიამდე იყო.
ანგარიშში საუბარია იმაზე, რომ 2022 წელს მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლების დონემ 7.6%-ით გადააჭარბა 2019 წლის დონეს და 3.5 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც, მთავრობის შეფასებით, რეკორდული მაჩვენებელია.
2022 წელს, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა – პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა, წინა წელთან შედარებით, 61.1%-ით გაიზარდა და რეკორდული 2 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო 2019 წელთან შედარებით, ზრდა 47.9%-ს შეადგენს.
ექსპერტები ფიქრობენ, რომ უცხოური ინვესტიციების ზრდა, დიდწილად უკავშირდება, საქართველოს მოქალაქეების მიერ, რუსეთიდან საქართველოში საკუთარი ბიზნესის გადმოტანას და აქ შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობაში ფულის დაბადებას. რაც შეეხება ინფლაციას, მთავრობის ინფორმაციით, საქართველოში ინფლაციამ უკვე გაიარა პიკური პერიოდი, 2022 წლის მაისიდან (13.3%) მას კლების ტენდენცია აქვს და 2022 წლის ბოლოს 9.8%-ამდე შემცირდა. 2023 წლის აპრილში კი წლიური ინფლაციის დონემ 2.7% შეადგინა.
მთავრობის ინფორმაციით, 2022 წელს საქართველოდან მსოფლიოს 96 ქვეყანაში რეკორდული, 1.3 მილიარდამდე აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქციაა ექსპორტირებული, რაც 2021 წლის მაჩვენებელს 10.5%-ით აღემატება. მზარდია ევროკავშირში აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი, რომელმაც, 2022 წლის მონაცემებით, 173 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
ეკონომიკის საკითხებში ექსპერტის, ნიკა შენგელიას შეფასებით ტურიზმზე ქვეყნის ეკონომიკის ჩამოკიდება “დიდი სისულელეა”. ამაში მსოფლიო პანდემიამაც დაგვარწმუნა. ექსპერტის აზრით, ტურიზმი მაშინ არის კარგი და მომგებიანი, თუ ჩამოსულ ტურისტს ქვეყანაში წარმოებულ პროდუქციას ახვედრებ, როცა სასტუმროები მოპირკეთებულია ქვეყანაში წარმოებული სარემონტო მასალით.
“კარგად ვიცით, რომ სამშენებლო და სარემონტო მასალის 80% შემოგვაქვს. ახლახან გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ გაიზარდა იმპორტი თურქეთიდან. ნომერ პირველი სავაჭრო ქვეყნები, ისევ თურქეთ და რუსეთია. სასტუმროები კი სულ ირანული და თურქული მასალით არის მოპირკეთებული. ამიტომ იმის მტკიცება შორს წაგვიყვანს, რომ ტურიზმით საქართველო ვერ განვითარდება“, – განუცხადა Dalma News-ს ნიკა შენგელიამ.
რაც შეეხება გარე შოკებს, ექსპერტის შეფასებით, რუსეთ-უკრაინის ომმა ქართულ ეკონომიკაზე დადებითად იმოქმედა, გაიზარდა ქართველი ემიგრანტების მიერ გადმორიცხული თანხების მოცულობა, რამაც განაპირობა ლარის გამყარება. შემოვიდა მოსახლეობა რუსეთიდან, ბინების გაყიდვების მოცულობა, ომის შემდეგ, 10 ათასამდე ავიდა. ეროვნულმა ბანკმა აშშ დოლარის ბაზრიდან ამოღებით 5 მლრდ 100 მლნ-მდე გაზარდა სავალუტო რეზერვები. ეს არის ისტორიული მაქსიმუმი.
ნიკა შენგელიას განმარტებით, გარე შოკების მაჩვენებელია ის, რომ გაიზარდა ექსპორტი, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ექსპორტის მაჩვენებელმა იმპორტს გადააჭარბა.
„შემოსული საქონელი გადამისამართდება სხვა ქვეყნებში, მაგალითად, რუსეთში. ამაში მე დიდ ტრაგედიას ვერ ვხედავ. თუ საქონელი შემოვა აქ, განბაჟდება და მერე გავა სხვა ქვეყანაში, ეს პირიქით, კარგია, თუ ამასთან გვაქვს საქმე“, – ამბობს ექსპერტი.
მეორე მხრივ, სტატისტიკას თუ შევხედავთ, კერძო სექტორში დასაქმება 3,4%-ით შემცირდა, მაგრამ საერთო ჯამში დასაქმებულთა რაოდენობამ მოიმატა. მატება განპირობებულია სამთავრობო პროგრამებში დასაქმებით. ხელფასები გაეზარდათ საბიუჯეტო სფეროებში დასაქმებულ მოქალაქეებს. გაზრდილ ხელფასებს თან სდევს ინფლაცია.
„მთავრობას აქვს სხვადასხვა პროგრამები და ასაქმებს სოციალურად დაუცველ პირებს. როგორც ვიცი, 42 ათასი ადამიანი დასაქმდა. ამ ადამიანებს ასაქმებენ ძალიან მცირე ხელფასზე – 300, 400, 500-ლარიანზე. სტატისტიკისთვის სჭირდებათ, – აი, შევამცირეთ უმუშევრობაო, – მოსახლეობა ცხოვრობს ძალიან ცუდად, იმიტომ, რომ ფასები გვაქვს გაზრდილი, მოსახლეობის შემოსავალი არ გაზრდილა, ქვეყნის რეალური ეკონომიკა არ იზრდება, ვგულისხმობ გადამამუშავებელ მრეწველობას, სოფლის მეურნეობის პროდუქციას“, – ამბობს ნიკა შენგელია.
მისივე თქმით, შარშან ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაძვირებულია სოფლის მეურნეობის პროდუქცია.
ექსპორტის ზრდა არ უკავშირდება ადგილობრივი წარმოების განვითარებას. ხშირ შემთხვევაში ექსპორტზე გადის კომპანიების მიერ სხვა ქვეყნებიდან შემოტანილი პროდუქცია, იქნება ეს მანქანები, თუ კომპიუტერული ტექნიკა, რომელიც ძირითადად რუსეთში გადის იმის გამო, რომ ევროპას სანქციები აქვს დაწესებული. ექსპორტის მოცულობის ციფრებში ზრდა იმას არ ნიშნავს, რომ ამით მოსახლეობა გამდიდრდა, იხეირეს მხოლოდ, რამდენიმე კომპანიამ და მათმა მფლობელებმა.
ეკონომიკის ზრდას მოსახლეობა დიდი ხანია საკუთარ ჯიბეზე ვერ გრძნობს, შესაბამისად მსგავსი ოპტიმისტური ციფრები ადამიანებში იწვევს გაკვირვებას. რა შემთხვევაში იგრძნობს რიგითი მაცხოვრებელი ქვეყნის ეკონომიკის ზრდას საკუთარ ჯიბეზე?
ნიკა შენგელიას მოსაზრებით, რიგითი მოქალაქე ეკონომიკურ ზრდას იგრძნობს მაშინ, თუ ეროვნული ბანკი საპროცენტო განაკვეთს 2,3,4%-მდე დასწევს, ფული წავა სოფლის მეურნეობაში, გაიზრდება იმპორტ შემცვლელი პროდუქციის წარმოება და იმპორტს 40%-მდე მაინც დავიყვანთ. თუ გაიხსნება ახალი საწარმოები, რომლებიც გამოუშვებს ტექნიკას, ან შემოვლენ ევროპული კომპანიები და დაიწყებენ საქართველოში გადამამუშავებელი წარმოების განვითარებას, მოსახლეობაში ფული შევა ხელფასის სახით. ამოქმედდება საკონსერვო ქარხნები და გადამამუშავებელი მრეწველობა განვითარდება. გლეხი შეძლებს საკუთარი პროდუქციის ჩაბარებას ასეთი საწარმოებისთვის და იმის შიში არ ექნება, რომ წლიდან წლამდე, გაჭირვებით მოყვანილი პროდუქტი გაუფუჭდება და შრომა წყალში ჩაეყრება.
შორენა პაპაშვილი