20 მარტს, მოსკოვში სომხეთისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების – არარატ მირზოიანის და სერგეი ლავროვის შეხვედრა პირისპირ საუბრის ფორმატით დაიწყო და შემდეგ ორი დელეგაციის მონაწილეობით გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა. სომხეთის რესპუბლიკისა და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრებმა სომხეთ-რუსეთის მოკავშირე ურთიერთობებისა და პოლიტიკური დიალოგის დღის წესრიგის საკითხების ფართო სპექტრი განიხილეს. ასევე შეეხნენ საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის საკითხებს და დეტალურად განიხილეს რეგიონული სტაბილურობისა და უსაფრთხოების საკითხები.
სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრმა მირზოიანმა ხაზგასმით განაცხადა, რომ „აზერბაიჯანის აგრესიული პოლიტიკა მთიანი ყარაბაღისა და სომხეთის სუვერენული ტერიტორიის მიმართ, ისევე როგორც უმაღლეს დონეზე გაჟღერებული რიტორიკა, რეგიონში ვითარების გამწვავებას და ახალი აგრესიისთვის ნიადაგის მომზადებას მოასწავებს. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა ამგვარი ქცევის დაგმობას, ძალის გამოყენებისა და მუქარის თავიდან აცილების და სამმხრივი განცხადებებით აღებული ყველა ვალდებულების შესრულების აუცილებლობას. იმავდროულად, ორმხრივად აღინიშნა, რომ 2020 წლის 9 ნოემბრის დებულებების შესაბამისად ლაჩინის დერეფნის რეჟიმი უნდა აღდგეს.
გარდა ამისა, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა მთიან ყარაბაღში რუსული სამშვიდობო ძალების ეფექტური მოქმედების აუცილებლობას, რათა თავიდან აიცილონ აზერბაიჯანული მხარის პროვოკაცია, სამშვიდობოების პასუხისმგებლობის ზონაში შენარჩუნდეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი და უზრუნველყოფილ იქნეს მთიანი ყარაბაღის უსაფრთხოება.
არარატ მირზოიანმა ასევე ისაუბრა შესაბამისი საერთაშორისო ინსტრუმენტების გამოყენების მნიშვნელობაზე, რათა თავიდან იქნეს აცილებული მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანის მხრიდან ეთნიკური წმენდის პოლიტიკა და მთიან ყარაბაღში საერთაშორისო ფაქტების დამდგენი მისიის გაგზავნის აუცილებლობაზე. საუბარი შეეხო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების მოწესრიგების პროცესის ბოლო მოვლენებს.
თავის მხრივ, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ერთ-ერთი პრიორიტეტული ამოცანაა ლაჩინის დერეფნის და ზოგადად ყარაბაღის ირგვლივ არსებული ვითარების მოგვარება.
„ეჭვი არ გვეპარება, რომ აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის ფედერაციის ლიდერების სამმხრივი განცხადება რჩება ყველა გადაწყვეტილების აღსრულების გასაღებად, არსებული ვითარების სტაბილიზაციის უზრუნველსაყოფად, როგორც ეკონომიკურ, ასევე სამხედრო-პოლიტიკურ და საერთაშორისო სამართლებრივ სფეროებში. როგორც სამმხრივ განცხადებებში წერია, ჩვენ მზად ვიქნებით ყველა შესაძლო დახმარება გავწიოთ სატრანსპორტო კომუნიკაციების განბლოკვისთვის, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციისა და სამშვიდობო ხელშეკრულების პარამეტრებზე შესათანხმებლად”, – განაცხადა რუსმა მინისტრმა და იქვე აღნიშნა ქვეყნების ლიდერებს შორის მიმდინარე ინტენსიური პოლიტიკური დიალოგის მნიშვნელობა, მათ შორის ევრაზიის ეკონომიკური კავშირის, კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის და დსთ-ს ეგიდით მიმდინარე ღონისძიებების ფარგლებში.
შეხვედრის შედეგად სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, არარატ მირზოიანისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ერთობლივი პრეს-კონფერენცია გაიმართა, სადაც მათ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხეს. კერძოდ, საუბარი შეეხო ისევ ლაჩინის დერეფანს და მის გარშემო არსებული ვითარების დარეგულირებას, რომელიც, ლავროვის თქმით, ერთ-ერთი პრიორიტეტია.
თავის მხრივ, მირზოიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დღესდღეობით არ არსებობს 2020 წლის 9 ნოემბრის სამმხრივი განცხადების არც ერთი პუნქტი, რომელიც აზერბაიჯანს არ დაურღვევია: ეს არის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის სისტემატური დარღვევა, სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიების ოკუპაცია, ლაჩინის დერეფნის უკანონო ბლოკირება, სომეხი ტყვეების უკანონოდ აყვანა, რეგიონული კომუნიკაციების გახსნის შეფერხება და სომხების დაბრუნება იმ ტერიტორიაზე, რომელიც აზერბაიჯანის კონტროლქვეშ მოექცა.
უფრო მეტიც, აზერბაიჯანი პროვოკაციების მოწყობას განაგრძობს. მისივე თქმით, რეგიონში არსებულ ვითარებას კიდევ უფრო ამძაფრებს აზერბაიჯანის უმაღლეს დონეზე გაკეთებული აგრესიული რიტორიკა და მიმდინარე სამხედრო პროვოკაციები არა მხოლოდ მთიანი ყარაბაღის, არამედ სომხეთის სუვერენული ტერიტორიის წინააღმდეგ.
ამასთან დაკავშირებით, მან ხაზი გაუსვა სომხეთის მოკავშირეებისა და პარტნიორების მხრიდან აქტიური ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობას, რათა აზერბაიჯანმა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები და შეწყვიტოს საერთაშორისო სამართლის ყველა პრინციპის დარღვევით ძალის გამოყენების ან მუქარის პრაქტიკა.
დიპლომატიური ფრაზების ბრწყინვალე სტილისტიკის მიღმა შეიმჩნევა უამრავი სამუშაო, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორის უმაღლეს დონეზე მუდმივად ტარდება. ამიტომაც აქცენტი გაკეთდა სამხრეთ კავკასიაში დასავლური დიპლომატიის საკითხზეც. რუსი მინისტრის თქმით, მათ არა მხოლოდ რუსეთის ფედერაციის დისკრედიტაცია სურთ, არამედ ამაზე ღიად საუბრობენ აშშ-ში, ევროკავშირსა და ნატო-ში.
„ძირითადად, ისინი ცდილობენ მოირგონ სამმხრივი შეთანხმებები, დააწესონ ზედამხედველობა, ძირი გამოუთხარონ საკვანძო პრინციპებს, რომლებიც ითვალისწინებს რუსეთის ფედერაციის მონაწილეობას კომუნიკაციების განბლოკვის, საზღვრის დელიმიტაციის, სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერის ხელშეწყობის საკითხებში”, – განაცხადა ლავროვმა და დასძინა, ამჟამად ვერ ხედავს რაიმე შესაძლებლობას და აუცილებლობას, რათა განავითაროს რაიმე სახის დიალოგი დასავლეთთან სამხრეთ კავკასიის თაობაზე, ისევე, როგორც საერთაშორისო რეგიონული დღის წესრიგის უმეტეს საკითხზე.
პრესკონფერენციის დასასრულს ჟურნალისტები დაინტერესდნენ ოფიციალური ერევნის მხრიდან კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის მისიის სომხეთის საზღვრისპირა რაიონებში განლაგებაზე უარის თქმის თაობაზე. რაზეც მირზოიანმა განაცხადა: „რაც შეეხება კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის მისიის საკითხს, ალბათ, შეკითხვა არასწორად არის ფორმულირებული, რადგან სომხეთს არასოდეს უთქვამს უარი მსგავს მისიაზე. მეტიც, ასეთი გადაწყვეტილების პროექტი მაგიდაზე დევს და მასზე მუშაობა მიმდინარეობს. შეგახსენებთ, რომ ჩვენი შთაბეჭდილებით, კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციამ თავისი პასუხისმგებლობის ზონა თავად არ ცნო მკაფიოდ. ჩვენი თვალსაზრისით, ეს გარკვეულწილად პრობლემურია. მაგრამ, ვიმეორებ, პროექტი მაგიდაზეა, მუშაობა გრძელდება“.
პრესკონფერენციის დასასრულს სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მიმდინარე შეხვედრაზე სამმხრივი შეხვედრის თემა განიხილეს. სომხურმა მხარემ დაადასტურა მზადყოფნა ჩაატაროს რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა უწყებების ხელმძღვანელთა სამმხრივი შეხვედრა. „ვფიქრობ, უახლოეს მომავალში შევიტყობთ, რომელი თარიღები იქნება სამივე მინისტრისთვის მოსახერხებელი“, – განაცხადა ლავროვმა.
ნათელა ოგანიანი