პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ამერიკული ბიოლოგიური ლაბორატორიების თემას მიეძღვნა თბილისში, 20 თებერვალს გამართული მრგვალი მაგიდა. დისკუსიის ორგანიზატორი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია ევრო-აზიური “ალიანსია”. საზოგადოების ერთი ნაწილი – უფლებადამცველები და მედიცინის სფეროს წარმომადგენლები კორონავირუსის მსოფლიო პანდემიასა და რუსეთ-უკრაინის შეიარაღებულ კონფლიქტს შორის კავშირს ხედავენ და საქართველოს მოსახლეობისთვის მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობენ.
იმ ფონზე, როდესაც კიევის მხრიდან გაისმის მოწოდებები, რომ საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტი საკუთარ ტერიტორიაზე გახსნას, მრგვალი მაგიდის ორგანიზატორები საჭიროდ მიიჩნევენ გაიხსნას დისკუსიები ბიოლოგიური ომის თემაზე. მათი აზრით, დადგა დრო და შესაძლოა დაგვიანებულიც იყოს, რომ საზოგადოებამ ყველა პრობლემაზე ღიად ისაუბროს, რათა საქართველომ თავისი ინტერესების საწინააღმდეგოდ ნაბიჯები არ გადადგას, რისკენ მოწოდებებიც კეთდება კიევის მხრიდან.
მრგვალი მაგიდის ორგანიზატორთა აზრით, საქართველოში ტაბუდადებულია ბევრი მნიშვნელოვანი თემა, კერძოდ, ის, რომ აშშ სახელმწიფო პროგრამებით დაფინანსებული და მოქმედი ბიოლოგიური ლაბორატორიები ყოფილი საბჭოთა კავშირის მთელ რიგ ტერიტორიებზეა განლაგებული, მათ შორის უკრაინაში და თბილისშიც. მაღალი ინტერესის მიუხედავად კვლავ უცნობია, თუ თბილისის ლუგარის ლაბორატორიაში რა სახის კვლევები მიმდინარეობს.
“ვინაიდან ლუგარის ლაბორატორია არასოდეს აბარებს ანგარიშს ქართულ საზოგადოებას და არც საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში აქვეყნებს წარმოებული კვლევების შედეგებს, მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, ჯანდაცვის სტრუქტურებს, ჩვენი სახელმწიფოს დემოკრატიული პრინციპებიდან და უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე ჩამოყალიბდეს ბიოლოგიურ ლაბორატორიაზე საზოგადოებრივი კონტროლის ან საზოგადოებრივი მონიტორინგის ჯგუფი. ეს ჯგუფი თავად მთავრობამ დააკომპლექტოს, როგორც სახელმწიფო, ისე არასამთავრობო სექტორისა და საზოგადოებაში ცნობილი პატივცემული პიროვნებების მეშვეობით”, – განაცხადა შეხვედრაზე ევრო-აზიური “ალიანსის” თავმჯდომარე ვიქტორ კუსიანმა.
მისივე თქმით, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მოქმედებს სახიფათო ბიოლოგიური ლაბორატორიები. შესაბამისი მასალები წარმოადგინა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემდეგ, ხოლო რუსეთის წარმომადგენლობამ გაეროში აღნიშნული საკითხი უშიშროების საბჭოზე დააყენა და გამოძიების ჩატარება მოითხოვა. ოფიციალური ვაშინგტონი ამ ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს.
თუმცა, ბრალდებები მარტო რუსეთის მხრიდან არ ისმის. ვიქტორ კუსიანი საქართველოს ხელისუფლებას და ქართულ საზოგადოებას შეახსენებს, რომ ჯერ კიდევ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების დაწყებამდე საკმაო ხნით ადრე (2021 წლის 8 აპრილს) ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კატეგორიულად მოსთხოვა აშშ-ს მთავრობა, რომ საერთაშორისო საზოგადოებას წარმოუდგინოს „ამომწურავი ინფორმაცია იმ ცდებთან დაკავშირებით, რომლებიც ამერიკულ სამხედრო ლაბორატორიებში ტარდება უკრაინასა და ფორტ-დეტრიტში“.
გარდა ამისა, საკუთრივ უკრაინაში, 2020 წლის გაზაფხულზე, ოპოზიციონერმა პარლამენტარებმა მოითხოვეს ქვეყანაში განლაგებული ამერიკული ბიო ლაბორატორიების ფუნქციონირების შეჩერება, რადგან ბოლო ათწლეულის განმავლობაში უკრაინის სხვადასხვა პროვინციებში, სადაც ასეთი ლაბორატორიები ფუნქციონირებს, თავს იჩენდა სხვადასხვა ეპიდემიები – ხან ქოლერა, ხანაც ე.წ. ღორის და ქათმის გრიპები, შედეგად ასეულობით ადამიანი გარდაიცვალა. დეპუტატების მოთხოვნის შემდეგ, ამერიკელმა დიპლომატებმა პირველად აღიარეს, რომ უკრაინაში ასეთი ლაბორატორიები არსებობს. თუმცა, ბუნებრივია უარყვეს რომ ეპიდემიები ამ ლაბორატორიების გამო გავრცელდა.
“ბიოლოგიური და სხვა პროფილის სამეცნიერო ლაბორატორიების არსებობა აუცილებელია სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესისთვის, თუმცა დაუშვებლად მიგვაჩნია მსგავს ლაბორატორიებში მიმდინარე პროცესების გაუმჭვირვალობა, ან სულაც გასაიდუმლოება საქართველოს მსგავს მცირე მასშტაბის ქვეყნებში. არ შეიძლება საქართველოს ინტერესებში იყოს საიდუმლო ბიოლოგიური კვლევები, უკონტროლო ექსპერიმენტები – თუნდაც აღნიშნული პროცესები გამოცდილი სპეციალისტების მიერ, საგარეო მხარდაჭერის პირობებში მიმდინარეობდეს”, – აცხადებს კუსიანი.
ქართველი იურისტებისა თუ დამოუკიდებელი მედიკოსების არაერთი მცდელობის მიუხედავად, არა თუ კორონავირუსის პანდემიის, არამედ მშვიდობიან პერიოდშიც, ვერ ხერხდება ლუგარის ლაბორატორიიდან რაიმე სახის ინფორმაციის მიღება.
საქართველოში აშშ-ს პატრონაჟით გახსნილი ბიოლოგიური ლაბორატორია აწ გარდაცვლილი სენატორის – რიჩარდ ლუგარის სახელს ატარებს. საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს არაერთი კითხვა გასჩენია ამ ლაბორატორიის მისამართით, თუმცა მისი მესვეურები და სახელმწიფო სტრუქტურები შეშფოთების მიზეზს დაუსაბუთებლად მიიჩნევენ. მრგვალი მაგის მონაწილეთა აზრით, თუ შეშფოთების მიზეზი არ არსებობს, ლოგიკიდან გამომდინარე, არ უნდა იყოს პრობლემა საზოგადოების მხრიდან ლაბორატორიაზე კონტროლის მექანიზმების შექმნა, როგორც ეს ცივილურ საზოგადოებას და სახელმწიფოს შეშვენის.
“2 წელია თანამოაზრეები ვმუშაობთ ბიოლოგიური თემის მიმართულებით, უამრავი აქცია ჩავატარეთ, ბევრი რამ გავაშუქეთ იმ ტელეკომპანიების საშუალებით, რომლებიც საეთერო დროს გვითმობენ. სამწუხაროა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი არ აშუქებს იმ თემებს, რომელიც მოსახლეობას აინტერესებს, ჩვენ გვინდა ზოგადად გავაცნოთ საზოგადოებას, თუ პოსტსაბჭოთა სივრცეში რატომ არის გავრცელებული ბიოლოგიური ლაბორატორიები, რომლებიც მუშაობს პენტაგონის დაფინანსებით და მათი პროექტებით. მიგვაჩნია, რომ აუცილებელია გავაცნოთ საქართველოს მოსახლეობას, თუ რა არის ლუგარის ლაბორატორია, რა ხდება მის გარშემო, რატომ არის, რომ დაავადებები იმატებს”, – განუცხადა მრგვალი მაგიდის დასრულებით შემდეგ Dalma News-ს ვიქტორ კუსიანმა.
მისივე ვერსიით, რუსეთის საზღვრების სიახლოვეს შეგნებულად ამრავლებენ ბიოლოგიურ ლაბორატორიებს, რათა ის გამოიყენონ ბიოლოგიურ იარაღად რუსეთის წინააღმდეგ, მაგრამ არავინ სვამს კითხვას, რა ელის იმ ქვეყნების მოსახლეობას, სადაც ეს ლაბორატორიებია განლაგებული.
რა კავშირია მსოფლიო პანდემიასა და რუსეთ-უკრაინის კონფლიქტს შორის?
როგორც ვიქტორ კუსიანი განმარტავს, უკრაინის ომის დაწყების 3 მიზეზი არსებობს: ნატოსკენ სწრაფვა, ბირთვული იარაღის საფრთხე და ბიო ლაბორატორიები.
მისივე თქმით, 2005 წელს აქტიურად დაიწყო ამ ლაბორატორიების მშენებლობა უკრაინაში. 2005 წლის 25 აგვისტოს აშშ-თან გაფორმდა ხელშეკრულება და გაიხსნა ლაბორატორია, სადაც მომუშავე სამხედრო-მიკრო-ბიოლოგები სტაჟირებას ამერიკაში გადიოდნენ. ამერიკელმა მეცნიერმა, იმუნოლოგმა ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ უკრაინის ლაბორატორიებში ჩატარდა ის ექსპერიმენტები, რაც მნიშვნელოვანი იყო ამერიკისთვის.
აღსანიშნავია ისიც, რომ რუსეთის დაზვერვამ უკრაინის ტერიტორიაზე 15 ბიო ლაბორატორია აღმოაჩინა.
“ფაქტები იმას მეტყველებს, რომ უკრაინაში სხვადასხვა დაავადებები საკმაოდ აქტიურად იყო გავრცელებული რუსეთის საზღვრებთან ახლო რეგიონებში. მსოფლიო და ევროპა საფრთხეშია იმ გაგებით, რომ უკრაინის ომის გამო, ლაბორატორიები გადაიტანეს პოლონეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში”, – აცხადებს ევრო-აზიური “ლაბორატორიის” თავმჯდომარე.
იგი ყურადღებას ამახვილებს ადამიანის ორგანოებით ვაჭრობაზეც და სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს. კერძოდ, მრგვალი მაგიდის მონაწილეებს წარმოუდგინეს ვიდეო მასალა, სადაც ნაჩვენებია ყუთი, რითაც გადააქვთ ადამიანის ორგანოები.
როგორც კუსიანი განმარტავს, ორგანოებით ვაჭრობასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი მტკიცებულება არსებობს და უახლოეს მომავალში გეგმავს მათ გამოქვეყნებას, კერძოდ, თუ რა ხდებოდა ამ მხრივ უკრაინაში, პოსტსაბჭოთა სივრცეში და კონკრეტულად საქართველოში.
“როგორც არ უნდა მებრძოლონ, მე დავამტკიცებ, რომ ლუგარის ლაბორატორია არ არის საქართველოს მოქალაქეების ინტერესებისთვის აშენებული. არ გამოვრიცხავ, რომ შავ პარკებში გახვეული პაციენტები, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის დროს ჭირისუფლებს ბარდებოდა, სწორედ ამ პროექტის ნაწილი ყოფილიყო, რასაც ჰქვია ადამიანის ორგანოებით ვაჭრობა”, – აცხადებს უფლებადამცველი ვიქტორ კუსიანი.
კორონავირუსის პანდემიის პირველ ხანებში, როცა მსოფლიო მოსახლეობა პანიკამ მოიცვა, ჭირისუფლებს ეკრძალებოდათ საკუთარი მიცვალებულის გახსნა იმ მოტივით, რომ მიცვალებული ვირუსის გამავრცელებელი იყო. ამას საქართველოს მოსახლეობის მხრიდან თანდათან პროტესტი მოჰყვა და ბევრმა ჭირისუფალმა გამოხატა დაუმორჩილებლობა. მათ გახსნეს საკუთარი მიცვალებულები და ნანახით აღშფოთებულნი იყვნენ. ბევრი ჰყვებოდა იმას, რომ მათი ოჯახის წევრებს წამების კვალი აღენიშნებოდათ.
ვიქტორ კუსიანი საჭიროდ მიიჩნევს ჩატარდეს კორონავირუსის დიაგნოზით გარდაცვლილთა ეკსგუმაცია და ექსპერტიზამ დაადგინოს, სინამდვილეში რით არიან ეს ადამიანები გარდაცვლილები. უფლებადამცველი დარწმუნებულია, რომ თუ იქნება მოსახლეობის ნება გვამების ექსპერტიზაზე, სკანდალურ ფაქტებს აეხდება ფარდა.
გიორგი ქართველი