პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” და მასთან დაკავშირებული პოლიტიკური ძალები, რომელიც ბოლო წლებია საპროტესტო აქციებზე ხალხს ვეღარ კრებენ, ადამიანური ტრაგედიების პოლიტიზირების ბინძური მცდელობით არიან დაკავებულნი. პოლიტიკური ძალა, რომელიც არაერთი სისხლიანი ისტორიის შემოქმედია, დღესაც ცდილობს, სატელიტი არასამთავრობოებისა და სამოქალაქო აქტივისტების მეშვეობით პოლიტიკური ბრძოლის იარაღად ყველა მიზეზი გამოიყენოს, თუნდაც ადამიანური ტრაგედია იყოს.
საზოგადოებას კარგად ახსოვს, ზოგიერთი პოლიტიკური ლიდერის მცდელობა, 2017 წელს თანატოლების მიერ მოკლული, 16 წლის დავით სარალიძის მამის ტრაგედია გამოეყენებინათ. გამოძიების მიმდინარეობით უკმაყოფილო ზაზა სარალიძის პროტესტს მაშინ, საზოგადოების მხრიდან სამართლიანი და მასშტაბური მხარდაჭერა ჰქონდა, რასაც გენპროკურორის თანამდებობიდან წასვლა მოჰყვა, მაგრამ ნაციონალებმა მაშინ რევოლუციას ვერ მიაღწიეს.
ტრაგედიის პოლიტიზირების მორიგი მცდელობა იყო ამჯერადაც, როცა 13 ოქტომბერს, თბილისში, ვაკის პარკში 13 წლის გოგონა დაიღუპა. ტრაგედიის მიზეზი პარკის ისტორიული შადრევანი და მასში გამავალი ელექტროსადენები გახდა. 13 ოქტომბერი დედაქალაქის ისტორიაში კიდევ ერთ ტრაგიკულ თარიღად ჩაიწერება. სვეტიცხოვლობის დღესასწაულის წინა დღეს ვაკის პარკში თავზარდამცემი ტრაგედია დატრიალდა. ბავშვებს წყლით სავსე შადრევანში ბურთი ჩაუვარდათ, რომლის ამოსაღებადაც წყალში ჩავიდნენ. ერთი შეხედვით თითქოს ამაში საშიში არაფერია, მაგრამ აღმოჩნდა, რომ შადრევნის ერთ-ერთი ელექტროსადენი დაზიანებული იყო და დენი წყალზე გადადიოდა. სიტუაციას პარკში მყოფი მოქალაქეები შეესწრნენ, მაგრამ ბავშვების გადასარჩენად მკვლელ შადრევანში ჩასვლა, მხოლოდ ერთმა ადამინმა გაბედა.
პარკის მებაღე დევი მეზურნიშვილი შადრევნისკენ ანგარიშმიუცემლად, ხალხის ყვირილზე გაიქცა. მხოლოდ წყალში ჩასვლისას იგრძნო მაღალი ძაბვა. მთელი სხეული დაუბუჟდა, ცდილობდა ნელ-ნელა მიახლოება ბავშვებს.
ძაბვა განსაკუთრებით შადრევნის ცენტრისკენ ძლიერდებოდა, სწორედ იქ, წყლის სიღრმეში იყო 13 წლის გოგონა მარიტაც, რომელიც მომხდარის შედეგად გარდაიცვალა. მებაღემ 2 ბავშვის გადარჩენა შეძლო.
ტრაგედიის დღესვე, 13 ოქტომბერს საღამოს პარლამენტის შენობის წინ, თბილისის მერის კახა კალაძის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის გზავნილი იყო “არა სიკვდილით სავსე ქალაქს!” (ლოზუნგის შინაარსი სავარაუდოდ, კალაძის წინასაარჩევნო გზავნილის – “სიცოცხლით სავსე ქალაქის” ანტიპოდია).
რამდენიმე დღის შუალედით საპროტესტო აქცია თბილისის მერიის შენობასთანაც გაიმართა მოთხოვნით, – თბილისის მერმა კახა კალაძემ პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღოს და თანამდებობიდან გადადგეს!
ტრაგედიის მეორე დღიდან ქვეყანაში დაგეგმილი თუ მიმდინარე ყველა დღესასწაული გადაიდო. პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა:
“დღეს, ჩვენ არ გვაქვს საზეიმო განწყობა”
“ყველა თავზარდაცემული ვართ, დაისჯება ყველა კანონის ფარგლებში”, – ასეთი იყო თბილისის მერის პირველი კომენტარი.
კალაძე, რომლის საარჩევნო პროგრამის მთავარ გზავნილს სკვერებისა და რეკრეაციული ზონების კეთილმოწყობა წარმოადგენს, დღეს ოპოზიციის მწვავე და ირონიული კრიტიკის საგნად იქცა. წინა დღით, სწორედ კალაძემ გახსნა შადრევანი საზეიმო ვითარებაში.
ვაკის პარკში მდებარე მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 6 500 000 ლარს შეადგენს. ხოლო პარკის სრულ რეაბილიტაციაზე 33 მლნ ლარია გათვალისწინებული. სამუშაოები მომავალი წლის გაზაფხულზე უნდა დასრულდეს.
შადრევნისა და კასკადის რეაბილიტაცია შპს-მ “გრინსერვის+”-მა განახორციელა.
“2013 წელს, კომპანიის მესაკუთრეები, ძველი თბილისის ყოფილი გამგებელი და მისი მოადგილე, ლაშა ფურცხვანიძე და კობა ხარშილაძე, უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებით იყვნენ დაკავებულნი. 2007 წელს, მათ ფიქტიურად დააფუძნეს შპს „გრინსერვისი“, რომელსაც რეალურად თავად ფლობდნენ და მართავდნენ. ისინი იყვნენ სატენდერო კომისიის წევრები და გამგეობის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში საკუთარი კომპანიის გამარჯვებას უზრუნველყოფდნენ. ამ გზით, 5 სახელმწიფო ტენდერი მოიგეს და მილიონობით ლარი ჩაიჯიბეს”, – აცხადებს უფლებადამცველი მაია ელოშვილი.
მან ასევე დასძენა, რომ გაუგებარია, კრიმინალური რეპუტაციის მქონე პირები, როგორ და რა კრიტერიუმებით იგებენ ათეულობით მილიონიან ტენდერებს. მისი თქმით, კახა კალაძის მერად არჩევამდეც, ზემოაღნიშნულ კომპანიას წარმატებით მფარველობდნენ და სახელმწიფო ტენდერებს აგებინებდნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ მანკიერი პრაქტიკა დღემდე შენარჩუნებულია.
“220 ვოლტს რა უნდოდა შადრევანში?! მერიამ როგორ ჩაიბარა?! როგორც კი მერიის სამსახურმა ხელი მოაწერა მიღება-ჩაბარების აქტს და მერმა მოგვიწოდა, რომ მოდით აქ და დაისვენეთო, სიყვარულის ადგილი გახდებაო ვაკის პარკიო და რამდენიმე საათში, ბავშვი დაიღუპა, ამაზე ახლა ხმა არ ამოიღოთ ოპოზიციამო”, – აცხადებს “ენმ”-ს წევრი ლევან ხაბეიშვილი.
მომხდარს პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც გამოეხმაურა:
“ჩემი ალისა ძალიან ხშირად თამაშობს ვაკის პარკში. შეძრწუნებული ვარ, ჩემი მამობრივი სამძიმარი მშობლებს”
სააკაშვილის მამობრივი სამძიმრის არ სჯერად მისი მმართველობის დროს მოკლულთა მშობლებს. ექსპრეზიდენტის ამ განცხადებას საზოგადოების მხრიდან მოჰყვა გვირგვლიანის, რობაქიძის, ვაზაგაშვილის, 7 ნოემბრისა და 26 მაისის, კობა დავითაშვილისა და სხვათა ისტორიების გახსენება, რომლებიც ნაციონალების ხელისუფლების სისასტიკესა და განუკითხაობას შეეწირნენ.
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ ოპოზიციის ნაწილი უბედური შემთხვევებით იკვებება და ტრაგედიიდან ტრაგედიამდე ცხოვრობს.
მისივე შეფასებით, ოპოზიციას მორალური უფლება არ აქვს ილაპარაკოს, ვის უფრო სტკივა საბედისწერო შადრევანში პატარა გოგონას გარდაცვალება.
“ოჯახის ტრაგედიით სარგებლობა მიუღებელია. უბედური შემთხვევები განვითარებულ დემოკრატიებში ხდება, მაგრამ ეს იმის წინაპირობა არ არის, რომ ერთმა პოლიტიკურმა ჯგუფმა მეორეს ისე შეუტიოს, რომ ამის საფუძველი არ ჰქონდეს. გამოძიების შედეგებს უნდა დაველოდოთ და მერი იქნება თუ კონკრეტული შემსრულებელი, არავის უნდა ასცდეს პასუხისმგებლობა. მაგრამ რეალობა ერთია, როცა ადამიანი განზრახ მოკლეს, თავი იმართლეს იმით, რომ დენმა დაარტყაო”, – განუცხადა ჟურნალისტებს ვოლსკიმ და სააკაშვილის მიერ 26 მაისის აქციის დარბევის ეპიზოდი გაიხსენა.
ცალკეული ოპოზიციონერი ლიდერების მიერ 13 ოქტომბრის ტრაგედიის პოლიტიზირების მცდელობამ მოქალაქეებს სააკაშვილის ხელისუფლების შს მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მიერ შეკვეთილი 2 გვამის ისტორიაც გაახსენა.
“რატომ აქციებს არ აწყობდნენ, როცა შინაგან საქმეთა მინისტრი 2 გვამს ითხოვდა! თქვენი გულწრფელობის არავის სჯერა და ეს ტრაგედია არ გამოგადგებათ ტემპერატურის ასაწევად!”, – წერენ მოქალაქეები სოციალურ ქსელში.
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ტრაგედიის პოლიტიზირების ნებისმიერ მცდელობას მიუღებლად მიიჩნევს და აცხადებს, რომ ეს, არც ქართულ და არც დასავლურ პოლიტიკურ კულტურაში არ ჯდება.
როგორც Dalma News-სთან საუბრისას ანჯაფარიძემ განაცხადა, მსგავსი ტრაგედიები ევროპის სხვა ქალაქებშიც მომხდარა, მაგრამ, არც ერთ პოლიტიკურ მოთამაშეს პირადი მიზნების რეალიზებისთვის არ გამოუყენებია. მისივე თქმით, ამ მხრივ ძალიან ნიშანდობლივია სარალიძის ამბავი, როდესაც მოსახლეობა სამართლიანი საპროტესტო განწყობით გამოვიდა ქუჩაში, რადგან მკვლელობის საქმე იფარცხებოდა და მოკლული მოზარდის ოჯახი სამართლიანობისთვის ბრძოლაში იჩაგრებოდა. შემდეგ უკვე, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მასთან დაახლოებულმა პირებმა, გულწრფელი სამოქალაქო პროტესტის საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოყენება სცადეს და დაიწყეს ამ აქციის პოლიტიკურ აქციად ტრანსფორმაცია.
რაც შეეხება ვაკის ტრაგედიასთან დაკავშირებით დედაქალაქის მერ კახა კალაძის პოლიტიკურ პასუხისმგბელობას, ზაალ ანჯაფარიძის განმარტებით, პოლიტიკური პასუხისმგებლობა არის ის, როდესაც ჩინოვნიკი პოლიტიკური ხასიათის შეცდომას დაუშვებს, რომელიც პატიებას არ ექვემდებარება და პასუხისმგებლობა უნდა აიღოს.
“მომხდარი მთლიანად არის მერიის პასუხისმგებლობა, მაგრამ რამდენად არის ეს კალაძის პასუხისმგებლობა, ამაში არ ვიზიარებ ზოგიერთების მოსაზრებას. ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობის ძირითადი სიმძიმე მოდის მერიის იმ სამსახურზე, რომელმაც ეს ობიექტი ჩაიბარა. რა შუაშია აქ კალაძე? რადგან შადრევანი კალაძემ გახსნა, ამიტომ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა? ამაზე უაზრო არგუმენტი არ მომისმენია”, – ამბობს ზაალ ანჯაფარიძე.
P.S. ტრაგედიიდან 5 დღის შედეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე 9 პირი დააკავეს: კომპანია “გრინსერვის პლუსის” ხელმძღვანელი ლაშა ფურცხვანიძე და თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ვახტანგაშვილი, ასევე, „გრინსერვის+“-ისა და „ნიუ მეტალ დიზაინის” 3 თანამშრომელი. ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღებაში ედებათ ბრალი შპს “მშენექსპერტის“ დირექტორს და ამავე კომპანიის ინსპექტორ დავით თუშიშვილს. დაკავებულია 2 კერძო ელექტროშემდუღებელი, რომლებსაც ბრალი ედებათ სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევაში, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
გიორგი ქართველი