დიდი საგარეო აურზაური და გაურკვევლობა გამოიწვია “ქართული ოცნებიდან” 9 დეპუტატის გასვლამ. ეს ფაქტი, არა მხოლოდ საქართველოში აშშ-ს საელჩოს ყურადღების ცენტრში მოექცა, არამედ ელჩმა კელი დეგნანმა “ოცნებიდან” გასულ დეპუტატებს საქართველო-ამერიკის პარტნიორობისთვის ძირის გამომთხრელები უწოდა. ოპოზიცია ამ ფაქტს მმართველი გუნდის საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილებას უწოდებს, ანალიტიკოლები კი ფიქრობენ, რომ ეს სხვა არაფერია, თუ არა “ოცნების” 2024 წლის არჩევნებისთვის მზადება და მათზე განაწყენებული ელექტორატის ისევ საკუთარ ორბიტაზე შენარჩუნების მცდელობა.
მმართველი პარტიიდან გასულ ოთხ დეპუტატს ამ დღეებში კიდევ 5 დეპუტატი შეუერთდა: ეკა სეფაშვილი, ვიქტორ ჯაფარიძე, დავით კაჭარავა, დაჩი ბერაია და ზაალ მიქელაძე. “ხალხის ძალას” ასევე შეუერთდნენ ექსპერტები: თამთა მეგრელიშვილი, ზურაბ ქადაგიძე, დავით ქართველიშვილი, თამარ ჩიბურდანიძე, ნუკრი შოშიაშვილი, ოთარ ჭულუხაძე, ნიკა ქობულაძე და იოანე შაიშმელაშვილი.
“ოცნებიდან” გასვლით დეპუტატებს არ დაუტოვებიათ საპარლამენტო უმრავლესობა და თავს კვლავაც მმართველი პარტიის თანამოაზრედ აცხადებენ, იმ განსხვავებით, რომ სურთ საჯაროდ გამოიტანონ მნიშვნელოვანი თემები, რასაც სახელისუფლებო პარტიის მანდატის ქვეშ ვერ ახერხებენ; რომ საქართველომ, როგორც სუვერენულმა სახელმწიფომ, თავად მიიღოს გადაწყვეტილებები და არა რომელიმე ქვეყნის საელჩოს მითითებით.
საქართველოს პარლამენტის წევრ 9 დეპუტატს მიაჩნია, რომ აშშ-ს საელჩო, რადიკალური ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ხელისუფლების წინააღმდეგ კოორდინირებულად მოქმედებენ. სწორედ ამ ზეგავლენის შედეგია ის, რომ ციხიდან გათავისუფლდნენ ექსპრეზიდენტ სააკაშვილის ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნები; რომ აშშ-ს საელჩო არ ემიჯნება ომის რიტორიკას, რაც რადიკალური ოპოზიციისა და უკრაინის ხელისუფლების მხრიდან ბოლო დროს აქტიურად ისმის.
საქართველოს მოსახლეობას ხელთ აქვს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამოცდილება, აშშ-ს საელჩოს მიერ მხარდაჭერილი 2003 წლის “ვარდების რევოლუცია”. ამერიკის მხარდაჭერით საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შესაძლებლობები დღესაც არსებობს.
“რისთვისაც ვიბრძოდით, როცა ვიდექით ქუჩაში 1980-იანი წლების ბოლოს, როცა ვითხოვდით საქართველოს დამოუკიდებლობას, იყო ის, რომ საქართველო ყოფილიყო სუვერენული სახელმწიფო, რომელიც თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებებს და არა ის, რომ ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების ნაცვლად, სხვამ გვიკარნახოს, რა გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ”, – აცხადებს მოძრაობა “ხალხის ძალის” ერთ-ერთი ლიდერი სოზარ სუბარი.
მისივე თქმით, საქართველოს ევროპული ღირებულებებისა და ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ სწრაფვა კონსტიტუციით არის გამყარებული, რაც იმას არ ნიშნავს, რომ სახელმწიფომ აბსოლუტურად უარი თქვას ყველა გადაწყვეტილების მიღებაზე, რომ ელჩებმა უკარნახონ ქვეყნის ხელისუფლებას, რომელი კანონი მიიღოს, რომელი არ მიიღოს, საარჩევნო ბარიერი რამდენი პროცენტი იყოს, ომში როდის ჩაერთოს და ა.შ.
ამერიკის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი შეშფოთებას არ მალავს, “ოცნებიდან” გასული დეპუტატების განცხადებების გამო, უკმაყოფილებას გამოხატავს და ხელისუფლებისგან რეაგირებას ითხოვს.
ელჩის თქმით, ძალიან ბევრი დეზინფორმაცია და კონსპირაცია იყრის თავს აშშ-ს საელჩოს გარშემო, ამიტომ ცდილობს საქართველოს მოსახლეობას შეახსენოს, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ბოლო 30 წლის განმავლობაში აშშ ერთგულად უჭერს მხარს და ეხმარება საქართველოს განვითარებაში. მათ შორის, ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებებით, როგორიცაა ქვეყნის სუვერენიტეტი, ეკონომიკა, სამუშაო ადგილების შექმნა.
“აშშ-ს და საქართველოს სხვა მეგობრებს წვლილი აქვთ შეტანილი იმ კარგ ეკონომიკურ მაჩვენებლებში, რომლებსაც ახლა ვხედავთ”, – აცხადებს ელჩი დეგნანი.
ამერიკის საელჩოს მისამართით ქართველი დეპუტატების მიერ გამოთქმული ბრალდებები უყურადღებოდ არც საქართველოში ვიზიტად მყოფ ამერიკელ მაღალჩინოსანს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ბონი დენის ჯენკინსს დაუტოვებია, თუმცა საკუთარი პრეტენზიის ადრესატი არ დაუკონკრეტებია.
“ჩვენთვის შემაშფოთებელი იყო ის პირადი თავდასხმები, რაც ელჩ დეგნანზე და საელჩოზე ვიხილეთ”, – განაცხადა ბონი დენის ჯენკინსმა თბილისში გამართულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.
მოძრაობა “ხალხის ძალის” ლიდერებს ოპოზიცია ანტიდასავლურ რიტორიკაში ადანაშაულებს, რაც მათი აზრით, ძალიან დამაზიანებელი და ცეცხლთან თამაშია.
“გულითადი მეგობარი ქვეყნების ლანძღვა და ანტიდასავლური რიტორიკა, როგორც ამ ოთხეულმა დაიწყო და ახლა უნდათ, რომ გაფართოვდნენ და უფრო მრავალხმიანად ლანძღონ, ძალიან დამაზიანებელი და ცეცხლთან თამაშია. ვერაფრით ვხვდები, ცეცხლში მეტ ნავთს რატომ ასხამენ”, – აცხადებს პარტია “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი.
პოლიტოლოგი და ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე ამასთან დაკავშირებით ძველ ბერძნულ ანდაზას იხსენებს: – ზევსო შენ ბრაზობ, ე.ი სტყუი.
მისი აზრით, ამერიკის ელჩის საქმე არ არის, მმართველ ძალას მოსთხოვოს რომელ პოლიტიკურ ძალას გაემიჯნოს და რომელთან ალიანსი შეკრას. ელჩის მხრიდან წამოსული რეაქციები უფრო მეტ ეჭვს ბადებს, რომ “ოცნებიდან” გასული დეპუტატების ნათქვამში მეტი ჭეშმარიტებაა, ვიდრე მანამდე ეგონა.
“ამერიკის ასეთი ემოციური რეაქცია ეჭვს აჩენს, რომ იმათ მონათხრობში სიმართლის ელემენტები როგორც ჩანს არის. აქამდეც უამრავი აზრი გამოითქმოდა გაცილებით უფრო რადიკალურად ანტიამერიკული ძალების მხრიდან და რეაქცია არ აქვთ. საერთოდ ოპოზიციის წარმომადგენლები ერთხანს აშშ-ს საელჩოთი იყვნენ უკმაყოფილონი და გვახსოვს მათი უკმაყოფილო გამონათქვამები აშშ-ს ელჩის მიმართ. მაშინ ამერიკას ხელისუფლების მხრიდან არ მოუთხოვია რეაქცია”, – განაცხადა Dalma News-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.
მისივე აზრით, ქართულ-ამერიკულ ურთიერთობას საფრთხეს თუ რამე შეუქმნის, სწორედ აშშ-ს საელჩოს ორმაგი სტანდარტები და გარკვეული სიმპათიების გამოვლენა, რომელიმე პოლიტიკური პარტიის მიმართ.
“არსებობს დამაფიქრებელი გამოცდილება. დამალული არ არის ის, რომ 2003 წლის “ვარდების რევოლუცია” ამერიკის დახმარებით მოხდა. დღესაც ვისმენთ, რომ აშშ-ს საელჩო საქართველოში ხელისუფლების შეცვლაზე ზრუნავსო და ძველი ხელისუფლების ინტერესებს იცავსო. იმ ფონზე, ვეღარ იტყვი, რომ საელჩო არ ჩაერევა საშინაო საქმეებში. მაშინ ჩაერია და არ არის გარანტია, რომ დღეს არ ჩაერევა. ამ ფონზე საჭირო ხდება დამაჯერებელი არგუმენტები, ელჩი კი არგუმენტების გარეშე, შეურაცხყოფის ხარჯზე ცდილობს გასცეს პასუხი 9 დეპუტატის ბრალდებებს”, – აცხადებს რამაზ საყვარელიძე.
ანალიტიკოსი ლევან ალაფიშვილი მიიჩნევს, რომ “ოცნებიდან” გასული დეპუტატების თემაზე საუბრისას მსჯელობის მიღმა რჩება უმთავრესი რამ, ამ პოლიტიკური მანევრის, თუ მანიპულაციის უმთავრესი მიზანი.
მისი აზრით, აქ, არც მმართველი გუნდის პროდასავლურობა არაფერ შუაშია და არც სხვა რამ. უმთავრესი ის არის, რომ პარტია “ქართული ოცნება” 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება. ცდილობს საკუთარ ორბიტაზე შეინარჩუნოს საკუთარი ამომრჩეველი, რომელიც მასზე განაწყენებული თუ იმედგაცრუებულია და 2024 წლის არჩევნებში მას არ მისცემს ხმას.
ალაფიშვილის თქმით, “ხალხის ძალის” მსგავსი პროექტი “ქართულ ოცნებას” ბევრი აქვს, მათ შორის იყო “პატრიოტთა ალიანსიც”, შემდეგ “ალტ-ინფო”, გიორგი გახარიას პარტია “საქართველოსთვის”. რაც ბევრი იქნება ასეთი პოლიტიკური ძალა “ოცნებისთვის” უკეთესია.
ლევან ალაფიშვილის აზრით, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე “ქართულმა ოცნებამ” მწარედ იწვნია მარცხი. მაშინ აშკარა გახდა პარტიაში დაპირისპირება და ასევე, ელექტორალური განხეთქილება. მიზეზი იყო ის, რომ “ოცნებაში” ე.წ ძველები ჩაანაცვლა ახალმა ძალამ – კობახიძემ და მისმა ჯგუფმა. ეს დღესაც იწვევს სერიოზულ კრიტიკას “ქართული ოცნების” მხარდამჭერებში.
“ამ ტიპის მხარდამჭერების დაკარგვა “ოცნებისთვის” შეიძლება ფატალური აღმოჩნდეს, ამიტომ ახლა, ამ მარტივ თამაშს ვადევნებთ თვალს. “ქართულ ოცნებას” სულ არ აინტერესებს ამ ყველაფრის საგარეო შემადგენელი, მისთვის მთავარია ძალაუფლებაში დარჩენა 2024-შიც. თუ გაამართლა ამ პროექტმა და ძველი მეოცნებეები წავიდნენ მის მხარეს, ამ პროექტს შეინარჩუნებენ. დღეს, სოზარ სუბარმა სოციალურ საკითხებზე და ეკონომიკაზე რომ ისაუბროს არ იქნება ისეთი მყვირალა თემა, როგორც აშშ-ს საელჩოს მიმართ პრეტენზიებია”, – განუცხადა Dalma News-ს ლევან ალაფიშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოს კონსტიტუციაზე წინ დეპუტატები ვერ დადგებიან, ნატო და ევროკავშირი საქართველოს მოსახლეობის არჩევანია. უბრალოდ, ფსევდო პატრიოტულ განცხადებებს აკეთებენ და სახელმწიფოს სუვერენიტეტის თემით მანიპულირებენ.
მოძრაობა “ხალხის ძალა” აქტიურ მუშაობას იწყებს რეგიონული წარმომადგენლობის გაძლიერებაზე. სურთ, მოძრაობას ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტში ჰქონდეს მხარდაჭერა. ასევე, ცნობილი გახდა, რომ “ხალხის ძალის” მედია-მხარდაჭერას ტელეკომპანია “პოსტ TV”-ი უზრუნველყოფს, რომლის წილის 52% “ხალხის ძალის” წევრმა, ვიქტორ ჯაფარიძემ შეიძინა. ახლად შექმნილ საზოგადოებრივი მოძრაობის მხარდაჭერის სურვილი “პოსტივის” გუნდმაც გამოხატა.
გიორგი ქართველი