პროექტ “ნამოხვანჰესის” მთავარი პრობლემა – ინფორმაციული ვაკუუმი, კვლავ პრობლემად რჩება. სოფელ გუმათში რიონის ხეობის დამცველების კარვები კვლავ დგას. 200-დღეზე მეტია გრძელდება საპროტესტო აქცია. 23 მაისს კი, თბილისში, ფართომასშტაბიანი აქციაა დაანონსებული. მმართველი პარტია “ქართული ოცნების” მინისტრებთან ყველა შეხვედრა უშედეგო გამოდგა. რიონის ხეობის დამცველთა ყველა მთავარი მოთხოვნა ხელისუფლების მხრიდან უგულებელყოფილია. ამის პარალელურად კი, სხვადასხვა ხერხით აქტიურად მიმდინარეობს პროტესტის ინიციატორების რეპუტაციის შელახვის არაკეთილსინდისიერი მცდელობა.
ამ ხნის განმავლობაში საზოგადოებამ არაერთი მცდელობა იხილა იმისა, თუ სოციალურ ქსელში “გამოჩეკილი” სხვადასხვა ყალბი გვერდების და ახალშექმნილი ჯგუფების საშუალებით, როგორ ცდილობენ რიონის ხეობის დამცველების რეპუტაციის შებღალვას, რადგან “ნამოხვანჰესის” პროტესტს ქვეყნის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი გულშემატკივრობს. ზოგიერთი ინტერნეტგამოცემა დაუფარავად ცდილობს ნამოხვანის პროტესტის ლიდერის, ვარლამ გოლეთიანის პოლიტიკური მიზნების “გამომზეურებას” და სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიასთან ცდილობენ მის დაკავშირებას.
ასე მაგალითად, ერთ-ერთი ინტერნეტგამოცემა გვარწმუნებს, რომ ვარლამ გოლეთიანი ბიზნესმენ ლევან ვასაძის ახალშექმნილი პარტიის ძირითადი ბირთვის წევრია და “პოლიტიკურ კულუარებში” გაჟონილი ეს ინფორმაცია მალე ოფიციალურად გახდება ცნობილი.
“როგორც ჩანს, პროგნოზი მართლდება და ვასაძის ახლადშექმნილი საზოგადოებრივი და რიონის სახალხო მოძრაობა გაერთიანებას გეგმავენ. როგორი აპოლიტიკურია ვარლამ გოლეთიანის გეგმები, როგორც ის ამას ტრიბუნიდან ღაღადებდა, რამდენიმე დღეში გამოჩნდება”, – წერს გამოცემა.
მათი პროგნოზი აგებულია ლევან ვასაძის განცხადებაზე, რომ ის მხარს უჭერს “ნამახვანჰესის” პროტესტს, აპირებს რეგიონებში ჩასვლას, მათ შორის, სოფელ ნამახვანშიც.
თავად ვარლამ გოლეთიანი კი აცხადებს, პარტიული გზებით მოქმედებას არ აპირებენ და 23 მაისისთვის ემზადებიან.
“ისტერიული სისწრაფით ავრცელებენ ინფორმაციას, თითქოს 16 მაისის აქციას ვუერთდებით. ზოგად ხედვებში შესაძლოა ვინმესთან თანხვედრა არსებობდეს, მაგრამ ჩვენ საფუძველშივე გამოვრიცხავთ პარტიული გზებით მოქმედებას. გვაქვს ჩვენი მიზანი და გზა. რიონის ხეობის მოსახლეობამ დავიწყეთ ეს ბრძოლა და უამრავი ადამიანი შემოგვიერთდა, იმიტომ, რომ ეს არ არის მარტო ჩვენი პრობლემა, ეს არის მთელი ქვეყნის პრობლემა”, – გვითხრა ვარლამ გოლეთიანმა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ 23 მაისს, რაც შეიძლება მეტი ადამიანი შეიკრიბოს თბილისის ცენტრში და დაანახონ ხელისუფლებას, თუ რა ბერკეტები აქვს ხალხს.
“ჩვენი ბერკეტი არის სიმართლე. საფლავში ჩავყვებით ყველა არასწორ გადაწყვეტილებას, რომელსაც მიიღებს ყველა არაადეკვატური ხელისუფალი, თუ ცალკეული პერსონა. სპეკულაციები, რომ ვიღაცასთან ვერთიანდებით, არის ჩვენი დისკრედიტაციის მცდელობა. ხალხმა უნდა შევძლოთ საკუთარი დღის წესრიგის წარმართვა. ვნახოთ, ვინ დარჩება ამ ბრძოლაში საბოლოდ გამარჯვებული”, – აცხადებს რიონის ხეობის დამცველი, ვარლამ გოლეთიანი.
შეგახსენებთ, რომ 23 მაისის აქციის მიზანია, რიონის ხეობაში შეჩერდეს ჰესის მშენებლობის სამუშაოები, გამოცხადდეს მორატორიუმი და კომპანია “ენკასთან” გაფორმებულ ხელშეკრულებაში არსებული კაბალური პირობები შესწორდეს. ასევე, გარემოზე ზემოქმედების რისკების შესახებ კომპეტენტური დასკვნა დაიდოს. ერთი სიტყვით, პროტესტს 2 მიზეზი აქვს: საფრთხე, რომელიც შესაძლოა კაშხლის გარღვევამ შეუქმნას იმერეთის მთელს რეგიონს და საქართველოს მიწების 99 წლით გასხვისება.
სანამ ხელისუფლება რიონის ხეობის დამცველებს “ნამახვანჰესის” მშენებლობაზე ერთწლიანი მორატორიუმის გამოცხადებას ჰპირდებოდა, კომპანია “ენკა” («ENKA») სამუშაოებს განაგრძობს, რიონის ხეობაში გვირაბი გაჰყავს. “ნამახვანჰესის” პროექტის ახალი დირექტორის, მერაბ ლომინაძის განმარტებით, სამუშაოები მხოლოდ მოსამზადებელი ფაზის ფარგლებში ხორციელდება.
რიონის ხეობის დამცველები კი აცხადებენ, რომ ხეობაში ამჟამად მიმდინარე სამუშაოები, კერძოდ, გვირაბის მშენებლობა ეწინააღმდეგება მთავრობის მიერ დადებულ პირობას, რომ კაშხლის მშენებლობაზე 9-12-თვიანი მორატორიუმი ცხადდება.
მათივე თქმით, გვირაბის მშენებლობა მოსამზადებელ სამუშაოდ ვერ ჩაითვლება. ფორმალურად, კომპანიას მიღებული აქვს დერივაციული გვირაბის მშენებლობის ნებართვა, მაგრამ ძირითადი რიგის მშენებლობის დაწყებამდე დამატებითი კვლევები აქვს წარსადგენი. ამის გამო, 28 აპრილს, წყალტუბოს სასამართლომ “ენკა” სიმბოლური – 5000 ლარით დააჯარიმა. დაჯარიმების საფუძველი სწორედ გვირაბის მშენებლობის კანონდარღვევად მიჩნევა იყო, ვინაიდან გვირაბის მშენებლობა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებითა და ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით განსაზღვრული პირობების შესრულების გარეშე მიმდინარეობს.
Dalma News-ის მკითხველს შევახსენებთ, რომ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა არაერთხელ მიმართეს ევროკავშირის ენერგოგაერთიანების სამდივნოს იმასთან დაკავშირებით, რომ აშფოთებთ ნამახვანჰესის კასკადის გარემოზე ზემოქმედებისა და უსაფრთხოების საკითხები. ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობის მიმართვის საფუძველზე „ნამახვანჰესის“ პროექტთან დაკავშირებულ მედიაციის პროცესში ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრი ჩაერთვება.
სადისკუსიო პროცესში ცენტრის თავმჯდომარე დირკ ბუშლე მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ევროპული პრაქტიკის შესაბამისად შეაფასებს ყველა დოკუმენტის და პროცედურებს. რიონის ხეობის დამცველები კი აცხადებენ, რომ ძირითადი სამშენებლო სამუშაოების გაგრძელება საფუძველს აცლის, „ნამახვანჰესის“ პროექტის განხილვაში ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების ჩართვას, რადგან გამოდის, რომ მათი ჩართულობა, მაინც ვერ შეძლებს პროცესზე ზეგავლენის მოხდენას.
“სხვაგვარად რომ ვთქვათ, „ენკაც“ და საქართველოს მთავრობაც ევროკავშირის ენერგეტიკულ გაერთიანებასაც ისევე ატყუებენ, როგორც ჩვენ ყველას”, – აცხადებენ პროტესტანტები.
ამის შემდეგ კომპანია “ენკას” დირექტორმა, მერაბ ლომინაძემ გამართა ბრიფინგი, სადაც განაცხადა, რომ რიონის ხეობის დამცველებს დიალოგისთვის იწვევს. ლომინაძის ბრიფინგს მოჰყვა გოლეთიანის გაცხადება, რომ მერაბ ლომინაძე და “ენკა” არ არიან იმ კითხვების ადრესატები, რომელ კითხვებსაც მოსახლეობა სვამს.
“ეს მერაბ ლომინაძეს, როცა ხეობაში ბრძანდებოდა, იქაც მკაფიოდ განვუმარტეთ. ეს საკითხი ამოვწურეთ და აღარ უნდა ყოფილიყო სპეკულირების საგანი ის, თითქოს მათთან დიალოგს გავურბივართ. ჩვენ ღიად საუბრის პრობლემა არ გვაქვს, მაგრამ მთავარია ვინ ზის მოლაპარაკების მაგიდასთან მეორე მხარეს. ამ შემთხვევაში უშუალოდ გადაწყვეტილების მიმღებთან გვსურს საუბარი”, – აცხადებს გოლეთიანი.
მისი თქმით, წარმოუდგენელია ის, თუ როგორ შეიძლება კერძო კომპანიის დირექტორი იმავდროულად წარმოადგენდეს სახელმწიფოსაც.
დღემდე არ დაკმაყოფილებულა მთავრობის წევრებთან გამართულ შეხვედრაზე წამოყენებული, არც ერთი პირობა, რკინის ბარიკადიც კი არ მოუშლიათ, არა თუ მოსამზადებელი სამუშაოები და კაშხლის მშენებლობა შეეჩერებინათ.
ამ თემაზე ბოლო დღეებში კიდევ ერთი კომენტარი გააკეთა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ, სადაც აღნიშნა, რომ „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებთან შეხვედრის აუცილებლობას, ამ ეტაპზე ვერ ხედავს.
ქალაქ ქუთაისის ყოფილი მერი და იმერეთის მხარის ექსგუბერნატორი თემურ შაშიაშვილი რიონის ხეობის დამცველთა პროტესტს მხარს უჭერს და აცხადებს, რომ ქვეყანა რთულ მდგომარეობაშია.
“ვერც კი წარმოვიდგენდი, ქვეყანა ამ დონეზე თუ იყო გაყიდული. ეს არ ეხება მარტო ამ ხელისუფლებას. დაახლოებით 30 წელია იყიდება ყველაფერი. ენერგეტიკულ დამოუკიდებლობაზე საუბარი ზედმეტია, საქართველოს ელექტროგადამცემი ხაზებიც კი სხვა ქვეყნის საკუთრებაა. 31 ჰესია გაყიდული. ახლა გვარწმუნებენ, რიონის ხეობა არის ენერგოდამოუკიდებლობის დამანგრეველიო”, – აცხადებს შაშიაშვილი.
მისი აზრით, რიონის ხეობის მოძრაობის პოლიტიზირება არ უნდა მოხდეს. ის უნდა იყოს სახალხო განწყობის გამომხატველი.
“ნამახვანჰესის” გარშემო არსებულ ინფორმაციულ ვაკუუმზე საუბრობს ჭყონდიდელი მიტროპოლიტი მეუფე სტეფანე. მისივე თქმით, კომპანია “ენკამ” მას ადგილობრივ მოსახლეობასთან მედიატორობა სთხოვა. შეხვედრა შედგა, მაგრამ მოსახლეობამ კითხვებზე პასუხები ვერ მიიღო.
“შემდეგ, როდესაც დაუწყეს ხელების გადაგრეხა, ვთქვი, – მოსახლეობას ხელებს, ნუ უგრეხთ! მიაწოდეთ ინფორმაცია. მათ აშფოთებთ გარკვერული საკითხები, რაზეც ინფორმაცია ვერ მიიღეს”, – აცხადებს მეუფე სტეფანე.
მისივე შეფასებით, 99 წლით მიწების გაყიდვა არასწორია და ხელისუფლება ვალდებულია მოსახლეობა ხელშეკრულების პირობებთან დაკავშირებით საქმის კურსში ჩააყენოს. “ამ ეტაპზე ხელისუფლება აღიარებს, რომ ხელშეკრულებაში შეცდომებია დაშვებული”, – განაცხადა საპატრიარქოს წარმომადგენელმა ტელეკომპანია “რუსთავი -2”-ის ღამის ეთერში.
23 მაისს თბილისში, ნამახვანჰესის საწინააღმდეგოდ დაგეგმილი აქციის მონაწილეების დასახმარებლად ფეისბუქჯგუფი – “თბილისი არის თანადგომა”, შეიქმნა, სადაც მოქალაქეები სხვადასხვა ფორმით გეგმავენ დემონსტრანტების დახმარებას. ჯგუფში უკვე 3300-ზე მეტი ადამიანია გაწევრიანებული. მოქალაქეები გამოთქვამენ მზადყოფნას უმასპინძლონ რეგიონებიდან საპროტესტოდ ჩამოსულ ადამიანებს.
23 მაისს, პარალელურად, ქართველი ემიგრანტები აქციებს გამართავენ იმ ქვეყნების დედაქალაქებსა და დიდ ქალაქებში, სადაც იმყოფებიან.
გიორგი ქართველი