საქართველოში ძალაუფლებისთვის არნახული ბრძოლაა გაჩაღებული. ექსპრეზიდენტ სააკაშვილსა და მის პარტიას, “ერთიანი ნაციონალურ მოძრაობას”, რომლებიც 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებით ხელისუფლებაში დაბრუნებას იმედოვნებდნენ, კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ. მართალია არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო ბევრი სხვა პარტიაც შეიერთეს, მაგრამ კოალიციური უმრავლესობის შესაქმნელად რესურსი მაინც არ ეყოთ და ქუჩაში დარჩენა ამჯობინეს. არჩევნებს გაყალბებულად აცხადებენ და “25 თებერვალს, გაყალბებული არჩევნების პირველი საპროტესტო აქცია” დააანონსეს, პარალელურად “ენმ”-ს თავმჯდომარე, ნიკა მელიას პატიმრობისგან გადარჩენას ცდილობენ.
ნიკა მელიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე 2019 წელს აღიძრა. დეპუტატს ბრალად ედება საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ მიმართული მძიმე კატეგორიის ძალადობრივი დანაშაულის ჩადენა, რაც, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, უალტერნატივოდ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ხანგრძლივი ვადით. მელიას ბრალი ედება სამართალდამცავებზე მშვიდობიანი მომიტინგეების ძალადობრივ თავდასხმაში დაყოლიებაშიც.
2019 წლის 20 ივნისს თბილისში, პარლამენტის შენობის წინ მშვიდობიანი მიტინგი პარლამენტის თავმჯდომარის და სხვა მაღალი თანამდებობის პირების გადადგომის მოთხოვნით მას შემდეგ გაიმართა, რაც რუსი დეპუტატი, სერგეი გავრილოვი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში აღმოჩნდა. გავრილოვი მართლმადიდებელი ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციების ფორუმს უნდა გაძღოლოდა. დარბაზში იმ მომენტისთვის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების დელეგაციის წევრებიც იმყოფებოდნენ. სპეცრაზმმა მაშინ ოპოზიციას შენობაში შეჭრის უფლება არ მისცა. პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე კი, თანამდებობიდან გადადგა.
ნიკა მელიას მაშინ, თბილისის საქალაქო სასამართლომ 30 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ (რაც მელიამ გადაიხადა), შინა პატიმრობა მიუსაჯა. მაშინ სასამართლომ არ გაიზიარა პროკურორის შუამდგომლობა – დაპატიმრება. თუმცა, მელიას აეკრძალა, საცხოვრებელი ადგილის საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე დატოვება; საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება; მოწმეებთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია.
ამის შემდეგ, მელიამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში თბილისში, გლდანის მაჟორიტარ დეპუტატად იყარა კენჭი. არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო ოპოზიცია არჩევნების მეორე დღეს ქუჩის აქციაზე შეიკრიბა, სადაც მელიამ, ქართული მართლმსაჯულებისადმი დაუმორჩილებლობის დემონსტრიტების მიზნით, ელექტრონული სამაჯური მოიხსნა და დემონსტრანტებისკენ მოისროლა.
ამ ფაქტის გამო, პროკურატურამ კვლავ მიმართა სასამართლოს გირაოს 100 000 ლარამდე გაზრდის შუამდგომლობით. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, ნიკა მელიას მიმართ მანამდე შეფარდებული გირაო 40 000 ლარით გაიზარდა და გადახდის ვადად 50 დღე განუსაზღვრა. გირაოს გადახდის ვადა 24 დეკემბერს ამოიწურა. მელია დაკისრებული გირაოს გადახდაზე უარს ამბობს და აცხადებს, რომ ვერ დაიჭერენ და ვერ გაასამართლებენ.
როგორც მელია აცხადებს, ქვეყანაში, სადაც პროკურატურა შოთაძე-ფარცხალაძის, სასამართლო მურუსიძე-ჩინჩალაძის საკუთრებაა, პარლამენტი კი, ირაკლი კობახიძის გავრილოვის სახეს წარმოადგენს, ყველა ეს “ე.წ. ინსტიტუტი კი, ბიძინა ივანიშვილის ჯიბეშია”, თავს არ მიიჩნევს ვალდებულად კანონს დაემორჩილოს.
ამის შემდეგ, მე-10 მოწვევის პარლამენტმა მხარი დაუჭირეს გენპროკურორ ირაკლი შოთაძის შუამდგომლობას და ამავე მოწვევის პარლამენტის დეპუტატ მელიას დეპუტატის უფლებამოსილების შეჩერებას მხარი დაუჭირეს, წინააღმდეგ ხმა, მხოლოდ დეპუტატების ოპოზიციურმა ნაწილმა მისცა.
“საპარლამენტო იმუნიტეტი არავისთვის არის ინდულგენცია, ყველა ვალდებულია, კანონს დაემორჩილოს”, – განაცხადა პროკურორმა ამირან გულუაშვილმა მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნასთან დაკავშირებით და განმარტა, რომ სამართლებრივი სახელმწიფო კანონის მოთხოვნების შესრულებას გულისხმობს, მიუხედავად იმისა, ეთანხმები მას თუ არა.
თბილისის საოლქო სასამართლოში მიმდინარე პროცესი ოპოზიციური ტელევიზიებით პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა. მელიას ადვოკატები ყველა ღონეს ხმარობდნენ მოსამართლეზე ზეგავლენა მოეხდინათ. ისინი პროცესის გადადებას მოითხოვდნენ, თავად მოსამართლეს კი საქმის აცილებისკენ მოუწოდებდნენ. პროცესს არ ესწრებოდა თავად ნიკა მელია, ის იმ დროს “ენმ”-ს ოფისში იმყოფებოდა. მასთან ერთად იყვნენ ოპოზიციური პარტიების სხვა ლიდერებიც. ისინი აცხადებენ, რომ ხელისუფლებას მელიას დაკავების უფლებას არ მისცემენ. სოციალურ ქსელში ერთმანეთის მიყოლებით გავრცელდა ნიკა მელიას მხარდამჭერი ფოტოები მოწოდებით, – “მე ვიცავ ნიკა მელიას”.
“ხელისუფლება შეიცვლება, ქვეყანაში ჩაინიშნება ხელახალი არჩევნები. ვარდი უეკლოდ არავის მოუკრეფია, გამარჯვება სწორედ ასე მოიპოვება”, – ამ სიტყვებით მიმართა “ენმ”-ს ოფისიდან ნიკა მელიამ “მთავარი არხის” მაყურებელს მას შემდეგ, რაც მისი პარტიის წევრებმა და ადვოკატებმა პოლიციის თანამშრომლებს მელიასთან შეხვედრის უფლება არ მისცეს, რათა ამ უკანასკნელებს მისთვის სასამართლო განჩინება პირადად გადაეცათ.
სასამართლო პროცესის პარალელურად “ნაციონალური მოძრაობის” ოფისის მიმდებარედ სპეცრაზმის იყო მობილიზებული. შენობაში მყოფი ოპოზიციური ლიდერები კი ტელეეთრების საშუალებით ულტიმატუმის ტონით განცხადებებს აკეთებდნენ.
პარტია “ერთიანი საქართველოს” ლიდერის, ნინო ბურჯანაძის შეფასებით, ნიკა მელიას წინააღმდეგ მოსამართლემ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო, რაც, მისივე შეფასებით, იმას ნიშნავს, რომ ადამიანებს ციხეში პოლიტიკური ნიშნით უშვებენ.
“მსურს დავაფიქსირო ის სოლიდარობა, რომელიც ერთმნიშვნელოვნად გვაქვს ნიკა მელიას მიმართ, გამოვხატოთ ჩვენი მისდამი მხარდაჭერა და კიდევ ერთხელ ვუთხრათ ხელისუფლებას, რომ არ დაუშვას ისეთი შეცდომა, რომელსაც თვითონ ნამდვილად გადაჰყვება და ძალიან გაამწვავებს ამით ქვეყანაში ვითარებას”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
პარალელურად მმართველი გუნდის წარმომადგენლების მხრიდან ერთი მეორის მიყოლებით კეთდებოდა განცხადებები, რომ მელიას დაპატიმრება გარდაუვალია, ის კანონს უნდა დაემორჩილოს. როგორც ნიკა მელიას საქმის პროკურორმა, მიხეილ სადრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მელიას დაპატიმრება მაქსიმალურად გონივრულ ვადებში უნდა განხორციელდეს.
დაძაბულობის მუხტის მატებასთან ერთად საგანგებო განცხადება გააკეთა საქართველოში აშშ-ს საელჩომაც, სადაც მხარეებს პრობლემის მშვიდობიანი კონსულტაციების გზით მოგვარება ურჩია.
ყველასთვის მოულოდნელად მეორე დღეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება გამოაცხადა, მიზეზად კი მელიას საქმე დაასახელა. გახარიას აზრით, მაშინ, როცა ქვეყანა პანდემიას, ეკონომიკურ კრიზისს, რეგიონალურ გამოწვევებს და რაც მთავარია, პოლარიზაციას ებრძვის, მიუღებლად მიაჩნია ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერის დაკავების ღონისძიების ჩატარდება და იმის, გამო, რომ მის იდეას მმართველ გუნდში არ აქვს მხარდაჭერა, თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო.
“ასეთი ღონისძიება უნდა ჩატარდეს, მხოლოდ მაშინ, როცა გადაზღვეული იქნება ყველა სახის რისკი, როცა არ შექმნის ესკალაციის არანაირ საბაბს ქვეყანაში. სამწუხაროდ, ჩემს გუნდთან ერთად ვერ მივაღწიე ერთობლივ აზრს ამ საკითხთან დაკავშირებით და მივიღე გადაწყვეტილება, გადავდე”, – განაცხადა “ქართული ოცნების” რიგით V პრემიერმა და პარტიიდან წავიდა.
პოლიტოლოგ, რამაზ საყვარელიძის შეფასებით, მელიას დაპატიმრების შემთხვევაში, “ნაციონალური მოძრაობა” თავმჯდომარის გარეშე რჩება, რომელსაც პარტიაში, რაღაც პროცესები აქვს დაწყებული. მელიას პარტიიდან მოწყვეტა ბევრ სირთულეს გააჩენს თავად პარტიის შიგნით. თავჯდომარის ხელახალ ძიებაზე გადავა აქცენტი. გაიზრდება სააკაშვილის როლი, რაც ბევრ სირთულეს წარმოშობს. მეორეს მხრივ, საყვარელიძის თქმით, “ქართული ოცნება” ბოლო ხანს, ფასილიტატორებთან შეუთანხმებელ სვლებს აღარ აკეთებს.
“ტყუილად ხომ არ ლანძღეს დასავლეთის ელჩები ნაციონალებმა? მიხვდნენ, რომ დასავლეთი მათ მხარს არ უჭერდა. მოქმედებს მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორი – თუ ტრამპს იმპიჩმენტს უწყობენ პარლამენტზე შეტევისთვის, იგივე პოლიტიკოსები მხარს ვერ დაუჭერენ მელიას, რომელიც, ასევე პარლამენტზე შეტევას ახორციელებდა. თავისივე უახლესი ისტორია აიძულებს დასავლეთს, რომ სიფრთხილე გამოიჩინოს და მელია პოლიტპატიმრად არ შერაცხოს”, – განუცხადა Dalma News-ს რამაზ საყვარელიძემ.
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ფიქრობს, რომ ხელისუფლება ორ ცეცხლს შუა აღმოჩნდა. ერთი – მიზანშეწონილობა, მეორე – სახელმწიფო ინსტიტუტების სრულყოფილების დემონსტრირება. მისივე თქმით. არსებობდა რისკი, რომ თუ პოლიცია აღასრულებდა სასამართლო გადაწყვეტილებას და ეცდებოდა მელიას დაკავებას, გაწევ-გამოწევის დროს შესაძლოა ვიღაც დაზარალებულიყო. არ არის გამორიცხული, რომ თვითონ “ენმ”-ს გამოეწვია, რაღაც პროვოკაცია და ამის ნიადაგზე პროტესტი აეგორებინათ.
“როგორც ჩანს სწორედ ამასთან დაკავშირებით წარმოიშვა გუნდში უთანხმოება, იმიტომ, რომ გუნდის გარკვეული ნაწილი მიიჩნევს, რომ თუ ხელისუფლება ამ საქმეს გააჭიანურებს და ნიკა მელიას მისცემს, – ვერ დამიჭირეს თქმის საშუალებას, ეს ნაციონალების მომხრეებში შექმნიდა განცდას, რომ ხელისუფლებამ უკან დაიხია და მელიამ სახელმწიფო ინსტიტუტებს სილა გააწნა. ნიკა მელია ფაქტობრივად, იწვევდა ხელისუფლებას, სახელმწიფო ინსტიტუტებს. არ გამოვრიცხავ, რომ ერთგვარი ფსიქოლოგიური ზემოქმედების ქვეშ მოექცა ხელისუფლება”, – აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე.
მისივე თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას გარკვეული ძალისმიერი ქმედებები, თუ მოჰყვებოდა, ისევ გახარიას პასუხისმგებლობის საკითხი დადგებოდა. როგორც ჩანს, გახარიაზე 20-21 ივნისის მოვლენების ტვირთი მოქმედებს და აღარ სურდა მეორედ გამხდარიყო კრიტიკის ობიექტი.
Dalma News-ის კითხავზე, თუ, რამდენად სწორი გზა აქვს მელიას არჩეული გახდეს ოპოზიციის მთავარი ლიდერი, ზაალ ანჯაფარიძემ განაცხადა, რომ მთელი ოპოზიციის ლიდერობის პრეტენზია სააკაშვილს აქვს და ის მას არავის დაუთმობს. მელია, უბრალოდ, სააკაშვილმა “ენმ”-ს ლიდერად შეარჩია, რადგან სწორედ მასეთი ტიპაჟი სჭირდება საკუთარი ამოცანების შესასრულებლად.
“რასაც ნიკა მელია აკეთებს, ამას ჰქვია პოლიტიკური ბანდიტიზმი. თუ მიაქციეთ ყურადღება, მელიას ქმედებები ზუსტად ჯდება სააკაშვილის მიერ გაცემულ ინსტრუქციებში: გამოაცხადეთ დაუმორჩილებლობა, არ გადაიხადოთ ჯარიმები და ა.შ. ეს არის რევოლუციის წინა სამზადისი. როდესაც ნახეს, რომ არჩევნების გაყალბების თემატიკამ საკუთარი თავი ამოწურდა. საერთაშორისო აქტორებისთვის ეს აღარ იყო დამაჯერებელი, ახლა წამოსწიეს რუსული ნარატივი, გავრილოვი და ა.შ, რათა ამით მაინც შეეცადნენ პატრიოტული მოტივების გაღვიძებას, ამ ლოზუნგებით მაინც გამოიყვანონ ხალხი ქუჩაში. 20 ივნისის მოვლენების რეანიმირებას ცდილობენ საზოგადოების ცნობიერებაში”, – აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე.
გახარიას გადადგომის ფონზე, ოპოზიციას განუმტკიცდა იმედი, რომ შეძლებენ საპროტესტო აქციების ახალი ძალით აგორებას და ამგვარად, საერთაშორისო პარტნიორები პოზიციას ოპოზიციის სასარგებლოდ შეცვლიან, მით უმეტეს, რომ საზოგადოებამ უკვე იხილა ნაციონალების ოფისში, რამდენიმე ევროპელი ელჩის სტუმრობის ფაქტი.
ამასობაში, პრემიერ-მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნიკა მელიას დაკავების ღონისძიება დროებით გადადო. როდის აღმოჩნდება ნიკა მელია გისოსებს მიღმა უცნობია, თუმცა, „ქართულ ოცნებაში“ განხეთქილების ვაშლად რომ იქცა, ეს შემდგარი ფაქტია.
შ. ქარჩავა