წელიწადზე მეტია, საქართველოს ეკონომიკა მედიცინის მძევლად იქცა. როდის დასრულდება იძულებითი მდგომარეობა არავინ იცის. დარგები, რომლებზეც ქვეყნის ეკონომიკა იდგა ლოქდაუნში აღმოჩნდა, იზრდება საგარეო ვალი. დადგა თუ არა დრო, საქართველომ შეცვალოს საბიუჯეტო დაფინანსების პრიორიტეტები და უფასო განათლების სისტემაზე დაბრუნებაზე იზრუნოს. რამდენად სწორია ნიჭიერი ახალგაზრდების ბიზნესში გადინება და განათლების გარეშე, ქვეყნის ეკონომიკას წარმატებული მომავალი ექნება თუ არა ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე Dalma News–ს ეკონომისტი, პროფესორი ვლადიმერ პაპავა ესაუბრა.
– როგორ შეაფასებთ მთავრობის 2021-2024 წლების განვითარების პროგრამას?
– პროგრამას დადებითად ვაფასებ პირველ რიგში იქიდან გამომდინარე, რომ ის ორიენტირებულია – 2024 წელს საქართველომ შეძლოს ოფიციალური განაცხადის გაკეთება ევროკავშირის წევრობაზე. ამ თვალსაზრისით ამ პროგრამას მივესალმები. რაც შეეხება მიწების ეკონომიკურ ბრუნვაში ჩართვას, მე აქ უფრო ფრთხილი ვარ, განსაკუთრებით ეს ეხება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებს. ნამდვილად არ ვისურვებდი, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწები გახდეს ყიდვა-გაყიდვის საგანი, ეს ეწინააღმდეგება, როგორც საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, ასევე, უნდა გავითვალისწინოთ, რომ მიწის გაყიდვით, ის ეკონომიკური ეფექტი ვერ მიიღება, რომლის მოლოდინიც შეიძლება არსებობდეს.
ამის ახსნა არის ძალიან მარტივი, უბრალოდ სასოფლო- სამურნეო პროდუქცია არ განეკუთვნება ძვირადღირებული პროდუქციის რიცხვს და რენტაბელობა არ არის მაღალი, შესაბამისად მიწის ფასი ვერ იქნება მაღალი. მაგრამ მიწის სპეკულაციური ფასი შესაძლებელია გაზარდონ არა ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური, თუ ინტერვენციული ხასიათის მექანიზმებით, მაგრამ ეს უკვე წინააღმდეგობაში მოვა საქართველოს ინტერესებთან. სასოფლო-სამეურნეო მიწებზე უნდა შენარჩუნდეს სახელმწიფო საკუთრება. სოფლად დასაქმებულთა ორგანიზების ერთ-ერთი საინტერესო ფორმა კოოპერაციული საქმიანობის განვითარებაა, რასაც, რა თქმა უნდა, სახელმწიფომ უნდა შეუწყოს ხელი.
– ევროკავშირის წევრობის განაცხადის გაკეთებამდე მთელი რიგი ეკონომიკური ნაბიჯებია გადასადგმელი. ყველა ეს საკითხი გათვალისწინებულია ამ პროგრამაში, როგორ ფიქრობთ?
– ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზე, რამდენად სწარაფად მოახერხებს მსოფლიო პანდემიის დაძლევას, რადგან ასეთ დროს სერიოზული ეკონომიკური რეფორმების გატარების შესაძლებლობები შეზღუდულია. დღეს, ეკონომიკამ არსებული კრიზისი რომ დაძლიოს, ამის მექანიზმი ეკონომიკაში არ არის, ამის მექანიზმი მედიცინაშია. კრიზისიდან გამოსვლა არ იქნება ადვილი, რადგანაც ზოგიერთი ეკონომიკური პრობლემა გადაუწყვეტელი დარჩება.
– 2020 წელი ნამდვილი გამოწვევა იყო საქართველოსთვის, კრიტიკულ ნიშნულამდე გაიზარდა საგარეო ვალი, როგორ უნდა მოვუაროთ ამ პრობლემას?
– საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტის მიხედვით სასურველია, რომ საგარეო ვალი არ აღემატებოდეს მთლიანი სამამულო პროდუქტის 60%-ს. ეს სარეკომენდაციო მაჩვენებელია და ნამდვილად არ არის კრიტიკული. უბრალოდ სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნისას მიიღეს ეკონომიკური თავისუფლების აქტი, სადაც ეს ზღვრული მაჩვენებელია დაფიქსირებული, თანაც ძალიან ბევრი ისეთი რამეცაა ჩაწერილი, რომელი ჩანაწერების ადგილი კონსტიტუციასა და კანონებში არ არის, იმიტომ, რომ ისინი ეკონომიკური პოლიტიკის კომპონენტებია, ხოლო ეკონომიკური პოლიტიკის ინსტრუმენტების შეზღუდვა კანონმდებლობით გაუმართლებელია. ერთადერთი პრობლემა, რომელიც დღეს საქართველოს მთავრობას აქვს, ვერ დაიცვა ეკონომიკური თავისუფლების აქტით განსაზღვრული საგარეო ვალის ზედა პარამეტრი. პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის პირობებში 30-ზე მეტმა ქვეყანამ გადააჭარბა, არა მხოლოდ მთლიანი სამამულო პროდუქტის 60%-იან ზღვარს, არამედ 100%-იან ზღვარსაც.
მაგალითად, იაპონიაში სახელმწიფო ვალმა უკვე შეადგინა მთლიანი სამამულო პროდუქტის 266%, საბერძნეთში – 205%, იტალიაში – 162%, პორტუგალიაში – 137%, აშშ-ში – 131%, ესპანეთში – 123%, საფრანგეთში – 119%, კანადაში – 115%, დიდ ბრიტანეთში – 108%. ამიტომ ეს პრობლემა ახლებურ გადაწყვეტას საჭიროებს პოსტკრიზისულ პერიოდში. ეს საკითხი 2021 წელს გადასაწყვეტი იქნება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ გლობალურად, მსოფლიო მასშტაბით. ის, თუ მომავალში, როგორ უნდა მოემსახუროს საქართველო საგარეო ვალს, ამის მექანიზმი თვითონ ეკონომიკაში დევს.
– რა ბედი ელის ტურიზმს?
– ტურიზმზე უარი არ უნდა ვთქვათ, მაგრამ ტურიზმი არ უნდა იყოს ქვეყნის მთავარი განმავითარებელი დარგი. მთავარი განმავითარებელი დარგი უნდა გახდეს ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკა, ანუ ისეთი ეკონომიკა, რომელიც შექმნის მაღალტექნოლოგიურ, ძვირადღირებულ საექსპორტო პროდუქტებს. პარალელურად საქართველოში ოპერატიულ რეჟიმში უნდა შეიქმნას ახალი სამრეწველო საწარმოები საქართველოს ყველა რეგიონში. კერძოდ, საუბარია მსუბუქი, კვების, სხვა გადამამუშავებელი მრეწველობის საწარმოებზე. მართალია ეს ეკონომიკას გაათავისუფლებს ტურისტული ხაფანგისგან, მაგრამ ვერ მოგვცემს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას.
ქვეყნის ეკონომიკის განვითარება ცოდნაზეა დაფუძნებული. ეს მიიღწევა მეცნიერების, უმაღლესი და პროფესიული განათლების დაფინანსებით, საჯარო სკოლებში განათლების სისტემის რადიკალური შეცვლით. არ შეიძლება ახალგაზრდა სკოლას ამთავრებდეს და მისი ცოდნა გამოცდით არ ფასდებოდეს. სანამ ეს არ შეიცვლება, ჩვენ არ გვეყოლება ახალგაზრდები, რომლებსაც გააზრებული ექნებათ, რას ნიშნავს განათლება. არ შეიძლება სტუდენტის სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა დამოკიდებული იყოს ფულის შოვნაზე, განსაკუთრებით მაგისტრატურაში და კიდევ უფრო მძიმე ვითარებაა დოქტორანტურაში. როგორ შეიძლება დოქტორანტი მუშაობდეს? მის კვლევას რა რეალური შედეგი ექნება? ძალიან დაბალი, იმიტომ, რომ ისინი გადასულები არიან ფულის შოვნაზე. ეს სისტემა რაც შეიძლება მალეა შესაცვლელი.
– თქვენი აზრით, სახელმწიფომ განათლების სისტემა მთლიანად უნდა დააფინანსოს?
– ეს მარტო ჩემი აზრი არ არის, ასე ფიქრობენ ცნობილი ბრიტანელი ექსპერტებიც, რომლებმაც შეისწავლეს საქართველოში უმაღლესი საგანმანათლებლო სისტემა. ჩვენ შეგვიძლია გადმოვიღოთ ევროპული მოდელი, რომლის თანახმად, თუ ნებისმიერ სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალგაზრდა სწავლობს მოცემული ქვეყნის სახელმწიფო ენაზე, მიუხედავად იმისა, არის ის ამ ქვეყნის მოქალაქე თუ არა, მის სწავლას სახელმწიფო აფინანსებს. ხოლო თუ ის სწავლობს უცხო ენაზე, მაშინ, ვინც არ უნდა იყოს, მოცემული ქვეყნის, თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე, მაშინ სწავლა არის ფასიანი. ორიენტირება უნდა ჰქონდეს ახალგაზრდას, რომ დარჩეს მეცნიერებაში. ამიტომ, არსებითად უნდა გაუმჯობესდეს მეცნიერების დაფინანსება, ხელფასები უნდა გახდეს ადეკვატური. დღეს ნიჭიერი ახალგაზრდა თავს ეძებს ბიზნესში, ან საჯარო სამსახურში. მაგრამ ქვეყნის მომავლისთვის ჩვენ გვჭირდება ის, რომ ნიჭიერი ახალგაზრდა თავს ასევე მეცნიერებაში ეძებდეს. ამას კი სჭირდება პრინციპულად განსხვავებული დაფინანსება, სამუშაო პირობების შექმნა. ამის გარეშე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას წარმატებული მომავალი, უბრალოდ არ ექნება.
– როგორ შეაფასებთ მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმას, რამდენად სწორად განისაზღვრა პრიორიტეტები?
– კრიტერიუმი, რა არის სწორი და რა შეცდომა, უბრალოდ არ არსებობს, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მსოფლიო დადგა ისეთი კრიზისის წინაშე, რომლის ანალოგი აქამდე არ ყოფილა, ამიტომ, ყველა ქვეყანა მოქმედებს განსხვავებულად. შეიძლება ითქვას, რომ როცა ხანძარია ჩასაქრობი, მთავრობა უნდა ფიქრობდეს იმ შენობის ნაწილის გადარჩენაზე მაინც, რომელსაც ცეცხლი უკიდია. აქ საუბარია ჩვენ ეკონომიკაზე. ამიტომ მთავრობის უმთავრესი ამოცანაა დაეხმაროს სოციალურად შეჭირვებულ მოსახლეობას და ნომერ მეორე ამოცანა – გადაარჩინოს ბიზნესი, რომ პოსტკრიზისულ პერიოდში, რაც შეიძლება ნაკლები გაკოტრებული კომპანია გვქონდეს. ამ თვალსაზრისით ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებულ ღონისძიებებს დადებითად ვაფასებ.
– ინფლაცია, ფასები მატება, ლარის გაუფასურება, ალბათ, 2021 წელს უცვლელად გაგრძელდება…
– ამ პროგნოზის გაკეთება წინასწარ არავის შეუძლია. ეროვნული ბანკი სწორედ იმისთვის არსებობს, რომ გააკონტროლოს ინფლაციაც და ვალუტის გაცვლითი კურსიც. საქართველოს ეროვნული ბანკი გონივრულად თუ მოიქცევა, ინფლაცია და ეროვნული ვალუტის დევალვაცია შესაძლოა, მაინც გაგრძელდეს, მაგრამ ეს პროცესები გახდეს პროგნოზირებადი და ბიზნესისთვის ნაკლებად ზიანის მომტანი. მაგრამ, თუ ეროვნული ბანკი ამას არ გააკეთებს და კვლავ იქნება ნახტომები გაცვლით კურსში, სიტუაცია არაპროგნოზირებადი იქნება.
– 2020 წელს შემცირდა უცხოური ინვესტიციებიც, ესეც დარტყმაა საქართველოს ბიუჯეტისთვის…
– დღეს გლობალური ეკონომიკური კრიზისია, რაც მარტო საქართველოში არ გამოუწვევია პანდემიას. შესაბამისად შემცირდა პოტენციური ინვესტორებიც და მათი საინვესტიციო შესაძლებლობებიც შეზღუდულია.
– 2020 წლის ბოლოს, დენის ტარიფის გაზრდა ერთგვარი მძიმე აკორდი იყო საქართველოს მოსახლეობისთვის. რამდენად გარდაუვალი იყო დენის გაძვირება?
– დენის ტარიფი, რამდენიმე წლის განმავლობაში დგინდება. 3 წელია არ შეცვლილა ტარიფი, მაგრამ ამ პერიოდის განმავლობაში ლარი გაუფასურდა. ძველი ტარიფი თუ შენარჩუნდება, ენერგეტიკული კომპანიები წავლენ წაგებაზე და დენი ისევ არ გვექნება, როგორც ეს იყო XX საუკუნის 90-იან წლებში.
ამას ემატება ეკონომიკის გაჩერებაც. ელექტროენერგიის გენერაციის დროს წარმოებული ელექტროენერგიის დასაწყობება და შენახვა შეუძლებელია. რასაც აწარმოებ, ის უნდა მოიხმარო, მაგრამ, როცა გაჩერებულია ეკონომიკური ობიექტები, სასტუმროები, რესტორნები და სხვ. ობიექტები, ეს ნიშნავს, რომ გენერაციის იმავე დონის პირობეში მომხმარებელი ნაკლებია. ნაკლებ მომხმარებელს კი მეტი საფასური ექნება გადასახდელი, რათა ხარჯი დაიფაროს. ეს წმინდა ეკონომიკური პროცესია. ამ შემთხვევაში მთავრობის ფუნქციაა, შეუმსუბუქოს მოსახლეობას მდგომარეობა და გაზრდილი ტარიფის ნაწილობრივ კომპენსირებაზე იზრუნოს. ამიტომ 300 კვ/სთ-მდე მეტი დანახარჯის კომპენსირებას თავის თავზე იღებს სახელმწიფო ბიუჯეტი. კრიზისის დროს, ეს ას სწორი გადაწყვეტილებაა.
– ამ ლოგიკით, ეკონომიკის ამოქმედების შემთხვევაში დენის საფასურიც უნდა შემცირდეს, მაშინ…
– ეს ვნახოთ მომავალში. ჩვენ ისიც არ ვიცით, როდის დაიწყება პოსტკრიზისული პერიოდი, როდის დამთავრდება პანდემია. ვინმემ მსოფლიოში ეს ისიც? ერთი მედიკოსი, ან ორგანიზაცია მითხარით, ვინც იცის, როდის დამთავრდება პანდემია.
– როგორი იქნება 2021 წელი საქართველოს ეკონომიკისთვის?
– პანდემია ერთ, ან სამ თვეში რომ არ დასრულდება, ეს უნდა გავითვალისწინოთ. 2021 წლის დეკემბერშიც რომ დასრულდეს პანდემია, უნდა ჩავთვალოთ, რომ მსოფლიომ გაიმარჯვა. თუ უფრო ადრე დასრულდება, რა სჯობს ამას…
ესაუბრა შორენა პაპაშვილი